როგორ აღმოჩნდა ერისთავების საგვარეულო იტალიაში და როგორ გახდა ის პოპულარული მთელ მსოფლიოში
სოციოლოგიური კვლევის ცენტრები თუ გამოცემები ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდიან. ერთ-ერთი ცნობილი ევროპული გამოცემა კი სასმელების შესახებ იკვლევდა და ასახელებდა ყველაზე მოთხოვნად სასმელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც წლიურად ერთ მილიონ ყუთზე მეტი პროდუქციის რეალიზებას ახდენენ. დასახელებული კომპანიები სიმბოლურად გააერთიანეს ეგრეთ წოდებულ „მილიონერთა კლუბში.” კლუბის წევრთა რაოდენობა ას ორმოცდაათს აღემატება და მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს არაყ Eristoff-საც. ვეცადე, გამერკვია, ამ არყის დასახელება მხოლოდ ბგერათა წყობით იყო დაახლოებული ცნობილ ქართულ გვართან თუ მის არსებობაში რაღაც ქართული კვალი ნამდვილად არსებობდა. სწორედ ამიტომ ვეწვიეთ ალკოჰოლური სასმელების ცნობილ ქართველ სპეციალისტს, ბონდო კალანდაძეს, რომელსაც, როგორც მითხრეს, სასმელების შესახებ ყველაფერი მოეხსენება. დღეს ბატონი ბონდო ჩვენი რესპონდენტია.
– ბატონო ბონდო, აქვს თუ არა რაიმე საერთო არაყ Eristoff-ს ერისთავების საგვარეულოსთან ან საქართველოსთან მაინც?
– არაყ Eristoff-ს ქართული ფესვები აქვს. 1956 წელს, მსოფლიოში ცნობილმა ალკოჰოლური სასმელების კომპანია Martini@Rosi-მ შეისყიდა ქართული არყის ერისთავის რეცეპტურა. ჩემს საუბარს 1959 წლის 25 ივნისით დათარიღებული წერილით დავიწყებ, რომელსაც ნიკოლოზ ერისთავი ცნობილი სასმელების კომპანიის – Martini@Rosi-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, როსის სწერდა: „ძვირფასო ჰერცოგო, მქონდა პატივი, თქვენთვის გადმომეცა იმ არყის რეცეპტურა, რომელიც ჩვენი საგვარეულო ტრადიციაა და პირველად იგი დაამზადა ჩემმა დიდმა წინაპარმა, თავადმა ივანე ერისთავმა, რომელსაც კარგი გემოვნება ჰქონდა, სურდა გაეკეთებნა არაყი განსაკუთრებული რეცეპტით მხოლოდ პირადი მოხმარებისა და მეგობრებისთვის. ამ რეცეპტმა ჩვენს დრომდე მოაღწია და მე ძალიან მიხარია, რომ Martini@Rosi-ის სახლმა ასე კარგად შეძლო მისი რეალიზება იმ სახით, რომ სასმელი დღემდე ატარებს ჩემი ოჯახის გვარს.
ძვირფასო ჰერცოგო! გიძღვნით ჩემს გულითად სალამს. პატივისცემით – ნიკოლოზ ერისთავი”.
ასე, რომ არაყ Eristoff-ს მართლაც ქართველი ავტორი ჰყავს – 1806 წელს შეუქმნია იგი ნიკოლოზ ერისთავის წინაპარს, თავად ივანე ერისთავს. რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, არყის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ფირმები რუსეთში, პოლონეთში, უკრაინაში, შვედეთში, ფინეთში ყველა მოგვიანებითაა დარეგისტრირებული. მეტსაც გეტყვით, ეს არაყი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც 1806 წელს არის დარეგისტრირებული.
1965 წელს კი, მილანში ყოფნისას, ნიკოლოზ ერისთავმა ნოტარიულად დაამოწმა საავტორო უფლება, რომლის თანახმად ქალაქ ტურინში არსებულ საზოგადოებას – Martini@Rosi-ს და, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არსებულ Martini@Rosi-ის სახლებს, ექსკლუზივის სახით აძლევდა უფლებას, საკუთარი საწარმოს კომერციული პროდუქციის ეტიკეტებზე ესარგებლათ მისი სახელით – უფლისწული ნიკოლაი (ან ნიკოლოზ) ერისტოვი (ან ერისტოფი). ამ უკანასკნელმა, Martini@Rosi-ის სახლებს უფლება მისცა, ეწარმოებინათ არაყი მხოლოდ მისი რეცეპტურით, ამასთანავე, ნიკოლოზ ერისთავს თვითონ უნდა გაეწია წარმოების პროცესში ტექნიკური დახმარება.
– საიდან მოხვდა პრინცი ერისთავი იტალიაში მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, ან, უფრო კონკრეტული ცნობა თუ არსებობს არაყ Eristoff-ის ავტორის შესახებ?
– მინდა გითხრათ, რომ 20 წლის განმავლობაში ვაწარმოებდი მიმოწერას Martini@Rosi-ის სათავო ოფისთან, პირადად გახლდით იტალიაში ტურინსა და მილანში და, ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის საინტერესო ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.
მოგეხსენებათ, საქართველოში გვარი ერისთავი წარმოდგება ტიტულისგან – ერის თავი – რომელიც სამხედრო ძლიერების წარმოჩენას ემსახურებოდა. 320 წელს ეს ტიტული მეფე ფარნავაზმა უბოძა საქართველოს პროვინციების იმ მმართველებს, რომლებიც აზნაურთა შთამომავლები იყვნენ. ერისთავების გვარი ქართლში გახლდათ დამკვიდრებული. იმდროინდელი ქართლის მეფე ერისთავად იწოდებოდა. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის მიერთების შემდეგ, ერისთავების ოჯახი რაჭაში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახის მეთაური, ივანე ერისთავი, როგორც რუსეთისადმი მტრულად განწყობილი პიროვნება, დააპატიმრეს და პეტერბურგში გადაასახლეს. მოგვიანებით, ივანე ერისთავსა და მთელ მის ოჯახს მიენიჭათ წოდება – „პრინც ერისტოვ”. ასე იქცნენ ერისთავები „პრინც ერისტოვებად”.
– ამის შემდეგ როგორ წარიმართა ამ დიდი ოჯახის წევრთა ცხოვრება?
– ივანეს უფროს ვაჟს, კონსტანტინეს 1875 წელს ქუთაისში შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე უწოდეს. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ ალექსანდრემ, სწავლა სტავროპოლის კავალერიის იუნკერთა კორპუსში განაგრძო. 1893-1914 წლებში მსახურობდა კაზაკთა არმიაში და მეფის ერთგულებისა და მამაცობისთვის მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. მომდევნო წლებში ალექსანდრე ერისთავი რკინიგზაში მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. მინდა გითხრათ, რომ იმხანად ყოფილ სტავროპოლის, ყიზლარისა და კრასნოდარის რაიონებში პოპულარული იყო სახალხო არაყი „კიზლიარკა”. ის კავკასიაში მოწეული კენკრეულისგან მზადდებოდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, მას ერისთავები აწარმოებდნენ. ეს სასმელი ძალიან პოპულარული ყოფილა და დიდი მოწონებით სარგებლობდა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ალექსანდრე ერისთავი სანკტ-პეტერბურგში გადადის საცხოვრებლად და კვლავ სამხედრო სამსახურს უბრუნდება. იგი გარშემო მყოფთ ხშირად უმასპინძლდება თავისი საგვარეულო არყით. სწორედ ალექსანდრე ერისთავის ვაჟია ნიკოლოზ ერისთავი, რომელიც 1906 წელს დაიბადა. 6 წლის შემდეგ კი ქვეყანას მოევლინა მისი და – ოლღა.
– იტალიაში როდის ჩადის ნიკოლოზ ერისთავი?
– ერისთავების ოჯახი 1920 წელს გადასახლდა იტალიაში, მანამდე ივანე იბრძოდა ყირიმის ომში, მისი ვაჟი ალექსანდრე კი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც დაიჭრა. მოგვიანებით მამა-შვილი, ალექსანდრე და ნიკოლოზი, სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ უცხოეთში გაქცეულიყვნენ.
– როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროს ერისთავების ამ ოჯახის წევრები ვერ იქნებოდნენ დიადი საბჭოთა კავშირის საზღვრების დამცველთა რიგებში.
– მეორე მსოფლიო ომის დროს თავადი ნიკოლოზ ერისთავი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა.
1958 წელს ალექსანდრე ერისთავი გარდაიცვალა. ნიკოლოზი მილანში დაბრუნდა და მამის დაკრძალვას დაესწრო. ამავე წელს მან მიიღო იტალიის მოქალაქეობა. ამ პერიოდისთვის გვარი ერისთავი საკმაოდ პოპულარული იყო იტალიაში, რადგან ქალაქ ტურინში უკვე ისხმებოდა არაყი Eristoff. გვარის პოპულარიზებაში ისიც დიდ როლს ასრულებდა, რომ ნიკოლოზის ბიძაშვილი, გიორგი ზაქარიას ძე ერისთავი, მილანში ცნობილი პოეტი გახლდათ. გიორგიც, ისევე, როგორც ნიკოლოზი, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის სამსახურში იყო. ის 1945 წელს გადასახლდა მილანში, სადაც 1977 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება ნიკოლოზ ერისთავს, იგი 1970 წელს გარდაიცვალა მილანში, მისი და ოლღა კი – 1990 წელს. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს შთამომავალი არ დარჩენიათ.
დღეისათვის არაყ Eristoff-ის ჩამოსხმა იტალიის გარდა ხდება ბრაზილიაში, არგენტინაში, მექსიკაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და, ბოლო ხანს – პოლონეთშიც.
გასული საუკუნის სამოციან წლებში Eristoff-ის ბოთლზე გამოსახული იყო ერისთავების საგვარეულო გერბი, რომელზეც ამოტვიფრული იყო სამეფო გვირგვინი და წარწერა რუსულ ენაზე: „პროიზვოდიტსია პო ლიცენზიი ი სოგლასნო ორიგინალნომუ რეცეპტუ კნიაზა ნიკოლაია ერისტოვა”. მოგვიანებით გაჩნდა სიახლე – ბოთლზე ამოტვიფრულ სამეფო გვირგვინთან ერთად, იმავე შინაარსის ინგლისური წარწერა. ბოლო ვერსიით, 2006 წელს, ერისთავების საგვარეულო გერბის ნაცვლად, ლოგოდ გამოიყენეს ლეგენდა კავკასიური რუხი მგლისა და ნახევარმთვარის შესახებ და ბოთლზე ამოიტვიფრა წარწერა: „ორიგინალნი რეცეპტ კნიაზა ერისტოვა ოტ 1806.”
ასეთია მოკლე ისტორია ცნობილი იტალიური არყისა Eristoff, რომელსაც ქართული ფესვები აქვს.