რატომ შეარქვეს ალექსანდრე ანქვაბს „რკინის კაცი“ და რატომ იქნება აფხაზეთის მესამე „პრეზიდენტი“ მოსკოვისთვის რთული სამართავი
სერგეი ბაღაფშის მოულოდნელმა გარდაცვალებამ აფხაზეთის დე-ფაქტო არჩევნების დინამიკაში არეულობა შეიტანა: „არჩევნები“ ვადაზე ადრე ჩატარდება, რამაც პოლიტიკურ ასპარეზზე პირველკაცად გამოსვლის მსურველებიც გაააქტიურა. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ აფხაზეთის „პრეზიდენტობაზე“ პრეტენზია გააჩნიათ სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბს, სავარაუდოდ, რაულ ხაჯიმბასაც (რომელიც ბოლო ორი ვადაა ვიცე-პრეზიდენტის სკამსაა მიჯაჭვული). მოულოდნელად, ავანსცენაზე ვლადისლავ არძინბას ქვრივი, სვეტლანა ჯერგენიაც გამოჩნდა, რომელიც აფხაზეთის ამომრჩევლის მოხიბვლას რაულ ხაჯიმბასთან ერთად შეეცდება. რა პრობლემებია წინასაარჩევნოდ აფხაზეთში და რა მოთხოვნებს უყენებს აფხაზი საზოგადოება „პრეზიდენტობის“ მსურველებს – თემაზე გურამ ოდიშარია გვესაუბრება.
– რაულ ხაჯიმბა ყოველთვის მოიაზრებოდა რუსეთის სასურველ კანდიდატად. არძინბას ქვრივთან მისი ტანდემი მიანიშნებს, რომ რუსეთს გაუჭირდა? რამდენად გაამართლებს ასეთი გათვლა?
– დღეისათვის ოფიციალური განაცხადი შეტანილი აქვს ანქვაბის საინიციატივო ჯგუფს, ხაჯიმბას მხარდამჭერ ორგანიზაციას და სერგეი შამბას. მანამდე თვითონ რუსი ანალიტიკოსებიც წერდნენ, რომ ხაჯიმბა არ მოიაზრებოდა სერიოზულ კანდიდატად და ვერ ამბობდნენ დაზუსტებით, წამოაყენებდა თუ არა თავის კანდიდატურას. ასე რომ, უფრო ორი ლიდერია გამოკვეთილი: ალექსანდრე ანქვაბი და სერგეი შამბა. ორივე მაღალი რანგის მოქმედი ჩინოვნიკია. ეს ადამიანები, სულ არიან პოლიტიკაში, თუმცა განსხვავებული გზა გაიარეს. ანქვაბი, ბაღაფშის მსგავსად, პოლიტიკაში მოვიდა კომკავშირიდან, ისევე, როგორც ნუგზარ აშუბა, მათი პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ერთი თაობა ვართ და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ბაღაფში ორი წლით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ შამბა და მე ტოლები ვართ. შამბა, ანქვაბისგან განსხვავებით, პოლიტიკაში მეცნიერებიდან მოვიდა. ნაღდი ქალაქელი, სოხუმელი კაცია, გალანტური და ჯენტლმენი.
– ვადასტურებ, ძალიან კომფორტული რესპონდენტია, თუმცა ცოტა სიტყვაძვირი გახდა, რაც „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა.
– ეს ორი კანდიდატი იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ, მაგალითად, შამბა პატარა ბიჭობიდან მოყოლებული სწავლობდა ინგლისურს. რომ იტყვიან, წყალივით იცოდა ინგლისური. მასზე ამბობენ, მისთვის პროდასავლური ფასეულობები ბევრს ნიშნავს და ამატებენ იმასაც, რომ ისე უყვარს აფხაზეთი, სადაც კარგი პირობები შეექმნება აფხაზეთს, ნაბიჯსაც იქით გადადგამსო. ასე რომ, როგორც შამბა, ისე ანქვაბი რუსეთისთვის ადვილად სამართავი არ არის. ანქვაბიც გამოკვეთილი პიროვნებაა. თბილისში მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და მას ხშირად „რკინის კაცსაც“ უწოდებენ აფხაზეთში. ის არის დისციპლინირებული, ორგანიზებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, იმუშაოს 24 საათის განმავლობაში. მე მას სოხუმიდან, დაბადებიდან ვიცნობ. ბაღაფშსაც ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩვენ გვერდიგვერდ სკოლებში ვსწავლობდით: მე პირველ საშუალო ქართულ სკოლაში, ბაღაფში – მეათე აფხაზურ სკოლაში. ვმეგობრობდით, რადგან სოხუმი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს.
– ანქვაბმაც და შამბამაც აფხაზური სკოლები დაამთავრეს?
– დიახ, უბრალოდ შამბა სოხუმელია, ანქვაბი – გუდაუთელი. როგორც წესი, რაიონებში უკეთესი აფხაზური იციან და ამიტომაც ანქვაბმა უკეთესი აფხაზური იცის. ხაჯიმბა გენერალი კაცია და პოლიტიკაში სპეცსამსახურებიდან მოვიდა.
– ის არ ჩანდა აფხაზ პოლიტიკურ საზოგადოებაში, სანამ ბაღაფშის კონკურენტად არ მოგვევლინა?
– არც იყო პოპულარული და საზოგადო კაცი. ერთადერთი, ვისაც არ ვიცნობ, ეს ხაჯიმბაა. ის ტყვარჩელში მუშაობდა დიდხანს, როგორც ჩანს, სპეცსამსახურების ხაზით. რუსეთი მაშინაც მასზე ამახვილებდა ყურადღებას და, თუ გახსოვთ, არძინბას გარდაცვალების შემდეგ პირველ არჩევნებამდე, პუტინი სოჭში შეხვდა ხაჯიმბას და ესაუბრა. მაშინ, ალბათ, პუტინმა იფიქრა, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა აფხაზი ამომრჩევლისთვის, რომ ხაჯიმბას უჭერდა მხარს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბაღაფშზე ადგილობრივი ოპოზიციური გაზეთები წერდნენ, როგორ გახდება პრეზიდენტი, როდესაც ცოლი ქართველი ჰყავს და, თუ ქართველია, როგორ მივა ის დაღუპული აფხაზი ბიჭების საფლავებთან, რომლებიც ქართველებმა დახოცესო. ამდენად, მოსკოვიც ფიქრობდა, რომ აფხაზები აუცილებლად ხაჯიმბას აირჩევდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთს დიდი ღვაწლი ჰქონდა აფხაზების წინაშე.
– 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ უფრო დიდი ღვაწლი აქვს.
– რა თქმა უნდა და დღევანდელი პუტინიც ის პუტინი აღარ არის, რაც იყო. ის უფრო გაძლიერებული და რეიტინგულია. მაგრამ, როდესაც პირველი არჩევნების დროს აფხაზი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანთან, სადაც ვერავინ ხედავდა, აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ბაღაფშმა. ამას კი არავინ ელოდა. პუტინის ხაჯიმბასთან შეხვედრის მიუხედავად, მოსახლეობამ რომ მაინც ბაღაფშს მისცა ხმა, იმის მაჩვენებელი იყო, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული. განსხვავებით არძინბასგან, რომელიც ბევრად პირდაპირი იყო, ჰქონდა თავისი მიზანი და არაფერს ერიდებოდა ამ მიზნის მისაღწევად, ბაღაფში შეიძლება ითქვას, უფრო კონფლიქტოლოგი აღმოჩნდა. მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტად კენჭს იყრიდა ლაკობა, მაგრამ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ხაჯიმბა გახდა ვიცე-პრეზიდენტი. ბაღაფშმა ისე განვლო პრეზიდენტობის ორივე ვადა, რომ ქართველებისთვის არაფერი დაუშავებია. შიგნით, აფხაზეთში არ დაუძაბავს ურთიერთობა ქართველებთან. თუმცა მან თავიდან ბოლომდე პრორუსული პოლიტიკა გაატარა, მაგრამ, როგორც ჩანს, არცთუ თავიდან ბოლომდე, რადგან სულ უფრო ხშირად ისმის აფხაზეთში, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს ბაღაფშის დაღუპვის ჭეშმარიტ მიზეზებს.
– ეპარებათ ეჭვი ბუნებრივ სიკვდილში?
– ინტერნეტსაიტებზე ხშირად სვამენ ამ საკითხს, რასაც უერთდებიან აფხაზი დეპუტატებიც: რა მოხდა სინამდვილეში, ეს სამედიცინო შეცდომა იყო თუ წინასწარგანზრახული ქმედება. აფხაზებს, საერთოდ, უყვართ მითები, მათ დღემდე სჯერათ, რომ ლაკობა ბერიამ მოწამლა.
– ბერიამ ლამის ნახევარი საქართველო ამოხოცა.
– რა თქმა უნდა და ამას ვერ დააბრალებ მის ქართველობას. ერთი სიტყვით, აფხაზეთში ამბობენ, რადგან ჩვენ გვჯერა მითების, თუმცა არ ვიცით ზუსტად, მართლაც მოწამლა თუ არა ბერიამ ლაკობა, მეორე პრეზიდენტის დაღუპვის მიზეზი მაინც გავიგოთო. ბევრი უპასუხო კითხვაა: რატომ არ დააწვინეს ბაღაფში მოსკოვის მთავარ კლინიკაში, მით უფრო, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ონკოლოგიური ცენტრი აქვთ; ადამიანი, რომელიც თავს კარგად გრძნობდა, მეორე დღეს მოულოდნელად ცუდად ხდება და მიდის ამქვეყნიდან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ისტორია წინასაარჩევნო ატმოსფეროს შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე, როგორ წავიდა ბაღაფში ამქვეყნიდან. წინასაარჩევნო ატმოსფეროს მეორე კომპონენტია ის, რომ არძინბამ, როდესაც პრეზიდენტობიდან წავიდა, აფხაზეთში ანტიქართული განწყობა დატოვა, ბაღაფშის წასვლის შემდეგ კი, იქ, გარდა ანტიქართული განწყობისა, არსებობს ანტირუსული განწყობაც. ბაღაფშის დაღუპვასთან დაკავშირებით ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე ის თურქეთში ჩავიდა და მუჰაჯირებს აფხაზეთში დაბრუნება მოუწოდა. ამას გარდა, აფხაზეთში მოქმედებდა და ახლაც მოქმედებს კანონი, რის მიხედვითაც მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში მაინც ცხოვრობდნენ აფხაზეთში. მეტიც, რუსეთი მოითხოვდა საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელს, რომელსაც, როგორც ჩანს, სტრატეგიული დანიშნულება აქვს, მაგრამ ბაღაფში არ თმობდა და ამ ყველაფერს დაემატა ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალება.
– ახალი პოლიტიკური სახეები არ არიან?
– ის ადამიანები, რომლებზეც ვილაპარაკე, ჩემი თაობის არიან. მაგრამ არიან ისეთებიც, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რომ ემზადებოდნენ, რომელიც ორი წლის შემდეგ უნდა გამართულიყო, როცა ბაღაფშს საპრეზიდენტო ვადა გაუვიდოდა. ამიტომ ამ არჩევნებისთვის მოუმზადებლები არიან. მომზადებული კი აღმოჩნდა ორი პიროვნება: შამბა და ანქვაბი. განიხილებოდა ხაჯიმბას როლიც მომავალ არჩევნებში, გათვლებით, მას ამომრჩევლის 15-20 პროცენტი დაუჭერდა მხარს, რაც არ იყო საკმარისი, პრეზიდენტად გახდომისთვის. ამჟამად აფხაზურ პრესაში იწერება, რომ ხაჯიმბა კონსულტაციებს მართავს შამბასთანაც და ანქვაბთანაც. თუ რომელიმე ძალასთან დადგა თავისი მხარდამჭერებით, შესაძლოა, ის ძალა გაიყვანოს.
– ანუ არძინბას ქვრივის შემოყვანა ვიცე-პრეზიდენტად უბრალოდ თამაშია?
– ეს უკვე მოულოდნელი სვლა იყო.
– პოლიტიკაში იღებდა აქამდე მონაწილეობას? მაშინ, როდესაც არძინბა პირველკაცი იყო?
– ის მეცნიერ-მუშაკია, თუ არ ვცდები, პროფესორი. მუშაობს ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში და არძინბას ფონდს ხელმძღვანელობს. როდესაც არძინბა ცოცხალი და პრეზიდენტი იყო, მას ბევრი აკრიტიკებდა. იმდენად, რომ დარწმუნებული გახლდათ, პრეზიდენტობის ვადას აღარ გაუგრძელებდნენ. ამას მისი ავადმყოფობაც დაემატა და ის პოლიტიკას ჩამოშორდა. როდესაც ადამიანი ავად არის, არძინბა კი წლობით ეწამებოდა, მას უკვე აღარ აკრიტიკებენ. მით უმეტეს, როდესაც გარდაიცვალა, აფხაზმა საზოგადოებამ მას პატივი მიაგო. აფხაზეთში განსაკუთრებით ხაზგასმულია ის ტრადიცია, რომ გარდაცვლილზე ცუდი არ უნდა ითქვას. როდესაც არძინბა დაასაფლავეს, ისინიც კი, ვინც მას აკრიტიკებდა, უკვე აქებდა. ზოგიერთმა მას „ერის მამაც“ კი უწოდა. ერთი სიტყვით, გარდაცვლილი არძინბას ავტორიტეტი მაღალია, რადგან ის უკვე ისტორიაში გადაბარგდა. ასე რომ, თუ ის ქვრივი ვიცე-პრეზიდენტი გახდება, ამან შეიძლება, დივიდენდები მოუტანოს ხაჯიმბას. მით უმეტეს, თუ მას მხარს დაუჭერს არააფხაზი მოსახლეობა: რუსები, სომხები...
– ხაჯიმბა არააფხაზების ხმებზე მუშაობს?
– შესაძლოა, მით უმეტეს, რომ მას რუსეთი უჭერს მხარს.
– კანდიდატებს თითქოს აფხაზურ ენაში მოუწევთ გამოცდის ჩაბარებაო. ეს სინამდვილეა?
– ვინც ჩამოვთვალე, ყველამ კარგად იცის აფხაზური. საერთოდ, აფხაზებს რამდენიმე პრობლემა აქვთ: უპირველესია, აფხაზური ენის პრობლემა, იმიტომ რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ვერ კითხულობს აფხაზურ ლიტერატურას: გულიას, შინკუბას, თარბას, თუმცა სალაპარაკო აფხაზური იციან. საერთოდ, აფხაზებმა უფრო უკეთესი რუსული იცოდნენ, ვიდრე აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა, ახლა მით უმეტეს ბევრად უკეთესად ლაპარაკობენ რუსულად. წინათ, თუ აფხაზი სტუდენტების ნაწილი თბილისში სწავლობდა, ახლა რუსეთში მიდიან, ამიტომ აფხაზური ენა ბეჩავ მდგომარეობაშია. ასე რომ, ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ ენა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ის იყო, რომ შემოიღეს კანონი, თუ ჩინოვნიკმა არ იცის კარგად აფხაზური, ის ვერ მიიღებს მნიშვნელოვან პოსტს სახელმწიფო უწყებაში. არის კიდევ ბევრი წესი აფხაზური ენის დასაცავად. თქვენ ხედავთ, როგორი გადასხვაფერებულია ჩვენი ენა, ჯერ რუსულის კალკები გვქონდა, ახლა დაემატა ინგლისური.
– ჩვენ რომ ტელევიზიით გვესმის, ეს, უმეტეს შემთხვევაში, ქართული ენა არ არის.
– ამას წინათ მოვისმინე: მატჩი დამთავრდა ფრით. რა არის ეს „ფრით“?! ჩვენ გვიჭირს ენის დაცვა და აფხაზებს უფრო მეტად უჭირთ.
– ესე იგი, უფრო წასახალისებელი ფუნქცია აქვს ამ ინიციატივას?
– რა თქმა უნდა, თუ გინდა, დამოუკიდებელი სახელმწიფო გქონდეს და ისინი ამბობენ, რომ დამოუკიდებლები არიან, შენი ენა მაღალ დონეზე უნდა იყოს. ბევრმა აფხაზურის სწავლაც დაიწყო. აფხაზმა საზოგადოებამ უკვე ჩამოუწერა მომავალ პრეზიდენტს ის საკითხები, რომლებიც მან უნდა მოაგვაროს. როდესაც არძინბას ირჩევდნენ, მათ ის აირჩიეს, როგორც გმირი და ომში გამარჯვებული; ბაღაფშს უკვე სხვა რამ ევალებოდა: მათი თვალთახედვით, ბაღაფშს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის უნდა ებრძოლა და, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთი, ამან რეიტინგი აუწია.
– ანუ საგმირო საქმეები აღარ დარჩა?
– ახალ პრეზიდენტს აუცილებლად მოსთხოვენ ეკონომიკური დონის ამაღლებას. ბაღაფშს ყოველთვის აკრიტიკებდა ოპოზიცია კორუფციის მაღალი დონის გამო, იმიტომ რომ იქ საბჭოთა კავშირია შენარჩუნებული, ისევე, როგორც რუსეთში. ძალიან დიდი პრობლემაა აფხაზეთში ნარკომანია. არის სოციალური დაცვის პრობლემა, კანონიერი ქურდების, რუსეთის მოძალება. ხშირად იბეჭდება წერილები, რომ ჩვენ მალე შეიძლება, ათი პროცენტი დავრჩეთ აფხაზეთშიო, იმიტომ რომ სხვა ერები მეტნი ხდებიან. სომეხი მოსახლეობა უკვე აჭარბებს კიდეც აფხაზების რაოდენობას, იზრდება რუსი მოსახლეობის რაოდენობაც. მართალია, დამსვენებლების ჩასვლა უხარიათ, მაგრამ, ჩასული 500 000 ადამიანიდან, 10 000 რჩება. მომავალ წელს უფრო მეტი შევა და მეტიც დარჩება. ხშირად კამათობენ ამაზე ფორუმებზე, მუჰაჯირებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ მუჰაჯირები უნდა დაბრუნდნენ, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი უკვე აღარ არიან აფხაზები, – თურქებს შეერივნენ და მათი მენტალიტეტი შეცვლილია. ასე რომ, ბევრი მძიმე საკითხი დახვდება იმ კანდიდატს, რომელიც პრეზიდენტი გახდება.