რა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ და რა კავშირი აქვს სტრადივარიუსის ვიოლინოებს ბორჯომის ხეობასთან
მუსიკალური ფოლკლორი, ინსტრუმენტები, სიმღერები – ყოველივე ეს ნებისმიერი ერის თავმოწონებისა და სიამაყის საგანია. მართალია, ჩვენში კლავიშებიანი ინსტრუმენტები არ შექმნილა, მაგრამ, ქართულ საკრავებს თავიანთი ინდივიდუალობა მაინც აქვს. საკრავების შესახებ საკრავების მუზეუმის თანამშრომელი, ქალბატონი ქეთევან ბაიაშვილი გვესაუბრება.
– ჩვენს მუზეუმში მრავალგვარი და სხვადასხვა წარმოშობის საკრავი ინახება. გვაქვს სუფთა ქართული საკრავები, ცალკეა აღმოსავლური საკრავების დარბაზი, მარჯვენა ფლიგელში კი ევროპული. იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, არკადი რევაზიშვილი, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული მუსიკით და ცხოვრების მიზნად დაისახა მუსიკალური საკრავების კოლექციის შექმნა. მან უამრავ ქალაქში იმოგზაურა, გააბა ურთიერთობა კოლექციონერებთან და მართლაც შეაგროვა სხვადასხვა სახის საკრავები. როგორც ჩანს, არკადი რევაზიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია და მთელი თავისი კოლექცია მუზეუმს უსახსოვრა. ამ კოლექციის ბაზაზე შეიქმნა ქართული ხალხური საკრავების მუზეუმი, რომელსაც შემდეგ საკრავების გარდა სიმღერებიც დაემატა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ მუსიკალურ კულტურაში წამყვანი ყოველთვის სიმღერა იყო, ტრადიციული სამხმიანობა, საკრავი კი – მასზე დამოკიდებული, სათანხლებო, სიმღერისა და ცეკვისათვის.
ძალიან საინტერესო კოლექცია გვაქვს დასარტყამი, სიმებიანი, ჩასაბერი ინსტრუმენტებისა. არის თარი, ქამანჩა, დაირა, ჩონგური, სანთური, არის დასარტყამი საკრავი, რომელიც ახლა ძალიან მოდაშია და მას „ტამტამს“ უწოდებენ. ტამტამი აფრიკულია, ქართულ ყოფაში კი მას „ზარბი” ჰქვია, უფრო სწორად, „ზარბი“ მისი აღმოსავლური სახელწოდებაა. გვაქვს ზურნა-დუდუკი, რომელიც ძველი თბილისის მუსიკალურ სიმბოლოდ ითვლება; ასევე, არღნების კოლექცია, რომელთაგანაც რამდენიმე მოქმედია. შემდეგ აუცილებლად მოგასმენინებთ. მოსმენილი გაქვთ არღნის ხმა?
– მხოლოდ კინოფილმებში, ცოცხლად არა.
– აუცილებლად მოგასმენინებთ და თავად დარწმუნდებით, თანამედროვე არცთუ კარგი მუსიკის ფონზე, რამდენად კეთილხმოვანი მოსასმენია. საკრავების გარდა, გვაქვს ვოკალის, ანუ, ხმოვანი ფონდი, რადგან ეს ხალხური სიმღერების მუზეუმიცაა. დღემდე ვერ შევძელით ექსპედიციაში წასვლა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ვალდებულები ვართ, გვქონდეს სრული წარმოდგენა, რა ხდება ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის ბირთვში – როგორც ბარის, ასევე მთის სოფლებში.
– რომელია ამ საკრავთაგან უძველესი?
– სალამური. სხვათა შორის, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცნობა მინდა მივაწოდო საზოგადოებას თქვენი ჟურნალის საშუალებით. მცხეთასთან არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 5 000 წლის წინანდელი, გედის ძვლისგან დამზადებული სალამური. საინტერესოა, რომ სალამურის ორი ტიპი არსებობს: ენიანი და უენო. ალბათ, გახსოვთ „წიქარადან” ჭირისა და ლხინის სალამურები. უენო სალამური შედარებით უფრო შეზღუდული დიაპაზონისაა და საფიქრებელია, რომ მას მწუხარების ჟამს იყენებდნენ. ენიანი სალამური უფრო გახსნილია, ამიტომ, სავარაუდოდ, ის საცეკვაო მუსიკისთვის იყო შექმნილი. გარდა ამისა, მუსიკალურ ინსტრუმენტებს სრულიად პრაქტიკული, სამეურნეო დანიშნულებაც ჰქონდა ჩვენს ყოფაში. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხომ ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო და არის. თურმე, ენიანი სალამური განკუთვნილი იყო ცხვრის ფარის შესაკრებად, უენო სალამურის ბგერას კი უკეთ აღიქვამდა ძროხის ყური. არსებობდა თიხის სალამურიც, რომელიც ღორების კოლტის სამწყემსავად გამოიყენებოდა. ამ უკანასკნელ სახეობას თითქმის აღარავინ აკეთებს თანამედროვე საქართველოში, მაგრამ ვიპოვეთ ოსტატი, რომელმაც იცის თიხის სალამურის ისტორიაც და მისი დამზადებაც. ძალიან გვინდა, წელს მოვინახულოთ, შეგვპირდა, რომ გვაჩუქებს სალამურს მუზეუმისთვის. არის ჩასაბერი ინსტრუმენტები: ლარჭემი და სოინარი, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამ საკრავებს სამეგრელოსა და გურიაში იყენებდნენ ნადირობისას. გვაქვს ჩანაწერი, სადაც შეგიძლიათ, მოისმინოთ, რომ საოცრად ზუსტად ბაძავენ ჩიტების ჭიკჭიკს. ეს საკრავები დაკავშირებული უნდა იყოს, ასევე, მიცვალებულის სულთან. ყოფაში არის სხვადასხვა სახელი: სასტვენელი, საშვიტელა, საფშტვენელი, მაგრამ, მეცნიერები ასე უწოდებენ: ენიანი და უენო.
– ძირითადად, რა მასალისგან ამზადებდნენ ინსტრუმენტებს?
– მაგალითად, ფანდურებს – თუთის ხისგან, რადგან თუთა არაჩვეულებრივი ბგერაგამტარია, ასევე, ნაძვისგან, მსხლისგან.
– სიმიან საკრავებზე რას გვეტყვით?
– მრავალნაირი სიმიანი საკრავია აქ წარმოდგენილი: ჭიანური, ჩონგური, სანთური. ეს აფხაზთა უძველესი სიმებიანი საკრავია, ორსიმიანი, რომელზეც ხემით უკრავდნენ. ხემი ნამდვილი ძუისგან არის დამზადებული. ძველად სიმებს, ანუ „ძალებს”, ნამდვილი ძუისა და აბრეშუმისგან ამზადებენ, ამიტომ ძველ ჩონგურებსა და ქნარებს სრულიად სხვა ხმიანობა აქვს, ვიდრე იმავე ინსტრუმენტებს ნეილონის სიმებით. მხატვარმა სანდრო ხუცურაულმა მოგვიტანა ცხვრის ნაწლავისგან დამზადებული სიმები, რომლებიც ჯერ არ გამიბამს. ძველ ქართულ ჩონგურზე ამბობდნენ, „ღუღუნა ჩანგურიო,” ნეილონის სიმებს ღუღუნი სად შეუძლია? თანაც, ავთენტური, ანუ ბუნებრივად არსებული ინსტრუმენტების ხმიანობა ერთმანეთთან შეუთავსებელია, რასაც დღეს ცდილობენ და რაც არასწორია. ქართველები ინსტრუმენტების ინკრუსტრირებას არასდროს მიმართავდნენ, ქართული საკრავი გარედან ძალიან უბრალოა და, იცით, რატომ? იცოდნენ, რომ ოქროთი დაფერვა თუ სხვა სახის შემკულობა ინსტრუმენტს ჟღერადობას უცვლიდა.
არის რაჭული ჭიანური, რომლის კორპუსსაც ნავის ფორმა აქვს. ის საკრავები, რომლებსაც ნავის ფორმა აქვს, უძველესად არის მიჩნეული.
ზოგადად, ჭიანური ძალიან გავრცელებული ინსტრუმენტი იყო როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. სვანეთში მას ჭუნირს უწოდებენ. ჭუნირი სვანეთში გლოვასთან იყო დაკავშირებული, დიდი ხნის წინ ერთ-ერთი ექსპედიციისას სვანეთში ჩვენ ვნახეთ, როგორ დასტიროდა მწუხარე დედა გარდაცვლილი ვაჟის საძვალეს ჭუნირის თანხლებით. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, თუშეთში რომ ვიყავით ექსპედიციაში, ასევე საინტერესო ადამიანს მივაგენით. მოვიკითხე, ჭიანურზე ვინმე თუ უკრავდა და მიგვასწავლეს მოხუცი პავლე ლაგაზიძე, რომელიც იმხანად უკვე ლოგინს იყო მიჯაჭვული. თუ უკრავდა, ის უკრავდა, ალაპარაკებდა ჭიანურსო, – გვითხრეს. ვეხვეწე და ვემუდარე, ეგებ როგორმე ერთხელ მაინც დაუკრათ, რომ ჩავიწეროთ-მეთქი. დაგვთანხმდა. პრაქტიკულად, სულთმობრძავი ადამიანი გაცოცხლდა ჭიანურის ხსენებაზე, წამოჯდა და დაგვიკრა. იცით, რა გვითხრა? აქ ამომყავდა მიცვალებულის სული ჭიანურის ხმაზე და ვაცეკვებდიო.
თუშური ჭიანური და სვანური ჭუნირი, მუსიკალური ჟღერადობით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მინდა, ერთი სენსაციური ახალი ამბავი გამცნოთ, რომელიც მეც ახლახან შევიტყვე: ვიოლინოების ცნობილ ოსტატს, სტრადივარიუსს, ჰქონია ცნობა იმის შესახებ, რომ კავკასიური ნაძვი, კერძოდ, ბორჯომის ხეობის ნაძვი, არის არაჩვეულებრივად ბგერაგამტარი მასალა! სწორედ ამ ნაძვისგანაა დამზადებული მისი ვიოლინოები. ალბათ, სამომავლოდ ჩატარდება კვლევა ამ საკითხის უფრო დაწვრილებით შესასწავლად.
აი, უძველესი ხევსურული ფანდური. ადრინდელ ყოფაში უფრო მეტად ორსიმიანი ფანდურები იყო გავრცელებული, მესამე სიმის გაბმა უფრო გვიან დაიწყეს ოსტატებმა. თავად სიტყვა „ფანდური“ აღმოსავლური წარმოშობისაა და, ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ნარდთან, კერძოდ, სიტყვა „ფანდთან” უნდა იყოს დაკავშირებული. ის დაახლოებით მეათე საუკუნიდან უნდა იყოს შემოსული და დამკვიდრებული ქართულ ენაში, მაგრამ, მთის სოფლებში მას „ჩონგურს” უწოდებენ, ფანდურზე არც რეაგირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ცნობიერებამ ძველი სახელწოდება უცვლელად შემოინახა. სხვათა შორის, თანამედროვეობაში ბევრი უცხო სიტყვა შემოვიდა და ანსამბლს ახლა რომ „ბენდს” უწოდებენ, იცით, ადრე რა ერქვა? – მწყობრი!
– ეს რა არის, „ბუზიკა“ რომ აწერია?
– ეს პატარა გარმონია, რომელსაც ქართლში „წიკო-წიკო“ უწოდეს. გარმონი გერმანული წარმოშობისაა, მაგრამ ქართულმა სმენამ ვერ იგუა მაჟორ-მინორზე აწყობილი ინსტრუმენტული ხმიანობა, ამიტომ კლავიშებს წყობა შეუცვალა და გაათუშურა. სხვათა შორის, გარმონი, რომელსაც ასე ხშირად იყენებდნენ თუშეთში, შედარებით გვიანდელი მოვლენაა ჩვენს მთაში. ეთერ თათარაიძე მოგონებებში ამბობს, რომ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გარმონი ასე გავრცელებული არ იყო თუშეთში, უფრო ორსიმიან ჩონგურზე უკრავდნენ.
– დასარტყამი ინსტრუმენტები?
– დასარტყამი ინსტრუმენტები ძირითადად აღმოსავლეთიდან არის შემოსული: დაირა, დოლი, დიპლიპიტო... „დიპლიპიტო“ ბერძნული სიტყვაა და ასე იშიფრება: „დიპლის” – ორმაგი, „პიტა“ მათი საჭმელია, ხაჭაპურის მსგავსი. როცა მაკედონელს კავკასიაში ულაშქრია, წინ შეხვედრია ქართველთა მწყობრი, სანთურზე, ბუკზე, დასარტყამ საკრავზე დამკვრელები. მაკედონელს რომ დაუნახავს ეს საკრავი, წამოუძახებია: „ეს რა დიპლიპიტოაო.” მას შემდეგ ქართველები მას „დიპლიპიტოს“ უწოდებენ.