რა პრობლემები ექმნება ავტომობილს სიცხეში და რა შეიძლება დავაზიანოთ ავტომობილში კონდიციონერის ჩართვით
ორმოცგრადუსიან სიცხეში თურმე მანქანებიც იწყებენ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, თავის ენაზე. მაღალ ტემპერატურაზე ავტომობილს ხან ერთი რაღაც უფუჭდება, ხან – მეორე. მთავარი საშველი ჩრდილი და ხშირად წყლის მისხმაა, ისევე როგორც ჩვენთვის, სულიერი არსებებისთვის. მევლუდ მელაძე იმ პრობლემებზე გვესაუბრება, რომლებიც უჩნდება სიცხეში ავტომობილს.
მევლუდ მელაძე: დავიწყოთ იმით, თუ რა ზემოქმედება აქვს სიცხეს მანქანის გარეგნულ მხარეზე. თუ არის საშუალება, ეცადეთ, მანქანა ყოველთვის ჩრდილში გააჩეროთ, რადგან, როგორი ძვირად ღირებული საღებავითაც არ უნდა იყოს შეღებილი, მაინც დიდი საფრთხეა, რომ სიცხეში ის გაფუჭდეს. მით უფრო, თუ თქვენი ავტომობილი მუქი ფერისაა. თეთრი ან ვერცხლისფერი ირეკლავს მზის სხივებს და მეტად არის დაცული. სწორედ ამიტომ არის თვითმფრინავები მხოლოდ ვერცხლისფერი. ერთი ზაფხულიც კი საკმარისია, რომ მუქი ავტომობილის საღებავი გახუნდეს. დაკარგული ელვარება კი ძალიან ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. იგივე ემართება ფარებსაც – ისინი ძალიან იოლად ყვითლდება მზისგან. ფარების პოლირება თბილისში ძალიან პოპულარულია, მისი გაკეთება ბევრ ადგილას შეგიძლიათ, თუმცა ბევრ დროს ნამდვილად დაკარგავთ. მზისგან პრობლემები იქმნება სალონშიც. ალბათ, ხშირად გინახავთ დახეთქილი, დაზიანებული ტორპედოც, თან, შუშას აქვს ის თვისება, რომ სიცხეს ატარებს და უკან აღარ უშვებს. ამიტომ, გირჩევთ, ფანჯრები ოდნავ ღია დატოვოთ, რომ სიცხემ გამოსვლა მოახერხოს. სიცხეში განსაკუთრებით ზიანდება ტყავის სალონი, რომელიც იოლად შრება, ხმება და მტვრევადი ხდება. ამის საწინააღმდეგოდ ძალიან კარგია სპეციალური ვერცხლისფერი სტენდები, რომლებიც, შეგიძლიათ, წინა საქარე მინას ააფაროთ. მას აქვს სხივის ასხლეტის უნარი, თანაც, საკმაოდ იაფი ღირს.
– კონდიციონერს რომ ვრთავ, მართალია, მანქანაში გრილა, მაგრამ, როგორც კი გადმოვდივარ, ვგრძნობ, რომ გარე ტემპერატურაზე გაცილებით დიდი სიმხურვალე ამოდის ძრავას სექტორიდან.
– კონდიციონერი სიცხეში საჭიროა, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ძრავასა და გაგრილების სისტემისთვის ის სერიოზული დამატებითი პრობლემაა. კონდიციონერს სჭირდება ცალკე დამატებითი რადიატორი ძრავასთან, რომელიც უნდა გაგრილდეს. ეს ნიშნავს, რომ ძრავასთან კიდევ უფრო დიდი სიმხურვალე იკვრება. ძრავასა და კონდიციონერის რადიატორებიდან წამოსული და ვენტილატორებით გამოტანილი გავარვარებული სიცხე სულ ძრავთან გროვდება. ძრავას გაგრილების დამატებითი პრობლემა აქვს და ამიტომ აუცილებელია, მუდმივად აკონტროლოთ ტემპერატურა, რადგან მისი გადახურება ძალიან ადვილად ხდება. რომ გადმოვდივართ მანქანიდან, გავარვარებული ჰაერის მასა ავტომობილის ქვემოდან გამოდის. თუ მაინცდამაინც მოკლე მანძილზე უნდა გადავადგილდეთ, თუ არ ჩავრთავთ კონდიციონერს უკეთესია, რადგან ის გაგრილებას ვერ მოასწრებს, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მძღოლი ჯერ კიდევ ზამთრის საბურავებიანი ავტომობილით დადის. თუ ნელა დავდივართ, განსხვავებას შეიძლება ვერც მივხვდეთ, მაგრამ, ოდნავ ექსტრემალურად დამუხრუჭება, მოსახვევში შესვლა ან დაძვრა თუ მოგვიწევს, კატასტროფულ განსხვავებას ვიგრძნობთ. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ შეგიცვლიათ, აუცილებლად შეცვალეთ საბურავები.
– რა ხდება სიცხეში ძრავას შიგნით, ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ კონკრეტულ მომენტში?
– შეიძლება, წინა წელს თქვენი ავტომობილის გაგრილების სისტემა კარგად მუშაობდა, მაგრამ ზამთარგამოვლილი მანქანა აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. თუ წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი ნახევარზე მაღლა დგას, ამას შეიძლება, ყურადღება არ მივაქციოთ. თუ ზამთარში შუაზე იდგა, ზაფხულში რომ ოდნავ მაღალი იყოს, შეიძლება არაფრად ჩააგდოთ, მაგრამ ეს მარტივი გაუმართაობა ძალიან სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს. ამ დროს გაჭედილია თერმოსტატი. როგორც კი ჩვენ ავტომობილის დიდი დატვირთვით მუშაობა მოგვიწევს, მაგალითად, აღმართზე ნელა ასვლა ან ქალაქში პირველ-მეორე სიჩქარით სიარული, წყლის ტემპერატურა ძალიან იოლად მიაღწევს პიკს, იძულებული გავხდებით, ავტომობილი გავაჩეროთ, დაველოდოთ, სანამ გაგრილდება, წყალი დავამატოთ და ასე შემდეგ. თერმოსტატი შეიძლება იყოს გაღუნული ან გაჭედილი, განსაკუთრებით იმ მანქანებზე, რომელსაც ზამთარში მძღოლები არ აწვალებდნენ, მშვიდად დადიოდნენ და თერმოსტატს გახსნა-დაკეტვა არც უწევდა. მაგრამ, ზაფხულში, როცა მას გაღება-დაკეტვა მოუწია, ის შეიძლება გაიჭედოს ერთ, ოდნავ ღია პოზიციაში, რაც უზრუნველყოფს წყლის რაღაც დონეზე გაგრილებას. ამიტომ, არ გამოგეპაროთ, თუ ისარი შუის ზემოთაა.