როდის არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სტრესი და როგორ დავძლიოთ დეპრესია
სტრესი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ნებისმიერ სიტუაციაში, ორგანიზმის დამცველი რეაქციაა, რომლის დროსაც ერთად იყრის თავს ყველა სისტემა, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და ასე შემდეგ. ორგანიზმი სტრესის დროს ფხიზლდება, ემატება ტონუსი, მზადაა საბრძოლველად, თავის დასაცავად. ნებისმიერი ადამიანი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიცდის ასეთ სტრესს და ეს კარგიცაა. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ ეს „კარგი“ სტრესი დიდხანს არ გაგრძელდეს და კრიტიკული სიტუაციის გასვლისთანავე, ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
რაც შეეხება „ცუდ“ სტრესს, ის იწყება სტრესული სიტუაციის გასვლის შემდეგ. ანუ, ადამიანი მაინც დაძაბული რჩება, ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას. შედეგად კი, იფიტება ნერვული სისტემა, შესაძლოა, განვითარდეს კუჭის წყლული ან ინფარქტი. „კარგი“ სტრესის დროს გადაღლა ფიზიკური ხასიათისაა. მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყავით, ბრაზობდით, მაგრამ საკმარისია, შინ დაბრუნდეთ, შხაპი მიიღოთ, მუსიკას მოუსმინოთ და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. თქვენ მშვიდდებით. „ცუდი“ სტრესის დროს კი გრძნობთ, ცხოვრებამ როგორ დაგღალათ, სულიერად როგორ გამოგფიტათ, მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობთ, დაგერღვათ ძილის რეჟიმი, დაგიქვეითდათ მადა.
სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მეთოდი არ არსებობს. მიდგომა დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოტიპზე, ხასიათსა და თვისებებზე, ასევე, თვითკონტროლზეც. მიუხედავად ამისა, არსებობს ფსიქიატრთა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად გამოგადგებათ, მაგალითად:
* „ცუდი“ სტრესის მოსახსნელად არ არის საკმარისი აუტოტრენინგი, არამედ გადაერთეთ აქტიურ მოქმედებაზე. იპოვეთ თქვენი სულიერი მოთხოვნილებების შესაბამისი, აქტიური საქმე.
* სტრესის დროს აგრესიას უპასუხეთ აგრესიით, მაგრამ ბრაზი გარშემო მყოფებზე არ გადაიტანოთ. „ცუდმა“ სტრესმა რომ გაგიაროთ და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესოთ, საკმარისია, ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვა.
* დაისახეთ ზუსტი მიზანი, ისწავლეთ დღის დაგეგმვა, ნუ გადაიღლებით ზედმეტად.
* საკუთარ თავში ჩაკეტვით სტრესი დეპრესიაში გადაიზრდება. ეცადეთ, განიტვირთოთ აქტიური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და მეგობრებთან გართობით.