როდის „უძაბავენ” დიჯეი რემბოს მასზე გადარეული გოგოების მეგობარი ბიჭები
უცნაური, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ორიგინალური ცხოვრების წესით – დიჯეი რემბო, იგივე ლევან მდინარაძე არაფრით ჰგავს მისივე მოსახელე არც ფრანგ პოეტს და არც სილვესტერ სტალონეს ცნობილ კინოგმირს. დღეს ის ყველაზე ცნობილი დიჯეია. თუ გაიგებთ, რომ რემბო უკრავს – ეს გულისხმობს კარგ მუსიკას, ბოლომდე გართობას, თავდავიწყებას.
რემბო: ზაფხულში ძალიან დატვირთული ვარ. მოთხოვნა არის, მაგრამ ხანდახან იმდენად ზედმეტი, რომ ყველაფერს არ ვთანხმდები. თუ ადამიანს ორი-სამი თვით ადრე შევუთანხმდი, არ არსებობს, რაც არ უნდა შემომთავაზონ, ვისთანაც შეთანხმებული ვიყავი, მას უარი ვუთხრა. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, პირდაპირ რომ მეუბნებიან: აუ, ჩვენთან მოდი, უფრო მეტს გადაგიხდით. დაჯავშნული ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირ შემოთავაზებას აზრი არ აქვს. კარგი შემოსავალი მაქვს და ზედმეტ ხუთას, თუნდაც ათას დოლარად მოტყუება არ მიღირს. ზუსტად ორი თვე უკვე გაწერილი მაქვს. ვიცი, ოცდახუთი ივენთი, სადაც უნდა დავუკრა. ერთი წელია, რაც ასეთი სპეციფიკით მუშაობა დავიწყე. ორი თვით ადრე მაინც უნდა შემითანხმდე, თუ სადმე გჭირდები. ზაფხულის და კლუბების შემდეგ იწყება ქორწილები...
– ქორწილები! ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხე. ბოლო დროს თბილისურ ქორწილებში სულ შენ უკრავ, პრაქტიკულად, ამოაგდე ქართული სიმღერა, ცეკვა, დამკვრელები...
– სხვადასხვა ტიპის ქორწილებში ვუკრავ. ხშირად ეს ყველაფერი ისევ რჩება – ქართული მუსიკა, პროფესიონალი მოცეკვავეები და მერე მე. არის შემთხვევები, მხოლოდ რემბო უნდათ. ჩამინაცვლებია ეს ყველაფერი. ამ დროს ვხდები მუსიკოსი, დამკვრელი, წამყვანი, დიჯეი... ბევრ პროდუქტს ვყიდი და შესაბამისად, ბევრსაც იხდიან. ერთხელ მოვიდა ორმოცდაათამდე წლის კაცი, ჩემი კლიენტია და მთხოვა, შენი დახმარება მინდა, ჯვრისწერა მაქვს და უნდა დამეხმარო, ოღონდ მარტო შენ იქნებიო. რა თქმა უნდა, მის სამეგობროში მისივე ასაკის ადამიანები იყვნენ. შენ, რაც გინდა, ის გააკეთეო, მითხრა, მაგრამ ხომ ვიცი, რაზეც გაერთობოდნენ. ამიტომ, ვუთხარი, არავინ არაფერი თქვას, არავინ მოვიდეს ფულით და შეკვეთები არ დაიწყოს, რასაც საჭიროდ ჩავთვლი იმას გავაკეთებ-მეთქი. პირველ ნაწილში გავუშვი ქართული სიმღერები, მერე ის, რასაც ტრადიციულად ვუკრავ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტი. შეიძლება, რაღაცაზე თვალის დახუჭვა და მოთმენა მოგიწიოს, მაგრამ ასეა. შეიძლება მოვკვდე, ფეხზე ვეღარ ვიდგე, მაგრამ თუ ის კმაყოფილია, დილით რომ ვიღვიძებ, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.
– ქორწილები ახსენე. შენ პირად ფრონტზე რა ხდება, არ დადგა ქორწილის დრო?
– ვაპირებ, ვეძებ... ძიების პროცესში ვარ სულ. ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა აქამდე. ასაკიც, პროფესიაც ხელს მიწყობს, რომ ჯერ ცოტა გავერთო. პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ლამაზ, სექსუალურ გოგოსთან მაქვს შეხება. მეც თვალს არ ვხუჭავ და პირიქით, ვსარგებლობ ამით (იცინის). „პაკა მალადოი”, აბა, რა უნდა ვქნა?! დავძვრები აქეთ-იქით. მაგრამ, ამის გამო სერიოზული ურთიერთობის აწყობა ვერავისთან მოვახერხე. ერთი არის, ვისთანაც მინდა, ურთიერთობა გაცილებით სერიოზული იყოს...
– მორტყმულია უკვე ათიანში?
– ჯერ არა, ახლა „ვჩალიჩობ” მაგაზე. ცოტა მორცხვი ვხდები, მსგავს შემთხვევებში. საერთოდ, რომანტიკული ტიპი ვარ და ძალიან მიყვარს გოგოები. როგორი დაღლილიც არ უნდა მოვიდე სახლში, მაინც გავძვრები სადღაც. ცოლი არ მყავს და ასე მოქცევის უფლება მაქვს. ცოლი რომ მყავდეს, უკვე პრობლემა იქნება. მაგრამ ცოტა დავიღალე, აღარ მინდა, ამდენი ძრომიალი, სტაბილურობის სურვილი გამიჩნდა. მქონდა მცდელობები, სერიოზული ურთიერთობა დამეწყო გოგოებთან, მაგრამ, ალბათ, ისევ ჩემი ხასიათის გამო, რაღაც არ გამოვიდა. ახლა არის ერთი და ვნახოთ, რა იქნება.
– რომანტიზმი რაში გამოიხატება?
– სულ დავფრინავ. მთვარეს რომ ვხედავ, ველაპარაკები (იცინის). სახლის აივნიდან ვიყურები და თავი პარიზში მგონია. ძალიან რბილი ვხდები და საშინლად მიშლის ხელს მუშაობაში. ვარ ძალიან აქტიური ტიპი, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი პოზიცია ყველგან განსაზღვრული მაქვს. მაგრამ, თუ გოგო მომწონს, მორჩა, ყველა საქმეში არეულ-დარეული ვარ, ვფიქრობ მარტო იმ ერთზე. ამ ბოლო დროს მემართება უკვე ასეთი რაღაცეები, რაც თან არ მომწონს, თან მომწონს კიდეც. ვნახოთ, ზაფხული როგორ შემიწყობს ხელს ამ ურთერთობის გაღრმავებაში.
– შენი პროფესიაა სხვების გართობა. შენ თვითონ სად ახერხებ რელაქსაციას, დასვენებას, გართობას?
– არავის, არასდროს ეს კითხვა არ დაუსვამს. სულ იმას მეუბნებიან, რა გენაღვლება, ისეთი სამსახური გაქვს სულ ერთობიო... რა სისულელეა. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ეს არასდროს შემემჩნევა, რადგან ჩემი მიზანი მათი გართობაა. ვფიქრობ, მეჩქარება, ვათვალიერებ ხალხი როგორ ერთობა, რა და როგორ სჭირდებათ. პროცესს მოვყვები და მიხვდები. ვთქვათ, დახურული „ტუსოვკაა”, ვარკვევ კლიენტს რა სჭირდება. თუ აპარატურით უზრუნველყოფა საჭიროა, ვეხმარები, ვაწყობინებ ამ ყველაფერს, ივენთს მოვაწყობინებ. ანუ, არ მივდივარ მხოლოდ დასაკრავად. დაწყებამდე ორი საათით ადრე მაინც მივდივარ, ვამოწმებ დენის წყაროს, განათებას, ხმას... ძალიან ბევრი ფუნქცია მაქვს. შემდეგ თუ წამყვანი ჰყავს, მასთან მუშაობის სპეციფიკას ვირჩევთ – ვინ როგორ და რას იზამს. მერე რამდენიმე საათი ვდგავარ ფეხზე. მირჩევნია, ეს ხუთი საათი ვიცეკვო, ვიდრე უბრალოდ ფეხზე ვიდგე...
– თან ყველა ვინც ცეკვავს, მოდის და ცდილობს აგაცეკვოს...
– კი, ცეკვა-ცეკვით მოდიან, კივიან – „ჩემი ბიჭი”, მაძლევენ ტელეფონებს და დამირეკეო ყვირიან... თან, მათ ისე უნდა მოექცე, რომ უფრო კარგ ხასიათზე დადგნენ. იმაზეც უნდა იფიქრო, სადღაც, დარბაზის კუთხეში ტიპი რომ ზის, რა „გაუსწორდება”, როგორ ავაყენო, რაზე იცეკვებს. ისეც ხდება, რომ ვიღაც ტიპი იძაბება, იმიტომ რომ, მის გოგოს ჩემთან ცეკვა უნდა. მაგრამ, ჩხუბი ჯერჯერობით არ ყოფილა. ანუ, ამდენ რაღაცას რომ ფიქრობ, იღლები ემოციურად, ფიზიკურად, ხარ აბსოლუტურად დაცლილი. დინამიკების ხელით თრევით დაწყებული და რა ჩავიცვა – ამაზე ფიქრით დამთავრებული, ეს იმხელა პროცესია, გართობას ნამდვილად ვერ დავარქმევ.
– და რითი ერთობი?
– პირველი ჩემთვის დასვენებაა და ამიტომ, ოთახი ჩემს გემოზე მოვაწყვე. არანაირი ხმაური არ შემოდის და დღის პირველ ნაწილს იქ ვატარებ. დასვენება თუ მოვახერხე, შუადღემდე ძალიან დადებითი, პოზიტიური და ენერგიული ვხდები. მერე შეიძლება, რამდენიმე ადამიანი ვნახო, ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ხალხი არ დადის. თუ კლუბი, ცეკვა მინდა, მანდ იწყება პრობლემა – იმ კლუბებში, სადაც ყველა დადის ვერ ვერთობი. არ მიყვარს დალევა და ფხიზელს ამ საშინლად მთვრალ ხალხში გართობა მიჭირს. თან, ყველას იცნობ, უნდა მიესალმო, ელაპარაკო დიდხანს. ამიტომ, დავდივარ ცოტა ისეთ, ანდერგრაუნდ ადგილებში – „ბომჟები” რომ იკრიბებიან, ლუდით ხელში და არავის არ აინტერესებ, ზედაც არ გიყურებენ. შეიძლება, როკს უკრავდნენ ან კარაოკე იყოს ჩართული, ყველა მღეროდეს, ცეკვავდეს, საშინელი ქაოსი იყოს, მაგრამ ჩემი გართობისთვის იდეალური პირობები. ხშირად ასეთ ადგილას მარტოც მივდივარ.
– შენს ცეკვაზე უკვე ლეგენდები დადის და თან, ყველას შენთან ცეკვა უნდა.
– არიან მსურველები, მაგრამ მარტო მიყვარს ცეკვა. სხვათა შორის, ახლა ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდ რეპორტაჟს, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში განთავსდება – ქართული გართობის, „ქლაბინგის“, ცეკვის სხვადასხვა სტილი. ეს პროექტი ძალიან ბევრს შეაცვლევინებს ცეკვის სტილს, რადგან საქართველოში თითქმის ყველა ერთნაირად ცეკვავს. დამახინჯებული ტექტონიკა, უაზრო მოძრაობები... რომ ვუკრავ, ვაკვირდები და, ხუთასიდან, ოთხასორმოცდაათი ერთნაირად ცეკვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ ეშვება, ვერ წყდება რეალობას. არადა, ცეკვა ძალიან ინდივიდუალურია. კომპლექსები მეც მაქვს და სხვებთანაც მისაუბრია ამის შესახებ. ტიპები, სანამ არ „გატყვრებიან”, არ გადაძღებიან, სკამიდან არ დგებიან საცეკვაოდ. თან, მაშინაც სხვას უყურებენ და იგივეს აკეთებენ. სნობობის მომენტიც არის, როცა საშინლად უნდათ ცეკვა, მაგრამ ვერ დგებიან, იმის შიშით – ვინ რას და როგორ იტყვისო. ბევრი მყავს ეგეთი კლიენტი, საკმაოდ ბევრ ფულს იხდის იმაში, რომ ივენთი გავუკეთო და მერე ზის. შეხვედრაზევე ეტყობა ასეთ ტიპებს როგორი გოიმებიც არიან. ძალიან „ძერსკად” მოვლენ, მაგიდაზე გასაღებს დაგიგდებენ და ისე იწყებენ ლაპარაკს, ცუდად ვხდები. მერე იწყება „ტუსოვკა“, ზის დაძაბული და სხვასაც ძაბავს. ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობას ვერიდები.
– ყოველთვის ძალიან უცნაურად გაცვია, ეს შენი იმიჯის ნაწილია?
– დიჯეობასთან ერთად, მგონი, დიზაინერობაც ვისწავლე. ბევრი რაღაც, რაც მცმია, ჩემი მოფიქრებულია. დედაჩემს ვთხოვ ხოლმე, ეს დამიკერე-მეთქი ან ჩემი ხელით ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, ძალიან დიდი ფულიც გადამიხდია – ვყიდულობ თურქეთში, ამაზონზე. აქ თუ გინდა რამე უცნაური იყიდო, „სექენდ ჰენდში” უნდა წახვიდე და სულ იქ კიდევ ვერ ირბენ. თურქეთში ვიყიდე რამდენიმე თვის ტანსაცმელი. იცი, როგორ ხდება? მე, ლევანი ვზრუნავ რემბოს იმიჯზე. დავჯდები და ვფიქრობ – სადაც დაუკრას, რა ფერები იქნება, რა მუსიკა, რა ტიპის ადამიანები და ამის მიხედვით ვარჩევ სამოსს. ძალიან ბევრს ვფიქრობ და მგონი, რაღაც გამოდის.