კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „სინჯავდნენ” კენიელი შიდსიანები გიგი დოლიძეს ხელით და როგორ გახდა ის ყველაზე ღარიბი კენიელების მარჩენალი



გიგი დოლიძე საქართველოდან  წლების წინ მშვიდ და კომფორტულ ევროპულ ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად წავიდა და  22 წლის ასაკში მსოფლიოში  ცნობილი ფირმის კომერციული დირექტორიც გახდა, მაგრამ წარმატებული კარიერა ისე გაცვალა აფრიკულ მისიაზე, რომ ბევრი არ უფიქრია.  ქართული ხასიათისა და გურული მოხერხებულობის წყალობით, არა მხოლოდ აფრიკულ ექსტრემს გაუძლო, მსოფლიოში ყველაზე ღარიბი კენიელებისა და ნიგერელების დახმარებაც შეძლო. დღეს გიგი დოლიძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს „გაეროს“ მანდატით. მისია, რომელიც წლების წინ დაიწყო, გრძელდება, თუმცა, უკვე სამშობლოში დაბრუნებისთვის სამზადისიც დაიწყო – მან ზუსტად იცის,  რომ მის გლობუსზე შემდეგი და ყველაზე დიდი „გაჩერება” საქართველო იქნება.     
გიგი დოლიძე: პირველად საქართველოდან 1997 წელს წავედი – მაშინ მომეცა საშუალება, მაგისტრატურა გამევლო საფრანგეთში, ქალაქ  დანკერტში, უმაღლეს საერთაშორისო კომერციის ინსტიტუტში. სწავლების პირველი წელი უფასო იყო, მეორე წელს კი თავად უნდა დამეფარა სწავლის ხარჯი, რაც ძალიან ძვირი  და შეუძლებელი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვისაც.  გამოსავალს თავად  მივაგენი – საფრანგეთში წასვლამდე ვმუშაობდი სახელმწიფო ტელევიზიაში, „ალიონში”, რეჟისორის ასისტენტად, სადაც ვისწავლე გადაღება, მონტაჟი და ასე შემდეგ. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა ლილში, სადაც მე ჩამოვაყალიბე სტუდენტური ასოციაცია, გადავიღე სიუჟეტები ჩემს ინსტიტუტსა და ქალაქზე და ეს სიუჟეტები დაიგზავნა 20-მდე ქვეყანაში, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც საუკეთესო ფიარი იყო ჩვენი სასწავლებლისთვის. ამ გზამ გაჭრა, მე ვიყავი ერთადერთი სტუდენტი, ვინც ისე აიღო მაგისტრის ხარისხი, რომ  სწავლის საფასური არ გადაახდევინეს. სწავლა დავამთავრე თუ არა, გავიარე სტაჟირება პარიზში და 22-23 წლის ასაკში გავხდი კომპანია „ბოშის” კომერციული დირექტორის მოადგილე. „ბოშში“ კონტრაქტი დავასრულე თუ არა, ინსტიტუტის დირექტორს ვთხოვე, სასწავლებლად გავეშვი ინგლისურენოვან ქვეყანაში. ასე აღმოვჩნდი კანადაში, სადაც დაიწყო ჩემი ცხოვრების სრულიად განსხვავებული ეტაპი.
– ახალგაზრდა ემიგრანტს  უცხო გარემოში დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?
– თავიდან, რა თქმა უნდა, გამიჭირდა – იქ უფრო რთული იყო თავის დამკვიდრება, ვიდრე საფრანგეთში – არც ფრანგული სამუშაო გამოცდილება მშველოდა, არც ფრანგული უნივერსიტეტი. კანადაში ნულიდან მომიწია ცხოვრების დაწყება, მეც ავდექი და დავიწყე – უნივერსიტეტში ყოველდღე ჰალსტუხით  დავდიოდი,  საღამოობით კი პიცერიაში ვმუშაობდი და სალარო აპარატიდან ჩეკებს ვარტყამდი (იცინის).  მერე ამიყვანა კომპანია „ბელ კანადამ”, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაყიდვების მენეჯერი გავხდი და ათკაციან ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ასე რომ, ერთი წლით წასული კაცი  თერთმეტი წელი დავრჩი კანადაში და კანადის მოქალაქეც გავხდი.  ყველაფერს მივაღწიე, რაც იმ პერიოდში მინდოდა – მქონდა მშვენიერი ბინა მონრეალში, ვცხოვრობდი ძალიან კარგად, მყავდა კარგი სამეგობრო წრე, კარიერის თვალსაზრისითაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, მოულოდნელად გამიჩნდა შანსი, სტაჟირება გამევლო განვითარებად ქვეყანაში. ეს იყო კანადის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პროექტი, რომლის მიხედვითაც, 30 წლამდე ახალგაზრდები ექვსთვიანი სტაჟირებით მიდიოდნენ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. ისე, უბრალოდ, შევავსე ანკეტა და  აღარც მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ, ორ თვეში დამირეკეს გასაუბრებაზე და მითხრეს, რომ ორ კვირაში  მიშვებდნენ კენიაში. სამსახურში ახალი დაწინაურებული ვიყავი,  უნდა მიმეტოვებინა ის, რისთვისაც ბევრი ვიშრომე, ანუ  არჩევანი რთული გასაკეთებელი იყო, მაგრამ, ეს არჩევანი  მაინც კენიის სასარგებლოდ გავაკეთე, თუმცა, სამსახურის შენარჩუნების გარანტია მომცეს. ჩავაბარე ბინა, წერტილი დავუსვი კანადურ ცხოვრებას და წავედი კენიაში, სადაც თურმე ისეთი რამ მელოდა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
– როგორი იყო თქვენი აფრიკული თავგადასავლების დასაწყისი?
–  საოცრად შთამბეჭდავი. ჩასვლისთანავე,  ჩემი კანის ფერის წყალობით, ისეთი აჟიოტაჟი გამოვიწვიე, ხელით მეხებოდნენ ადგილობრივები (იცინის). თვითმფრინავი  უკვე  დაჯდომას ახორციელებდა, როცა ასაფრენ ზოლზე ჟირაფებმა გადაგვირბინეს. ეს რომ დავინახე, მივხვდი, რომ აფრიკაში ვიყავი, მაგრამ, ჟირაფი რა მოსატანია, ისეთი შემთხვევაც კი მქონდა, როცა ბეჰემოთი გამომეკიდა და თავს გაქცევით ვუშველე (იცინის). მე ვცხოვრობდი კენიის დედაქალაქში, ნაირობში, მაგრამ, შაბათ-კვირას გავდიოდი ქალაქიდან და მივდიოდი საფარაში, სადაც მსოფლიოში ცნობილი დაცული ტერიტორიაა. იმ პერიოდში მანქანით შემოვიარე თითქმის მთელი კენია და ტანზანია,  ვნახე კილიმანჯაროს მთა, რომელიც იმდენად  ლამაზია, რომ სიტყვით მისი აღწერა შეუძლებელია. მთა თოვლით არის დაფარული, რომლის ფონზეც შეიძლება ნახოთ ლომი, სპილო, ზებრა. 
– როგორც ვიცი, თქვენ კენიაში მისიონერული საქმიანობაც დაიწყეთ.
– კენიაში ჩასვლისას ძალიან განმაცვიფრა შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობდი, ყოველი ექვსი ადამიანიდან ხუთი აივ ვირუსით იყო დაავადებული.  ხალხი არ ეკარებოდა ასეთ ადამიანებს, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ მათ. იმდენად მომინდა იმ ხალხის დახმარება და თანადგომა, რომ მათთან ძალიან  ბევრ დროს ვატარებდი, რათა  იქაურებს ენახათ,  ეს  არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. სამსახურმა გამომიყო კვირაში ერთი დღე, რომელსაც მე შიდსიანებთან ერთად ვატარებდი. ბოლოს ისე მოხდა, რომ მათთვის ბიზნესიც კი წამოვიწყე: ძალიან იაფად, 1-2  დოლარად  ვყიდულობდი ადგილობრივ სუვენირებს, რომლებსაც ინტერნეტის მეშვეობით 160-200 დოლარად ვყიდდი, ამ  ფულით კი კვირაში ერთხელ შვიდასამდე ადამიანს, მათ შორის ბავშვებსა და ქალებს, ვაჭმევდი და ვარჩენდი. ამის გამო მე იმ დასახლებაში ისეთი პოპულარული გავხდი, რომ ზონაში, სადაც „შავებიც“ კი ვერ შედიოდნენ და პირველად მეც ესკორტის დახმარებით მოვხვდი, არაფრის პრობლემა არ მქონდა. ეს იყო ნაირობის ყველაზე გაჭირვებული უბანი, სადაც მილიონამდე ადამიანი  შუქის, წყლის გარეშე ცხოვრობდა. კენიიდან კანადაში  ძალიან დიდი გამოცდილებით დავბრუნდი, კომერციულ სტრუქტურაში მუშაობა აღარ გავაგრძელე, შევიცვალე პროფილი და დავიწყე მუშაობა  არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამ სამსახურში სამი წელიწადი გავატარე. ზუსტად ის  პერიოდი იყო, საქართველოს პრეზიდენტმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ რომ მოგვიწოდა და მე  ჩამოვედი საქართველოში, დავიწყე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ძალიან საინტერესო თემებზე მომიწია მუშაობა, მაგრამ,  დიდხანს მაინც ვერ გავჩერდი თბილისში. გაეროს სასურსათო პროგრამამ გამოაცხადა ვაკანსიები ჰუმანიტარულ პროექტებზე,  მეც შევიტანე „სივი” და ასე ამიყვანეს სამსახურში. ჩვენ ვეხმარებოდით  2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ  იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, ამის შემდეგ მოვხვდით  ყირგიზეთში, სადაც, ასევე, ლტოლვილებთან მოგვიწია მუშაობა მათი სასურსათო დახმარების პროექტზე, ყირგიზეთის მერე მომენიჭა საერთაშორისო სტატუსი და ახლა  ამ ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ მომიწია წასვლა აფრიკულ ქვეყანაში.        
– გლობუსს ატრიალებთ, რომელ ქვეყანაში მოხვდეთ?
–  ასე გამოდის (იცინის). ახლა ვცხოვრობ დასავლეთ აფრიკაში, ნიგერში, რომელიც მსოფლიოს 182 ქვეყნიდან განვითარების მიხედვით 180-ე ადგილზეა,  ამაზე უარეს მდგომარეობაში არის მხოლოდ ორი ქვეყანა – სომალი და ჩადი.  პირობები არ გაქვსო – იმ ქვეყანაზეა ნათქვამი, სადაც ახლა მე  ვცხოვრობ და იქ კიდევ ექვსი თვე უნდა გავატარო.  ახლა შვილი შემეძინა და იმიტომ ჩამოვედი თბილისში – ერთთვიანი შვებულება მაქვს.  ნიგერში ცის ქვეშ ნამდვილად არ მძინავს, მაგრამ იქ ახლა პლუს 50 გრადუსი ჩვეულებრივი რამ არის. ნიგერში ბეჰემოთები არ არიან, ეს  არის ტიპური უდაბნო, სადაც მართლაც გაუსაძლისი პირობებია. როდესაც კონგოში ქართული თვითმფრინავი ჩამოვარდა, მეორე დღეს პროექტების დასათვალიერებლად აღმოსავლეთ ნიგერში მივფრინავდი. უდაბნოში უცებ შტორმი ამოვარდა და მთელი უდაბნოს ქვიშა ჰაერში აიტანა, მხედველობა იმდენად ცუდი იყო, რომ თვითმფრინავი ვერ  დაფრინდა ქალაქ ზენდერში და ჩვენ იძულებულები გავხდით, გადავფრენილიყავით ქალაქ აგადეზში. ეს არის ქალაქი, სადაც „ალ-ქაიდას“ დიდი წარმომადგენლობაა თავმოყრილი და გაეროს არც ერთ თანამშრომელს არ აქვს  იქ შესვლის უფლება. და თუ ვინმემ ეს მაინც გაბედა, ყველა გაიტაცეს, თან, ეს ხდებოდა ბინ ლადენის ლიკვიდაციამდე. მოკლედ, ჩვენი თვითმფრინავი „ალ-ქაიდასთვის“ ძალიან მსუყე ლუკმა იყო – აგადეზში პირდაპირ ცხვირწინ დავუჯექით მათ. ადგილობრივმა გუბერნატორმა გაგვიწია  დიდი დახმარება, უცებ ჯარიც მოვარდა და დიდი დაცვა გაგვიკეთეს, რომ „ალ-ქაიდას“ ხელში არ ჩავვარდნილიყავით. იმის მიუხედავად, რომ ნიამე  თავიდან ბოლომდე ექსტრემია, იქ ცხოვრებას ძალიან დიდი აზარტიც აქვს. 
– ნიგერში არ წამოიწყეთ „ბიზნესი“?
– როგორ არა (იცინის), გაეროს ნიამეს ოფისში მე ჩამოვაყალიბე განყოფილება, სადაც დავასაქმე ადგილობრივი მოსახლეობაც და ვახორციელებთ პროგრამებს  სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ჩვენ ვარჩევთ ბენეფიციალებს და ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს ვაძლევთ სუბსიდიებს, რომლითაც  მათ თავის რჩენის საშუალება ეძლევათ. ეს პროექტი შეეხო დაახლოებით 200 ათასამდე ადამიანს, მათ შორის ძალიან ბევრი დავასაქმე კიდეც. და ეს მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დიდი პატივისცემითა და ტაშით მხვდებიან ხოლმე. უკვე მათ ჩვეულებებსაც მივეჩვიე, ცოტ-ცოტა მათი ადგილობრივი ენა – „ჰაუსაც” ვისწავლე, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ისე კარგად, როგორც კენიელების „სუაჰილი.“ მოკლედ, გაქცეულ კენიელს უკან მოვაბრუნებ (იცინის). ნიგერში  ტანზე ზეწარშემოხვეული არ დავდივარ, მაგრამ, მათი ადგილობრივი სამოსი შევიკერე, რომლის ჩაცმით თავს არ ვიკლავ, ჩვეულებრივად ჩაცმული დავდივარ და შეხვედრებზე ჰალსტუხსაც კი ვიკეთებ ხოლმე. როცა პირველად ვნახე, როგორ ჭამდა  ერთი თეფშიდან  შვიდი კაცი, ლამის გული გამისკდა, მაგრამ ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია – თანამშრომლები ერთად რომ მივდივართ  სადმე, დავიბანთ ხელებს, ფეხებს და ერთი თეფშიდან ოცი ადამიანი ერთად ვჭამთ, ხალიჩაზე ფეხმორთხმულები. ეს რომ გავაპროტესტო, მათთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება. სადაც ჩახვალ იქაური ქუდი  რომ უნდა დაიხურო, ეს მართლა ასეა.
– თბილისში  დაბრუნებას და ქართული ქუდის დახურვას არ  აპირებთ?
– ძალიან მინდა თბილისში დაბრუნება, მით უფრო, რომ ახლა უკვე პატარა თამარაც გვყავს მე და ჩემს მეუღლეს.  სადაც  მე ვცხოვრობ,  იქ ოჯახს ვერ წავიყვან – ჩემი მეუღლე გაგებით მოეკიდა ამ საკითხს. ახლა იქ მალარიის ისეთი სეზონია, გამორიცხულია ბავშვის   ჩაყვანა.   მე თვითონაც ორჯერ გადავიტანე მალარია, დროულად  მივხედე  თავს და   მდგომარეობა არ გამრთულებია.  რამდენიმე თვე კიდევ მომიწევს დარჩენა ნიგერში – მინდა, ბოლომდე მივიყვანო ყველა  ის პროექტი,  რომელიც წამოვიწყე.  იმის მიუხედავად, რომ ნიგერში, როგორც კანადის მოქალაქეს, კანადის საელჩო მიწევს მფარველობას, მე იქ მაინც  ბოლომდე ვქართველობ, ჩემს „გლობუსზე”  კი შემდეგი ქვეყანა აუცილებლად საქართველო იქნება (იცინის).

скачать dle 11.3