კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახადა ოპოზიციის სამთვიანმა აქციებმა საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტად ვანო მერაბიშვილი

რაკი „დემოკრატიის შუქურობამ“ ჩაილურის წყალი დალია, ჩვენი ყურადღება ობამა-მედვედევის შეხვედრისკენაა მიმართული. უფრო ზუსტად, იმის მოლოდინში ვართ, ვის შეხვდება ტორტის მოზრდილი ნაჭერი (თუმცა, იმ პრობლემების გამო, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ტორტთან შედარება, შესაძლოა, უადგილოც იყოს). თითქოს რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს საქართველოს (როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი) ტერიტორიის მთლიანად ხელში ჩასაგდებად ეცილებიან. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, იმ ორს შორის ვის დარჩება ნადავლი.



– არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკა და რუსეთი თანაბარი ძალით არიან წარმოდგენილი. თქვენი აზრით, მთლიან ტერიტორიაზე მიდის ჭიდაობა თუ იმ ნაგლეჯებზე, ვინც რას წაატანს ხელს?

– რეგიონში თანაბარი ძალის ნამდვილად არ არიან და ამას მოწმობს ორშაბათის ყველაზე გავლენიან ფინანსურ გაზეთ „ფაინენშელ თაიმზში“ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რას იტყვის ობამა მოსკოვში. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკა და ევროკავშირი უძლურნი აღმოჩნდნენ ამ კონფლიქტის დროს. ზუსტად ასეა ნათქვამი: „უძლურნი“. სააკაშვილზე წერია, რომ მან გადადგა უგუნური ნაბიჯი, რადგან კონფრონტაციაში შევიდა რუსეთთან. ნათქვამია ისიც, რომ რუსებმა კარგად გააფიარეს, რომ თითქოს მშვიდობის დასამყარებლად შევიდნენ საქართველოში. სტატია მთავრდება ასე: რას ეტყვის ობამა მედვედევს? არაფერს, საქართველო ძალიან უმნიშვნელოა ამერიკისთვის, ძალიან შორს არის და, საერთოდ, არავის სჭირდებაო. გაოგნებული ვკითხულობდი. გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმავე დღეს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა ამ ხელისუფლების გამანადგურებელი სტატია. იქ პირდაპირ წერია, როგორც ჩანს, სააკაშვილს არ აქვს საღი აზროვნების უნარიო. ამას წერს „ვაშინგტონ პოსტი“ და არა სხვა ვინმე, რაც, თავისთავად, მეტყველებს ყველაფერზე. თავისი ამ საქციელით სააკაშვილმა ქვეყანა ნატოს გარეთ დატოვაო. ორივე ძალიან გავლენიანი გაზეთია მსოფლიოში. თანაც, „ფაინენშელ თაიმზი“ აღნიშნავს, დასავლეთი უძლური აღმოჩნდა იმის მიმართ, თუ როგორ აგრესიულად აღიდგენს რუსეთი თავის გავლენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიო. ამას ემატება ის, რომ ორშაბათს ბაქოში იმყოფებოდა მედვედევი და მან, ფაქტობრივად, მთელი აზერბაიჯანული გაზი შეისყიდა. რეკორდული თანხა გადაიხადა რუსეთმა, ოღონდ აზერბაიჯანის გაზი ჩაეგდო ხელში, როგორც ჩანს, მოახერხა და ამით წერტილი დაუსვა ნაბუკოს პროექტს.

– როგორც ჩანს, ამიტომაც მითხრა დუგინმა, თუ ჭკუით მოიქცევით, გექნებათ „დარმავოი“ გაზიო.

– ნაბუკოს პროექტი ისედაც ნახევრად მკვდარი იყო, რადგან ჯერ თურქმენეთმა თქვა უარი, შემდეგ – ყახაზეთმა, ჩვენ თავისუფალი გაზი არ გვაქვსო. მართლაც არ აქვთ, იმიტომ რომ, რუსეთმა შეიძინა როგორც თურქმენეთის, ისე ყაზახეთის გაზის მთელი მარაგი, გასულ ორშაბათს კი აზერბაიჯანული გაზიც მიამატეს. ესე იგი, მილი გინდ აშენებულა, გინდ – არა, თუ ვერ შეავსე. წამოიჭრა იდეა, ირანის გაზით შევავსებთო, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ევროპა დამოკიდებული იქნება ირანზე და არა – რუსეთზე.

– რაც უარესია.

– რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო უარესს მიიღებს ევროპა, მაგრამ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში და, თუ ნაბუკოს პროექტი აღარ არის, მაშინ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა აღარავის აინტერესებს.

– რუსეთის გარდა.

– დიახ, რუსეთის გარდა. რუსეთს კი იმიტომ უნდა, რომ აქ ალტერნატიულმა გზებმა არ გაიაროს და ევროპაში არ გავიდეს ენეგრომატარებლები. აი, ეს არის რეალობა. ასეთ დროს 6 ივლისს ობამა ჩადის მოსკოვში, მანამდე კი ამერიკელები ღიად აცხადებენ, რომ ძალიან უნდათ რუსეთთან ახლო ურთიერთობა, რადგან პრობლემებია ავღანეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანში და ამერიკას ყველგან სჭირდება რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ ამერიკას სჭირდება. მართალია, თვითონაც სჭირდება ამერიკა, მაგრამ იცის, რომ ამერიკას უფრო სჭირდება ის და ამიტომ საკმაოდ მაღალ ფასს მოითხოვს. ჩვენ გარდა, რა უნდა მოითხოვოს რუსეთმა?! ომი მხოლოდ ჩვენთან ჰქონდა. მეტი რა შეუძლია მოსთხოვოს ამერიკას?! ყირგიზეთმა უკან წაიღო თავისი სიტყვა და ამერიკელები ისევ დააბრუნა თავის ავიაბაზაზე, საიდანაც ცოტა ხნის წინათ გააგდო, რადგან რუსეთმა მოსთხოვა და ამის საფასურად ძალიან დიდი თანხაც მისცა. შემდეგ მოულოდნელად ყირგიზეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება და ამერიკელები უკან დააბრუნა – ესეც რუსეთის თანხმობით მოხდა. ესე იგი, ყირგიზეთში რჩება ამერიკელების ავიაბაზა, რომელიც ავღანეთისთვის სჭირდებოდა ამერიკას. ამერიკას განსაკუთრებით სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა ირანთან დაკავშირებით.

– რატომ არის თანახმა რუსეთი, რომ ამერიკელების ავიაბაზა იყოს ყირგიზეთში და არ იყოს საქართველოში? რა განსხვავებაა ყირგიზეთსა და საქართველოს შორის?

– განსხვავება ძალიან დიდია: ყირგიზეთის ხელისუფლება მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, აქ კი, მოგეხსენებათ, ცოტა უცნაური სიტუაცაა. როგორც ჩანს, ამერიკისთვისაც უფრო მოსახერხებელია ყირგიზეთის ავიაბაზა, მით უფრო, რომ საჰაერო გზასაც რუსეთი აძლევს ამერიკას. თან საქართველოში გაუგებარი ხელისუფლებაა: მთელი ეკონომიკა რუსეთს ჩააბარა, პოლიტიკურად კი – სულ ლანძღვის სტადიაშია, ვერ იქნა და ვერ გადაეჩვია აგრესიულ რიტორიკას. საერთოდ, რიტორიკა მაშინაა აგრესიული, როდესაც აზროვნების უნარი ნაკლებად გაქვს. ამერიკელები ყოველთვის ეუბნებოდნენ ჩვენს ხელისუფლებას, შეწყვიტეთ აგრესიული რიტორიკაო. ეტყობა, ყველას მობეზრდა უკვე. შესაბამისად, ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლებელია, რუსეთმა კიდევ წაიღოს ჩვენი რაღაც ნაწილები. მე არ მიმაჩნია, რომ კიდევ ბევრი დარჩა. რაც წასაღები იყო, უკვე წაიღო.

– ისინი კახეთისა და სვანეთის წაღებითაც გვემუქრებიან.

– კარგი, რა, რუსებს სჭირდებათ გურია და კახეთი?!

– არ სჭირდებათ, ჩვენს ჯინაზე სეპარატიზმის გაღვივება უნდათ.

– ძალიან დამაფიქრებელია: როდესაც ლაპარაკობენ ჯავახეთსა და ბორჩალოზე, სამეგრელოზეცაა ლაპარაკი.

– სამეგრელოს სახელმწიფო ბუფერობისთვის ამზადებენ.

– შესაძლოა, ბუფერივით შექმნან. აფხაზები არ მოინდომებენ, თორემ, შეიძლება აფხაზეთისა და სამეგრელოს გაერთიანება, მეგრელები ბევრნი არიან და აფხაზები საერთოდ გაქრებოდნენ. მით უფრო, რომ აფხაზების ოთხი მეხუთედი ისედაც მეგრული წარმოშობისაა. ასე რომ, ეს ჩვენთვის შესანიშნავი იქნებოდა, გაერთიანებული სახელმწიფო თუ შეიქმნებოდა და მერე ისევ უკან საქართველოს შემოუერთდებოდა, მაგრამ რუსები ამას არ დაუშვებენ. სამეგრელო კი პირდაპირ რუსეთში ვერ შევა, თუ, რა თქმა უნდა, მეორე ლიხტენშტეინის შექმნას არ აპირებენ. ეს ცოტა არასერიოზული პროექტი მგონია. რაც შეეხება ჯავახეთს: ეს არასერიოზული არ არის და მართლაც გველის საშიშროება. მით უმეტეს, ახლახან ერევანში იყო სააკაშვილი და ორდენიც ჩამოჰკიდეს.

– თანაც – ორი.

– ერთი – პრეზიდენტმა, მეორე – უნივერსიტეტმა. საინტერესოა, რისთვის?! ამან თითქოს მოსკოვში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, რუსი დეპუტატები გამოდიოდნენ და ილანძღებოდნენ, ჩემი აზრით, ყასიდად, ვითომ ძალიან ეწყინათ, სააკაშვილს ერევანში მედლები რომ დაჰკიდეს, არადა, სომხები მოსკოვთან შეუთანხმებლად არაფერსაც არ მისცემდნენ. ესე იგი, დაიმსახურა სააკაშვილმა. მაგრამ რა მოხდა? მხოლოდ ლარსისთვის ორ ორდენს არ მისცემდნენ.

– ალბათ, არც მხოლოდ იმ გზისთვის, რომლითაც აჭარას უნდა დაუკავშირდეს ჯავახეთი.

– აგვისტოში, როდესაც ომი ახალი დამთავრებული იყო და სააკაშვილმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ჩამოვიდა სომხეთის ხელმძღვანელობა. ისინი მაშინ კი არ ჩამოვიდნენ, როდესაც აქ მხარდასაჭერად იყვნენ ევროკავშირის პრეზიდენტები, ოდნავ მოგვიანებით და, არა მხარდაჭერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ხელი მოეწერათ სომხეთისთვის ზღვაზე უმოკლესი გასასვლელის მიცემაზე. როგორც ჩანს, ეს კაპიტულაციაში შედიოდა. რეალურად, ჩვენ არც კი ვიცით, რა წერია კაპიტულაციის დოკუმენტში. როგორც ჩანს, ენგურჰესიც ეწერა; ვინ იცის, იქნებ ეს გზაც ეწერა, თორემ მაშინვე რატომ ჩამოვიდნენ სომხები?!

– შეიძლება, მამისონზე საზღვრის გადმოწერაც წერია და საზღვრის სხვა მონაკვეთების დათმობაც?

– შესაძლებელია. ფაქტია, საშინელი დოკუმენტი იქნება. ერთ დღეს, ალბათ, მაინც გამოქვეყნდება და გავიგებთ ყველაფერს. ომის შემდეგ მხოლოდ ხელი მოეწერა შეთანხმებას გზის მშენებლობის შესახებ, მაგრამ გზა არ ამოქმედებულა, ახლა კი შეთანხმდნენ, რომ ამ გზის გაყვანა იწყება, აბა, მეტი რისთვის გადასცეს ორდენი?!

– აჭარაში დასასვენებლად აზერბაიჯანელებსაც ეპატიჟებიან და ძალიან მაინტერესებს, როგორ დაისვენებენ სომხები და აზერბაიჯანელები ერთად?

– რომელიღაც ქართულ გამოცემაში წავიკითხე, საერთოდ არ არის აჭარაში არც ერთი უცხოელი ტურისტი, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებს მკვეთრად დაუწევიათ ფასები. სომხები კიდევ იქ წავლენ შარშანდელის შემდეგ, გულგახეთქილებმა ძლივს რომ გაასწრეს იქიდან, სხვათა შორის, იმ გზით, რომლის აშენებაზეც შეთანხმდნენ?! ასე რომ, წელს სომხები ზღვაზე ჩამომსვლელები არ არიან, თანაც, შეიძლება, ომი განახლდეს. ესე იგი, აჭარას ვერ ელის კარგი დღე.

– სამაგიეროდ, შეგვიძლია, ვუყუროთ გარე განათებას აჭარის სასტუმროებზე და დავტკბეთ იმით, რომ შუქი გვაქვს. „ფაინენშელ თაიმზის“ აზრით, საქართველო უმნიშვნელო რეგიონია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ამერიკის ამ ადმინისტრაციის კონცეფცია სრულიად განსხვავებულია. ბუშს უნდოდა და, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა, ირანთან ომი, ობამას პრიორიტეტი კი ეს არ არის. პირიქით, მან თქვა, მინდა, აღვადგინო კარგი ურთიერთობა ირანთანო. თუ ირანთან ომის საკითხი აღარ დგას და ამერიკა ცდილობს, რუსეთის დახმარებით, შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამა, ბოლოს და ბოლოს, ირანს ისრაელი დაარტყამს, რა სტრატეგიული მნიშვნელობაღა აქვს საქართველოს?! საქართველოს მთავარი ფუნქცია იყო ენერგომატარებლების გატანა შუა აზიიდან ევროპაში, ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენსაც. ფაქტობრივად, ამ ნავთობსადენმა დადო საქართველო მსოფლიო რუკაზე, მაგრამ მაშინ ჩვენთან ეს არ ესმოდათ. ამიტომაც იყო, რომ ამ პროექტს მაშინ შევუერთდით, როდესაც წილები უკვე განაწილებული იყო. იცით, რომ უფროსმა ალიევმა თავისი წილიდან გვაჩუქა პატარა ნაწილი?! ასე რომ, ჩვენ ბევრს არაფერს ვიღებთ ბაქო-ჯეიჰანიდან, მაგრამ, თავისთავად, პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, მსოფლიომ საქართველოს არსებობა მხოლოდ ამ პროექტით გაიგო. იყვნენ არასერიოზული ადამიანები, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რად გვინდა ნავთობსადენი, მსოფლიო „ვეფხისტყაოსნით“ გაგვიცნობსო. ბევრი ამბობდა, მარტო „ტრუბა“ იქნება აქ და ჩვენ მომსახურე პერსონალი უნდა ვიყოთო?! მაგრამ ამ ქვეყანას სხვა ფუნქცია არ აქვს, თუ ესეც დავკარგეთ, მაპატიეთ და, მსოფლიოს აღარ დავჭირდებით. საბჭოთა პერიოდში თავში გვქონდა ჩადებული, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ, რომ ყველაზე განათლებულები ვართ და ასე შემდეგ. დღეს კი ვხედავთ, განათლების რა დონეცაა.

– საქმეს ისეთი პირი უჩანს, მალე ტუალეტსაც არ გაგვახეხინებენ.

– აქეთკენ მიდის საქმე. მით უფრო, რომ ბევრი შესანიშნავი ცივილიზაცია აღარ არსებობს. ძველი რომი, ყველაზე ცივილიზებული ქვეყანა, უკვალოდ გაქრა. მართალია, არქიტექტურა დარჩა, მაგრამ თვითონ ის ხალხი აღარ არის დღევანდელი იტალიელები ხომ ძველი რომაელები არ არიან?! ისევე, როგორც დღევანდელი ბერძნები არ არიან ძველი ელინები.

– რაღა დაგიმალოთ და, არც ჩვენ ვგავართ მაინცდამაინც ჯვრის ამგებებსა და დიდგორის მომგებებს.

– რა თქმა უნდა, განვსხვავდებით იმისგან, რაც მეთორმეტე საუკუნეში ვიყავით. იმდენმა გადაგვიარა, რომ გასაკვირი არც არის, გენეტიკა შეგვცვლოდა.

– ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით ითქვა, ამერიკამ გამოყო მილიარდი დოლარი და ამით შეასრულა თავისი პარტნიორული ვალდებულებაო. ეს იყო მხოლოდ მათი ვალდებულება?

– როგორც ჩანს, ასეა. ბაიდენი ჯერ უკრაინაში ჩადის, შემდეგ – ჩვენთან. ორივე ამერიკული პროექტია, თან – ორივე ჩაფლავებული, იმდენად, რომ არც ვიცი, სად უარესი სიტუაციაა, ჩვენთან თუ უკრაინაში. საბედნიეროდ, ესენი წინა ადმინისტრაციის პროექტებია. წესით, უკან უნდა დაიხიონ და აღიარონ, რომ შეცდომაა, როდესაც ხელოვნურად ცვლი რეჟიმს და ხელოვნურად ახვევ შენს ფასეულობებს ხალხს, რომლებსაც ამ ფასეულობების არ ესმის. ვიმეორებ, ბაიდენის ჩამოსვლამდე შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს, მთავარი ისაა, რომ ობამა ჩადის მოსკოვში და არა ის, ჩამოდის თუ არა ბაიდენი.

– შეიძლება, ბაიდენი არ ჩამოვიდეს?

– შეიძლება, ჩამოვიდეს, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. ხუმრობით წერენ ზოგიერთ გაზეთში, რომ სააკაშვილს, როგორც ლულა ქაბაბს, ისე შეახვევენ და ამერიკაში წაიღებენო.

– იმას არ წერენ, „მეორე ქაბაბად“ ვის დატოვებენ?

– ფაქტია, რომ სააკაშვილის წასვლა გამორიცხული არ არის: ხელს აღარ ართმევენ უცხოელი ლიდერები. კაცი თავის დედაქალაქში ვერ ჩამოდის და ორ თვეზე მეტია, ბობოყვათის პრეზიდენტია. თუკი შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენცია დაუტოვეს, არ ვარ წინააღმდეგი, სააკაშვილს ბობოყვათის რეზიდენცია დაუტოვონ, თანაც ბოდრუმი იქიდან ახლოსაა…

– არავისთვის გულის გახეთქვა არ მინდა, მაგრამ ჩვენი რეალური ამოცანაა იმის შენარჩუნება, რაც დაგვიტოვეს. რის გაკეთება შეგვიძლია ამ სიტუაციაში?

– მადლობა უნდა ვთქვათ, თუ დღევანდელ საზღვრებში დაგვტოვებენ. „ნიუ-იორკ თაიმსში“ წავიკითხე, სააკაშვილი ატყუებს დევნილებს, მალე სახლებში დაგაბრუნებთო. ყველა ხვდება, რომ გაეროს ბოლო რეზოლუციით, ამ ორი რეგიონის დაბრუნება განუსაზღვრელი დროით გადაიდო, ამიტომ სინდისი უნდა გქონდეს და უნდა უთხრა ეს დევნილებს. თუ ორ თაობაში მოხერხდა დაბრუნება, ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. იყო დრო, ორი საუკუნე ჩვენი არ იყო აფხაზეთი, აჭარაც არ იყო ჩვენი დიდი ხნის განმავლობაში.

– ძალიან ოპტიმისტურად განმაწყობს ხოლმე იმის გახსენება, რომ თბილისში სამას წელს იჯდა ამირა.

– რასაკვირველია. დიდი ხნის განმავლობაში იყო ახალციხის საფაშო, ახლა კი ჩვენია. ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ თვითონ ვიარსებოთ. თუ ჩვენ არ ვიარსებებთ, მაშინ რაღა აფხაზეთი იქნება?! ვიღაც პრაგმატიკოსი მეტყვის, მე რა, თუ ორასი წლის შემდეგ დავიბრუნეთ აფხაზეთიო, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. იმედია, შემდგომ თაობებში უფრო ჭკვიანი ხალხი იქნება, თორემ აფხაზებთან და ოსებთან როგორ შეიძლებოდა ომი?! კიტოვანმა სოხუმი რომ აიღო, მოსკოვმა გაგზავნა?! ან, რამდენჯერ დაიბომბა ცხინვალი?!

– დაველოდოთ, როდის გადაივლის ქარიშხალი?

– სამი თვეა, ოპოზიცია ქუჩაშია, დასავლეთი ელოდა, რომ ქართველი ხალხი რაღაცას შეძლებდა, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო ის, რომ სააკაშვილი გაიქცა თბილისიდან, დე-ფაქტო მმართველი გახდა მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი უგულავას, ბოკერიასა თუ ადეიშვილის სახით. ოპოზიციამ იმას მიაღწია, რომ სააკაშვილი ჩაჩოჩდა, სახელად ჰქვია პრეზიდენტი, დანარჩენი კი იგივე დარჩა. ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება.

– რა გამოდის, ველოდოთ აღსასრულს?

– სამწუხაროდ, ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ბედს დიდი ქვეყნები წყვეტენ ხოლმე. როგორც ჩანს, ახლაც ასე იქნება. 6 ივლისს გაირკვევა...

– ვისი ვართ?

– ჩვენს ბედზე იმსჯელებენ და დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე, ეს არის მწარე რეალობა.

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3