რა მარკის ავტომობილი დაეჯახა იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს მეუღლეს და რა ბედი ეწია დამნაშავე მძღოლს
სილვიო ბერლუსკონის ავტორიტეტის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. მედიამაგნატი და საფეხბურთო კლუბ „მილანის” მფლობელი, იტალიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია მსოფლიოში. გავრცელებული ხმების თანახმად ის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და არ გეგმავს კენჭი იტალიის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს, რომელსაც ამჟამად 86 წლის ჯორჯო ნაპოლიტანო იკავებს – პლანეტის ერთ-ერთი უხუცესი პრეზიდენტი, რომლის შესახებაც „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ.
* ჯორჯო ნაპოლიტანო 1925 წელს ნეაპოლში დაიბადა. 1942 წელს 17 წლის ასაკში იგი იატაკქვეშა კომუნისტური ორგანიზაციის წევრი გახდა და ნეაპოლის უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად, ანტიფაშისტურ მოძრაობაში ჩაერთო. 1945 წელს ნაპოლიტანო ოფიციალურად გახდა იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე მსახურობდა ნეაპოლსა და კაზერტაში. ეკონომიკური განათლების მქონე ნაპოლიტანო 1956 წლიდან იტალიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, ხოლო 1962 წლიდან პოლიტბიუროს წევრი გახლდათ და იტალიის სამხრეთით ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე იყო პასუხისმგებელი. მეორე მსოფლიო ომის დროს, თანამოაზრეებთან ერთად, ნაპოლიტანო ფაშისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძოდა და დაშიფრული სტატიების საშუალებით, ჟურნალ „მაჯიოს” გამოყენებით კარლ მარქსის ნაშრომების გავრცელებას ახორციელებდა. არსებობს ვერსია, რომ ნაპოლიტანოს ბენიტო მუსოლინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებშიც აქვს მიღებული მონაწილეობა, თუმცა ოფიციალურად, ეს ფაქტი არ არის დადასტურებული.
* ახალგაზრდობაში ჯორჯო ნაპოლიტანო გატაცებული იყო სასცენო ხელოვნებით და ერთ-ერთ ნეაპოლურ თეატრში მსახურობდა კიდეც მსახიობად. გარდა ამისა, ტომაზო პინიატელის ფსევდონიმით, იტალიის პრეზიდენტს გამოცემული აქვს ნეაპოლურ დიალექტზე დაწერილი სონეტების კრებული, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
* იტალიის პრეზიდენტის აზრით, პიცა ნეაპოლელთა მიერ გაკეთდა პირველად და სწორედ ნეაპოლში ცხვება მსოფლიოში ყველაზე გემრიელი პიცა. პიცა კი იტალიური სამზარეულოს გამორჩეული კერძია. ნაპოლიტანოს სიცილიური და ვენეციური სამზარეულოც მოსწონს, თუმცა უპირატესობას მაინც მშობლიურ ნეაპოლურ სამზარეულოს ანიჭებს.
* იტალიაში სამუდამო პატიმრობამისჯილებმა ღია წერილი მისწერეს პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს და სთხოვენ, აღადგინოს სიკვდილით დასჯა. თავიანთ წერილში პატიმრები სამუდამო პატიმრობას „სიკვდილზე სიკვდილის გამარჯვებას” უწოდებენ და სთხოვენ პრეზიდენტს, აღდგეს დახვრეტა, რათა ყველანი ერთად წავიდნენ იმქვეყნად და არა ცალ-ცალკე. სიკვდილით დასჯა იტალიაში 1947 წლიდან არის აკრძალული, ხოლო ყველაზე მძიმე განაჩენი, სამუდამო ან 20 წელზე მეტი პატიმრობა, იტალიის ციხეებში მოთავსებულ პატიმართა 20 პროცენტს აქვს შეფარდებული. იტალიაში ჯერაც მიმდინარეობს სამუდამო პატიმრობის კანონის გადახედვა და შესაძლოა, ახლო მომავალში, ის 30-წლიანი განაჩენით შემოიფარგლოს.
„ფორმულა 1-ის“ 2011 წლის სეზონის დაწყებამდე იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ მხარდაჭერა აღუთქვა იტალიურ ავტო-საჯინიბო – „ფერარის”. თავის მხრივ „ფერარიმ“ პრეზიდენტისა და იტალიის პატივსაცემად ახალი ბოლიდი – „ფერარი-150“ იტალიის გაერთიანების 150-ე წლისთავს მიუძღვნა და პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ წლევანდელ სეზონს გუნდი უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.
* ჯორჯო ნაპოლიტანო მეორე პრეზიდენტია იტალიის ისტორიაში, რომელიც პირადად დაესწრო იტალიის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წელს ბერლინში გამართულ ფინალში, ნაპოლიტანო ანგელა მერკელის პირადი მიწვევით იყო ჩასული. მანამდე კი მსგავსი პატივი ხვდა წილად, ექსპრეზიდენტ სანდრო პერტინის, რომელიც 1982 წელს ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსის მიწვევით დაესწრო „სკუადრა აძურას” ტრიუმფს.
* იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ პირად კონტროლზე აიყვანა ეგრეთ წოდებული „ნეაპოლური ნაგვის” საქმე. ამჟამად იტალიის სიდიდით მესამე და პრეზიდენტის მშობლიური ქალაქის ქუჩებში 2 300 ტონა ნაგავი ყრია, რომელიც დასუფთავების სამსახურს არ გააქვს და გაფიცულია, რადგან გატანის შემთხვევაში, ნაგვის უტილიზაცია არ ხერხდება. ნეაპოლის ახლოს არ არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა. „ნაგვის კრიზისი” ნეაპოლის ქუჩებში წლებია, რაც მძვინვარებს და მთავრობის არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ არაერთხელ დადო პირობა, რომ ბოლოს მოუღებდა „ნაგვის პრობლემას”, თუმცა ეს პირობა ჯერაც არ შესრულებულა. ნაპოლიტანო დიდ იმედებს ამყარებს ნეაპოლის ახალ მერზე – ლუიჯი დე მაჯისტრიზე. სჯერა, რომ ის საბოლოოდ დაუსვამს წერტილს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
* იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს თვალწინ, საპრეზიდენტო სასახლის წინ, „ფიატის” ტიპის ავტომობილი, იტალიის პირველ ლედის, კლიო ნაპოლიტანოს დაეჯახა. მანქანაში მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა. ადგილზე მისულმა კარაბინერებმა მოხუც მძღოლს ჩვენება ჩამოართვეს და შემდგომ გაათავისუფლეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დროულად აღმოუჩინა დახმარება კლიო ნაპოლიტანოს და სერიოზული დაზიანებები ვერ აღმოუჩინა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ იტალიის პრეზიდენტის მეუღლეს ბარძაყზე უმნიშვნელო დაზიანება აღმოაჩნდა, რომელსაც მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საინტერესოა, რომ დამნაშავე მძღოლის სასჯელი, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა იყო.
* იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს სატელეფონო საუბრების მოსმენამ აპენინებზე დიდი სკანდალი გამოიწვია. მილანის პროკურატურის ცნობით, სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელეკომ იტალია” უკანონოდ ახორციელებდა ცნობილი ადამიანების სატელეფონო საუბრების მოსმენებს: მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირების – პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის, ექსპრემიერ რომანო პროდის, პრეზიდენტის, ჯორჯო ნაპოლიტანოს და იტალიის ფეხბურთელთა ნაკრების წევრების, მათ შორის „ინტერის” ექსვარსკვლავის კრისტიან ვიერის ფარულ მოსმენებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულები არიან და სასჯელს იხდის „ტელეკომის” ათეულობით თანამშრომელი.