როგორ დავიცვათ საცხოვრებელი ბოროტი სულებისგან და რა წესით ხდება მფარველი ანგელოზის ბინაში „შეპატიჟება“
ბევრს სმენია ფუძის ანგელოზების შესახებ, მაგრამ მათი არსებობის უმეტესობას არ სჯერა. არადა, ოჯახის, ფუძის ანგელოზზე ისტორიები უძველესი დროიდან არსებობს და მათ მფარველობას ბევრი ჩვენგანი გრძნობს. ჩვენს წინაპრებს მის არსებობაში არც ეჭვი შეჰპარვიათ და უფრო მეტიც, იცოდნენ თუ როგორ ესიამოვნებინათ მისთვის, რომ ოჯახიდან არ წასულიყო. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ფიქრია ამბობს, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც, შეგვიძლია, ახალ სახლში მფარველი ანგელოზი გადავიყვანოთ და მისი მფარველობა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოგვაკლდეს. თუ საიდან მოდის სახელწოდება „ფუძის ანგელოზი”, რა ძალა გააჩნია მას რეალურად და როგორ ადამიანებს არ სწყალობს ის, ამაზე თავად ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გიამბობთ.
ფიქრია: სახელწოდება „ფუძის ანგელოზი” ხალხური თქმულებიდან არის აღებული. სინამდვილეში არსებობს მფარველი ანგელოზი, რომელსაც ადამიანს ნათლობის შემდეგ მოუვლენს უფალი, სახლს კი – კურთხევის შემდეგ. ის იცავს მათ ყველანაირი ბოროტისგან. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ცუდი საქციელით, კონკრეტულად კი ჯადოს კეთებითაა გართული. ის, ვინც მსგავს სისულელეს და ბოროტებას სჩადის – არ მარხულობს, არ ლოცულობს და არ ეზიარება, თავისთავად შორდება გამჩენს, უახლოვდება ბოროტს და მათი ქმედებიდან ჩანს, რომ ეშმაკს ემსახურება. ასეთ ადამიანს ჯადოს გაკეთება არც სჭირდება, ის საკუთარ თავს თვითონ უკეთებს ჯადოს ასეთი ქმედებით. ნაკურთხ სახლში ყოველი დღე ღვთის დიდებით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. მაშინ ბოროტი ვერ გაეკარება. ზოგი გზააბნეული ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ სიკეთეს თესდეს და ცოდვებს ინანიებდეს, სულს უფრო იმძიმებს მკითხავებთან სირბილით, მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევა და რასაც ისინი ეუბნებიან, მართლაც ისე მისდით ცხოვრება. არადა, მფარველი ანგელოზი ყველა ჩვენგანს მფარველობს და, ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ მას, რომ საცხოვრებლიდან არ გავიდეს.
– როგორ სახლში არ ჩერდება მფარველი ანგელოზი?
– მფარველი ანგელოზი არ ჩერდება ისეთ ოჯახებში, სადაც ადამიანები ქრისტიანული წესით არ ცხოვრობენ, არის გამუდმებული აყალ-მაყალი, ჩხუბი, გინება, ხდება გარყვნილება. გეტყვით იმასაც, რომ მფარველი ანგელოზი სხვა არაფერია, თუ არა დადებითი ენერგიის მატერიალიზებული ნაკრები, რომელიც სახლში წლების განმავლობაში გროვდება. მას, როგორც სულიერ არსებას, ადამიანები თავიანთი მოქმედებით ქმნიან. მაგალითად, როცა ადამიანი ახალ ბინას ყიდულობს და იქ გადადის, სიხარულის განწყობა ეუფლება, ამით კი იქ დადებითი ემოცია შეაქვს. დროთა განმავლობაში, ეს ენერგეტიკა იქ მყოფ საგნებს გადაეცემა, ანუ ენერგეტიკის გაცვლა ხდება. ამ საგნების დანახვისას, ან შეხებისას, კარგი განწყობა გეუფლებათ. ასეთი დადებითი მუხტის მქონე საგანი ერთგვარი თილისმის როლს ასრულებს. დადებითი ენერგიის ნაკრები კი იძენს ფორმას და სულიერებას. მას აქვს ძალაც, რომლითაც ადამიანებს ეხმარება. სწორედ ის ხდება ოჯახის დამცველიც. უსულო ენერგეტიკული ნაკრები დროთა განმავლობაში სულიერი არსება ხდება. ანგელოზი კი ყოველთვის კეთილია. თუმცა ისიც, ბოროტდება და მისი გაბოროტების მიზეზი ხშირად თვითონ ადამიანია.
– მაგალითად, რით შეიძლება გაბოროტდეს მფარველი ანგელოზი?
– მაგალითად, ზოგჯერ იყიდიან სახლს, გადადიან საცხოვრებლად და არც კი აინტერესებთ, ვინ ცხოვრობდა იქ უწინ და რა ბედი ეწიათ მათ. ახლად შეძენილ ბინაში, შესაძლოა, მანამდე თვითმკვლელობა ან მკვლელობა მოხდა, სულაც, სულიერი ავადმყოფი ცხოვრობდა, ან გარყვნილებას ჰქონდა ადგილი. ისეთ სახლში, სადაც გამუდმებით უარყოფითი ენერგეტიკა ტრიალებდა, ნივთებიც და კედლებიც კი, ამ უარყოფითი ენერგეტიკის ქვეშ იყო მოქცეული. ბოროტი ენერგეტიკის ნაკრები კი მხოლოდ ბოროტ სულს მისცემდა დასაბამს, ხომ მეთანხმებით? ასეთ სახლებში კეთილი ანგელოზები არ არიან და არც ეკარებიან მათ. იქ მხოლოდ, ბოროტი სულები სახლობენ. მათგან დაცვა კი მერწმუნეთ, აუცილებელია.
– და მაინც, როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთი ბოროტი სულებისგან? თავდაცვაში რას გულისხმობთ?
– რას ვგულისხმობ და, როცა ახალ ბინაში შედიხართ, უპირველესად, ის ბოროტი ძალებისგან უნდა გაწმინდოთ. შემდეგ კი თქვენი კეთილი ანგელოზი უნდა წამოიყვანოთ და მოიპატიჟოთ იქიდან, სადაც მანამდე ცხოვრობდით. როცა ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, მისგან ძალიან ძლიერი უარყოფითი ენერგია გამოიტყორცნება. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგაც კი, ეს ენერგია იმ სახლში რჩება და მოქმედებს იქ მცხოვრებ ადამიანებზე. როცა ადამიანი ბინას იცვლის, ის ხშირ შემთხვევაში, იქვე ტოვებს საკუთარი ენერგიისგან შექმნილ ფუძის ანგელოზს. ახალ ბინაში, ენერგიებისგან ახალი ფუძის ანგელოზის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება, მანამდე კი ადამიანი ენერგეტიკულად დაუცველია და მისი ცდუნება და ბოროტისგან „ჩაჭერა” ადვილია.
– ამ პერიოდში ადამიანი მფარველი ანგელოზის გარეშე ცხოვრობს?
– დიახ, ამ პერიოდში, ფაქტობრივად, ადამიანი მფარველობის გარეშეა დარჩენილი და სამყაროში არსებული ბოროტი ძალები მასზე მძლავრობენ. სახლის კურთხევით ბოროტი ძალები განიდევნება, უარყოფითი ენერგიისგან იწმინდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იმ სახლში თავისუფლად და დაცულად ცხოვრება. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრებიდან მოდის წესი, რომლის მიხედვითაც ფუძის ანგელოზი ახალ საცხოვრებელში შეგვიძლია, გადავიყვანოთ.
– ეს როგორღა მოვახერხოთ?
– როცა ძველ საცხოვრებელს ტოვებთ და ყველა ნივთს გაიტანთ, ცარიელი ოთახის ცენტრში დადექით და ხმამაღლა თქვით: „წამოდი, ჩემო საყვარელო მფარველო, ჩემთან ერთად. არ მიმატოვო, მე მჭირდება შენი მფარველობა”. მაგრამ, თუ ის თქვენზე განაწყენებულია, მაშინ საქმე ცოტა რთულდება. ოჯახის კეთილი ანგელოზი ხომ სულიერი და მგრძნობიარე არსებაა? შეიძლება, მას ოჯახის რომელიმე წევრზე გული მოუვიდეს და ამის გამო განაწყენებულმა დატოვოს სახლი. სხვათა შორის, როდესაც ვამბობთ, ფუძის ანგელოზი არ არსებობსო, ამით მას დადებით ენერგიას ვაცლით და მის კეთილგანწყობასაც ვკარგავთ. ასეთ დროს აუცილებელია, დროზე მოვიდეთ გონს და შემოვირიგოთ ის. ამისთვის კი საჭიროა, მას ტკბილად მივმართოთ, დავუყვავოთ, დროდადრო ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს და ის გვიცავს ბოროტისგან. ანგელოზი ამ დროს მისდამი მიმართულ დადებით ენერგიას გრძნობს და უკანვე გვიბრუნებს.
– თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა, მაშინ ფუძის ანგელოზი ვისთან ამჯობინებს გადასვლას?
– ასეთ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს, მაშინ, რომელიც ხშირად უარყოფდა მას და არ სჯეროდა მისი არსებობის, ანგელოზი მასთან არ დარჩება. გითხარით კიდეც, რომ ის ძალიან მგრძნობიარე არსებაა და ვისგანაც კეთილგანწყობას გრძნობს, მას უერთდება და იცავს. ასე რომ, არ შეიძლება, მფარველი ანგელოზის უარყოფა და ამის ხარჯზე ცხოვრების სიძნელეებთან ჭიდილი. უმჯობესია მას მოვეფეროთ, თბილად და ტკბილად მივმართოთ, ამით კი მისი გულიც მოვიგოთ და საკუთარი სიცოცხლეც დავიცვათ.