კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბრძოლა დაასრულა ბაია დვალიშვილმა და როდის იმოსება ის ძონძებით



ბაია დვალიშვილი:  „შუადღე”  ივლისის ბოლომდე ეთერში იქნება, სამი თვის თავზე, ეთერს უკვე შევეჩვიე. ჟურნალისტობა და წამყვანობა ძალიან რთული და საინტერესო პროფესია ყოფილა. ახლა უკვე ვიცი, რომ, თურმე, არსებობს 30 თუ 40 შეკითხვა, რომლებითაც, შეგიძლიათ, აალაპარაკო ადამიანი იმ თემაზე, რაზე საუბარიც მას არ სურს. ეს  გამოცდილებასა და პრაქტიკას მოაქვს. მაგრამ, სად მქონდა გამოსაცდელი დრო, როგორც კი ნინო შუბლაძემ წამყვანობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი, მაშინვე სტუდიაში მიკრეს თავი.  თავიდან  საშინელ  რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, მერე გვითხრეს, თქვენ „კურიერის” რეჟიმში მუშაობთ და ამას ვერ გაუძლებთო. ეს განცდა პირადად მეც მქონდა. დილის 10 საათიდან ვიყავი ტელევიზიაში,  საღამოს 7 საათზე  მივდიოდი თეატრში, ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე, რომ ღამით დაღლილობისგან ვეღარ ვიძინებდი. მერე, როცა დარწმუნდნენ, რომ გადაცემას არ ჩავაფლავებდით, დაგვინდეს და რეჟიმი შეგვიცვალეს. გადაცემის  წამყვანობა მაინც სხვა ხელობაა,  ტელევიზიაში მუშაობა სხვა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. გადაცემის მსვლელობის დროს წამყვანს საკუთარი თავის განსაკუთრებული კონტროლი უწევს, ეს მით უფრო  მნიშვნელოვანია ჩემისთანა ადამიანისთვის –  ბავშვობიდან მძიმე და დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლში ვარ გაზრდილი, ახლა ჩემს მშობლებს ტელეწამყვანის ამპლუაში რომ ვენახე, ოო, კრიტიკას ვერ ავცდებოდი (იცინის)! ერთხელ მე, ია ნინიძე და ნინელი ჭანკვეტაძე მამუკა არეშიძემ თავის გადაცემაში მიგვიწვია „პირველ არხზე“. ახალგაზრდები ვიყავით და უამრავ თემაზე ძალიან თავისუფლად ვისაუბრეთ. სახლში რომ მივედი, მამამ კრიტიკის ქარცეცხლი დამატეხა. მახსოვს, ვუპასუხე: მამა, მარგარეტ ტეტჩერი რატომ გგონივარ-მეთქი? (იცინის). არ მახსოვს, დედას ან მამას  ოდესმე შევექე. ამ სიმკაცრის წყალობით, იმდენი კომპლექსი გამიჩნდა, რომლებსაც ვერასდროს მოვიშორებ და ამ კომპლექსებით წავალ იმქვეყნად. ეს მე თვითონაც კარგად ვიცი, მაგრამ, ეს პასუხისმგებლობის განცდა ისე მაქვს გამჯდარი, რომ ვერაფერს მოვუხერხებ (იცინის).
– ბაია დვალიშვილს  „კვარტეტის” რა ფლანგი აბარია?
– გამოკვეთილი მიმართულებები არ გვაქვს, ყველას მიგვყავს შოუ ისე, როგორებიც ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია გადაცემის თემა და ის, თუ ვისთვის რა თემაა საინტერესო და ახლობელი. ამას წინათ, გადაცემის თემა იყო ორგაზმი. როცა ეს დილით გავიგე, თავიდან ვიფიქრე, რომ მაშაყირებდნენ. ისე ვინერვიულე, ნეტავ ახლა მიწა გამისკდეს-მეთქი, ვამბობდი. ისიც კი ვიფიქრე, წავალ ახლა სახლში,  ვითომ ავად გავხდი-მეთქი (იცინის). მერე მითხრეს, ნუ გეშინია, ექიმები გვეყოლებიან სტუმრად და პროფესიონალურად განიხილავენ ამ საკითხსო. მართლაც, როგორც კი პირველმა რესპონდენტმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მაშინვე ყველა დავწყნარდით.  ის ისეთ ტერმინოლოგიას იშველიებდა, და ისე  კვალიფიციურად საუბრობდა,  ახლა მე რომ თეატრზე დავიწყო ლაპარაკი.  არის თემები, სადაც მე ძალიან თავისუფალი ვარ – ეს  არის  ხელოვნება, თეატრი, ხელით ნაკეთობები.
– სექტემბრიდან უკვე როგორც გამოცდილი ტელესახე, ისე შეუერთდებით „შუადღეს”.
– არ ვიცი, ეს ის თემაა, რაზეც წინასწარ ვერაფერს ვამბობ.  ზუსტად ვიცი, რომ მე თეატრს არ ვუღალატებ და „არ გავცვლი სალსა კლდეებსა” არც ერთ ტელევიზიასა და არანაირ  თანხაზე. რაც უნდა დაღლილი მივიდე თეატრში, სპექტაკლიდან ისეთ სიამოვნებას ვიღებ, რომ  დაღლილობა საერთოდ არ მახსოვს. ამას წინათ, ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე ბრიჯიტ ბარდოს პასუხი შეკითხვაზე,  ადრეულ ასაკში რატომ მიატოვეთ გადაღებებიო და, იცით, რა უპასუხა? მე დავიღალე, ვიყო დილიდან ლამაზიო. ახლა ვარ ამ დღეში:  დილის 10 საათზე რომ სახლიდან გავდივარ, თერთმეტის ნახევარზე უკვე გრიმს მიკეთებენ. ვინც მე მიცნობს, იცის, ეს ჩემთვის როგორი სატანჯველია.  თუ არ მაქვს სპექტაკლი, მე არ ვიყურები სარკეში, არ ვიხატავ თვალებსა და ტუჩებს. დიდად არ მიყვარს სარკე, არ ვარ კეკლუცი ქალი, რომელიც მთელ  დროს სარკესთან ატარებს. თეატრში – პირიქით, ძონძებს ვიცვამთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება, მეტად დავსვაროთ, ახლა კი, დილით, სანამ სული სხეულს დაუბრუნდება, უკვე იმაზე ფიქრს ვიწყებ, რა ჩავიცვა, ეთერში როგორ უნდა გამოვიყურებოდე. იცით, რა რთულია?  ოღონდ ტანსაცმელზე ნუ მაფიქრებინებ და, თუ გინდა, მომკალი. არ ვიცი, როგორ იქნება ჩემი საქმე შემოდგომაზე, როცა დაიწყება ფესტივალი, სპექტაკლები, მე თეატრს ვერ გადმოვიყვან ჩემს რეჟიმზე, ეს თავშიც არ მომივა,  პარალელურ რეჟიმში მუშაობას კი  ფიზიკურად ვერ შევძლებ, თუმცა, ახლა ამაზე არ ვფიქრობ, როგორც სკარლეტ ოჰარა იტყოდა: ამაზე ვიფიქრებ ხვალ (იცინის).
– ასეთი რეჟიმის გამო თქვენი პატარა მაკრინე ხომ  არ იჩაგრება და მეუღლე საჩივრის წიგნს ხომ არ ითხოვს?
– არა, ჩემი ასეთი რეჟიმის გამო ყველაზე ნაკლებად ოჯახი იჩაგრება, დღისით  ჩემი შვილი არის საბავშვო ბაღში და ის ვერ გრძნობს, რომ დედა გადარბენაზეა.  ჯერჯერობით ვაბალანსებ იმას, რომ  სახლში ყველაფერი მოვასწრო. მე და ჩემს მეუღლეს უკვე 19 წელია ოჯახი გვაქვს, მას თეატრთან პროფესიული შეხება არ აქვს,  დღემდე რჩება რიგით მაყურებლად, მაგრამ, კარგად აქვს გაცნობიერებული მსახიობის ცხოვრების სირთულე.  სახლში საჩივრის წიგნი არ გვაქვს, რადგან ძალიან მოწესრიგებული ვარ, ვერ ვიტან არეულობას, შვილი ისე გავზარდე ერთ პამპერსს ვერ ნახავდით სადმე.  ჩემი დასვენება არის სახლის დალაგება. როცა საქმეს  ვაკეთებ, მაშინ ვისვენებ, ვფიქრობ,  კომფორტულად ვარ. როგორც ამბობენ, საკმაოდ წარმატებული ვარ სამზარეულოშიც,  მაგრამ ამ ბოლო დროს ლობიოს ამოზელა და ფხლის შეკაზმვა უკვე მეზარება – ეტყობა, ეს ასაკის ბრალია. ადრე შემეძლო  ბევრი საქმის კეთება – დილით რომ ეთქვათ, შუადღისთვის 40 კაცზე გავაწყობდი სუფრას (იცინის).
 –  თქვენ  ცნობილი ხართ, როგორც ძალიან  ხელმარჯვე ადამიანი. ამ გატაცებასაც ხომ   არ შეელიეთ?
–  იმდენად არ მასვენებს სურვილი, რომ რაღაც უნდა ვაკეთო, ეს მოთხოვნილებად მექცა. სულ მინდა რაღაცეები გადავაკეთო,  გამოვწვა.  დილით რომ ვიღვიძებ, სულ იმას ვფიქრობ: „ამას ასე გადავაკეთებ, ამას ისე ჩავსვამ, იმას – ისე“... ჩემი ქმარი მეუბნება, ღამითაც ამეებზე ფიქრობ? როდისღა გძინავსო  თუმცა,  ჩემს სახლს არასდროს ეტყობა ჩემი ხელმარჯვეობის „კვალი“ შემოქმედებითი „ბესპარიადოკი” არ მჩვევია, სახლში კვალს მაშინვე  ვაქრობ ხოლმე (იცინის). ეს საქმიანობა ძალიან დიდ შემოქმედებით თავისუფლებას მანიჭებს, ეტყობა, იმდენ ხანს ვიყავი დანატრებული თავისუფლებას, რომ ეს ამ მხრივაც გამომყვა.  მე მზრდიდნენ უამრავი აკრძალვით. რადგან მამა  ასე კარგი, ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო,  ძალიან ბევრ რამეზე მქონდა დაწესებული განსხვავებული ნორმა: შენ უნდა იყო  კარგი, შენ არ უნდა გააკეთო ეს, რომ არ თქვან, რა უწესოდ გაუზრდიათო; გარკვეულ სიტუაციებში არ წახვიდე წინ, იმიტომ რომ, ათას რამეს იტყვიანო... ამ აკრძალვებში  ბევრი პირადი თვისებისა  და სურვილის ბლოკირება ხდება და ადამიანი კარგავ საკუთარ თავს. ასე მარტივად, შენს გემოზე ცხოვრება ვერ გამოგდის, არადა, როცა პატარა ხარ, ხანდახან გინდა, ცუდადად მოიქცე; ის თქვა, რაც გინდა, რომ თქვა. როცა ჩემი მეგობრები მიდიოდნენ გასართობად, მე არ მქონდა ამის უფლება. პირადი ცხოვრებაც კი ასე მქონდა – წლების მერე ვიგებდი, რომ ვიღაცას მოვწონდი და ვუყვარდი, მაგრამ, მე არ მეუბნებოდნენ, იმიტომ რომ, მე ვიყავი ასეთი – დაპროგრამებული და ჩარჩოებში მოქცეული,  თუმცა, დამოუკიდებლად ფაფხურს მაინც ვცდილობდი ხოლმე (იცინის). ისე ვცვლიდი რაღაცეებს ჩემს ცხოვრებაში, რომ სახლში არ ვამბობდი, მაგალითად, თეატრალური ინსტიტუტის ერთი ჯგუფიდან ისე გადავედი მეორე ჯგუფში, რომ სახლში არ ვთქვი; მერე ჩუმად გადავედი ერთი თეატრიდან მეორეში – ასე ჩუმად ვპორჭყიალობდი. დედა ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, არ იცოდა, მე რომ რუსთაველის თეატრიდან წამოვედი.  ჩემი მშობლებისგან განსხვავებით, მე უფრო თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს. ძალიან მინდა, რომ იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, სურვილებში. მე სიგიჟემდე მინდოდა, რომ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მევლო და ვერც კი ვამბობდი.  ოღონდ, იცით, როგორ მინდოდა? ღამით მესიზმრებოდა. სკოლაში ვიტყუებოდი, რომ, ქორეოგრაფიულში გადავდიოდი, თუმცა ამას სახლში ვერ  ვამბობდი. ახლა ჩემს  შვილს ვზრდი ისე, რომ თქვას ყველაფერი, რაც უნდა, ან თუ შეუძლია თვითონ გააკეთოს და მიაღწიოს. 
– ასე უხდით სამაგიეროს დედას?
– ასე გამოდის. თუმცა, ხშირად ვიჭერ, რომ ჩემს თავში დედაჩემი იღვიძებს და პირდაპირ თბილელი ჩასახლდება ხოლმე (იცინის). ხშირად ვხვდები, რომ  ჩემი მშობლების თვისებები ჩემში ძალიან ღრმად არის გამჯდარი – ძალიან ვგავარ მათ. თუმცა, როცა პატარა ვიყავი, დედას საერთოდ არ ვგავდი.  ასაკში, როცა  ძალიან დავემსგავსე, დავანებე  კიდეც თავი „ბრძოლას”, რომ მას არ ვგავარ. ახლა ეს ძალიან მიხარია კიდეც. ხანდახან სცენაზეც ვგრძნობ, რომ დედაჩემის ხმით ვლაპარაკობ.   ვერც ერთი  მსახიობი   ვერ გაექცა იმ მძიმე ხვედრს, რაც მსახიობის შვილის ცხოვრებას ახლავს.  შენ არ აღგიქვამენ, როგორც  დამოუკიდებელ პიროვნებას, არ ხარ ინდივიდი,  აღგიქვამენ  სხვა ჭრილში და ხშირად არასწორად ზედმეტს ითხოვენ  კიდეც შენგან. აქედან რომ გამოხვიდე და თავი დააღწიო, ადამიანს ძალიან ბევრი დრო გჭირდება. დედაჩემი, ჩემგან განსხვავებით, ბევრად უფრო ოპტიმისტი იყო – იღებდა დადებითს, დანარჩენზე კი ხელს ჩაიქნევდა, თუმცა, ძალიან ბევრი ტკივილიც ჰქონდა გადატანილი. მამაჩემი მასზე ამბობდა: ეს ის ქალია, ვისაც კოჭი სულ ალჩუზე უჯდებაო. ასაკშიც კი ასეთი იყო. მე ამ მხრივ არ ვგავარ დედას, ან, ეს უკვე ასაკის ბრალია.              
 –  ასაკს გადაცემაშიც ხშირად ახსენებთ, ეს ხომ ქალთა სუსტი წერტილია!..
 –  კი, დიმა მაშაყირებს ხოლმე: ამას ხომ არ შეუძლია, ყველგან ასაკი რომ  არ ჩათხაროსო? მე მივხვდი ერთ რამეს, რომ  ასაკს მოაქვს ბევრი არაჩვეულებრივად კარგი რამ: გამოცდილება, სიმშვიდე; ასაკში პრიორიტეტები ლაგდება და ყველაფერზე ერთად აღარ ღელავ.  უკვე ვხვდები, რომ ასაკი არის ციფრი,  სიბერე  კი, ციფრი კი არა, დროის აცდენაა, როცა  დროს ვერ მისდევ და  გეწყება პროტესტი არსებულზე, ძველის ნოსტალგიით. მე მქონდა საუკეთესო მაგალითი მამაჩემის სახით –  ის 86 წლის გარდაიცვალა, მაგრამ, ჩემზე კარგად იცოდა ავანგარდი თუ  პოპარტი,  მადონას ბოლო კლიპები და ჩემზე მეტს დადიოდა გამოფენებზე, რადგან მე მეზარებოდა იქ სიარული, მას  კი – არა. რომ არ დაბერდე, უნდა მიჰყვე დროს, ამისთვის კი მე მყავს მაკრინე, რომელიც ისეთ ასაკშია, რომ ამის უფლებას არ მომცემს, ის მაიძულებს, რომ ვიცეკვო,  ვიხალისო და დროს არ ავცდე... (იცინის).

скачать dle 11.3