ბასტილიაზე დახურული
ეთნიკური ნიშნით
მართალია, მოარული ხმებით, საქართველოს საჯარო სკოლებიდან რუსული, როგორც ერთ-ერთი უცხო ენა, თითქმის ამოღებულია, თუმცა, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი შაშკინი, რუს ჟურნალისტ ვენედიქტოვს კიდეც შეხვდა და ვრცლადაც ესაუბრა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. მეტიც, ჩვენი რუსი კოლეგა დაარწმუნა, რომ „ომში არას ჰკითხავს სპასალარი“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ომში“ სკოლებში რუსული სექტორების გაუქმება იგულისხმება (პირადად ჩემი აზრით, საქართველოში მხოლოდ ქართულენოვანი საჯარო სკოლები უნდა იყოს, როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორების საგანმანათლებლო გამოცდილება გვასწავლის), „სპასალარში“ კი – სკოლის დირექტორები და სამეურვეო საბჭოები. სავარაუდოდ, ბ-ნი ვენედიქტოვი პასუხმა დააკმაყოფილა (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის არ იცნობს არც ქართული ლიტერატურის სპასალარ პერსონაჟს და არც სამეურვეო საბჭოებ-დირექტორის მუშაობაზე აქვს წარმოდგენა).
მეორე მხრივ, რიგ მიზეზთა გამო, საჯარო სკოლებში მიმდინარე მოვლენები საზოგადოების ყურადღების მიღმაა, ამიტომაც, შევეცდები, ვაკუუმის ამოვსებას (ბუნებრივია, მოარული ინფორმაციით, რადგან, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო ბასტილიაზე გამძლეა და გაუმჭვირვალეა): ჯერ ერთი, პედაგოგებს შვებულების ხანგრძლივობა შეუმცირეს, მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეთორმეტე კლასის სწავლების უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს მისცეს, 20 საათზე ნაკლები არც ერთ პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს (ვისაც ექნება, უნდა გაათავისუფლონ), ოღონდ მხოლოდ 18 საათისას აუნაზღაურებენ, რუსული ენის სწავლება შეიზღუდა (ნეტავ, რა ენაზე უნდა ვემუსაიფოთ ჩრდილოკავკასიელებს?!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს (გადამოწმებაში მხოლოდ მწირი ინფორმაციის მოწოდებას არ ვგულისხმობ სამინისტროს მხრიდან, ჩაკითხვის და დაზუსტებისასაც), ზედაც დავამატებთ, რომ ჩვენი განათლების მინისტრი რუს ჟურნალისტს შეხვდა, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ, თუნდაც, სახელდობრ, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ბ-ნ შაშკინს ჩემი ეთნიკური წარმომავლობა არ აკმაყოფილებს.
თქვენ რას ფიქრობთ?