რა ავსებს ენერგიით კახა მიქიაშვილს და რისი ნაკლებობა აქვს ანა სანაიას
ერთმანეთი თეატრალურში გაიცნეს. ანა სანაიამ გამოცდები ჩააბარა და კახა მიქიაშვილმა დაამთავრა. ერთი პედაგოგი ჰყავდათ და კახას ხშირად ესმოდა, რომ ინსტიტუტში ძალიან ნიჭიერი გოგო მოვიდა, რომელიც სადიპლომო სპექტაკლიდან გაიქცა. რა იყო ამის მიზეზი, დღეს ამის გარკვევა უკვე აზრს კარგავს.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანა სანაია
– ზაფხული დადგა, ეს ოცნების სეზონი. თუმცა, ყველასთვის არა, ეს მაინც გემოვნების საკითხია და შენთვის თუ არის ის გამორჩეული?
– წლიდან წლამდე ველოდები ზაფხულს. განსაკუთრებით გაზაფხულს და უფრო ზაფხულს – ვარ ადამიანი, სიამოვნებით რომ ვიცხოვრებდი თბილ ქვეყნებში, სადაც მთელი წლის განმავლობაში ოცდათორმეტი გრადუსი სიცხეა. ნებისმიერი სიცხე მირჩევნია სიცივეს. რომ ვიღვიძებ, თუ მზე და თბილი ამინდი არ არის, საშინელ განწყობაზე ვარ. თუ გავიღვიძე და მზე დავინახე, ანუ გარეთ ისე თბილა, შეიძლება ზღვაზეც წახვიდე, ეგრევე ხალისიანი და ენერგიით სავსე ვხდები.
– რატომ?! გარეთ დიდი თოვლი, ხის სახლი, გიზგიზა ბუხრით, წითელი ღვინო...
– არა, არა. დავიწყოთ იმით, რომ სასმელი არ მიყვარს. სიცივე, დისკომფორტი არ მიყვარს. როგორც კი წარმოვიდგენ, კისერში სისველე უნდა ჩამივიდეს, ეგრევე ცუდ ხასიათზე ვდგები.
– სისველე არა. ბუხარშიც ისეთი ხე რომ იწვის, მთელ ოთახში ტყის სუნი დგას...
– კი, მაგრამ ეგ ესთეტიკა არ მომწონს, მირჩევნია კომფორტული ოთახი და კონდიციონერი. ათასში ერთხელ, რომანტიკისთვის, განსაკუთრებულობისთვის კარგია, მაგრამ გაუთავებლად შეშა, სიცივე, ბევრი ტანსაცმელი, გარეთ ცხვირის გაყოფის დაზარება, – ასეთ რაღაცეებს მზე მირჩევნია და რა ვქნა (იცინიან)?!
– როგორია შენთვის იდეალური დასვენება? „სიკვდილი ვენეციაში” ხომ გაქვს ნანახი, ასეთი ფეშენებელური, მდიდრული თუ...
– არ მიყვარს ის, რაც თბილისში დასვენებად მიაჩნიათ, ჩემთვის ეს არის დაღლა. ბათუმში ყოფნა გადაღლაა და ზოგადად, კლუბებში სიარულით არც თბილისში ვიკლავ თავს. მიყვარს სიწყნარე, სიმშვიდე... ჩემთვის იდეალური დასვენება იქნება სადმე, შორეულ კუნძულზე.
– კონკრეტულად სად? ფიჯი – სხვა ტიპის კუნძულებია, სხვანაირია საბერძნეთის თეთრი კუნძულები...
– სიამოვნებით დავისვენებდი ბალიზე. ნამყოფი ვარ გოაზე, ულამაზესი და უმაგრესია, მაგრამ მაინც ხმაურიანია. უფრო „ბაუნტის” რეკლამაში წავიდოდი, ჰამაკი ოკეანის პირას და სიმშვიდე. „რაისკაია ნასლაჟდენიე” თვითონ ვიქნებოდი.
– „პარასკევაც“, რომ გამოჩნდეს, იდეალური დასვენების პირობა იქნება?
– ვისურვებდი, ჩემი, პარასკევათი წავიდე.
– რატომ? საინტერესო იქნებოდა, ადგილობრივი აბორიგენი, მუქკანიანი, საინტერესო გარეგნობის გოგონა, დიდი და ბევრი სამკაულით.
– შეიძლება, ამასაც არ გამოვრიცხავ. საინტერესო იქნება. ზოგადად, მინდა, კუნძული, ჰამაკი, გრილი ჰაერი, დილით რომ ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს და საღამოს ტალღის ხმაურზე იძინებ. სანაპიროზე რომ გადიხარ და ადგილი არ არის, ასეთ ადგილას წასვლა არ მინდა. წარმოშობით რაჭველი ვარ, რაჭაში მაქვს სოფელი და ძალიან მიყვარს იქ დასვენება. ყოველთვის გრილა, სიმშვიდეა, ჰამაკში დავწვები. საღამოობით იქაც ხმაურია, ბევრნი ვიკრიბებით ხოლმე. თუმცა, ასე დიდხანს გაჩერება არ შემიძლია. მრავალფეროვნება მიყვარს, ერთფეროვნება მკლავს და ასეთ სიმშვიდეში ერთი და ორი თვე, არ არსებობს, გავძლო.
– ექსტრემალური რაღაცეები თუ გიყვარს, პარაშუტები, წყლის თხილამურები?
– არა, მეშინია ასეთი რაღაცეების. ტკივილის მეშინია, ზოგადად. სულ მგონია, ჩამოვვარდები, გადმოვვარდები და ძალიან მეტკინება. შორიდან ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, მაგრამ საკუთარ თავზე გამოცდის და ადრენალინის მიღების სურვილი, ჯერ არ მაქვს.
– კარგად ცურავ?
– ძალიან ცუდად, თითქმის ვერ ვცურავ. იმიტომაც არ შევდივარ ზღვაში. ჩავალ დავსველდები, ამოვალ (იცინიან).
– ნარუჯი, თეთრი პერანგი...
– მიყვარს გარუჯვა, კი. მზის „ხამი“ არ ვარ და არასდროს ვიწვები. ზღვაზე ყოველთვის დილით ადრე გავდივარ – რვა ან მაქსიმუმ ცხრის ნახევარზე და თორმეტ საათზე უკვე ამოსული ვარ. თორმეტი გვიანიც კია. საღამოს კლუბები, ხმაური – გამორიცხულია.
– მოკლედ, პენსიონერული დასვენების მოყვარული ხარ, რატომ?
– კი, ტიპური და გეტყვი, რატომ – არ ვსვამ, ბავშვობიდან არანაირ ნარკოტიკს არ ვეტანები, ექსტაზი და მსგავსი რაღაცეები არ მიყვარს. შესაბამისად, კლუბში ფხიზელი თვალით ყოფნა და ვერგართობა, ჩემთვის საინტერესო საერთოდ არ არის.
– დილის გადაცემა გირჩევნია თუ ვთქვათ, რაღაც ღამის გადაცემის წაყვანა, რომ შემოგთავაზონ?
– გააჩნია გადაცემას. ზოგადად, მიყვარს ტელევიზია, ყოველთვის მქონდა იქ მუშაობის სურვილი და როდესაც შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი. პირდაპირი ეთერია, სულ სხვა სამყარო და ამ ამპლუაში თავს გადასარევად ვგრძნობ. თუ გაგრძელდება, მოხარული ვიქნები. სიამოვნებით ვიქნებოდი საღამოს გადაცემის წამყვანიც, თუ საინტერესო ფორმატის იქნებოდა.
– შენ არ გიფიქრია, რომ იდეა მიგეტანა?
– მქონდა რამდენიმე იდეა, რომელიც ჩემს მეგობარ, პროდიუსერს გავაცანი. რაღაცეები მოეწონა, რაღაცეები – არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იდეა ვერ რეალიზდა. სხვათა შორის, მე და სალომე გოგიაშვილს გადაცემის იდეა გვქონდა. დაველაპარაკეთ ამის შესახებ, მაგრამ არ გამოვიდა. რამდენიმე ხანში კი, გავიდა მსგავსი გადაცემა – „თბილისი ლაივი”. არ ვამბობ, რომ ვინმემ მოიპარა ეს იდეა ან რაღაც მსგავსი, უბრალოდ, დაემთხვა. თან, ჩვენ სხვა ფორმატზე ვფიქრობდით. ჩვენც კვირის კულტურის შეჯამებას ვფიქრობდით და მერე გაკეთდა მშვენიერი გადაცემა – „თბილისი ლაივი”.
– ცოტა პირადსაც შევეხოთ. თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში, როცა ნანახმა ან წაკითხულმა იმხელა იმპრესია მოახდინა შენზე, რომ ის შეგყვარებია... და გიძებნია კი არა, იმდენად რეალურად „გაგიტარებია“ მისი დაწერილი, რეალურ ცხოვრებაში შეხვედრიხარ ან ხატივით ყველას მას ადარებ.
– მესმის, რასაც გულისხმობ. არა, ასეთი მომენტი არ მქონია. ყოფილა შემთხვევები, შთაბეჭდილება გამყოლია და მიფიქრია. ერთი ამბავი მახსენდება – არა ლიტერატურული, არამედ კინოგმირი აღმომიჩენია რეალურ ცხოვრებაში, რომელსაც ვიზუალური ან ხასიათის მსგავსებები აქვს იმ გმირთან. აი, ეს არის-მეთქი – ასეთი მომენტი მქონია წამობრივად. მერე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იფანტება. ორი ფოთოლი არ ჰგავს ერთმანეთს, ადამიანი კი არა.
აღმომიჩენია დიალოგებიც კი – აი, ეს აქედან და აქედან მახსოვს.
– არ ფიქრობ, რომ ზუსტად ეგ არის ჩვენი პროფესიის „პრიკოლი”?
– ეს და მსგავსი რაღაცეები, ამის ძიება და აღმოჩენა. უკითხავთ, ცხოვრებაში არ თამაშობო? ცხოვრებაში თუ ვთამაშობ, მაშინ ჩემი პროფესიის აზრს ვერ ვხვდები. მე, კახა შევედი საგრიმიოროში და სხვა პიროვნების აღმოჩენა დავიწყე – ვეცადე, მასავით მეფიქრა... ეს განცდა არის ყველაზე სასიამოვნო.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კახა მიქიაშვილი
– შენ როგორი დასვენება გიყვარს?
– დაუგეგმავი. დასვენება მიყვარს მაშინ, როცა რაღაცით დაღლილი ვარ. თუმცა, ეს არ გულისხმობს მხოლოდ სიჩუმეში ყოფნას. პასიური და აქტიური დასვენების მიქსი მომწონს – მთაც მიყვარს, ზღვაც, სტეპიც, ყველაფერი. სხვადასხვა დატვირთვა აქვს ყველაფერს.
– წელს რას გეგმავ?
– დაგეგმილად, რომ თხუთმეტში მივდივართ ყველანი ერთად, თვრამეტში ჩამოვდივართ და მერე ისევ მივდივართ, – ასეთი დასვენების მომხრე არ ვარ. უცებ შეიძლება, თავში დამარტყას და წავიდე. ძირითადად, ისე გამოდის, სადაც ყველა მიდის, მეც იქით მივემგზავრები.
– ანუ, ამყოლი ადამიანი ხარ და შენი ახირებები არ გაქვს.
– ხანდახან ახირებებიც მაქვს...
– კი, გამომიცდია ეს ამბავი. პროფესიაში გამომიცდია და დასვენებაში – არა. რადგან პროფესია ვახსენეთ, დიდი ხანია, არსად გამოჩენილხარ. რატომ ხდება ეს? შენი გადაწყვეტილებაა, თუ შემოთავაზების ნაკლებობა?
– ალბათ, ზოგიერთ წინადადებას არ ვთანხმდები, ან ისინი არ მთავაზობენ ისეთს არაფერს, რაზეც დავხარბდები. საერთოდ, შემოთავაზებები ჭირს...
– ამაში გეთანხმები, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არც შენ იკლავ თავს იმაზე, რომ სადღაც იყო.
– ოღონდ სადმე ვიყო, ეს ძალიან შორს არის ჩემგან.
– სხვა პროფესიაზე ხომ არ ფიქრობ, ვიცი, რომ წერ.
– არა მგონია, პროფესია შევიცვალო. რაც შეეხება წერას, სულ ვწერდი, ვწერ და ალბათ, სულ დავწერ. მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ვარ.
– პროფესია არ მოგენატრა? თეატრშიც არსად არ ხარ?
– კი, ძალიან მომენატრა თეატრიც, გადაღებაც, მაგრამ ეს მონატრება მიქარწყლდება იმით, რომ უდიერად ეპყრობიან არა მხოლოდ ჩემს პროფესიას, არამედ მთელ ამ სამყაროს, ვიღაც ვანდალები ტრიალებენ და ეს ცოტა მაშინებს.
– არ ფიქრობ, რომ ამის გამო, შეიძლება, სულ ჩამოშორდე პროფესიას?
– მაქვს ჩემი გარკვეული გეგმები პროფესიასთან დაკავშირებით. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, ისეთი რაღაცეები ხდება ჩვენს სფეროში, იქ მაინდამაინც მონაწილეობის მიუღებლობა, გულდასაწყვეტად არ მიმაჩნია. რასაც ვსწავლობდი, რასაც ვფიქრობ, აბსოლუტურად იმის საპირისპიროს ვუყურებ და უბრალოდ, არ მინდა.
– შენთვის რაც არის პროფესია, იმას ვერ ხედავ და გირჩევნია, უბრალოდ, მონაწილეობა არ მიიღო.
– ზუსტად. მირჩევნია გავაკეთო ერთი და მომეწონოს, ვიდრე – ათი. მერე კი ათიდან არც ერთი არ მომეწონოს, დავიწყო საკუთარი თავის დადანაშაულება და ამაზე ვინერვიულო. მიყვარს ჩემი პროფესია და პატივს ვცემ.
– სწორი დამოკიდებულებაა. თუ შეგიძლია, რომ გახურებულ სამუშაო პროცესს გამოეთიშო, ადგე და უბრალოდ თქვა – არ მომწონსო და წახვიდე.
– კი. ყოფილა ასეთი შემთხვევები.
– არ გეშინია, რომ არასტაბილური ადამიანის იმიჯი ჩამოგიყალიბდება და შენთან თანამშრომლობას მხოლოდ ამის გამო მოერიდებიან?
– ამის მეშინია, სიმართლე გითხრა, მაგრამ მაინც, მგონია, რომ ბოლო წუთს წასვლას, ჯობია თავიდანვე თქვა, – ეს არ მომწონს და უნდა წავიდეო. საერთოდ, არ მიყვარს საკუთარი აზრების, კრიტიკული შეხედულებების გამოხატვა. მირჩევნია, იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია, საქმით ვუპასუხო. მიუღებელიც და მისაღებიც, ყველაფერი უნდა სცადო, ვიდრე ასი წლისა სახლში იჯდე და იმას ფიქრობდე, ეს რომ გამეკეთებინა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო.
– მაგრამ ორი წუთის წინ, სულ სხვა რაღაცას ამბობდი.
– არა, აქ უკვე ვგულისხმობ, როცა მთლიანად საკუთარ თავზე იღებ პასუხისმგებლობას. როცა ვხედავ, რომ ჩემი იქ ყოფნით, რაც არ მომწონს, ის არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება, მოვდივარ. თუ მექნება ამის შანსი, მაშინ ნებისმიერ ექსპერიმენტზე წავალ.
– სახლში ჯდომით შენც იცი, რომ არაფერი გამოვა. თუმცა, ყველაფერს რომ არ უნდა დათანხმდე, რასაც გთავაზობენ, ამაშიც ასი პროცენტით გეთანხმები. ძალიან ნიჭიერი ხარ. მახსოვს, რომ აბარებდი, მე უკვე ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა. საერთო პედაგოგი გვყავდა და სულ აღნიშნავდნენ, რომ იმ წელს გოგოებში გამორჩეული იყავი. სულ მესმოდა შენ ნიჭიერებაზე.
– დიდი მადლობა. შენ რა აზრის ხარ ჩვენ პროფესიაზე, მოგწონს, ზოგადად, რაც თეატრალურ სამყაროში კეთდება?
– ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვიცი, თავის პროფესიაში რომ ვერაფერს აღწევს და სულ სხვა რაღაცეებს აკეთებს. უმადური უნდა ვიყო, საქმესთან დაკავშირებით, რომ ვიწუწუნო. სულ მაქვს სამუშაო. კარგად ვართმევ თუ არა ამ ყველაფერს თავს, ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს. მაგრამ, ფაქტია, რომ მე მაქსიმუმს ვდებ. თუ ვხვდები, რომ იქ არ არის ჩემი ადგილი, ჩემი როლი, უარს ვამბობ. შეიძლება, ეს ვიღაცამ ამბიციად ჩამითვალოს, მაგრამ ასე არ არის. არ მინდა, შევრცხვე. მინდა, ჩემი პროფესია დაფასებული იყოს. თუ კინოზე ვისაუბრებთ, ერთი მხრივ კარგია, კინო რომ გაცოცხლდა, მაგრამ იქიდან ოთხმოცდაათი პროცენტი კინო არ არის, თან ვფიქრობ, ჯობია, იყოს და გაიფილტროს, ვიდრე საერთოდ არაფერი-მეთქი.
– რატომ ხდება ასე?
– უამრავი მიზეზია. ერთს გეტყვი, რამდენი რეჟისორი და მსახიობიც არის საქართველოში, იმდენი თანხა და მაყურებელი არაა. რომ გადაიღო და ჩადო ორი მილიონი, რაც ნორმალური კინოს გადაღებას სჭირდება, მას ვერ ამოიღებ საქართველოს სამ კინოთეატრში, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს. პროდიუსერი დებს ცოტა ფულს, რომ იმაზე კიდევ ცოტა მეტი მოიგოს.
– ყველაფერზე ვილაპარაკეთ, კინოს გარდა. მთავარია იდეა, აზრი, მსახიობისთვის ამოცანის მიცემა, ფორმა...
– იდეას, მსახიობისთვის ამოცანის მიცემას და ყველაფერ სხვას, რაც ჩამოთვალე, ფული სჭირდება, თან სოლიდური – არა ოცი და ოცდაათი ათასი. გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ, რასაც შენ ამბობ, იმას დრო სჭირდება. ჯობია, ათი გადაიღო და იქიდან რაღაც ისწავლო, ვიდრე გიჟივით რაღაცას ელოდებოდე. რას წერ, სცენარებს, მოთხრობებს?
– სულ ვწერდი რაღაცეებს, მათ შორის პოეზიაშიც მიმუშავია, მაგრამ მერე უეცრად „მაგ სპორტს“ შევეშვი. ახლა, ჩემი აზრით, დადგა დრო, რაღაცეები კარგად გადავხარშო, გადავახარისხო, მივუმატო და პატარა რაღაც გამოვცე. ვატყობ, თავისებური სტილი მაქვს, რომელიც, მგონი, საინტერესო უნდა იყოს.
– ყოფილა ტიპი, ვის გამოც რაღაც დაგიწერია? შეიძლება, ეს იყო გმირი, შენ მიერ გამოგონილი პირი ან ადამიანი, რომელიც რეალურად გინახავს და არ იცნობ.
– ასეთი ბევრი ტიპი მყავდა და მითქვამს კიდეც რამდენიმე ადამიანისთვის, ეს შენ ხარ -მეთქი. იყო შემთხვევა, როდესაც წაუკითხავთ და ისეთი რეაქცია მოჰყოლია, რომ გაოგნებული ვიყავი. გაგიჟებულან, რადგან ამბავი, რომელიც აღწერილი მქონდა, არ შეიძლებოდა მათ გადახდენოდათ და მეუბნებოდნენ, ჩემი უნიათო თვისებებიდან როგორ მოგივიდა აზრად ასეთი ამბავი შეგეთხზაო.
– ოცნება გიყვარს?
– არა, ოცნებების განხორციელება მიყვარს. ყველაფრის მატერიალიზებას ვახდენ.