თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა
თიაქარი ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი, მაგალითად, მუცლის, შინაგანი ორგანოების, მუცლის კედლის, მენჯის, დიაფრაგმისა და ასე შემდეგ. ამ დაავადებას იწვევს ასაკი, მემკვიდრეობა, სიმსუქნე, მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები და სხვა. ასევე, დაავადების გამომწვევია ყველა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს მუცლის შიდა წნევის მომატებას. ამას მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ხანგრძლივი ხველა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობა, რადგან ამ დროს, მუცლის ღრუში წნევის მკვეთრ გაძლიერებასთან ერთად, მუცლის პრესი დუნდება და თხელდება. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ასაკში ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ფაღარათი, შეკრულობა, ყივანახველა, თიაქრის განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის. გარდა ამისა, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს თანდაყოლილი მანკი. გვხვდება მუცლის შიგნითა და გარეთა, ასევე, თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი. ძირითადად, მამაკაცებში ჭარბობს საზარდულის, ხოლო ქალებში კი ჭიპის და ბარძაყის თიაქარი. ამ დაავადების მქონე ადამიანს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. აგრეთვე, თიაქარს ახასიათებს გამობერვა და ტკივილი თიაქარის მიდამოებში. სხვათა შორის, თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მისი გართულებებიდან აღსანიშნავია ანთება და ჩაჭედვა. ჩაჭედვის შემთხვევაში, მუცლის ღრუში წნევის უეცარი აწევის გამო თიაქრის პარკში ჩვეულებრივზე მეტი ორგანო ჩამოდის. ამ დროს თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭირება პარკში მდებარე ორგანოებს და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ახშობს მათ სისხლძარღვებს. თიაქრის ჩაჭედვის დროს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ამ დროს დაუშვებელია, მუცლის ღრუში მისი შესწორება. ამ მძიმე დაავადებისგან რომ დაიზღვიოთ თავი, აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზედმიწევნით დაცვა. თიაქრის განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, რომელიც მუცლის კედლის კუნთებს ამაგრებს. ასევე, აუცილებელია შრომის სწორად გადანაწილება, ორსულობის დროს კი მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, მშობიარობის შემდეგ მუცლის მასაჟი და ვარჯიში. ბავშვებისთვის კი აუცილებელია რაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ჭინთვები. გაითვალისწინეთ ეს ყოველივე და ამ საშიში დაავადებისგან დროულად დაიცავით თავი.