კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


როგორ ამიხდა ბებიას წინასწარმეტყველება
გავთხოვდი სიყვარულით, თანაც ისეთი სიყვარულით, ჩვენს ისტორიას კარგი მწერალი, ალბათ, რომანის სიუჟეტად გამოიყენებდა. ჩემი შეყვარებული ნამდვილი თბილისელი ინტელიგენტი ბიჭი იყო, – თავაზიანი, მორიდებული, აბსოლუტურად არამატერიალისტი. ეტყობა, მისი მშობლებიც ასეთები იყვნენ, რადგან, როდესაც პირველად მიმიყვანა სახლში მშობლების გასაცნობად, გაოგნებული დავრჩი – მსგავსი სიღარიბე არსად მენახა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს სანაცნობოში ასეთ პრიმიტიულ დონეზე არავინ ცხოვრობდა. მე მით უფრო გამიკვირდა ეს ამბავი, რომ ოჯახის სამივე წევრი მუშაობდა და მაშინდელი საზომებით საკმაოდ კარგი ხელფასებიც ჰქონდათ.
შეყვარებული თინეიჯერის ტვინში რა ხდება, ვინ გაიგებს. ამიტომ, ეს სიღატაკეც რომანტიკაში გადავიტანე და ვტრაბახობდი: წარმოგიდგენიათ, სახლში გაზქურა და ტელეფონიც კი არ აქვთ, რადგან მათთვის მთავარი წიგნია-მეთქი. საქორწინო ბეჭედი ჩემთვისაც და ბესოსთვისაც მე ვიყიდე. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, ბესოს გავყოლოდი. განსაკუთრებით წინააღმდეგი კი ბებია იყო. არ დამავიწყდება, როგორ დამიძახა, დამისვა წინ და მითხრა: როცა ახალგაზრდა, ქალაქელი კაცი ასეთ სიღარიბეში და, რაც მთავარია, მოუწყობელ, ყოველგვარ კომფორტს მოკლებულ ბინაში ცხოვრობს და ეს არ აწუხებს, ანუ არავითარი სურვილი არ აქვს, პირობები გაიუმჯობესოს, ეს პატიოსნება და წესიერება კი არა, ნაკლია და ასეთ კაცთან ცხოვრების გატარება გაგიჭირდება. თუ შენი წყალობით ოდნავ მაინც გამოფხიზლდა, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე: ისევ შენს ხარჯზე მოინდომებს პირობების გაუმჯობესებას, თვითონ ხელსაც არ გაანძრევს, რადგან მისი პატიოსნება სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ უუნარობა და სიზარმაცეა და, რადგან ამის აღიარება არ აწყობს, მშვენივრად გრძნობს თავს წესიერი კაცის ნიღაბშიო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც მე ამიხდა ბებოს სიტყვები.
გათხოვებიდან ერთი კვირის შემდეგ დავიწყე ჩემი ახალი ბინის „რეორგანიზაცია“: მთლიანად შევცვალე ავეჯი; გავაკეთე „მსუბუქი“ რემონტი – თითქმის საკუთარი ხელით; შევცვალე დიზაინი; დავდგი ტელეფონი და გაზქურა – მოკლედ, ეს პირველყოფილი ადამიანების სადგომი თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელს დავამსგავსე. მინდა გითხრათ, რომ თავიდან სამივეს მხრიდან წავაწყდი წინააღმდეგობას – ავეჯის გადადგმა-გადმოდგმაში დახმარებაც კი ეზარებოდათ. მაგრამ, როცა ყველაფერი დასრულდა, მოეწონათ და მშვენივრადაც შეიფერეს, იმ დონეზე, რომ, როცა სტუმარი მოდიოდა, დედამთილი ყველას უყვებოდა, როგორ დაახვედრა მისმა შვილმა ახალშერთულ ცოლს ახალგარემონტებული და მოწყობილი ბინა, რაზეც მამამთილიც ამაყად უკანტურებდა თავს. ბესო დარცხვენილი დგებოდა და ვითომ რაღაც საქმეზე გადიოდა ოთახიდან, მე კი ეს აუტანელი სიცრუე ღიმილით უნდა მესმინა.
ჩემი ცხოვრების შემდგომმა წლებმაც ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ბებიამ მიწინასწარმეტყველა: მე წელებზე ფეხს ვიდგამდი, დღედაღამ ვმუშაობდი – უთენია ნამცხვრები მიმქონდა (მაღაზიებში ვაბარებდი), მერე საღამომდე სამსახურში ვიჯექი, საღამოობით კი ვკერავდი ან ვქსოვდი (შეკვეთები მქონდა). ამ ყველაფერს ბესო ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებდა თვალს და მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებოდა ხოლმე, როცა ხელფასი ან დაკვეთის გასამრჯელო მქონდა ასაღები: მთელ თანხას ძალიან დაყვედრებული სახით მართმევდა და მერე გამოზომილად მაძლევდა ტრანსპორტის ფულს. კვირის ყოველი დღის ყოველი საათი დატვირთულ-დაკავებული მქონდა, მხოლოდ შაბათი საღამო მქონდა თავისუფალი (საღამოს 5 საათის შემდეგ). ერთხელ ვიღაც მოვიდა – კაბის შეკერვის შეკვეთის მოცემა უნდოდა, მაგრამ, უარი ვუთხარი – დრო არ მაქვს და ვერ მოგისწრებ-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, რა დღე მაყარა ბესომ – შაბათი საღამო ხომ გაქვს თავისუფალი, ნება გებოძა, ღამე გაგეთენებინა და ის ქალი არ გაგეშვაო. თვითონ კი ყოველ საღამოს ან სასეირნოდ გადის (თურმე საღამოს მოციონი მასზე კარგად მოქმედებს), ან საქეიფოდ, ან სადმე გასართობად. ოღონდ, დაბრუნებულს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა დახვდეს და საჭმელიც – გამზადებული.
გამოგიტყდებით და, წლების განმავლობაში ჩემი სიყვარული ისე აორთქლდა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. არ ვიცი, რისი ბრალია ეს – ბესოს უუნარობის, სიზარმაცის, ჩემდამი გამოყენებითი დამოკიდებულების თუ ყველაფრის ერთად, მაგრამ, მერწმუნეთ, ნებისმიერი ქალისთვის საშინლად გამაღიზიანებელია, როდესაც ოჯახში ყველაზე მარტივი პრობლემის წამოჭრის დროსაც კი, ქმარი იწყებს კვნესას, მოთქმას, გოდებას, წუწუნს, ტირილს; იმის ნაცვლად, რომ კაცურად დატრიალდეს, მიდგეს-მოდგეს და გაამხნევოს ცოლი, იმედი ჩაუნერგოს, რომ მის გვერდით დგას ძლიერი მამაკაცი, იქით სთხოვს შველას, უფრო სწორად, საკმაოდ უხეში ფორმით ავალდებულებს ცოლს, მოძებნოს გამოსავალი, თან, პარალელურად, სულ უკმაყოფილოა, რომ ასეთი უვარგისი ცოლი შეხვდა. ყველაფერ ამის გამო, სიყვარულის ნაცვლად, ქმარი მეცოდება, მაგრამ, მგონი, მე უფრო შესაცოდი ვარ.
აი, ასეთი მეტამორფოზა განიცადა ჩემმა ერთ დროს საოცრად რომანტიკულმა, მართლაც ზღაპრულმა სიყვარულმა.
დალი, 36 წლის.
როგორ დავკარგე ნათესავები
მთელი ბავშვობა ისე გავატარე, ჩვენს ოჯახში მინიმუმ ორი სტუდენტი მაინც ცხოვრობდა. ალბათ, მიხვდით, რომ ისინი სოფლიდან ჩამოსული ნათესავები იყვნენ. დედა იმერელი მყავს, მამა – გურული და, მოგეხსენებათ, დასავლეთის ხალხმა როგორ იცოდა მაშინ – დედაბუდიანად აიდგამდნენ ფეხს და, თუ ქალაქში ვინმე ნათესავს დაიგულებდნენ, ისე ჩაუსახლდებოდნენ, ნებართვასაც არ ჰკითხავდნენ. საბედნიეროდ, ახლა ასე თითქმის აღარ ხდება, მაგრამ ჩემს ბავშვობაში არ მეგულებოდა ოჯახი, რომელიც სამკურნალოდ ან სასწავლებლად ჩამოსული ხალხით არ ყოფილიყო სავსე.
ბინა კი გვქონდა მოზრდილი, მაგრამ, ჩვენც ბევრნი ვიყავით: მე და ჩემი და, დედ-მამა, ბებია-ბაბუა და გაუთხოვარი სტუდენტი მამიდა, რომელიც თავისი ოთახიდან გამოიყვანეს და ლოჯიაში ტახტზე ეძინა, რადგან მისი ოთახი ჩვენმა მარადიულმა სტუმრებმა დაიკავეს. არ გეგონოთ, რომ  რომელიმე ნათესავს თავი ვალდებულად მიაჩნდა, თუნდაც წელიწადში ორ-სამჯერ, ვთქვათ, საახალწლოდ ან რომელიმე სხვა დღესასწაულზე, სოფლის ნობათი ჩამოეტანა. ის კი არა, ჩვენი მასპინძლებად ქცეული სტუმრები ყველაფერს არ მიირთმევდნენ და ოჯახში სადილი იმის გათვალისწინებით კეთდებოდა, მათ რა უყვარდათ და რა ენატრებოდათ. გარდა ამისა, ჯიბის ფულსაც მამა ან ბაბუა აძლევდნენ. თან, ყველაფერთან ერთად, წაყოლ-წამოყოლაც სჭირდებოდათ, სანამ ქალაქს გაიცნობდნენ და ქუჩებს დაიმახსოვრებდნენ. ორი ნათესავი გოგო ჩვენი ოჯახიდან გათხოვდა და, პრაქტიკულად, ჩვენებმა გაამზითვეს. ერთმა ნათესავმა ბიჭმა კი ცოლი ჩვენთან მოიყვანა და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც ჩვენთან ცხოვრობდა ცოლშვილიანად მთელი სამი წელი. მერე მამაჩემმა კარგი სამსახური უშოვა მასაც და მის ცოლსაც და ცალკე ბინაც უქირავა. მახსოვს, მამამ ბაბუას უთხრა, მირჩევნია, ქირა მე ვიხადო და ცალკე იყვნენ, თორემ, მეშინია, რამე უსიამოვნება არ მოგვივიდესო. ამ ყველაფერს ასე დაწვრილებით იმიტომ ვწერ, რომ მთავარ სათქმელს მივადგე:
ეს ჩვენი ნათესავი ბიჭი ბახმაროდან იყო და მამამისს იქ არაჩვეულებრივი სახლ-კარი ჰქონდა. ცოლი რომ შევირთე და შვილი გაგვიჩნდა, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმებმა გვირჩიეს, ზედიზედ,  სამი წელი, ბახმაროში უნდა ატაროთ და განიკურნებაო. მამაჩემმა მაშინვე დაურეკა იმ ბიჭის მამას – თავის ალალ ბიძაშვილს, უთხრა, როგორც იყო საქმე და სთხოვა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ყველაზე პატარა ოთახი დაგვითმე, ბავშვის ჩამოყვანა გვინდაო. არ გაინტერესებთ, რა პასუხი მიიღო? უცხოებზე „სუტკაში“ 15 მანეთად ვაქირავებ „კოიკას“, მაგრამ შენგან 10 მანეთზე მეტს ვერ ავიღებ. სადაც გინდა, გაიკითხე, ამაზე იაფად ვერსად იქირავებო (მაშინ საბჭოთა მანეთები იყო). მამაჩემი ისე გადაირია ამ პასუხზე, იმ თავის ბიძაშვილს ერთი მაგრად აგინა ტელეფონში და ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა.
იმ ზაფხულსაც და კიდევ შემდეგი ორი წლის განმავლობაში ჩემი შვილი სულ დაგვყავდა ბახმაროში, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ ჩვენს ნათესავთან არ მივსულვართ – გაცილებით უკეთეს ადგილას ვიქირავეთ ოთახი და, თან, გაცილებით იაფად. იქაური მეზობლებისგან გაიგო ჩემმა ცოლმა (ქალების ამბავი ხომ იცით), რომ მამაჩემის ბიძაშვილს 5 მანეთზე მეტად არასდროს გაუქირავებია „კოიკა“ – ეტყობა, ჩვენზე მოინდომა ფულის გაკეთება. სხვათა შორის, მამის საქციელისა არც მის შვილს შერცხვენია – იმას, რომელიც მთელი რვა წელი ცხოვრობდა ჩვენს სახლში. ის კი არა, ამ ყველაფრის შემდეგ თავხედობა ჰყოფნიდა და მოდიოდა ხოლმე ხანდახან ჩვენთან, მაგრამ ჩემი ცოლი ისეთი ნაწყენი იყო, ძალიან ცუდად ხვდებოდა და, ეტყობა, ბოლოს მიხვდა, რომ აღარ მოესვლებოდა.
მაგრამ, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. დიდი დრო არ გასულა ამის შემდეგ, რომ იმ ბახმაროელმა ბიძაშვილმა მამაჩემს დაურეკა და უთხრა (დიახ, უთხრა და არა – სთხოვა), ჩემს შვილს სამსახურიდან ათავისუფლებენ, დირექტორი კი შენი მეგობარია და, უნდა დაურეკო და უთხრა, არ გაათავისუფლოსო. მამამ მაინც ნახა თავისი ძმაკაცი და ჰკითხა, რა ხდებაო. აღმოჩნდა, რომ იმ ჩვენს ნათესავ ბიჭს რაღაც ფინანსური მაქინაციები „გაუჩალიჩებია“ და ამის გამო ხსნიდნენ. ამის მერე მამაჩემმა თავის ბიძაშვილს დაურეკა, გააგებინა, რაშიც იყო საქმე და უთხრა, ჩემი შვილიც რომ ყოფილიყო, ვერაფერს ვუშველიდიო, რაზეც ფრიად „საინტერესო“ პასუხი მიიღო: ასეა, აღარ გახსოვს ჩემი პატივისცემაო. ამის შემდეგ რაღა უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს. უბრალოდ, ზედმეტად არავის არ უნდა გადაჰყვე თან, რადგან მაინც იქით გამოხვალ დამნაშავე.
ზაზა, 46 წლის.

ქმარს ჩემგან შვილი არ უნდა
გავთხოვდი ცოლგანაშვებ კაცზე. თითქოს ნამდვილად ვუყვარვარ და ურთიერთობაც კარგი გვაქვს, მაგრამ, კატეგორიულად არ უნდა, რომ ბავშვი გავაჩინო, რადგან პირველ ცოლთან ორი შვილი ჰყავს და ამბობს, მეტი შვილი არ მჭირდებაო. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი დედობაზე. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. მისი სურვილის წინააღმდეგ რომ მოვიქცე და მაინც გავაჩინო, ვიცი, არ მაპატიებს და, შეიძლება, გამეყაროს კიდეც, მე კი ძალიან მიყვარს ქმარი და უიმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
როცა თავისი შვილები ჩვენთან მოჰყავს სახლში, ბავშვებს თან ვყვები, აღარ ვიცი, რით ვასიამოვნო. ამას მართლა გულწრფელად ვაკეთებ, რადგან მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭები არიან. ვგრძნობ, რომ ძალიან უყვართ მამა და მეც პატივს მცემენ. მაგრამ, ჩემს ქმარს ჰგონია, რომ ბავშვებს მის დასანახავად ვექცევი კარგად, თორემ, სინამდვილეში დიდად არ მეხატებიან გულზე. მე ეს ძალიან მწყინს, რადგან ქმრის ასეთი საქციელი ჩემ მიმართ უსამართლობაა. თუ ამ დონეზე არ მენდობა, თუ ჩემგან შვილი არ უნდა, თუ ჩემი ყოველი სიტყვა და ქმედება სიყალბედ მიაჩნია, მაშ, რატომღა არის ჩემთან ერთად, ეს არის სიყვარული?! კარგა ხანია, ამაზე ვფიქრობ და ეს დასკვნა გამოვიტანე: ჩემს ქმარს მე კი არ ვუყვარვარ, როგორც ქალი, როგორც პიროვნება, არამედ ჩემი სიყვარული მის მიმართ; ჩემი ზრუნვა, თვალებში ყურება და თან გადაყოლა. ასე რომ არ იყოს, სხვანაირად დამაფასებდა და, ბოლოს და ბოლოს, სხვანაირად მომექცეოდა – ხანდახან მაინც იფიქრებდა იმაზე, რომ მეც მაქვს ჩემი სურვილები, მეც მიხარია ან მწყინს. სიმართლე გითხრათ, იმის მეშინია, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ჩემი სიყვარული თანდათან გაფერმკრთალდება და მასთან ნამდვილად ვეღარ ვიცხოვრებ.
ნანა, 28 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3