მოლუსკების მყლაპავები
ანუ კუჭგაწეულები
ეს შენიშვნა სულ პირველად პრეზიდენტისგან მივიღეთ (ჩვენ რა, უფრო კვების სფეროში მომუშავეებმა მიიღეს) და ის ჩვენს სუფრაზე თევზეულის სიმწირეს უკავშირდებოდა. მართლაც, აღმოჩნდა, რომ საქართველოს რესტორნები უცხოელ და ადგილობრივ დამსვენებლებს ზღვის პროდუქტების მწირ მენიუს სთავაზობენ. ეს ამბავი სულაც არ იქნებოდა საგანგაშო (რადგან ადგილობრივები თევზეულს, თურმე, მაინცდამაინც არ ვეტანებით), რომ არა ერთი „მაგრამ“: უცხოელი ტურისტები (რომელთა იმედზეა ჩვენი აღშენებულ-გაბრწყინებული მომავალი) ზღვის პროდუქტებს ეძალებიან (ოღონდ ისიცაა, რომ ამ უკანასკნელებს, როდესაც გემოს ქართულ ტრადიციულ კერძებს გაუგებენ, კუჭიც მათკენ მიუწევთ).
პრეზიდენტის ეთნოლოგის განცხადებით, იმის მიუხედავადაც, რომ საქართველო შავიზღვისპირა ქვეყანაა, აქ თევზის მოხმარების კულტურა დაბალია, მაგრამ, რაკი საქართველო უპირველესად ტურისტების ქვეყანაა, „საკითხს სერიოზული მიდგომა სჭირდება“. მით უფრო, რომ ეს ჩვენი შავი ზღვა (მისი ის ნაწილიც კი, რომელიც შემოგვრჩა) თევზის მრავალი სახეობის მოპოვების საშუალებას გვაძლევს (თუმცა ისიცაა, რომ, მაგალითად, ხამსის ჭერის ექსკლუზიური უფლება თურქებს აქვთ მიბარებული). ხოლო, რაკი გვაძლევს, სავარაუდოა, რომ ჩვენს მენიუში (ჩვენს რა, რესტორნების მენიუში, რომლებსაც ტურისტები მოწყალე კუჭით შეხედავენ) ზღვის პროდუქტებით დამზადებულ კერძთა ოდენობაც იმატებს. მეტიც, არა მხოლოდ იმატებს, მე რომ მკითხოთ, საქართველოს ყველა კანონმორჩილმა მოქალაქემ დღეში სამჯერ თითო-თითო მოლუსკი კი უნდა გადასანსლოს.
გამომდინარე იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან, რომ ზღვის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა (რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, ნიგვზიან-ძმრიან კერძებზე), ბუნებრივია, სასიხარულოა, თუკი ჩვენი სამზარეულო ამ სახეობის კერძებითაც გამდიდრდება, თუმცა, რაკი ზღვასთან სიახლოვე არა მხოლოდ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების სიუხვეში უნდა აისახოს (გუბაზ სანიკიძეს უნდა დავესესხო: ქართველი ზღვაში წელამდე შევიდა, პორტუგალიელი – ინდოეთამდეო), რაკი პროცესი დაიძრა, იმედია, ზღვასთან ჩვენი მარადიული კავშირის სადემონსტრაციოდ მხოლოდ გველთევზის კულინარიულ დამუშავებაზე არ შევჩერდებით.