ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 23 წლის. 3 დღეა, მტკივა თავი, მაქვს ფაღარათი და პერიოდულად გულისრევის შეგრძნება. ვის მივმართო?
პასუხი: უპირველესად მიმართეთ ინფექციონისტს. თუ დიარეის ინფექციური მიზეზი გამოირიცხება, შემდეგ – გასტროენტეროლოგს.
კითხვა: ბოლო დროს გულმკერდის მარცხენა მხარეს მაქვს ტკივილი, ჩხვლეტები. ეს კარდიოლოგიური პრობლემაა?
პასუხი: ეს ტკივილები ყოველთვის გულთან არ არის დაკავშირებული. ძალიან ხშირად ეს ხერხემლის პრობლემებია (ოსტეოქონდროზი). მიზეზის დასადგენად უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა. თუ გულის პათოლოგია გამოირიცხება, მიაკითხეთ ნევროპათოლოგს.
კითხვა: პიელონეფრიტის მკურნალობის შემდეგ (ანტიბიოტიკები, ანტივირუსული პრეპარატები, იმუნომოდულატორები) დაბალი ჰემოგლობინი მაქვს. რატომ?
პასუხი: თირკმელების ფუნქციის დარღვევისას დაბალი ჰემოგლობინი მხოლოდ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს შეიძლება, იყოს. თუ სისხლს შარდოვანასა და კრეატინინზე გამოიკვლევთ, გაიგებთ, არის თუ არა თირკმლის უკმარისობის ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზები ნორმაშია, დაბალი ჰემოგლობინის მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოთ.
კითხვა: 2 კვირაა ენაზე მოცისფრო ნადები მაქვს, ყელი არ მტკივა. 5 დღის განმავლობაში ბიოპაროქსს ვისხურებდი. რის ბრალია?
პასუხი: შეიძლება პირის ღრუს დისბაქტერიოზი იყოს. ეჩვენეთ სტომატოლოგს.
კითხვა: 28 წლის მამაკაცს ყოველდღე, განსაკუთრებით ღამე და დილით, ცხვირიდან სისხლდენა აქვს. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ამის მიზეზი შეიძლება, არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი იყოს. დღეში 3-4-ჯერ გაიზომეთ წნევა (ჩაინიშნეთ ციფრები), გადაიღეთ ეკგ და მიაკითხეთ თერაპევტს კონსულტაციისთვის.
კითხვა: ვსვამ ძალიან ბევრ სითხეს (3 ლიტრამდე), განსაკუთრებით ზაფხულში. ამ ბოლო დროს ერთი საათიც ვერ ვძლებ წყალი რომ არ დავლიო, შესაბამისად, ხშირად და ბევრს ვშარდავ. შაქარი თითქოს მომატებული არ მაქვს, ფარისებრი ჯირკვალიც ნორმაშია.
პასუხი: ეს სიმპტომები შეიძლება „უშაქრო დიაბეტის“ ნიშნები იყოს. დიაგნოზის დასადგენად მიაკითხეთ ენდოკრინოლოგს.
კითხვა: დედა 45 წლის არის და პირში სულ მარილის შეგრძნება აქვს, არ აქვს მნიშვნელობა რა ჭამა. რა შეიძლება იყოს ამ უცნაური სიმპტომის მიზეზი?
პასუხი: ეს სიმპტომი შეიძლება ქრონიკულ გასტრიტთან იყოს კავშირში. მიაკითხეთ გასტროენტეროლოგს.