მეხსიერებადაობებულები
გასულ კვირას საქართველოში საფრანგეთის საელჩომ ბასტილიის დღე აღნიშნა და საელჩოს ახლად გახსნილ სამყოფელში საზეიმო მიღებაც გაიმართა, რომელსაც ქართველი პატიოსანი გვამნიც ესùრებოდნენ. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ, რადგან, როგორც თავად აღნიშნეს, ჯერ ერთი, საფრანგეთი ჩვენი დიდი მეგობარი და პარტნიორია (და მერე რა, რომ საფრანგეთის ამ კონკრეტული ელჩის აზრით, ქართველებს მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსების გენოციდი მოგვიწყვია, მთავარია, მეგობარია) და, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ბასტილიის დაცემის დღეც ჩვენი ორგანული დღესასწაულია. მაგალითად, ვიკიპედიაში (მის ქართულ ვერსიაში) ვკითხულობთ: „ბასტილიის დღე – საელჩოში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღნიშნავენ ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა. ეს დღესასწაული ყოველი ფრანგის მიერ აღიქმებოდა როგორც სიმბოლო თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენების, რომელსაც ქვეყნის ჯერ კონსტიტუციურ მონარქიაში, შემდეგ კი პირველ რესპუბლიკად გაერთიანება მოჰყვა საფრანგეთის რევოლუციის დროს“.
ეს განმარტებაც მოწმობს, რომ ასეთ დღესასწაულს ვერც ჩვენი პოსტრევოლუციური სახმოხელეები თუ პოლიტიკოსები გამოაკლდებოდნენ (უწინამც მზე დაუბნელდებოდათ!), თუმცა, რაკი ყველას თავისი ისტორია და პეიზაჟიც აქვს, 14 ივლისს საქართველოსთვისაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ამ დღეს, 150 წლის წინათ, სამყაროს ვაჟა-ფშაველა მოევლინა (სამწუხაროდ, საქართველოში, რადგან, მაგალითად, თუნდაც, ფრანგად რომ დაბადებულიყო, საკითხავიც იქნებოდა, 14 ივლისს ბასტილიის დღეს აღნიშნავდნენ თუ ვაჟას დაბადებას).
როგორც უნდა იყოს, რაკი ვაჟა არ გახსენებიათ, ბუნებრივია, ნოდარ დუმბაძეს ვინღა გაიხსენებდა, სამაგიეროდ, ბასტილიის დღე აღვნიშნეთ, ევროპის ისტორიაში ეს მართლაც განსაკუთრებული ფაქტი, თანაც, ისე გულმოდგინედ, თითქოს ვაჟა არც კი დაბადებულიყო, ოღონდ, ისიცაა: „ათას ცოცხალსა ბევრჯელა ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია“ (და განა მხოლოდ „ათჯერ“?!). ზემოთქმული კი აღძრავს ეჭვს, რომ არა მხოლოდ ხმალს აქვს საქმე დასაჩივლად, ქარქაშს ვინღა ჩივის: „გორდას“სულიც დაობებია!