შემოსილ-განმოსილნი
პლაჟი – ბიბლიოთეკაში და – პირიქით
ბოლოდროინდელი (თუმცა, რაღა ბოლოდროინდელი, დამოუკიდებლობის აისიდან მოყოლებული) გამოკვლევები (თანაც, განა ჩვენი, სულ რჩეულ-რჩეული საერთაშორისო ორგანიზაციებისა) მოწმობს, რომ წიგნიერებაში საქმე ჭაკად გვაქვს (რაღა წიგნიერება, როცა წერა-კითხვის პრობლემა მოგვძალებია). ჯერჯერობით ვერც იმას ვიტყვით დაბეჯითებით, რა დოზით გააუმჯობესებს ამ სავალალო მაჩვენებელს მასწავლებელთა სერტიფიცირება, თუმცა ვიცით, რომ გასულ კვირას ინტერნეტფორუმებზე დიდი სჯა-ბაასი გამართულა თემაზე, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში „დრესკოდი“ (მამაპაპურად რომ ვქთვათ, ჩაცმულობის შეზღუდვა) დაწესებულა. ფორუმელები იმას შეეშფოთებინა, რომ, ვაითუ შორტებში გამოწყობილი მკითხველები ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ბიბლიოთეკაში არ შეეშვათ.
როგორც ჩანს, ისეთი ვნებათაღელვა ამტყდარა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სპეცგანცხადებაც კი გაავრცელა (სავარაუდოდ, შორტოსანთა დასაშოშმინებლად): „ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭოს არ მიუღია დადგენილება, რომელიც მისი სტუმრებისა და მკითხველების ჩაცმულობას ამა თუ იმ ფორმით შეზღუდავდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს მკითხველის ბილეთს ან სპეციალურ საშვს.“
თუმცა, სავარაუდოდ, პრინციპით – „გამგები გაიგებს“, იქვე აღინიშნა, რომ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია, მისი თანამშრომლები და მკითხველები ერთმანეთისგან მოელიან კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში საყოველთაოდ მიღებული ჩაცმულობისა და ქცევის ნორმების დაცვას.“
თუ გავიხსენებთ, რომ სულ ახლახან ბათუმის ბულვარზე ქცევის ახლებური ნორმები დაწესდა: სკამებზე უხერხულად ჯდომა და თვით ლუდის მირთმევაც კი აიკრძალა, საქმეს ისეთი პირიც უჩანს, რომ პლაჟზე საბიბლიოთეკოდ გამოწყობილები ვივლით, ბიბლიოთეკაში – საპლაჟოდ შემოსილნი (ანუ განმოსილნი).