კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ქართველმა მეფემ გაიზიარა თავდაპირველად მონღოლთა წესი და ერთდროულად სამი მეუღლე დაისვა სასახლეში

საქართველოს ისტორიის ეგრეთ წოდებული „ასწლოვანი მატიანის“ ავტორის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო. ამის გამო ცნობილმა ისტორიკოსმა, ივანე ჯავახიშვილმა, მას პირობითად „ჟამთააღმწერელი“ უწოდა. ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ჟამთააღმწერელი და ასწლოვან მატიანეში მოხსენიებული მღვდელ-მონაზონი მოსე – ერთი და იგივე პიროვნებაა, ანუ ის პირი, ვინც საკუთარი თვალით იხილა დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯის სცენა და ვინც პირადად მიიღო მონაწილეობა ქართველი მეფის ნეშტის მოპარვისა და გაპატიოსნების ოპერაციაში. ბატონი ვაჟა დღეს ჩვენი რესპონდენტია.



ვაჟა კიკნაძე: ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება დემეტრე მეორის დასჯის პროცესს, რომელიც 1289 წლის 12 მარტს მოხდა. კერძოდ კი ამ დასჯის სცენაში ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას, რომლის მიმართაც სათანადო ყურადღება არ არის მიქცეული. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ის არის უნიკალური ქართული ასწლოვანი მატიანის ავტორი, ანუ ეგრეთ წოდებული ჟამთააღმწერელი. ეს გახლავთ მღვდელ-მონაზონი მოსე.

– რა იძლევა ასეთი დასკვნის საფუძველს?

– 1288 წლის ბოლოსთვის, საილხანოს კარზე, რომელსაც მაშინ საქართველო ემორჩილებოდა, შეთქმულება გამჟღავნდა. მის ორგანიზებაში დადანაშაულებულ იქნა მაშინდელი საყაენოს პირველი ვეზირი – ბუღა. იგი არა მხოლოდ ახლო ურთიერთობაში, არამედ ნათესაურ კავშირშიც იმყოფებოდა დემეტრე მეორესთან – მის შვილს დემეტრეს ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. მაშინდელი მონღოლური წესებით, ეს სავსებით საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ბუღას შემდეგ საყაენოში დემეტრე მეორე დაებარებინათ. მეფეს კარგად ესმოდა, თუ რას ნიშნავდა საყაენოში გამოცხადება ამ ბრალდებით. სწორედ ამიტომ, მან დარბაზი მოიწვია, რომელმაც მთიულეთში გახიზვნა ურჩია. „არ ღირს ჩემი სიცოცხლე იმად, რომ მრავალი ადამიანის სისხლი დაიღვაროს ჩემი ერთის წილ“, – იყო დემეტრეს პასუხი. საერთოდ, გმირს არა მარტო გარემო და დრო, არამედ ავტორიც ქმნის. ხომ შეიძლებოდა, ეს ისტორია სხვანაირად გადმოეცა სხვა ავტორს, ვიდრე ჟამთააღმწერელს, რომელიც ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო მეფესთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ვერ მალავს დემეტრეს ბევრ უარყოფით თვისებას, მაგალითად, იმას, რომ მონღოლთა ასწლიანი ბატონობის მიუხედავად, ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ დემეტრემ, პირველმა ქართველ მეფეთა შორის, მონღოლური წესი გაიზიარა და სამი ცოლი ერთად შეირთო, ხოლო თავისი ქალიშვილი, თამარი, ცოლად გააყოლა ერთ-ერთ მონღოლ დიდებულს. ეს იყო ქრისტიანული წესების აბსოლუტური გათელვა. მაგრამ, დააკვირდით, იგივე ჟამთააღმწერელი ასევე მკაცრად მოიხსენიებს ლაშა-გიორგის, რომელმაც გათხოვილი ქალი წაჰგვარა ქმარს. მართალია, ეს ქალი მეფეს მართლა შეუყვარდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მასზე ქორწინების ნება არ მისცეს, დააბრუნა და სხვა აღარავინ შეირთო. ჩვენმა დიდმა მემატიანემ, ოღონდ მეოცე საუკუნისა, ივანე ჯავახიშვილმა, ეს ორი დიდი მეფე ერთმანეთს შეადარა და ლაშას სასარგებლოდ გამოიტანა დასკვნა. როდესაც საშუალება მომეცა და შევადარე მისი „ქართველი ერის ისტორიის“ ხელნაწერი დედანი ნაბეჭდ ტექსტებს, აღმოვაჩინე, რომ ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერის ერთი აბზაცი საერთოდ არ იყო წიგნში შეტანილი. ალბათ იმიტომ, რომ იგი ძალიან მკვეთრად აკრიტიკებს დემეტრეს და ამბობს: თუ ლაშამ თავისი სიყვარული მხოლოდ ერთს გაუნაწილა და სხვა აღარავინ ინდომა, დემეტრემ თავისი სექსუალური გრძნობა ერთით ვერ დაიკმაყოფილა და სამსაც კი გაუნაწილა ერთდროულადო. სავარაუდოდ, ამ ფრაზის გამო ამოიღო ცენზურამ ეს აბზაცი. ალბათ, ვერავინ შეიტანს ეჭვს ჯავახიშვილის ობიექტურობაში. აქედან კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ჟამთააღმწერელი ცდილობს, რაც შეიძლება, შეამსუბუქოს დემეტრეს უარყოფითი თვისებები. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის დემეტრე მეფეზე ასეთ რამეს წერს: „უამრავ სიკეთითა აღვსილი – მცირედ ბოროტებად მიდრკა-ო.“ ეს „მცირედ ბოროტება“ იყო სამცოლიანობა. არადა, ამ საქციელის გამო, მისმა თანამედროვე კათალიკოსმა ულტიმატუმი წაუყენა დემეტრეს – გადავდგებიო და, რადგან ეს არაფრად ჩააგდო მეფემ, კათალიკოსი მართლაც გადადგა. მეფე ობლობაში იზრდებოდა. მისი მეურვე, სადუნ მანკაბერდელი, ისეთი პიროვნება გახლდათ, რომელიც ყველაფერს ხელიდან აცლიდა მას, მათ შორის ქალაქებსაც. „მოივერაგა“ ასეთ სიტყვას ხმარობს ჟამთააღმწერელი მის მიმართ. მან ახალგაზრდა და გამოუცდელი მეფისგან საკუთრებაში ჩაიგდო ხელთ: ბელაქანი, დმანისი, თელავი... მეფეს არ ჰქონდა ხოლმე ფული და სადუნისგან სესხულობდა. მაგალითად, თბილისში მდებარე მეტეხის ტაძარი დემეტრემ სადუნისაგან ნასესხები ფულით აღადგინა. როგორც ჩანს, ამიტომ განუვითარდა მეფეს ოქრო-ვერცხლის სიყვარული, რაც, არ შეიძლება, ქრისტიანისთვის დადებით თვისებად ჩაითვალოს. ამას ვერ მალავს ჟამთააღმწერელი, თუმცა, ისე ფრთხილად შემოჰყავს ასეთი საკითხები, თითქოს ისინი მეორე ხარისხოვანი იყოს. დემეტრეს ის დადებითი სახე, რაც ჩვენ შემოგვრჩა, ასწლოვანი მატიანის ავტორის დამსახურებაა. გარდა სხვა მომენტებისა, მატიანეში აშკარად იგრძნობა დემეტრეს ოჯახისადმი კეთილგანწყობა. ამასვე მეტყველებს დემეტრეს დასჯის აღწერის მომენტიც.

– არსებობს ვერსია, თითქოს მონღოლების წინაშე წარმდგარ დემეტრეს იმედი გაუჩნდა, რომ მას სიკვდილით აღარ დასჯიდნენ და ეს განწყობა მონღოლებშიც იგრძნობოდა სასამართლოს მსვლელობისას.

– ნამდვილად ჰქონდა იმედი დემეტრე მეფეს, რომ გამოუძიებლად არ დასჯიდნენ. სასამართლო მუღანის ველზე გამართულა, იქ, სადაც მონღოლთა საზაფხულო სადგომი იყო. ჟამთააღმწერელი გვიამბობს, რომ მეფეს გამოკითხვის შემდეგ „არგნითა სცესო“. არგანი ერთგვარი ჯოხი იყო, რომელსაც, თუ განსასჯელს დაარტყამდნენ, სიმბოლურად ეს შეწყალებას ნიშნავდა. ამიტომ ჰქონდა მეფეს იმედი, რომ არ დასჯიდნენ სიკვდილით. ჟამთააღმწერლის სიტყვით, მეფის დასჯაში გადამწყვეტი როლი უთამაშია ყუთლუ ბუღას.

– ვინ იყო ყუთლუ ბუღა?

– ყუთლუ ბუღა იყო სადუნის – დემეტრეს მეურვის – ძე, რომელსაც მეფემ თავის დროზე აღარ მიანიჭა ათაბაგობა და ამირსპასალარობა, რომელიც მამამისს ჰქონდა. მეფემ მას მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა. ამის გამო, ყუთლუ ბუღამ მეფეს სამაგიერო ამგვარად გადაუხადა. მისი შეთავაზება ასეთი ყოფილა: დავსაჯოთ დემეტრე სიკვდილით, მის ადგილზე კი გადმოვიყვანოთ დასავლეთ საქართველოდან დავით ნარინის ძე და ამ გზით გაერთიანდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო მონღოლთა ხელშიო.

მთელი ეს სცენები ისე აქვს აღწერილი ჟამთააღმწერელს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის, ვინც ამ ამბავს მოგვითხრობს, უშუალოდ შეესწრო დასჯის პროცესს. მემატიანე უმცირესი დეტალებით მოგვითხრობს ამ დრამატულ ამბავს. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ქართლის მთელი თავკაცობა და კათალიკოსი, რომლებიც ახლდნენ მეფეს, მონღოლებს დაუთხოვიათ და ისინი „განვიდეს გარე“ – სამსჯავრო სახლიდან ანუ დივანხანიდან. ავტორი იქ რომ არ ყოფილიყო, ასეთ დეტალებს ვერ აღწერდა. სავარაუდოდ, ავტორი სამღვდელო პირი უნდა ყოფილიყო და ის მუდამ მეფის გვერდით იგულისხმება. მეფემ ზიარება მიიღოო – განაგრძობს ის თხრობას. მიუხედავად იმისა, რომ დემეტრემ დიდი ტრავმა გადაიტანა და იმედიც ნელ-ნელა ეწურებოდა, მაინც ცდილობდა, „მხიარულითა პირითა“ მოეკითხა ყველა იქ მყოფი. თვით მემატიანეც ცდილობს, რომ სასოწარკვეთილი არ წარმოგვიჩინოს მეფე. ყუთლუ ბუღაც იქ ყოფილა იმ მომენტში. მისთვის მეფეს უთქვამს, თუ გწადია, შემეწიე ყაენთან, თუ ვერ შეძლებ, იქნებ ჩემს ძეს, დავითს მაინც შეეწიოო. მან დახმარება აღუთქვა, თუმცა სიტყვა სიტყვადვე დარჩა.

– შესაძლოა, ჟამთააღმწერელი მართლაც ახლდა დემეტრეს სიცოცხლის ბოლო დღეებში, მაგრამ, რა ვიცით, რომ ის უშუალოდ მღვდელ-მონაზონი მოსე იყო?

– ავტორი კრებითად ახსენებს, რომ დემეტრე მეფის დასჯის ადგილზე მისული იყვნენ დიდებულები, კათალიკოსი და „მისი (მეფის) გაზრდილი, მღვდელ-მანაზონი მოსე.“ ასე რომ, პერსონალურად მხოლოდ მოსეს ახსენებს. ამ ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ვინ არის ეს მოსე და რატომ ჩნდება იგი ასე უეცრად? დასჯის მომენტში ის კიდევ ორჯერ არის მოხსენიებული. მოსე იყო მეფის „გაზრდილი.“ გაზრდილი არა დღევანდელი მნიშვნელობით, არამედ, როგორც ნიკო ბერძენიშვილი განმარტავდა: „გაზრდილობა ფეოდალური ინსტიტუტია, რომელიც მეფის გარშემო კრებდა იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ერთი თავით მაღლა იდგნენ სხვებზე, რადგან მეფესთან იზრდებოდნენ და შემდეგში მეფის უერთგულესი ადამიანები ხდებოდნენ“. მოსე დემეტრეს წრისაა, მასთან იზრდება, თან, ამავე დროს, სამღვდელო პირია. აშკარად ჩანს, რომ ამ მატიანის ავტორიც საეკლესიო პირი უნდა იყოს. სხვა დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ისტორიას, იმ ხანად, მხოლოდ საეკლესიო პირები წერდნენ. ბევრი დამთხვევაა: ეს ადამიანი უაღრესად განათლებული პიროვნებაა და ეს არც გასაკვირია, რადგან ის მეფის კარზე იზრდება; არის დემეტრეს ერთგული; საეკლესიო პირია – ამაზე არავინ არ დავობს. მოსე, ასევე, მონაწილეობს უფლისწულ დავითის გადარჩენის საქმეში, რომელიც მძევლად იმყოფებოდა მუღანის ველზე.

– როგორ მოხერხდა დემეტრეს ნეშტის საქართველოში ჩამოტანა?

– ხსენებული მღვდელ-მონაზონი მოსე ისევ ჩნდება დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ. მონღოლთა წესის თანახმად, დასჯილის ნეშტის გაპატიოსნება და მისი დაკრძალვა აკრძალული იყო. ის საცხოვრებელი ადგილიდან შორს უნდა ყოფილიყო გადაგდებული. ამავე დროს, გვამს მონღოლები დღედაღამ იცავდნენ. ქართველებს გადაუწყვეტიათ, ფარულად გაეტაცათ მეფის გვამი და შესაბამისი პატივით დაეკრძალათ საქართველოში. სწორედ ამ დროს კვლავ ჩნდება ხსენებული მოსე, როგორც მატიანეშია აღნიშნული, ამ მიზნით: „კათალიკოსმან და მოსემ იყიდნეს კაცნი,“ ანუ მონღოლები მოისყიდეს. ამის შემდეგ, ცხონებული მეფის ცხედარი ქართველებმა შუაღამისას მოიპარეს. ამ საქმეში უშუალოდ მოსეც მონაწილეობდა. ის რომ ახალგაზრდა და ფიზიკურად მობილური არ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ მიიღებდა მონაწილეობას სარისკო საქმეში. მღვდელ-მონაზონი მოსე ამ შემთხვევაშიც ნეიტრალურადაა წარმოდგენილი, რაც მემატიანისთვის დამახასიათებელი არ არის. სწორედ ეს მომენტი გვაფიქრებინებს, რომ ეგრეთ წოდებული ჟამთააღმწერელი აქ საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს და ეს, ალბათ, იმიტომ გააკეთა, რომ საერთოდ დავიწყებას არ მისცემოდა მისი ღვაწლი თავისი მეფის წინაშე. მეორე მხრივ კი, ქრისტიანი მემატიანისთვის უხერხულია, ხაზგასმით აღნიშნოს საკუთარი ღვაწლი. წამებული დემეტრეს გვამი ქართველ თევზით მოვაჭრეებს გამოატანეს საქართველოში და მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს.

ამგვარად, დარწმუნებული ვარ, რომ მოსე მღვდელ-მონაზონი, იგივე ჟამთააღმწერელი და ასწლოვანი მატიანის ავტორია. მისი ვინაობა ძალიან დიდხანს, უცნობი იყო...

ეკა სალაღაია

скачать dle 11.3