მტრები
ანუ შეშინებულები
სოციოლოგიური კვლევებისადმი მიდრეკილება მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი სენი არ ყოფილა, როგორც აღმოჩნდა, ამ საქმით თვით ჩვენი ოკუპანტებიც კი ერთობიან. ივლისში ფონდმა „საზოგადოებრივმა აზრმა“ ჩაატარა გამოკითხვა და რფ-ის მოქალაქეებს მათი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მთავარი საფრთხეების ჩამოთვლა სთხოვა. რესპონდენტთა ნახევარმა შეკითხვას დადებითად უპასუხა, მესამედმა ის უსაფუძვლოდ ჩათვალა, დანარჩენებს კი პასუხის მოძებნა გაუჭირდათ. იმ რფ-ელების 26-მა პროცენტმა, რომლებიც საფრთხეებს ხედავენ, საფრთხეებში პირველობა აშშ-ის არგუნა, მეორე ადგილი ჩინეთს მიუჩინეს (მზარდი სამხედრო პოტენციალის გათვალისწინებით), ხოლო მესამე ჩვენ გვერგო. მართალია, ეს ადგილი ხმების, სულ რაღაც, 5-მა პროცენტმა მოგვაკუთვნა, მაგრამ, ჯერ ერთი, მესამე ადგილი მაინც მესამე ადგილია და, რაც მთავარია, ციფრებით ეს ოთხ მილიონამდე ადამიანია. მეოთხე ადგილი იაპონიას ერგო (სრულიად „პროზაული“ მიზეზით – ატომური რეაქტორების აფეთქების გამო), მეხუთე კი – ოდესღაც ძმურ და მეგობრულ ბელორუსიას. მტერთა სიაში მოხვდა უკრაინაც, შემცირდა ჩეჩნეთის საფრთხედ აღმქმელთა რაოდენობაც, 2 და 1-პროცენტიანი ადგილები კი არაბულმა სამყარომ და ნატომ გაინაწილეს.
საინტერესოა, რომ რუს რესპონდენტთა 39 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ნატომ და რფ-მ ერთობლივად უნდა იმუშაონ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შექმნაზე.
ხოლო, რაკი ჩვენთვის მაინც ჩვენი მესამე ადგილია ყველაზე საინტერესო, კვლავ მას დავუბრუნდები (მით უფრო, რომ ციფრები, ვფიქრობ, მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის): რაკი ჩვენ, ოთხ მილიონს (დედაწულიანად), მათი ზრდასრული ოთხი მილიონი შეგვიშინებია, საქმე არცთუ უნუგეშოდ გვქონია და, მერე რა, რომ ჩვენც გვეშინია?!