რა შედეგი მოჰყვება სასულიერო პირის მიერ დაწყევლას და რა პერიოდშია უფლებამოსილი წმიდა სინოდი ანათემირებისთვის
„… იყვნენ დღენი მისნი მცირე და მისაგებელი მისი სხვამან მიიღონ. იყვნენ შვილნი მისნი ობოლ და ცოლი მისი ქვრივ. აღიძრნედ და გარდაიცვალედ შვილნი მისნი, პურისმთხოველ იქმნედ და გახდედ იგინი სამკვიდრებელისაგან მისისა. იყვნენ ნაშიერნი მისნი მოსარაველ ერსა შორის და ნათესავისგან აღირიცხონ სახელი მისი და მოისპონ ქვეყანით სახსენებელი მათი.
…კრულმცა არს ძილი და ღვიძილი მისი, საფლავი და სახსენებელი თარაშ ემხვარისა და სატანას გაუხსნელითამცა საკვრელითა შეიკვრის ტომით, ნათესავით და სახსენებელით მისითურთ“... – ასე დაწყევლა ტარიელ შერვაშიძემ თარაშ ემხვარი, თუმცა ეს მხოლოდ ლიტერატურული პასაჟია (ოღონდ, 108-ე ფსალმუნი რეალობაა). წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა მიქაელი განგვიმარტავს, რას ნიშნავს წყევლა, რა ძალა აქვს სასულიერო პირის დაწყევლას და რა გავლენას ახდენს ის დაწყევლილის ბედ-იღბალზე.
– მამაო მიქაელ, განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს საეკლესიო ენაზე სასულიერო პირის წყევლა?
– უპირველესად, უნდა აღინიშნოს, თუ რა არის თვითონ წყევლა. ეკლესიაში არსებობდა და არსებობს ასეთი ფორმა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა და იყენებს ეკლესია – ანათემა. ეს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შეჩვენებას“. გარკვეულწილად, ეს შეიძლება, იყოს წყევლის ერთგვარი ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ წყევლა არ არის ვინმეს მიერ მინიჭებული პიროვნული ძალმოსილება, რომ დაწყევლოს ადამიანი და მისი ბედი განსაზღვროს. ეს ყოვლად დაუშვებელი და გამორიცხულია. სასულიერო პირს ჯვარი და სამღვდელო მადლი ეძლევა არა წყევლისთვის, არამედ კურთხევისა და ლოცვისთვის, თუმცა, რასაკვირველია, სახარებაში მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს და, შესაბამისად, ეკლესიის წინამძღოლებს, ანუ მღვდლებს, რომ გეძლევათ შეკვრისა და გახსნის უფლებაო: თუ შეკრავთ, შეკრული იქნება; ვისაც გახსნით, გახსნილი იქნება.
– რას ნიშნავს ეს?
– აქ იგულისხმება არა ვინმეს დაწყევლა ან წყევლისგან გათავისუფლება, არამედ ცოდვათა მიტევების უფლება: ვისაც მიუტევებს მღვდელი, მიეტევება, ვისაც შეკრავს, შეკრული იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელი კი არ კრავს ვინმეს, არამედ, ის პიროვნება, თავისი საქციელის სიმძიმიდან გამომდინარე, თვითონ კრავს თავის თავს, ანუ ის ჩაიდენს ისეთ ცოდვას, რომლის მიტევებაც შეუძლებელია. სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევებაო და, თუ ადამიანი სულიწმიდის მგმობელია, იჩენს ეკლესიისადმი აგრესიას, მას ეს ცოდვა არ მიეტევება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც უღმერთობა შემოვიდა საქართველოში, არსებობდა ორგანიზაცია „მუკი“ – მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, რომლებიც აშკარად უპირისპირდებოდნენ და ებრძოდნენ ეკლესიას. ეს გამოიხატებოდა ეკლესია-მონასტრების ნგრევაში, სასულიერო პირების სიცოცხლის ხელყოფაში, ასეთი ადამიანები კონკრეტულად ვინმეს მიერ კი არ იწყევლებოდნენ, არამედ თვითონ იწყევლიდნენ თავიანთ თავს. გავიხსენოთ ებრაელი ხალხის ცხოვრება: როდესაც უდანაშაულო მაცხოვარს ჯვარს აცვამდნენ და პონტოელმა პილატემ მათ უთხრა, მე ვერ ვხედავ ბრალს ამ ადამიანშიო, მათ ასეთი სიტყვები თქვეს: სისხლი მისი ჩვენზედა და შვილთა ჩვენთა ზედაო, ანუ ფაქტობრივად, მათ თვითონ დაიწყევლეს საკუთარი თავი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ, აგერ უკვე მეოცე საუკუნემდე, ებრაელებს საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონიათ და მთელი მათი ისტორია არის ტანჯვისა და დევნის ისტორია. შეიძლება, ეს დავუკავშიროთ მათ მიერ ნათქვამ სიტყვებს. ასე რომ, როდესაც ადამიანი ხდება ანათემირებული, მას ამაში თავად მიუძღვის ბრალი. ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: ანათემა არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანს საკუთარი პიროვნული შეხედულებით ან გადაწყვეტილებით განვაყენებთ მადლისგან, პირიქით, ადამიანი თავისი არასწორი სწვლების და არასწორი ცხოვრების გამო თვითონ განიშორებს თავის თავს და ანათემა არის ერთგვარი ბეჭედი მისი ეკლესიიდან წასვლისა, მისი ამ მადლიდან გაძევებისა.
– რა შემთხვევებში გამოუყენებია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანათემა ისტორიულად?
– მე მახსენდება ისტორია, რომელიც ჩვენს შორეულ წარსულში, მეთხუთმეტე საუკუნეში მოხდა. როდესაც საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლა დაიწყო, სამცხის ათაბაგმა ყვარყვარემ და მისმა ვაჟმა, მზეჭაბუკმა განიზრახეს საქართველოს ეკლესიისთვის, მცხეთის საკათალიკოსოსთვის, ჩამოეშორებინათ სამცხის ეკლესია. მოხდა კიდევაც ეს ფაქტი, რასაც მცხეთის საკათალიკოსომ უპასუხა ასეთი ქმედებით: მცხეთის კათალიკოსი ჩავიდა საფარის მონასტერში და განხეთქილების მესვეურები ანათემას გადასცა, რაც უკიდურესი ზომა იყო და ამ ზომის შედეგად, იმ მღვდელმთავრებმა, რომლებიც ამ შეთქმულებისა და განხეთქილების მონაწილენი იყვნენ, შეინანეს თავიანთი ქმედება და, საქართველოს ეკლესიის დაშლის მცდელობა, ჩვენდა საბედნიეროდ, უშედეგოდ დასრულდა.
ტყვეთა სყიდვის პერიოდში, როდესაც, სამწუხაროდ, თავადაზნაურობა, ქართველები, ყიდდნენ თავიანთ ყმებს.
– ეს ყველაზე სამარცხვინო ფაქტია ჩვენს ისტორიაში.
– ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქართველი ქართველს ყიდდა და ასეთ დროს საქართველოს ეკლესიამ მიიღო ქმედითი ზომა: მან დაწყევლა ყველა ის ადამიანი, მიუხედავად სოციალური წარმომავლობისა, ვინც ტყვეთა სყიდვაში მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც, შეიძლება, ეშინიათ ამ წყევლის, მაგრამ, ის საქციელი, რომელსაც ისინი სჩადიან და რომელიც წყევლას იმსახურებს, უკვე აღემატება წყევლას, რადგან ასეთ ადამიანს ღვთის შიში დაკარგული აქვს და მისთვის წყევლა არაფერს წარმოადგენს. ყველაზე მეტად საშიშია, როგორც ამბობენ, ღვთის პირიდან გადავარდნილი ადამიანი. როდესაც ადამიანი ღმერთს დაუპირისპირდება, მისთვის უკვე ყველაფერი ადვილია. ჩვენ ვიცით ასეთი მაგალითები ისტორიიდან და, მე მინდა, გავიხსენო სტალინი, რომელმაც სემინარია დაამთავრა და ყველაზე უკეთ იცოდა ღვთის შესახებ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინა, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი კარგავს ღვთის შიშს, ის ყველაფერზეა წემსვლელი. კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ: მეთოთხმეტე საუკუნის შემდგომ, როდესაც ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა საქართველოში და ცოდვით დაცემული ერი ძალიან დიდ ცოდვაში განაგრძობდა ცხოვრებას, თითქმის ყველა საეკლესიო კრების დადგენილება, რომელიც იმ პერიოდში მიიღეს, მთავრდება წყევლით.
– კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუ, რაღაც კონკრეტული ქმედებები დაიწყევლა?
– რასაკვირველია, წყევლა ყოველთვის ზოგადია. მაგალითად, როდესაც ეკლესია იღებდა ამა თუ იმ კანონს, იწერებოდა, რომ ამ კანონის დამრღვევი წყეული იქნება. არსებობს აღდგომის აღნიშვნის წესი და, ვინც ამ წესს შეცვლის, საეკლესიო კრების მიერ არის ანათემირებული. ეს ანათემა ერთჯერადად იქნა მიღებული და, ავტომატურად, ვინც ამ წესს დაარღვევს და შეცვლის აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, იქნება ანათემირებული.
– ბრძანებთ, რომ სასულიერო პირი მოწოდებულია კურთხევისთვის და არა დაწყევლისთვის, მაგრამ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ სასულიერო პირს, ნებსით თუ უნებლიეთ, ვინმე დაუწყევლია და შედეგიც დამდგარა ძალიან მალე?
– წყევლას, თავისთავად, აქვს მნიშვნელობა, რადგან, როგორც ლოცვას აქვს ძალა, ასევე, თავისი ძალა აქვს წყევლასაც. ძალიან ცუდია, როდესაც სასულიერო პირისგან ისმის წყევლა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება. რასაკვირველია, ღმერთს ლოცვაც ესმის და წყევლაც, მაგრამ, მადლობა უფალს, იგი ადამიანის გონებისამებრ არ სჯის, ღვთაებრივი სამართალი გაცილებით მაღალია ადამიანის გონებასა და აზროვნებაზე და, მადლობა ღმერთს, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ ცხონდეს და ვინ – არა. ერთმა პატარა ბავშვმა, როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ ესმოდა აღდგომა და ჭეშმარტი ღმერთი, ასეთი რამ უპასუხა: ის მართლა ღმერთი ყოფილა, იმიტომ რომ თვითონ გაეკრა ჯვარზე, თორემ, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჯვარზე ჩვენ გაგვაკრავდაო. ანუ, ღმერთი არავის სჯის, ადამიანი თვითონ ისჯის საკუთარ თავს. ამიტომ, თითოული ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს თავის სიტყვას, სასულიერო პირი იქნება ეს თუ დედა, რომლის წყევლაზეც საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ, თითქოს დედის წყევლა წყევლა არ არის. არადა ყველა წყევლა წყევლაა. უბრალოდ, უფალი ამ წყევლისამებრ არ მიაგებს ადამიანს. მაგრამ ჩვენს ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც წყევლის კონკრეტული შედეგი დამდგარა. მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ასეთი ეპიზოდი: ეს ფაქტი მოხდა წირვის დროს სვეტიცხოვლის ტაძარში, კონკრეტულად, კვეთის დროს. ორ იერარქს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და, იმის გამო, რომ ერთ-ერთი იერარქი არ დაემორჩილა მისი ზემდგომის ნებას, უმაღლესმა იერარქმა ის დაწყევლა: წყეულიმც იყოს თქვენი მღვდელმთავრობაო. პასუხიც ადეკვატური იყო: ბოლო იყოს თქვენი წირვა სვეტიცხოველშიო. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი იერარქი უკვე ასაკოვანი იყო, შეიძლება, ითქვას, ალბათ, გარკვეულწილად, მაინც წყევლის მიზეზიც იყო, რომ იმის შემდგომ სვეტიცხოველში მას წირვა აღარ ჩაუტარებია. რაც შეეხება მეორე მღვდელმთავარს, მისთვის უმძიმესი პერიოდი დადგა, ის განიკვეთა იერარქობიდან. შემიძლია, ვთქვა, რომ სიტყვამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. იმავდროულად, მინდა, გიამბოთ ერთი ეპიზოდი თანამედროვე ცხოვრებიდან: მაშინ საერო პირი ვიყავი და მონასტერში მოხდა ცუდი ფაქტი. ერთ-ერთმა უღირსმა ადამიანმა ღამით მოიპარა მონასტრის სპილენძის სახურავი. მისთვის მონასტრის სახურავი აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ სპილენძის ღირებულების. ეს არ იყო მწვალებლობა, იყო ქურდობა ღვთის პირიდან გადავარდნილი ადამიანისა, რომელსაც არ გააჩნდა ღვთის შიში. დილით, როდესაც ეს ფაქტი გახმაურდა, მამაოს სთხოვდნენ, დაეწყევლა ის ადამიანი. საოცარი იყო მოძღვრის პასუხი და ასეთი უნდა იყოს, ალბათ, ნებისმიერი ადამიანის პასუხიც: შეხედეთ სახურავს, ამ სიმაღლიდან ღმერთმა არ ჩამოაგდო ეს ადამიანი და, მე როგორ დავწყევლოო. რასაკვირველია, შემდგომში ის ადამიანი მაინც დაისაჯა, რადგან არანაირი სინანული არ ჰქონია. დაისაჯა იმით, რომ დაიჭირეს და აღმოჩნდა ციხეში, ოღონდ, სულ სხვა ფაქტის გამო. აქაც შეიძლება, ვისაუბროთ ღვთის მოწყალებაზე: ღმერთმა, მიუხედავად იმისა, რომ იმ კაცმა ტაძრის სახურავი მოიპარა, მაინც დაინდო – იქნებ სინანული გასჩენოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ადამიანი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ამის სურვილი არ გასჩენია.
– მოარული ხმებია, რომ წყევლა მაწყევრისააო; ისევე, როგორც ის, რომ წყევლა თანაბრად ვნებს წყევლის ადრესატსაც და მის მთქმელსაც. ეს მხოლოდ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფია?
– აქვე მინდა, ვთქვა, რომ ყოველ კონკრეტულ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, ვინმე დაწყევლოს. წყევლა, ანუ ანათემირება, შეუძლია წმიდა სინოდს და ესეც ხდება წელიწადში ერთხელ, დიდმარხვის პირველ კვირას, რომელსაც ჰქვია მართლმადიდებლობის ზეიმი. უღმერთობის პერიოდში ძალიან გახშირდა წყევლის ფაქტები და ამას, გარკვეულწილად, რიტუალის ფორმაც ჰქონდა. ამან გასულ საუკუნეში მასობრივი ხასიათი მიიღო ჩვენს საზოგადოებაშიც. განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოში ერთგვარ პროფესიადაც კი ექცათ ქალებს წყევლა. თითქმის ყველა იწყევლებოდა და, თუ დავაკვირდებით მათ ცხოვრებას, ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ, რეალურ სინამდვილეში, დაწყევლილიც დასჯილა და მაწყევარიც, მაგრამ, ეს არ იყო წყევლის გამო. ვინც დაწყევლეს, თავისი არასწორი ცხოვრების გამო დაისაჯა; ის ადამიანი კი, რომელმაც მეორე ადამიანი გაიმეტა წყევლისთვის, დაისაჯა თავისი არასწორი საქციელის გამო. ღმერთი ადამიანს არ სჯის, თითოეული ადამიანი თავისი საქციელისა და უღმერთო ცხოვრების გამო თვითონ სჯის საკუთარ თავს. ასე რომ, ადამიანი, რომელიც ღვთისგან გაჩენილ, ღვთის ხატად შექმნილ არსებას დაწყევლის, ამ საქციელით თავის თავსაც წყევლის, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი არის სიყვარული და, ქრისტიანობა ერთადერთია, რომელიც ქადაგებს მტრის სიყვარულს, და თუ მტერი უნდა გიყვარდეს, როგორ შეიძლება, ის დაწყევლო?! შეიძლება, გეცოდებოდეს ის ადამიანი და, თუ გეცოდება, პირიქით, ღმერთს უნდა შეავედრო მისი სულიერი გამოჯანსაღება. ასე რომ, თუ ადამიანი ბოროტებას სჩადის, კი არ უნდა დაწყევლო, პირიქით, უნდა უსურვო მას, რომ მოიქცეს და ღვთის გზაზე დადგეს.
– უნდა გამოვტყდე, ძალიან დიდი სტიმული მივიღე, როდესაც წავიკითხე: ილოცეთ თქვენი მტრებისთვის, ამით მუგუზლებს დააგროვებთ მათ თავზეო.
– ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ვიღაც დავწყევლოთ, არამედ ის, რომ ის უკეთური საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა, თუ კი გვინდა, მისი ეს საქციელი გამოვასწოროთ, დავლოცოთ და უფალს შევავედროთ, რომ მოაქციოს და დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე. არც ერთ იერარქს, არც ერთ სასულიერო პირს, არც ჯვარი და არც სამღვდელო მადლი არ აქვს იმისთვის, რომ ვინმე დაწყევლოს, პირიქით, ის უნდა ლოცავდეს მათ. ეს არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. ყველაზე უმთავრესი კანონი ქრისტიანობასა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაში არის სიყვარული და სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას: წყევლაზეც და ანათემაზეც.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში მიმდინარე პროცესებმა, თუნდაც, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის უღმერთობამ, გამოიწვია მათი ლოგიკური დასასრული: ისინი არ მალავდნენ თავიანთ უღმერთობას და, შესაბამისად, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, რომ საქართველომ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიასა და მოვლენებს, რომლებიც იმ პერიოდში ვითარდებოდა, თითქმის ყველა ოჯახი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ეკლესიის ნგრევაში, სასულიერო პირების დევნაში, დაღდასმული და დამძიმებულია დღემდე. ძალიან ბევრი ოჯახი და გვარი უკვალოდ გაქრა თავისი უღმერთო საქციელის გამო და ძალიან ბევრმა მწარე და სავალალო შედეგი მოიმკო იმ თავისი საქციელით. მაგალითად, ცნობილია, რომ კირიონ მეორის მკვლელს, შეიძლება, არ ასახელებდნენ კონკრეტულ პიროვნებას, თუმცა ყველამ იცის, ვინც ესროლა და მოკლა კირიონი, ის მარჯვენა დაულპა და მოაჭრეს, რომლითაც პატრიარქს ესროლა. ერთ ასეთ მაგალითსაც გავიხსენებ: ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის დანგრევას, წელს ქვემოთ მოწყდა და მთელი ცხოვრება ლოგინად ჩავარდნილმა გაატარა. როდესაც კვლავ აღდგა მაცხოვრის ტაძარი მოსკოვში, ის ადამიანი უკვე ღრმად მოხუცებული იყო. მასთან მივიდნენ ჟურნალისტები და ჰკითხეს: ტაძარი, რომელიც თქვენ დაანგრიეთ, ისევ აღდგა და თქვენ რას გრძნობთო. სამწუხაროდ, იმ ადამიანმა უპასუხა: დღესაც დიდი სიამოვნებით ავაფეთქებდი ამ ტაძარსო. არადა, ღმერთმა იმდენ ხანს აცოცხლა ის, რომ თავის მიერ დანგრეული ტაძრის აშენება დაანახვა, მაგრამ იმ ადამიანისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან შინაგანად იყო უღმერთო.