მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ჩოგბურთელების ტოპ-ხუთეული
მსოფლიოში სპორტის მრავალი სახეობაა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ძირითადად ესაა გუნდური სახეობები: ფეხბურთი, კალათბურთი, ჰოკეი; თუმცა არსებობს სპორტის სახეობა, სადაც ერთეული სპორტსმენები იმდენად დიდ ფულს გამოიმუშავებენ წარმატებული გამოსვლებით, რომ ბევრ საფეხბურთო კლუბს არც კი დაესიზმრება. საუბარია ჩოგბურთზე და სპორტის ამ სახეობის ვარსკვლავებზე, რომელთა ყველაზე მაღალშემოსავლიან და ძვირად ღირებულ ტოპ-ხუთეულს გთავაზობთ ამჯერად.
როჯერ ფედერერი
მოქმედ და ვეტერან ჩოგბურთელებს შორის ყველაზე ტიტულოვანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ჯერაც აქტიურ სპორტშია და ჩოგბურთის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან მას საჩოგბურთო კორტის ცოცხალ ლეგენდად მოიხსენიებენ, ხოლო მისი ქომაგები უბრალოდ „ზი ფედერერს” ეძახიან. კარიერის განმავლობაში ფედერერმა სარეკორდო თანხა – 63 მილიონი დოლარი მოიხვეჭა და მოპოვებული აქვს 16 გამარჯვება „დიდი სლემის“ გათამაშებების ფინალებში. გარდა ამისა, იგი არაერთი ცნობილი კომპანიის სარეკლამო სახეა: „ჯილეტი”, „მერსედეს ბენცი”, „ნეტჯეთსი”, „როლექსი”, „ნაიკი”, „კრედიტ სუისი” და „ხურა”. მისი შემოსავალი ამ კომპანიებიდან დამატებით რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ითვლის. ბოლო წლებში ფედერერის უძლეველობის მითი ესპანელმა რაფაელ ნადალმა და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამსხვრიეს, თუმცა, შვეიცარიელი, რომელიც პროფესიულ კორტზე 1998 წლიდან გამოდის, მსოფლიოს მესამე ჩოგნის საპატიო ტიტულს ფლობს და მომავალშიც ახალი გამარჯვებებით გახარებას უპირებს თავის ქომაგებს.
მარია შარაპოვა
რუსი მაშა შარაპოვა 17 წლის იყო, როდესაც პირველად გაიმარჯვა „დიდი სლემის“ ტურნირზე, პრესტიჟულ უიმბლდონზე. მას შემდეგ მისი პერსონის მიმართ ინტერესმა როგორც საჩოგბურთო წრეებიდან, ასევე ბიზნესსტრუქტურებიდან, იმატა. შარაპოვა თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან: „სონი ერიქსონთან”, „ქენონთან”, „ქოლგეითთან”, „ნაიკთან”, „ტიფანთან”, „ევიანთან”, „პალმოლივთან”, „მოტოროლასთან” და სხვებთან. მათ შორის „ნაიკთან” გაფორმებული კონტრაქტი რვა წელიწადზეა გათვლილი და ამ ხნის განმავლობაში შარაპოვა 70 მილიონ დოლარს მიიღებს. უნივერსალურ მაშას ორივე ხელით თანაბრად შეუძლია ჩოგნის მოქნევა, თანაც, წელს იგი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რასაც „უიმბლდონის” კორტებზე მისი წარმატებული გამოსვლა ამტკიცებს. ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგნისა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სპორტსმენის შემოსავალი მოგებული 23 ტიტულიდან, ერთეულთა თანრიგში 15 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებიდან იგი ყოველწლიურად 20 მილიონამდე დოლარს იღებს.
რაფაელ ნადალი
მას ყველა მონაცემი აქვს, რომ როჯერ ფედერერის რეკორდები დაამხოს და გახდეს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი პლანეტაზე. 90-იანი წლების კატალონიის „ბარსელონას” მცველის, მიგელ-ანხელ ნადალის ნათესავს, რაფაელ ნადალს, კარიერის განმავლობაში 46 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირზე აქვს მოპოვებული გამარჯვება. რაფაელი სარეკლამო სფეროში ძალზედ პოპულარულია და მას კონტრაქტები აქვს სხვადასხვა ფირმებთან და ცნობილ ბრენდებთან: „კია მოტორსთან”, „ნაიკთან”, ექსკლუზიური შვეიცარიული საათების მწარმოებელ კომპანია „რიჩარდ მილთან”, „უნივერსალ DVD-სთან” და „ემპორიო არმანისთან”, რომლისთვისაც ნადალი გულახდილ ფოტოსესიებში უკეთებს რეკლამას მამაკაცის თეთრეულს. ჩოგბურთის გარდა, რაფაელ ნადალი ფეხბურთითაც არის გატაცებული – 2010 წლიდან იგი თავისი მშობლიური ქალაქის კლუბის, „რეალ მალიორკას” აქციონერია. თავისი კარიერის განმავლობაში 25 წლის ესპანელს საპრიზოების სახით 41 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.
სერენა უილიამსი
32 მილიონი დოლარი საპრიზო თანხა, ასეთია დები უილიამსების უმცროსი წარმომადგენლის, სერენას მონაგარი საჩოგბურთო კორტებიდან. 1998 წელს, 16 წლის ასაკში სერენას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული „პუმასთან“, რომელიც მისთვის სპორტული ხაზის წარმოებით იყო დაკავებული, თუმცა, 2004 წელს, „პუმას” უშუალო კონკურენტის ჩარევით, სერენამ 40-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაიკთან” და მას შემდეგ კორტებზე მხოლოდ ამ ფირმის პროდუქციით ჩნდება. სერენა უილიამსი ერთადერთი მოქმედი ქალი ჩოგბურთელია, რომელსაც მოპოვებული აქვს გამარჯვებები „დიდი სლემის“ ყველა ტურნირის წყვილთა და ერთეულთა თანრიგში, ხოლო მოგებული საპრიზოების საერთო თანხა 32 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს თანხა სარეკორდოა ქალი ჩოგბურთელებისთვის. „ნაიკის” გარდა, სერენას სარეკლამო კონტრაქტები აკავშირებს „მაკდონალდსთან”, „ტამპაქსთან” და „უილსონთან”, რომლის ექსკლუზიური ჩოგნებით მოპოვებული აქვს თავისი გამარჯვებები.
ენდი როდიკი
ამერიკელი ენდი როდიკი მხოლოდ ერთხელ გახდა „დიდი სლემის“ ტურნირის გამარჯვებული და ეს მოხდა ამერიკის ღია პირველობაზე, თუმცა მისი საპრიზოების თანხა თითქმის 20 მილიონ დოლარს შეადგენს. იგი სამჯერ იყო „უიმბლდონის” ფინალში, მაგრამ, სამივეჯერ მარცხი განიცადა. როდიკი 13 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მასვე ეკუთვნის საჩოგბურთო კორტებზე დამყარებული რამდენიმე რეკორდი, მათ შორის, 2004 წელს, დევისის თასზე, განხორციელებული ჩაწოდება ბელორუს ვლადიმირ ვოლჩკოვთან მატჩში, რომლის სიძლიერემ 249 კილომეტრ-საათი შეადგინა. 2011 წლის 5 მარტს მისი რეკორდი ხორვატმა ივო კარლოვიჩმა გააუმჯობესა – მისი დარტყმის სიძლიერე 251 კილომეტრ-საათს შეადგენდა. სპორტის გარეთ როდიკი აქტიურად არის ჩართული სარეკლამო ბიზნესში და კონტრაქტები აქვს გაფორმებული ცნობილ ბრენდებთან: „ლაკოსტასთან”, „ბაბოლატთან”, „ლეგარდერთან” და „ლექსუსთან”, რომელთანაც როდიკს 24-მილიონიანი ხელშეკრულება აკავშირებს.