როგორ ცდილობს შეურაცხყოფილი და გულნატკენი ცოლი ქმრის ღალატთან შეგუებას
ადამიანები რომ უფრო ხშირად ფიქრობდნენ ერთმანეთზე და არ მოქმედებდნენ საკუთარი ეგოიზმის კარნახით, ყველას ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. სამწუხაროდ, თეორიულად, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში, მაინც გვჯობნის საკუთარი „ეგო“. თითქმის ყოველდღიურად ვმარცხდებით მასთან ბრძოლაში და მერე თავს ვიმშვიდებთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ მის შესაჩერებლად. ნუთუ ღირს, წუთიერი, თუნდაც ერთსაათიანი სიამოვნება იმად, რასაც მერე ფასეულობებისა და პიროვნული ნგრევა მოჰყვება? პრაქტიკულად, თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ნანობდეს ღალატს, სინდისი მაინც არ აწუხებდეს ამის გამო. სამწუხაროდ, ადამიანის მეხსიერება ხშირად ინახავს „უსარგებლო“ ინფორმაციასაც. საქმე ის არის, რა დოზით მიეწოდება ის ტვინს და რამდენად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე. ამიტომ, ზოგჯერ მართლა გულით გვინდა ვაპატიოთ.
მარიკა (34 წლის): ვწვალობ და ვცდილობ, ჩემი დანგრეული ცხოვრება როგორმე ხელახლა ავაწყო. ნეტავი, ასე სტკივა თუ არა ადამიანს, რომელსაც კიდურს მოაჭრიან და არ გაუყუჩებენ? ვცდილობ, დავმშვიდდე და გონს მოვიდე. ვხვდები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ცხოვრება წინ მაქვს. უარესებიც ხდება. გარშემო ვიცი, რომ ჩემზე უბედური და გამწარებული უამრავი ადამიანი დადის, მაგრამ, საკუთარ თავს ვერ ვერევი. ლოგიკა და გონება ერთს მკარნახობს, გული – მეორეს და, აშკარად, ეს უკანასკნელი სჯობნის. ნეტავი, მე აღმოვჩნდი ასეთი სუსტი თუ სხვებიც ამასვე განიცდიან? თქვენ ხომ ხშირად ისმენთ მსგავს ისტორიებს, ყველა ქალს ერთნაირად სტკივა ღალატი?
– ქალსაც სტკივა და კაცსაც. ღალატი საერთოდ, სერიოზული სტრესია.
– ალბათ, მართალი ხართ, დამანგრეველი სტრესია. მაგრამ, მე ვიცი ქალები, რომლებიც საკმაოდ მშვიდად ცხოვრობენ მოღალატე კაცების გვერდით და გაოგნებული ვარ მათი გამძლეობით. როგორ ახერხებენ ამას?
– სხვადასხვა ფაქტორი მუშაობს. ზოგს, უბრალოდ, აღარ აინტერესებს ქმარი, როგორც მამაკაცი და, უბრალოდ, მის ცოლად რჩება ფორმალურად.
– ანუ, ისეთ სიტუაციაზე მეუბნებით, როცა ქალსა და კაცს ცოლ-ქმარი ფიქტიურად ჰქვია და მათი ურთიერთობა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაში გამოიხატება. ეს საერთოდ გაუგებარი რამაა ჩემთვის. რისთვის, რის გამო უნდა ვიცხოვრო კაცთან, რომელიც არაფერში მჭირდება, არც გრძნობა მაკავშირებს მასთან და აღარც ელემენტარული პატივისცემა?
– ხომ გითხარით, სხვადასხვა ფაქტორი „მუშაობს“. მაგალითად, ქმარი კარგი მამაა და შვილებთან ყოფნა უნდა... ცოლს მატერიალურად კარგად უზრუნველყოფს... კიდევ, არსებობს რეალობასთან შეჩვევის მომენტი...
– მესმის და გეთანხმებით – ყველას თავისი სიმართლე აქვს. იქნებ, ოდესმე მეც გავუგო ასეთ ქალებს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მინდა, მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდე. ისიც მეყოფა, რაც მჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჯოჯოხეთი გამოვიარე. სულიც კი მტკიოდა და ფიზიკურ ტკივილს კიდევ ცალკე ვგრძნობდი. თითქოს ხორცებს მაჭრიდნენ. გეუბნებით, ყველაფერი მტკიოდა. მინდოდა, გარშემო ყველაფერი დამემტვრია, დამელეწა და გამენადგურებინა. სამყარო მძულდა. სახლიდან გასვლა წამება იყო ჩემთვის. სრული აპათია და უიმედობა – ეს ყველაფერი გამოვიარე და მიკვირს, როგორ არ მოვკვდი... თქვენ, ალბათ, ეს არ გამოგიცდიათ და არც გისურვებთ... შემეძლო, კვირები გასულიყო და დივანიდან არ ავმდგარიყავი. სევდა გულს მიგლეჯდა და ღონეს მართმევდა. საჭმელს საერთოდ ვერ ვჭამდი... და ეს ყველაფერი ჩემმა უსაყვარლესმა და უახლოესმა ადამიანმა, ჩემმა ქმარმა გააკეთა...
– გიღალატათ?
– ეს ერთი სიტყვა სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ, როგორც სტიქიური უბედურება, ისე დაგეცემა თავზე. ალბათ, სულ მზად უნდა იყო ამისთვის და მაშინ ისეთი დამანგრეველი ძალაც არ ექნება.
– ღალატისთვის მზად როგორ უნდა იყო?
– ეს ჯერ კარგად არ ვიცი, მაგრამ, უნდა იყო. თუ იმას აღიარებ, რომ ყველა კაცი ერთნაირად მოღალატე და არამზადაა, მაშინ იმ რეალობასაც უნდა შეეგუო, რომ შენი ქმარიც ერთ-ერთი ამ არამზადათაგანია. ალბათობა იმისა, რომ გიღალატებს, ძალიან დიდია. ამიტომ, მერე რომ დეპრესიაში, ანუ, ჩემს მდგომარეობაში არ ჩავარდე, მეტ-ნაკლებად უნდა შეეგუო. როცა უბედურებას მომზადებული ხვდები, მისი მორევა გაცილებით ადვილია.
– ყველა ქალი ფიქრობს იმაზე, რომ, შეიძლება, ქმარმა უღალატოს.
– ალბათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ, მე არ მიფიქრია ამაზე. თავიდანვე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, სულ ერთად, ყველგან და ყოველთვის. ბავშვის გაზრდაშიც ძალიან მეხმარებოდა. დასვენების დღეებსაც ყოველთვის ერთად ვატარებდით და შვებულებასაც. ერთმანეთის ინტერესებით ვცხოვრობდით და ძალიან ბედნიერი ვიყავი. „კრიზისული წლებიც“ არ შეგვხებია. პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც კარგად ვიყავით ერთად. მართალი ყოფილა, კაცს ერთ ნაბიჯზეც არ უნდა ენდოო. მართლა არც ერთი წუთით არ არიან სანდონი. შარშან ზაფხულში ისე მოხდა, რომ შვებულებაში ერთად ვერ წავედით. ბავშვს ზღვაზე უნდოდა წასვლა, ყოველდღე წუწუნებდა, მთელი ზაფხული აქ როგორ უნდა ვიყოო. ჩემმა ქმარმა კი ვერა და ვერ მოიცალა – მნიშვნელოვანი შეკვეთები ჰქონდა. მითხრა, ცოდოა ბავშვი, თქვენ წადით და ათ დღეში მეც ჩამოვალო. ყოველდღე ვურეკავდი. მოუსვენრად ვიყავი და იმას ვაბრალებდი, რომ არასდროს ვარ სადმე მარტო, ჩემი ქმრის გარეშე და დისკომფორტი მქონდა. ჩემი ქმარი სულ იმეორებდა, ძალიან ვიღლები და უთქვენოდ ძალიან მოწყენილი ვარ. ერთი სული მაქვს, აქედან გამოვძვრე და თქვენთან ჩამოვიდეო. ახლაც შოკში ვარ – როგორ შეეძლო, ასე უსინდისოდ და უტიფრად მივეტოვებინე? თავს მაცოდებდა – უშენოდ ისეთი მოწყენილი ვარ, საღამოს ბიჭებთან ერთად ლუდის დალევაც არ მინდაო. თუმცა, რად უნდოდა ლუდი, როცა ლუდზე უკეთესი ჰქონდა? პრინციპში, მისმა ტყუილებმა და თვალთმაქცობამ დაგვღუპა ორივე.
– როგორ?
– როგორ და, იმდენი იწუწუნა, მე და ბავშვს სურვილი გაგვიჩნდა, მისი გული გაგვეხარებინა. გადავწყვიტეთ, სასიამოვნო სიურპრიზი მოგვეწყო და მოულოდნელად დავბრუნებულიყავით და, სამსახურიდან რომ მოვიდოდა, სახლში დავხვედროდით. გზაში მისი საყვარელი ხილიც ვიყიდეთ, ცივი ლუდიც... ერთი სიტყვით, გვინდოდა, ბოლომდე გვესიამოვნებინა და გაგვეხარებინა.
ავედით ჩვენს სართულზე, გავაღე კარი და შევედით. გამიკვირდა, შესასვლელში ჩემი ქმრის ფეხსაცმელი რომ დავინახე. შვილს ვუთხარი, ადრე მოსულა და, ალბათ, სძინავს, ეტყობა, მართლა ძალიან გადაიღალა-მეთქი. საძინებელში რომ შევედი, თავიდან მართლა მეგონა, რომ ეძინა. ოთახში სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული და თითქმის ბნელოდა... მაგრამ, რაც მერე დავინახე... ჩემი ძვირფასი, „დაღლილი“ ქმარი მარტო არ იყო. შეშლილივით წამოხტა საწოლიდან სრულიად შიშველი... იმ ქალმა მაშინვე თავზე გადაიფარა ზეწარი, მერე ისიც წამოხტა, თავის ტანსაცმელს ხელი სტაცა და სახეზე აიფარა. თან ოთახიდან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ, მე არ გავუშვი. შეიძლება, სწორედ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ, ემოცია ცუდი მრჩეველია. საკუთარ თავზე კონტროლი მაშინვე დავკარგე. ახლა ძალიან მეცინება, როცა ზოგიერთის შეგონებებს ვისმენ, რომ, თურმე, ისტერიკა ვნებს და ამძიმებს სიტუაციას; რომ საუკეთესო ვარიანტი სიმშვიდის შენარჩუნებაა; რომ მაშინვე გონება უნდა „ჩართო“... დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს ზერელე წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, რას ნიშნავს, ქმარს რომ საკუთარ საწოლში სხვა ქალთან ერთად ნახავ. უბრალოდ, არ ვიცი, ეს რას შევადარო. რა თქმა უნდა, ისტერიკა მქონდა – არაადამიანურ ხმაზე ვბღაოდი, თან ვტიროდი. ველოდებოდი, რომ ჩემი ქმარი მეტყოდა – „ეს ის არ არის, რაც შენ გგონია“, ან – „სხვანაირად გაიგე ყველაფერიო“... მაგრამ, არანაირი დანაშაულის განცდა. პირიქით, გაავებულმა შემომხედა. თითქოს მე გამომიჭირა საყვარელთან... თვითონაც სწრაფად ჩაიცვა და თავის „ნაშას“ უკან გამოეკიდა. კარი ისე მივაჯახუნე, ლამის კედელი ჩამოინგრა. ბავშვი რომ არ ყოფილიყო იქვე, მართლა დავლეწავდი ყველაფერს და, შეიძლება, ფანჯრიდანაც გადავმხტარიყავი. გაცოფებულმა მარტო ის მოვახერხე, რომ ზეწარი ვაქციე ნაკუწებად, მერე ჩემი ქმრის პერანგები მივაყოლე. დაფხრეწილი ტანსაცმლის გროვაზე ვიჯექი და ვბღაოდი. ჩემი შვილი ხელზე მეფერებოდა. 9 წლის გოგონასთვის უკვე გასაგებია, ასეთი რაღაცეები. არც ამიხსნია არაფერი – არ მქონდა ამის თავი. ტირილმა ძალა წამართვა. ისეთი სასოწარკვეთილი და უნუგეშო ვიყავი, სიკვდილის მეტი არაფერი მინდოდა. არც მიცდია, ჩემი ქმრისთვის დამერეკა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ლაჩარი, არამზადა, მატყუარა! რატომ არიან მამაკაცები ასეთი უხერხემლოები, უგუნურები და უმადურები?! მეორე დღესაც არ გამოჩენილა. ვიფიქრე, ბავშვს დავარეკინებ-მეთქი, მაგრამ, მერე ამ განზრახვაზე ხელი ავიღე.
– რატომ?
– ძალიან ვიყავი გაცოფებული და ვიცოდი, ჩვენი შეხვედრა კარგად არ დამთავრდებოდა. მესამე დღეს მობრძანდა თავისი ნივთების წასაღებად. ჯობია, არ მოვყვე, რაც მოხდა. სახლში ვიყავი. სამსახურში ვერ წავედი – ისეთი განადგურებული ვიყავი, მაინც ვერაფერს გავაკეთებდი. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ ბინა ცარიელი დახვდებოდა და უჩემოდ „გაშპებოდა“. რომ დამინახა, გამწარდა. იცით, როგორი პოზიცია ჰქონდა? „გაღმა შეედავეს“ პრინციპით და ამან უფრო გამამწარა.
– ბოდიშის მოსახდელად რომ მოსულიყო, ან ეთქვა, ვიტანჯები, ეს როგორ დამემართაო, შვებას იგრძნობდით?
– არ ვიცი, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ყოველ შემთხვევაში, თავს ასე შეურაცხყოფილად აღარ ვიგრძნობდი. ყველაფერთან ერთად გამლანძღა, სულელი და წინდაუხედავი ქალი ხარო, – მითხრა. საკუთარ თავს შენ თვითონ მიაყენე შეურაცხყოფა, საძინებელში რომ შემომივარდიო. გეგონება, ის ოთახი ჩემი საძინებელიც არ იყო. ამ ყველაფერს გიყვებით და ისევ ვბრაზობ. საერთოდ, როგორ შემოვუშვი სახლში? მე ხომ მის მიმართ ოდნავი ნდობაც აღარ მაქვს და მხოლოდ ვთამაშობ, რომ ვაპატიე. ესეც ტანჯვაა, თქვენ რა გგონიათ...
– მაშინ, რატომ საბოლოოდ არ დაასრულეთ მასთან ურთიერთობა?
– მოგიყვებით და თქვენ მიხვდებით, რატომაც არ დავასრულე. სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვნახე. ერთხელ ბავშვს მოაკითხა სკოლაში, მეორედ სახლში შემოიარა და ბავშვისთვის ფული დამიტოვა. სულ პირველად რომ მოვიდა, სურვილი მქონდა, მოვხვეოდი, გულში ჩავკროდი და ხმამაღლა მეტირა. ამ ორმა შეხვედრამ ტკივილი მომაყენა.
– საერთოდ არ გილაპარაკიათ თქვენს ურთიერთობაზე?
– არა. რაღა იყო სალაპარაკო? კაცს ფაქტზე მივუსწარი. რომც დაეფიცა, ჩვენ შორის არაფერი ყოფილაო, ხომ არ დავუჯერებდი?! ვითომ, ნაკლებად მეტკინებოდა? მახსენდება, როგორ ვტიროდი აბაზანაში ჩაკეტილი, ჩემი ქმარი კი მშვიდად აგროვებდა თავის გადარჩენილ ნივთებს – პერანგების დიდი ნაწილი ხომ დავუჭერი... ამის დავიწყება როგორ შევძლო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თვალებში შემომციცინებს და აღარ იცის, რით დამიმტკიცოს ერთგულება? არადა, ჩემმა შვილმა დაინახა, როგორ კოცნიდა მანქანაში თავის საყვარელს... ბავშვსაც კი არ მოერიდა, იმასაც ატკინა გული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის პატიება შესაძლებელია? თქვენ უნდა მოუსმინოთ, შვილს როგორ აუხსნა თავისი საქციელი. ზრდასრული მამაკაცის არც ლოგიკა ჰქონდა და არც საუბრის მანერა. ბლუყუნებდა რაღაცას მარადიულ სიყვარულზე თუ მის არარსებობაზე, ათასგვარ სისულელეს ბოდავდა... გადამირია ბავშვი. სულ იმის განცდა მქონდა, თითქოს ბინძური ჩექმებით გადამიარეს, ფეხქვეშ გათელეს ჩემი ქალობა და თავმოყვარეობა.
– აბა, როგორ უნდა მოქცეულიყო?
– იმ „ძიშოვკას“ არ უნდა გაჰკიდებოდა. მე არც მიცდია იმ უსირცხვილო ქალთან შეხვედრა და დალაპარაკება. თუმცა, მქონდა სურვილი მისი თმა ხელზე დამეხვია და კარგად მეთრია. აგრესია მქონდა, ამას არ ვმალავ. ვინც გამოხატავს ამ აგრესიას, ის შვებასაც გრძნობს. მე ყველა გრძნობა გულში ჩავიკალი და ამით დავინგრიე საკუთარი თავი. საშინელებაა მიგდებულის როლში ყოფნა. სამ თვეზე მეტი დამჭირდა, რომ გონზე მოვსულიყავი. სამსახურში სიარული დამეწყო და შვილისთვის ნორმალურად მიმეხედა. საკუთარ თავზეც ვიზრუნე – ახალი ტანსაცმელი ვიყიდე და გარეგნობას მოვუარე... უკვე ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე მომადგა ბარგით – აი, ასე, ყოველგვარი წინასწარი დალაპარაკების გარეშე, თავდაჯერებულად და „ნაგლად“, დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად ფართოდ გავუღებდი კარს.
– და, გაუღეთ კიდეც, ის ტყუილად არ იყო დარწმუნებული ამაში.
– ჰო. ვერც მივხვდი, გამიხარდა თუ მეწყინა მისი დაბრუნება, მაგრამ, გაშტერებული რომ ვიყავი, ფაქტია. მითხრა, ყველაფერი დამთავრდა, უკვე თვეზე მეტია, მასთან აღარ ვარ და არც აღარასოდეს მომინდება მასთან ყოფნა. მომწყინდა უცოლო მეგობრებთან ღამეების თენება. ეს არის ჩემი სახლი, შენ ჩემი ცოლი ხარ და მეც იქ მინდა, სადაც ჩემი შვილიაო. წესით, გარეთ უნდა გამეგდო – ამას იმსახურებდა, მაგრამ, ეს მაინც არ გავაკეთე. ნუთუ ეს არის სიყვარული?
– ნანობთ?
– ალბათ, არა. თუმცა, სულ ამაზე ვფიქრობ. ფაქტია, რომ მისი ერთი სიტყვისაც აღარ მჯერა. მაგრამ, მეორე მხრივ, ცოტა სიამაყეს ვგრძნობ. როგორც ქალი, კმაყოფილი ვარ, რომ ისევ დაბრუნდა ჩემთან და „ნაშებს“ ისევ ჩემთან ყოფნა ამჯობინა. სასაცილოდ ჟღერს? ეტყობა, ქალები მაინც სულელები ვართ.