ახლობელი და შორეული
უცხო ადამიანი ვერასოდეს შეძლებს, ისე გატკინოთ გული, როგორც ამას ყველაზე ახლობელი და საყვარელი პიროვნება მოახერხებს. ცხოვრება საკმაოდ უცნაური რამ არის – გიყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გატკინათ. არავინ იცის, რა არის ამის ჭეშმარიტი მიზეზი. ეგოიზმი? ან, იქნებ, სურვილი, დაგეხმაროთ და თავს მოგახვიოთ საკუთარი აზრი? ადამიანი ეგოისტია და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, ჩვენმა ეგოიზმმა არ შეიწიროს ჩვენთვის საყვარელი ადამიანის ინტერესები. პატიება-არპატიება კი მთლიანად ინდივიდუალურია. ეს გულმაც უნდა გიკარნახოთ და გონებაც უნდა დაეთანხმოს. როგორც წესი, გაცილებით მარტივია, ურთიერთობა გაარკვიოთ უცხოსთან. ამ დროს მთლიანად გონებით მოქმედებთ და თქვენს გადაწყვეტილებაზე ემოცია ნაკლებად ახდენს გავლენას, ის ემოცია, რომელიც საკმაოდ ცუდი მრჩეველია. არ ცდებით მაშინ, როცა სიტუაციას ემოციის გარეშე აფასებთ.
ერთი შეხედვით, ყველაფერი გარკვეულია – ის შენთვის ყველაზე, ყველაზე ახლობელია და გული არ გაძლევს საშუალებას, ბოლომდე გაიმეტო. მაგრამ, როცა ხვდებით, რომ „შორეულიც“ კი ასე არასოდეს მოგექცეოდათ, ალბათ, სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოთ, რადგან, თუ გატკინათ ერთხელ, გატკენთ მეორედაც. ამ ტკივილთან ჭიდილში კი, ერთხელაც, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ ის ძალიან ახლობელი შორეული გამხდარა.