ვინ შეიფარა სოსო თოლორაია ამერიკაში და ვისთან დაიწერა მან ჯვარი ქართულ ეკლესიაში
სოსო თოლორაია ამერიკაში ექვსი წლის წინ წავიდა. თავდაპირველად, ისევე, როგორც უცხოეთში წასულ ყველა ადამიანს, მასაც ძალიან გაუჭირდა. ნელ-ნელა გარემოსაც შეეგუა და სამსახურიც იშოვა. ყველას კარგად ახსოვს მისი შესრულებით კლიპები „ქვეყანა აირია“, „სექს ბომბ“, „მაიმუნი და კაცი“. სოსოს მიაჩნია, რომ საქართველოში რომ დარჩენილიყო, როგორც მომღერალს და მსახიობს, წინსვლა არ ექნებოდა, სულ ახლახან კი, მან უილ სმიტთან ერთად, გადასაღებ მოედანზე გემო გაუსინჯა ნამდვილ კინოს, რეჟისორ ბარი ზონეფილდის ფანტასტიკურ, კომედიური ჟანრის ფილმში „ადამიანი შავებში – 3“. სოსო საქართველოში დაბრუნებას და ძველი ცხოვრების წესით, ბოჰემურად ცხოვრებაზე აღარ ფიქრობს. ის თავს არაჩვეულებრივად გრძნობს თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ აქ დარჩენილი დედა, ძმა და შვილი საოცრად ენატრება.
– სოსო, გვიამბე, როდის და რატომ წახვედი საქართველოდან?
– საქართველოდან 2005 წელს წავედი. აქ ჩამოვედი 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს. ვცხოვრობ მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, ჩელსიში. რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, თან ჩემს სამსახიობო საქმეებსაც ვაგვარებ, ანუ გამსახიობება მინდა, გამოვტყუო ამერიკას. საერთოდ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველოში რაღაც პერიოდი არ ვიცხოვრებდი, მაგრამ სად და როგორ, ეს უკვე არ ვიცოდი. ამერიკა სასწაულად დაემთხვა ჩემს სურვილებს, თუმცა ისედაც ბევრი სასწაული მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ამერიკამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღო, მივხვდი, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი აქ წამოსვლა.
– როგორ დაიწყე ამხელა ქვეყანაში ცხოვრება, რა გიჭირდა, რა გილხინდა?
– შემიფარეს და პრაქტიკულად, მიპატრონეს ისევ ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც, ღმერთის წყალობით, ბევრი შემხვდა ამ ექვსი წლის განმავლობაში. თითქმის ყოველი მათგანი თავის წილ სითბოს, სიყვარულსა და დიდ თანაგრძნობას მიზიარებდა. ამიტომ, ძალიან მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის ძლიერი, მაგრამ ძალიან დაჩაგრული ნაწილი ჩვენი ქვეყნისა. მოკლედ, ნელ-ნელა შევეგუეთ ერთმანეთს მე და ამერიკა. მე და ჩემი ემიგრანტი მეგობრები „ხინკალ-ფართიზე“ ვიკრიბებით ხოლმე ჩემთან და ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. ყველა ქართველი ერთხელ, თუნდაც ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ამერიკაში, რომ გავიგოთ, რა უდიდესი შრომის შედეგია ყოველი პატარა წარმატებაც კი აქ. რა თქმა უნდა, თავიდან მიჭირდა, როდესაც ინჩიბინჩი არ ვიცოდი – ვმუშაობდი, სადაც მომიწევდა და როგორც მომიწევდა. შესაბამისად, ვარსებობდი. ამან, ასე ვთქვათ, დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. ჯანმრთელობის მხრივ მქონდა ცოტა პრობლემები და ჩემ მანდ არყოფნაში მამა გარდამეცვალა. ძალიან მიმძიმდა, მაგრამ სამართლიანად წარიმართა ჩემი ცხოვრება, ვგულისხმობ აქ ჩამოსვლას. ყველაზე მეტად ჩემი შვილის, დედაჩემისა და ჩემი ძმის გარეშე ცხოვრებას განვიცდი. სოფო რომ არ მყავდეს გვერდით, ალბათ, თეთრი ბილეთი აღარ გამომადგებოდა დღეს.
– მე ვიცი, რომ ითამაშე ტომი ლი ჯონსთან და უილ სმიტთან ერთად, რომელიც მანამდე ტარანტინომ თავის ფილმ „გათავისუფლებულ ჯანგოში“ მთავარ როლზე მიიწვია და ოცმილიონანი ჰონორარზეც კი უარი თქვა. მერე კი მონაწილეობა მიიღო ფანტასტიკურ, მძაფრსიუჟეტიან, კომედიური ჟანრის ფილმში „ადამიანი შავებში – 3“. ფილმის რეჟისორი ბარი ზონეფილდია. მოგვიყევი ამ ფილმის შესახებ.
– დიახ. სულ ახლახან, შეიძლება ითქვას, მაგრად გამიმართლა – სრულიად შემთხვევით, კაცმა, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი მსხვილი კინოკომპანიის დირექტორი და ჩემი მეზობელია, თავისი ინიციატივით, ძალიან სერიოზულ ამერიკულ პროექტში „გამჩითა“ – „ბოიარდ ვალკ იმპერია“, რომლის პროდიუსერი რეჟისორი მარტინ სკორსეზეა. ასევე, – უილ სმიტთან ერთად მივიღე მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ფილმში „ადამიანი შავებში – 3“, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოვა. მართალია, ფილმში ეპიზოდური როლი მაქვს, მაგრამ როგორც მსახიობები ამბობენ, პატარა როლი არ არსებობს, მხოლოდ მსახიობი შეიძლება, იყოს ასეთიო. სხვა რა გითხრათ, ჩემს მეზობლებზე გეტყვით კიდევ, თუ გინდათ.
– მითხარი, აბა.
– ჩემ მეზობლად რამდენიმე ცნობილი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის უმა თურმანი და ჯულიანა მური. გერმანული ნაგაზი მყავს – ტომასი და დილაობით ოკეანის სანაპიროზე დავსეირნობთ, როცა კარგი ამინდია. მაშინ ვხვდები ცნობილ ხალხს.
– ჰო, აქ რომ დარჩენილიყავი, ალბათ, ისევ ისე უბრალოდ წარიმართებოდა შენი ცხოვრება, გადაიღებდი არც ისე საინტერესო კლიპებს და ისევ იმ სახეების ყურება მოგიწევდა, ვინც ჩვენს ბომონდურ წრეში ტრიალებს.
– მანდ რომ დავრჩენილიყავი, არ ვიცი, სად და როგორ განვითარდებოდა ჩემი კარიერა ან საერთოდ თუ მექნებოდა რამეში წინსვლა. როცა მე წამოვედი, რა თქმა უნდა, სულ სხვა სიტუაცია იყო, ახლა უფრო „გაიასნებულია“ ყველაფერი. ალბათ, ძალიან სუბიექტური ვარ, როდესაც აქედან ვუყურებ და ვაფასებ მოვლენებს, მაგრამ ასეა. ფაქტობრივად, აქ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ წამოვედი. ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალება იყო დიდი ნიშანი ჩემთვის საქართველოში რაღაც დიდის დასასრულის. ამერიკაში ჩამოსვლა ჩემთვის ბედისა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის საჩუქარია. მათი, ვისაც ყოველდღიურად ჩემს სიყვარულსა და მზრუნველობას ვუზიარებდი.
– მოდი, შენს ამჟამინდელ მეუღლესთან ურთიერთობაზე გვიამბე. სად და როგორ გაიცანი-მეთქი, რომ გკითხო, დამეთანხმები, რომ ძალიან ბანალური იქნება, ამიტომ სხვა რამეს გკითხავ – რით განსხვავდება სოფო ბედოშვილი მისი წინამორბედი – თინა ხოშტარიასგან, რომელთანაც ანდრია გყავს და თიკო სადუნიშვილისგან, რომელთანაც ძალიან მოკლე პერიოდი იყავი და ცოლად თვლიდი?
– აუ, რაებს მეკითხები, აბა, ახლა?! არ მინდა რა, ამაზე ლაპარაკი. ჩემი მეუღლე სოფო ბედოშვილია, არაჩვეულებრივი გოგო. მოდი, მაშინ ასე ვიტყვი: ჩემი წარუმატებელი პირადი ცხოვრების შემდეგ, არავისთან აღარ ვაპირებდი სერიოზული ურთიერთობის დაწყებას, მართლა დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ შეიძლება ითქვას, მაგრად გამიმართლა. ცოტა ხანში ვიგებ, რომ სოფო 22 იანვარს არის დაბადებული, სამი დღით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. ჩვენ ხუთი წელია, ერთმანეთით ვსუნთქავთ. ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო – ნინო ქავთარაძემ. მერე სოფომაც გამიხსენა. აღმოჩნდა, რომ ჩემს გადაცემებს უყურებდა. გიჟი ვეგონე. ერთხელ პირდაპირ ეთერში წელსზევით გავშიშვლდი. სოფომ მითხრა, აი, მაშინ ვიფიქრე – ნეტა, ეს გიჟი ვინ არის, განა რა უნდა გამიჭირდეს, ასეთი ტიპი ქმრად ავირჩიოო. სოფო ამერიკაში სწავლობდა, მერე საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მალევე ისევ ამერიკაში ჩამოვიდა. ნამდვილად ბევრი კარგი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მე ამირჩია – ერთი ღარიბი მსახიობი, ახალჩამოსული ბიჭი, რომელიც ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა. ჯვარი ქართულ ეკლესიაში დავიწერეთ.
– შენს შვილზეც მოგვიყევი.
– ჩემს შვილს სულ ახლახან დიდუბის საგამოფენო პავილიონში გამოფენა ჰქონდა, მაგრად ხატავს. ანდრიას დედა, თინიკო ძალიან კარგი ადამიანია. ბავშვი ძალიან უყვარს და თავს ევლება. არაფერს აკლებს. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. ზოგჯერ საჩუქრებს ვუგზავნი. ერთხელ ჯადოსნური ჯოხი გავუგზავნეთ მე და ჰარი პოტერმა, მაგრამ ნამდვილი არ აღმოჩნდა.