ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელე-ვარსკვლავი ამერიკაში და რამდენს იღებს „კანდიდატის” ერთ სეზონში მილიარდერი დონალდ ტრამპი
ისინი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელევარსკვლავები არიან მსოფლიოში და მათი მონაწილეობით გადაღებულ სერიალებსა და გასართობ შოუებს მილიონიანი აუდიტორია ადევნებს თვალს. მათი ჰონორარი არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდელი ვარსკვლავების ჰონორარებს და არც პოპულარობის მხრივ განიცდიან პრობლემას. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და მათი წლიური შემოსავალიც მათი საქმიანობის ადეკვატურია. ამჯერად გთავაზობთ ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელევარსკვლავების ტოპ-ათეულს.
საიმონ კოუელი – „ამერიქან აიდოლი” („ფოქსი“) – 80 მილიონი დოლარი
საიმონ კოუელი, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანია ამჟამინდელ მსოფლიოს ტელესივრცეში, რომლის გარეშე ამერიკაში თითქმის არც ერთ პოპულარულ ტელეშოუს არ ჩაუვლია. მან სახელი „ამერიქან აიდოლით” გაითქვა, რომელიც ჩვენებური „ჯეოსტარის” ანალოგი შოუა შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, ის „ნიჭიერის” ამერიკულ და ბრიტანულ ვერსიებში – „იქს ფაქტორსა” და „გოთ ტალანტში” ჟიურის წევრობასაც ითავსებს და თავისი ქარიზმით შოუს რეიტინგზე ავლენს გავლენას. საიმონ კოუელს საკუთარი მუსიკალური ლეიბლიც გააჩნია, რაც ერთიორად ზრდის მის შემოსავალს.
რაიან სიქრესტი – „ამერიქან აიდოლი” („ფოქსი“) – 51 მილიონი დოლარი
„ემის” ლაურეატი, ტელე და რადიოწამყვანი რაიან სიქრესტი, „ამერიქან აიდოლის” საშუალებით გახდა ცნობილი. ამჟამად მას საკუთარი გადაცემები აქვს ყველაზე რეიტინგულ ამერიკულ არხებზე: „ფოქსზე”, ABC-სა და „ენთერთეინმენთზე”. გარდა ამისა, მის რადიოგადაცემას „ონ ეირ უიზ რაიანს“ ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს ამერიკაში. პარალელურად, რაიან სიქრესტი დაკავებულია პროდიუსინგით და სწორედ მისი შექმნილია მსოფლიოში განთქმული მზარეულის, ჯეიმი ოლივერის ტელეშოუ და რეალითი შოუ დები კარდაშიანების მონაწილეობით, რომელსაც მხოლოდ ამერიკაში ას მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს.
დონალდ ტრამპი – „კანდიდატი” (NBC) – 50 მილიონი დოლარი
ცნობილი ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი, დონალდ ტრამპი, დიდი ხანია, ტელეინდუსტრიაშია ჩართული და სწორედ მისი იდეით გაჩნდა ბიზნესშოუ „კანდიდატი”, რომლის ანალოგი რამდენიმე წლის წინ ქართულ ტელესივრცეშიც იხილა მაყურებელმა. გარდა ამისა, ტრამპი სილამაზის კონკურსების ორგანიზებითაც არის დაკავებული, ხოლო მის კუთვნილ ტელეარხს, „გოლფ ჩანალს”, რომელიც მთლიანად გოლფის განვითარებასა და პოპულარიზაციაზეა გათვლილი, წლიდან წლამდე ემატება რეიტინგი. საინტერესოა, რომ მილიარდერი ტრამპი თავისი პროექტებიდან აღებულ ანაზღაურებას შემდგომ საქველმოქმედო საქმიანობას ახმარს.
სტივ კარელი – „ოფისი” (NBC) – 34 მილიონი დოლარი
ამერიკელ კომიკოსს, „ოქროს გლობუსის” ლაურეატსა და ტელეპროდიუსერს როლმა სერიალში „ოფისი” დიდი აღიარება მოუტანა. ჟურნალმა „თაიმმა” სერიალი ყველა დროის 100 საუკეთესო ტელეშოუს შორის მოახვედრა, ხოლო 2006 წელს „ოფისი“ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც წლის საუკეთესო კომედიური სერიალი. თითოეული ეპიზოდისთვის კარელი 180 ათას დოლარს იღებდა, რაც საკმაოდ მაღალ ჰონორარად ითვლება ამერიკაში. უკანასკნელად მისი მონაწილეობით „ოფისის” სერია 2011 წლის აპრილში გამოვიდა და, ჯერაც უცნობია, თუ ვინ შეცვლის მსახიობს პოპულარული შოუს ახალი სეზონიდან.
ჩარლი შინი – „ორ-ნახევარი კაცი” (CBS) – 30 მილიონი დოლარი
ოთხი სეზონის განმავლობაში კომედიური სერიალი ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური მსახიობის მონაწილეობით, ამერიკის ნომერ პირველ სერიალად ითვლებოდა თავის ჟანრში. საბოლოოდ პროდიუსერებთან გართულებული ურთიერთობის და ხშირი კონფლიქტების გამო, ჩარლი შინმა დატოვა პროექტი, თუმცა იგი მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ამერიკულ ტელესივრცეში და მასთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ტელეარხმა. ტაბლოიდების ხშირი სტუმარი ჩარლი შინი უკანასკნელად სკანდალის ეპიცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც გაირკვა, რომ იგი ერთდროულად ორ ქალთან ერთად ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკაში ცნობილი პორნოვარსკვლავია.
კიფერ საზერლენდი – „24” („ფოქსი“) – 20 მილიონი დოლარი
რვა სეზონის განმავლობაში მძაფრსიუჟეტიანი ტელესერიალი სუპერაგენტ ჯეკ ბაუერზე მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი, კიფერ საზერლენდი, საკულტო მსახიობი გახდა ბევრი ტელემოყვარულისთვის. სერიალის ჩვენება 2010 წელს დასრულდა, თუმცა, კიფერი ჯერაც ინარჩუნებს პოზიციებს ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელემსახიობებს შორის და მას ახალი პროექტებით არაერთხელ მიმართეს პროდიუსერებმა, რადგან, კიფერ საზერლენდის მარტო სახელის ხსენება ტიტრებში ამერიკელებისთვის ნიშნავს იმას, რომ სერიალი, რომელშიც იგი თამაშობს, აუცილებლად არის სანახავი.
ლოურენს ფიშბერნი - „CSI” – დანაშაულის ადგილი“ – (CBS) – 12 მილიონი დოლარი
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მაღალრეიტინგულ სერიალში ლოურენს ფიშბერნი მსახიობ უილიამ პატერსონის ნაცვლად მოვიდა, რომელმაც პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თავისი ქარიზმით ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე სახასიათო მსახიობმა დამატებითი ხიბლი შესძინა სერიალს. ჩარლი შინის მსგავსად, ბოლო ხანს არც ფიშბერნის ცხოვრებას ჩაუვლია სკანდალების გარეშე: მისმა ქალიშვილმა, მონტანა ფიშბერნმა, სულ ახლახან პორნოფილმში შეასრულა მთავარი როლი, რითაც „ოქროს გლობუსისა” და „ემის” მრავალგზის ნომინანტი მსახიობი შოკში ჩააგდო.
პატრიკ დემპსი – „გრეის ანატომია” – (ABC) – 11 მილიონი დოლარი
ექიმ მაკდრიმის როლით პატრიკ დემპსმა პოპულარულ სერიალს – „გრეის ანატომიას”, მდედრობითი სქესის მაყურებლის დიდი არმია შესძინა. სამედიცინო დრამა, ბოლო წლებია, სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციებს რეიტინგში. ტელევიზიასთან ერთად პატრიკ დემპსი სარეკლამო სფეროშიც არის დასაქმებული („ეივონის” სახე) და ასევე ჰოლივუდურ ბლოკბასტერებშიც მონაწილეობს, სულ ბოლოს იგი მაიკლ ბეის „ტრანსფორმერების” მესამე სერიაშიც იხილა მაყურებელმა.
ჰიუ ლორი – „ჰაუსი” („ფოქსი“) – 10 ილიონი დოლარი
ესაა, სავარაუდოდ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი ტელეექიმი, რომელმაც თავისი ექსცენტრიკულობითა და ქარიზმით სერიალს – „ჰაუსი”, უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ჰიუ ლორი ამერიკაში წასვლამდეც ცნობილი ტელესახე იყო, თუმცა, მხოლოდ ნისლიან ალბიონზე. ამჟამად კი იგი პლანეტის მასშტაბის სუპერ-ვარსკვლავია, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოში. სერიალის ჯერჯერობით ბოლო სეზონში იგი მთავარი როლის შესრულებასთან ერთად, პროდიუსერადაც მოგვევლინა.
კრის მელონი – „კანონი და წესრიგი” (NBC) – 9,5 მილიონი დოლარი
კრის მელონიმ თავისი კარიერა რეკლამებითა და დაბალბიუჯეტიანი ფილმების ეპიზოდური როლებით დაიწყო, თუმცა, წლების შემდეგ იგი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელემსახიობად იქცა, რომელსაც პოპულარულმა სერიალმა „კანონი და წესრიგი” მაყურებლის სიმპათია და არაერთი სატელევიზიო ჯილდო მოუტანა. ჟურნალმა „ფიფლმა” კრის მელონი რამდენჯერმე შეიყვანა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგში, ხოლო ტელეარხ HBO-ზე, სერიალ „ოზში” შესრულებული ბისექსუალის როლისთვის, ამერიკელი გეებისა და ლესბოსელების ორგანიზაციამ იგი თავის საკულტო მსახიობად გამოაცხადა.