რატომ უწევდა ფულის შოვნა 12 წლის ასაკიდან მძიმე შრომის ფასად მერაბ გეგეჭკორს და რა რთული გზა განვლო ობლად დარჩენილმა ქუთაისიდან თბილისამდე
ყოველთვის ხალისიანი და იუმორით სავსე მსახიობი და პაროდისტი – მერაბ გეგეჭკორი ამ ცხოვრებამ ბავშვობის ასაკიდან აიძულა, ტკივილით ეცხოვრა. მან საკუთარი ნიჭითა და ძლიერი ბუნებით შეძლო გადაელახა ის მძიმე პერიოდი, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაუდგა. როდესაც დღეს სცენაზე დგას და ჩვენს გახალისებას ახერხებს, ალბათ, არავინ ფიქრობს იმაზე, აქამდე რა განცდითა და ტკივილით მოვიდა, რა სიძნელეები გადალახა და როგორ უწევდა მარტოდ დარჩენილს ბედთან ჭიდილი ლუკმა-პურის საშოვნელად.
მერაბ გეგეჭკორი: ცხოვრებას თავიდან ნამდვილად ვეღარ დავიწყებდი. ჩემი ნამდვილი ცხოვრება დაიწყო მაშინ, როცა ოჯახი შევქმენი, ცოლი მოვიყვანე და მამა გავხდი. ახლა 36 წლის კაცი ვარ და რომ იტყვიან, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავს, თორემ სხვა ყველაფერი გადავიტანე. ხანდახან მეკითხებიან – მერაბ, როგორ ხარ, ხომ ხედავ რა ხდება, რა ვითარებაა, როგორ ჭირსო. მე ვპასუხობ, კარგად არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ, ეს ვითარება ჩემთვის უცხო არ არის-მეთქი. ეს ბუნებრივი პასუხია. თუმცა, ის პატარა სამოთხე, რომელსაც ჩემი ოჯახი ჰქვია, ნამდვილად ღირდა იმად, მებრძოლა და ამეტანა ის გაჭირვება, დარდი და ტკივილი. ძალიან პატარა ვიყავი, 15 წლისას მშობლები აღარ მყავდა და აბსოლუტურად მარტოს მიწევდა პრობლემების გადაწყვეტა, ფულის შოვნა, თავის გატანა. 6 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა, 15 წლისა კი – დავობლდი. დები კი მყავდა, მაგრამ მათ თავისი ოჯახები ჰქონდათ. თუმცა, წინასწარ ვგრძნობდი, რომ მარტო მომიწევდა დარჩენა და ამისთვის მომზადებულიც ვიყავი. მე არც თინეიჯერობა გამივლია და არც გარდატეხის ასაკი მიგრძნია მაინცდამაინც. ბავშვობიდან, პირდაპირ დაკაცება მომიწია და იმ ორომტრიალში ჩავები, რასაც ამ ცხოვრებაში თავის გატანა ჰქვია. თან, ამას ცუდი დრო დაემთხვა – საბჭოთა ეპოქა დაიმსხვრა, ახალი ეტაპი დაიწყო ქვეყანაში, იყო უშუქობა, უსახსრობა, გაჭირვება... მიწევდა ლამპის შუქზე სწავლა, საათობით პურის რიგში დგომა, პარალელურად, მუშაობა... და, ამას სულ მთლად ბავშვი, დამოუკიდებლად ვახერხებდი. მახსოვს, პირველად ფაბრიკაში ვმუშაობდი ქუთაისში და აბრეშუმის ჭიიდან პეპლები გამომყავდა. მაშინ 12 წლის ვიყავი, ზაფხული იყო და არ დამავიწყდება, პირველი ხალფასი რომ ავიღე, დედას მივურბენინე – აჰა, ოჯახის ქისას შემატე ეს ფული-მეთქი.
– ეს მაშინ დიდი თანხა იყო, არა? მით უმეტეს, 12 წლის ბავშვისთვის.
– დიახ, ეს დიდი ფული იყო. 12 წლიდან არ დამისვენია, მთელ ზაფხულს მუშაობაში ვატარებდი, რომ ოჯახში ფული შემეტანა. არადა, მანამდე, ნამდვილად არ მაკლებდა დედა დასვენებას, ხან რომელ პიონერულ ბანაკში ვისვენებდი და ხან – რომელში. რომ მივხვდი, ოჯახს უჭირდა, თავად გადავწყვიტე, დედას დახმარება. მეცხრე კლასიდან, დროებით შევწყვიტე სწავლა და სტამბაში დავიწყე მუშაობა. წარმოიდგინეთ, დირექტორთან რომ შევაჭერი და ვუთხარი, მუშაობა მინდა-მეთქი, გაეცინა. ბიძიკო, შენი ასაკის ბავშვებს არ ვასაქმებთ, მაგრამ შენ კარგი ბიჭი ჩანხარ და ნახევარ განაკვეთზე გამუშავებო. ისეთი ხმაური იყო „ცეხში“, სულ მიკვირდა, აქ როგორ მუშაობენ, ნეტავ, დიდხანს-მეთქი. მაგრამ, ყველაფერი შეჩვევაა. სამსახურიდან დაბრუნებული 4 საათი პურის რიგში ვიდექი, მერე სახლში მივდიოდი და ლამპის შუქზე მიწევდა ჯდომა. თუმცა, სულ ვგრძნობდი, რომ რაღაცით მაინც ბედნიერი ვიყავი, ცხოვრებაში გამიმართლებდა და ეს ტანჯვა დროებითი იყო. ხანდახან, ჩემს წარსულზე რომ დავფიქრდები, მგონია, იმას, რაც გადავიტანე, ვეღარ გადავიტან. მაგრამ, რომ გამახსენდება, აქამდეც მოვალ, მერე ვამბობ, ალბათ, ისევ გავუძლებდი-მეთქი. კაცი, თუ მიზანდასახული, უბოროტო, ნიჭიერი, კაცური და თავმდაბალი ხარ, არ დაიკარგები ამქვეყნად, დამიჯერეთ.
– გავიგე, მერაბმა ისეთი ბიზნესი ააწყო თავის დროზე, რომ ქუთაისში შეკერილი მისი „ტუფლებით“ მთელი რუსეთი დადიოდაო. მართლა ასე იყო?
– (იცინის). აბა, რა გგონიათ? მთლად მთელი რუსეთი არა, მაგრამ, ნახევარი რუსეთი კი გამოვაწყვე. ქუთაისში იყო „ტუფლების ცეხი” და გადავწყვიტე, მეწაღეობის შესწავლა. მივედი და აღმოჩნდა, რომ ეს საქმე უფრო წარმატებული და ფულიანი იყო. მოკლედ, ერთ კაცს, გაჰქონდა ქუთაისში შეკერილი ფეხსაცმელები რუსეთში. მეც ჩავერთე და დავიწყე საქმიანობა. არადა, ეს კაცი ადრე სკოლის დირექტორი იყო, ჩემი მეზობელი და უფროსი მეგობარი. მომკიდა ხელი და „სოჩაში“ ამომაყოფინა თავი ამ ჩემი „ტუფლებიანად”. (იცინის). თან, არ იკითხავთ, როგორი ფეხსაცმელი იყო? შეღებილი ტყავი იისფრად, ლურჯად, ნაცრისფრად და ისე გადიოდა ნოვოსიბირსკში სულ ლიწინ-ლიწინით. (იცინის). მახსოვს, წყვილი 50 მანეთი ღირდა. თან, ორი დღე არ ვჩერდებოდით ერთსა და იმავე ქალაქში, ვინმე არ მოგვადგეს და დახეული ფეხსაცმლის ფასი უკან არ გამოგვართვასო. (იცინის). რა ვქნა, უხარისხო იყო ვაღიარებ, მაგრამ მაინც გავყიდეთ და კარგი ფულიც ავიღეთ. მოკლედ, მერე მივხვდი, რომ სფერო უნდა შემეცვალა და რესტორან „გემზე” დავიწყე მუშაობა მიმტანად. სხვათა შორის, ნუგზარ კვაშალმა პირველად იქ მნახა და გაოცდა ჩემით. აი, აქედან დაიწყო ჩემთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა – იმ ხალხში მოხვედრა და მუშაობა, სადაც დღესაც სიამოვნებით ვარ.
– ასეთი რა ჩაიდინე მიმტანმა ბიჭმა, რომ ნუგზარ კვაშალი გააოცე?
– ისე ცქვიტად ვემსახურებოდი 25 კაცს, ისე სხარტად ვიქცეოდი და ისე კონტაქტური ვიყავი, ყურადღება მომაქციეს. თან, ვიღაცეებს სცინებდნენ და ვუთხარი, მასე მეც კი შემიძლია პაროდიის კეთება-მეთქი და იქვე, ვაჩვენე. სულ გადაირივნენ.
– ვისი პაროდია გააკეთე თუ გახსოვს?
– მაშინ შევარდნაძის, ჯაბას და რა ვიცი, კიდევ ვისი დრო აღარ იყო და მათი პაროდია გავაკეთე. ეს რესტორანი დაიხურა. გორში წამოვედი სამუშაოდ და მერე იყო თბილისი – უამრავი კეთილი ადამიანი, ბატონი ჯემალ ბაღაშვილი, პაროდიის თეატრი, „დიდების ზღაპარი” და ასე შემდეგ.
– საკუთარი ბიზნესის აწყობაც ხომ მოახერხე? როგორი იყავი ხელმძღვანელის რანგში?
– მე და მამუკა ონაშვილმა „კონკაზე” რესტორანი გავხსენით, მაგრამ არ გაამართლა. თუმცა, ხელმძღვანელის რანგში ცუდი, მგონი, არ ვარ. ახლა რომ ვფიქრობ, არავის ვუსურვებ იმ გზის გამოვლას, რაც მე გამოვიარე. დიდ ოკეანეში რომ გადააგდებ კაცს, რომელმაც ცურვა არ იცის და ეტყვი, მიდი, თავი გადაირჩინეო, ასე აღმოვჩნდი ამ სამყაროში მარტოდ დარჩენილი. ხომ ხედავთ, თავიც გადავირჩინე და დღეს ვამბობ, ბედნიერი კაცი ვარ-მეთქი. ამიტომ, არ უნდა დაეშვა, როცა გიჭირს. უამრავმა ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი და მათი მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე.
– მერაბ, ვიცი, ქელეხებში წასვლას დღესაც ერიდები. ეს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იმ დიდ ტკივილს უკავშირდება, რაც ბავშვობაში გადაიტანე?
– ეს მართლაც ასეა. რომ დავჯექი 15 წლის ბავშვი და დედის ქელეხისთვის ხალხის ჩამოწერა დავიწყე, ის სია უნდა წაგეკითხათ. ის განცდა არასდროს მავიწყდება. ქელეხში კი იმიტომ არ დავდივარ, ვერ ვუყურებ სუფრასთან მიმჯდარ ხალხს მიცვალებული რომ აღარ ახსოვს, შენს განცდას რომ ვერ აღიქვამს და იმაზე მსჯელობს, როგორი ყველია, როგორი სალათი, ხორცი, ხაჭაპური თუ შილაფლავი. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, ქელეხი როგორი უბედურებაა, ამიტომ, სადაც კი შემიძლია, არ დავდივარ.
– ქუთაისიდან თბილისში დამოუკიდებლად ჩამოსულს, არ გაგიჭირდა ადგილის დამკვიდრება და ხალხის სიყვარულის მოპოვება?
– აქ ორმა რამ ითამაშა მთავარი როლი და ესენია: ნიჭი და ადამიანებისგან ამ ნიჭის დანახვა.
– და ამაში ბედისწერა არ ითვლება?
– ბედისწერა ცოტა საკამათო თემაა. როცა არსებობს პარტერი, სხედან ადამიანები და გიყურებენ, თუ ნიჭი არ გაქვს, ბედისწერა გიშველის? ისე, რომ არ ყოფილიყო ამქვეყნად მერაბ გეგეჭკორი, ისევ მე დამაკლდებოდა. ჩემი უმთავრესი მოვალეობაა საკუთარი თავის აღმოჩენა რაღაც დოზით და რაღაცა დონით. ასევე, მაიმუნობითა და ჯღანაობით ხალხის გართობა და ოჯახის რჩენა (იცინის). ოჯახი ეს ის სამოთხეა, რომლის კარსაც რომ გააღებ, აღარ უნდა გამოხურო. დედ-მამის გარეშე, მარტო რომ დავრჩი, ხან სურათს ვესაუბრებოდი, ხან კომოდს, ხან მაგიდას, ხან კედელს... ახლა, ღმერთის წყალობით, ოჯახი მაქვს და ჩემს ნათქვამს მსმენელი ჰყავს – ჩემი ცოლი და შვილები. ერთ რამეს გეტყვით, რომელიც არსად მითქვამს და პირველად თქვენთან ვაღიარებ: დედა რომ გარდამეცვალა, მთელი ორმოცი დღე, ვიძინებდი მშიერი და ვდგებოდი მაძღარი.
– ეს როგორ გავიგოთ?
– მშიერი ვწვებოდი და სიზმრად დედა მოდიოდა, დამაპურებდა, მომივლიდა და გეფიცებით, დილით რომ მეღვიძებოდა, მართლაც გამაძღარი ვიყავი, დაპურებული და მოვლილი. დედა რომ გიმზადებს და გაჭმევს, მას სხვა გემო აქვს. გარდაცვლილი დედა მივლიდა, დამიჯერეთ. იმდენად მქონდა მოჭარბებული ემოციური მეხსიერება, რომ მინდოდა, ასე მომხდარიყო და ეს ასეც ხდებოდა. დღეს, დედა აღარ მივლის, აღარც მესიზმრება. ეტყობა, ხვდება, იმქვეყნადაც როგორი ცოლ-შვილის გარემოცვაშიც ვარ და მათ მიანდო ჩემი მოვლაპატრონობა. რომ იტყვიან, ჩამაბარა პატრონს. ისე მიყურებ, მგონი, ცუდ განწყობაზე დადექი და თვალებშიც სევდა ჩამოწვა. მოდი, ისეთ რამეს გეტყვი, გაგეცინება. გინდა?
– ისეთი ცხოვრება გამოიარე და ეს ყველაფერი ისე გულწრფელად გადმომეცი, რთულია ამაზე არ დავფიქრდე და განწყობაზეც არ აისახოს. თუმცა, რისი თქმა გინდოდა?
– რისი და, ჩემი შვილები – 5 წლის ნინო 21 დეკემბერსაა დაბადებული, ანუ სტალინისა და მიშას დაბადების დღეზე; ნიკუშა კი – 10 თვისაა და ობამას დაბადების დღესაა დაბადებული. ჯემალ ბაღაშვილმა, ეს რომ გაიგო, მითხრა: რა იყო, შე კაი კაცო, ღამე ცოლთან რომ წვები, პრეზიდენტებზე ფიქრობ თუ სექსზეო (იცინის).