– რა დაავადებაა ათეროსკლეროზი და რამდენად გავრცელებულია ის ქართულ პოპულაციაში? – ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა მძიმე, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იწვევს არტერიების შევიწროებას ან მათ სრულ დახშობას. ათეროსკლეროზი აფერხებს ორგანოთა სისხლმომარაგებას და ი
რა თანამედროვე მეთოდებით მკურნალობენ ათეროსკლეროზს და რატომ ვლინდება ეს დაავადება მამაკაცებში ათი წლით უფრო ადრე, ვიდრე ქალებში
ათეროსკლეროზი საკმაოდ მძიმე და ვერაგი დაავადებაა, რომელიც უფრო ხშირად გვიან ასაკში ვლინდება, განსაკუთრებით – მამაკაცებში, რასაც ხელს უწყობს ცხოვრების წესი, კვების რეჟიმი, რიგი მემკვიდრული დაავადებები.
თუ როგორ ხდება დაავადების ჩამოყალიბება და როგორ ვებრძოლოთ მას, ამის შესახებ კარდიოლოგი ეკა საღირაშვილი გვესაუბრება.
– რა დაავადებაა ათეროსკლეროზი და რამდენად გავრცელებულია ის ქართულ პოპულაციაში?
– ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა მძიმე, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იწვევს არტერიების შევიწროებას ან მათ სრულ დახშობას. ათეროსკლეროზი აფერხებს ორგანოთა სისხლმომარაგებას და იწვევს მათი ფუნქციის დარღვევას. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი ძალზე გავრცელებული დაავადებაა და გამოვლინდება სხვადასხვა ნიშნით. მისი კლინიკური სურათი დამოკიდებულია ათეროსკლეროზის ლოკალიზაციაზე. ყველაზე ხშირად ეს პროცესი ვითარდება გულის სისხლძარღვებში, რაც იწვევს ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის უკმარისობა. თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის შედეგად ვითარდება იშემიური ინსულტი, ხოლო პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა პაციენტი, შესაძლოა, მიიყვანოს კიდურების დაკარგვამდეც კი. ალბათ, მკითხველს სმენია ისეთი საშიში დაავადების შესახებ, როგორიცაა აორტის ანევრიზმა, მისი გამომწვევი მიზეზი უხშირესად სწორედ აორტის ათეროსკლეროზია. ათეროსკლეროზმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შრომისუნარიანობის შეზღუდვა და ინვალიდობა.
– რა ფაქტორები ითვლება დაავადების გამომწვევ მიზეზებად?
– ათეროსკლეროზის პათოგენეზი რთული პროცესია, უკავშირდება ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის მოშლას, რაც იწვევს სისხლში ქოლესტეროლის დონის მატებას და მის ფრაქციებს შორის სწორი თანაფარდობის დარღვევას – დისლიპიდემიას. სისხლძარღვის კედელი შიგნიდან ამოფენილია თხელი შრით – ენდოთელიუმით, რომელიც მხოლოდ ბიოლოგიურად აქტიური ქსოვილია და გამოიმუშავებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლძარღვის შიგნით სისხლის სწორ, თანაბარ და შეუფერხებელ დინებას. სისხლში ქოლესტეროლის დონის მატება იწვევს სისხლძარღვის ენდოთელიუმის უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართების – ათერომების ჩალაგებას. ამ ჩანართებს „ათეროსკლეროზულ ფოლაქებს“ უწოდებენ. ისინი აზიანებს სისხლძარღვის ენდოთელიუმს და იწვევენ მის დისფუნქციას. რომლის შედეგად ირღვევა სისხლძარღვთა ტონუსი, არტერიული წნევით ან სხვა გაღიზიანებით გამოწვეული რეაქცია, იქმნება თრომბული მასების წარმოქმნის წინაპირობა, რასაც ათეროსკლეროზის განვითარებამდე მივყავართ. ათეროსკლეროზული ფოლაქები დროთა განმავლობაში იზრდება და ახშობს სისხლძარღვის სანათურს. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მოხდეს ათეროსკლეროზული ფოლაქების დაწყლულება, რაც პროცესს ამწვავებს.
– როგორია ათეროსკლეროზის კლინიკური სურათი?
– დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე. გულის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება ვლინდება ტკივილით გულმკერდის არეში, ტიპიური სტენოკარდიული შეტევით ან გულის რიტმის დარღვევით და პაციენტები ადვილად იღლებიან. ასეთ შემთხვევაში, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს კარდიოლოგს.
ცერებრული არტერიების ათეროსკლეროზის დროს პაციენტს აღენიშნება თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მეხსიერების დაქვეითება, შეიძლება, შეეცვალოს გუნება-განწყობა და გახდეს უფრო აგრესიული, ჭირვეული. მსგავსი ჩივილების აღმოცენების შემთხვევაში, პაციენტებს ვურჩევთ, მიმართონ ნევროლოგს. ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზის დროს პაციენტები უჩივიან ფეხების სისუსტეს, დაღლას, სიცივის შეგრძნებას, დაბუჟებას. ამ დაავადების სპეციფიკური ნიშანია ეგრეთ წოდებული „ხანგამოშვებითი კოჭლობა” – სიარულის დროს პაციენტს ეწყება ტკივილი წვივის კუნთების არეში, რაც მას აიძულებს, გაჩერდეს და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ განაგრძოს მოძრაობა. თუ ერთ-ერთი კიდური მეორე კიდურთან შედარებით უფრო ცივია და ფერმკრთალი, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ანგიოლოგს და ჩაიტაროს დამატებითი გამოკვლევები.
– რომელიმე დაავადება თუ ითვლება მის მაპროვოცირებლად?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დისლიპიდემია. თუმცა, არის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აჩქარებენ ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ათეროსკლეროზის ხელშემწყობ დაავადებებს, აგრეთვე, მიეკუთვნება თირკმელების ქრონიკული დაავადებები, სისტემური დაავადებები, რევმატოიდური პოლიართრიტი, ეგრეთ წოდებული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია და სხვა. რისკ-ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ჰიპოდინამიკური ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, სტრესული ცხოვრება. ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების თავიდან აცილებას პაციენტები შეძლებენ ექიმის დახმარების გარეშეც. ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 2-3-ჯერ იზრდება თამბაქოს მომხმარებელ პაციენტებთან. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვთა ძლიერ სპაზმს, ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას, დისლიპიდემიისა და თრომბოზის განვითარებას. ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აბდომინალურ სიმსუქნეს, როდესაც იმატებს წელის გარშემოწერილობა. სხეულის წონის მატებას ხელს უწყობს ადინამიკური ცხოვრების წესი. თუ კვირაში 3-4-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში ივარჯიშებთ ან სულაც ფეხით გაისეირნებთ, ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებთ. ორიოდე სიტყვით შევჩერდები ალკოჰოლის მოხმარებაზე: კვლევებით დადასტურებულია, რომ მცირე რაოდენობით ღვინის მიღება აქვეითებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს და აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას. თუმცა, აქ უმნიშვნელოვანესია, გავითვალისწინოთ, რომ მიღებული ღვინის დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100-150 მილილიტრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი საპირისპიროდ განვითარდება.
– კვების რეჟიმს თუ აქვს მნიშვნელობა და რა პროდუქტის მიღება იკრძალება ამ დაავადების გამოვლენის შემდეგ?
– არა მხოლოდ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, არამედ, ათეროსკლეროზის პრევენციის მიზნითაც, საჭიროა ჰიპოქოლესტერინული დიეტის დაცვა, რომელიც გულისხმობს ზოგადად ცხიმების, განსაკუთრებით კი – ცხოველური ცხიმების შეზღუდვას. აქ იგულისხმება ცხიმიანი ხორცი, მაღალცხიმიანი რძის ნაწარმი: კარაქი, არაჟანი, ხაჭო და ყველი. საყურადღებოა, რომ კვერცხის ჭარბი მოხმარება ქოლესტეროლის მატებას უწყობს ხელს. პაციენტს შეუძლია მიიღოს ბოსტნეული და ხილი, უცხიმო ხორცი, კანგაცლილი ფრინველის ხორცი, რძის ნაწარმი ცხიმის დაბალი შემცველობით, ბურღულეული, განსაკუთრებით სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტი.
– რა ასაკში ვლინდება უფრო ხშირად და შესაძლოა თუ არა ახალგაზრდასაც აწუხებდეს?
– ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შესაძლებელია, დაიწყოს ბავშვობიდან და კლინიკურად გამოვლინდეს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც, თუმცა ის ძირითადად ასოცირდება ხანდაზმულ პაციენტებთან და სიხშირე იმატებს ასაკის მატებასთან ერთად.
– სქესით თუ არის ათეროსკლეროზი განპირობებული, არსებობს თუ არა მის მიმართ გენეტიკური განწყობა?
– სტატისტიკით, აღნიშნული დაავადება მამაკაცებში ვლინდება 10 წლით ადრე, ვიდრე ქალბატონებში, ხოლო მენოპაუზის შემდეგ ქალთა პოპულაციაში დაავადების სიხშირე სწრაფად იმატებს და პრაქტიკულად უთანაბრდება მამაკაცთა ავადობას. რაც შეეხება მემკვიდრეობითობას, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი 2-4-ჯერ უფრო მაღალია იმ პაციენტებში, ვისმა მშობლებმაც 55 წლამდე გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან გარდაიცვალნენ უეცარი სიკვდილით.
– თქვენ თქვით, რომ ეს ჩუმი და ვერაგი დაავადებაა, რაში გამოიხატება ეს?
– დიახ, ათეროსკლეროზი ჩუმი და ვერაგი დაავადებაა. ის საწყის ეტაპზე კლინიკურად არ ვლინდება. სისხლში ქოლესტეროლის კონცენტრაციის მატება არ იძლევა რაიმე სპეციფიკურ კლინიკურ გამოვლინებას. დაავადება თავს იჩენს მხოლოდ მოგვიანებით ეტაპზე, როდესაც ხდება ერთი ან რამდენიმე სისხლძარღვის მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული დაზიანება. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობას ვანიჭებთ ათეროსკლეროზის პირველად პრევენციას: ფიზიკურ აქტიურობას, სწორ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმას.
– მკურნალობის რა მეთოდებით ებრძვიან ათეროსკლეროზს?
– საუკუნეების განმავლობაში სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით განპირობებული დაავადებების პროგნოზი სავალალო იყო. მიუხედავად აქტიური მედიკამენტური თერაპიისა, სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტს ხშირად უყალიბდებოდა მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც პრაქტიკულად ცვლიდა მისი ცხოვრების ხარისხს. ქვემო კიდურის იშემიით კი პაციენტი ასევე განწირული იყო სისხლძარღვის სრული დახშობისა და კიდურის დაკარგვისთვის. გასული საუკუნის ბოლოს მედიცინაში გადაიდგა პროგრესული ნაბიჯი – შეიქმნა მკურნალობის ინვაზიური მეთოდი, რომლის მეშვეობით პაციენტისთვის მინიმალური ჩარევით ხდება სისხლძარღვთა შევიწროებული ნაწილის გაფართოება და შესაბამის ორგანოში სისხლის მიმოქცევის აღდგენა. მე ვსაუბრობ სისხლძარღვთა სტენტირებაზე. ამ მეთოდის წყალობით უამრავი ადამიანი გადაურჩა მიოკარდიუმის მძიმე დაზიანებას, კიდურების ამპუტაციას, ინსულტს, ანევრიზმის უმძიმეს გართულებებს. დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ წუთს ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აღნიშნული კატასტროფების დროს. ამ მეთოდის წყალობით, პაციენტი სწრაფად გადის რეაბილიტაციას და, პრაქტიკულად, მეორე დღიდან, სრულიად შრომისუნარიანია. არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდები, ისინი გამოიყენება უფრო რთულ შემთხვევებში, როდესაც ხდება სისხლძარღვთა მრავლობითი დაზიანებები. სისხლძარღვის სანათურის აღდგენა არ ნიშნავს ათეროსკლეროზის პროცესის შეჩერებას. ათეროსკლეროზთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ოპერაციული ან ინვაზიური ჩარევის შემდგომაც, ექიმის მიერ შერჩეული მკურნალობის სქემით.