რატომ დარბოდა მიხეილ ჯავახიშვილი სიმწრისგან ტანსაცმელშემოხეული
დედამიწის ზურგზე ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთი, ან რამდენიმე მეტსახელი არ ერქვას. დღეს თუ არა, სიყმაწვილეში, ბავშვობაში მაინც ერქმეოდა. ასე მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე. მას მიაჩნია, რომ ენათმეცნიერები, ისტორიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები, ფსიქოლოგები, ეთიკოსები ჯერაც ვალში არიან ამ, ერთი შეხედვით, არასერიოზული საკითხის შესწავლის მიმართ.
გელა გარაყანიძე: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეული (მთავარი რედაქტორი – არნოლდ ჩიქობავა) ძალზე მშრალად განმარტავს ჩვენთვის საჭირო სიტყვას: მეტსახელი – ზედმეტი, შერქმეული სახელი. ერთტომეულია და იქნებ მეტი არცაა საჭირო – ლაკონურობაა მთავარი.
– დიდი სულხან-საბას „სიტყვის კონაში” რა ვითარებაა?
– სულხან-საბასთან ვკითხულობთ: „სახელნართაული” – „სხვა სახელი მომატებული, რომელსა მსოფლიონი უკანსაყივრად უწოდენ მეორე სახელსა.” აუცილებელია, „უკანსაყივარის” ცოდნაც – „ნართაული სახელი ცუდი”. არადა – მართალია, ზედმეტი სახელი ხშირად ადამიანის დაკნინების, მისი დამცირებისთვის არის შერქმეული, მაგრამ... არსებობს საწინააღმდეგო სურათიც, როცა მეტსახელით ადამიანი განდიდებულია.
– ეს დეტალი სულხან-საბამ არ გაითვალისწინა?
– მიჭირს გადაწყვეტილად თქმა... ძალზე საეჭვოა, თუმცა შეიძლება, ირიბად იგულისხმებოდეს ეს ფაქტი, სიტყვის „სახელნართაულა”-ს განმარტებაში – „სხვა სახელი დაირქვა”.
– სად ჩანს აქ „განდიდება”?
– თავის ცხენს ვინ მოაჭრის კუდს?!... დამაკნინებელი სახელით შეიცვალოს ვინმემ საკუთარი სახელი, ძალზე სათუოა.
„დაირქვა” – პირველი პირის ზმნა არის, თუმცა სულხან-საბა შეიძლება მესამე პირსაც გულისხმობდეს... „ინაყოფა” – ნაყოფი გამოიღო. ძნელია გარჩევა – პირველ პირთან გვაქვს საქმე, თუ მესამესთან...
„დავითიანში” არის ასეთი სტრიქონი – „ნადიყულობა განაგდო, მან დაირქო თამაზ-ხანი”... და კიდევ, ამ პოემის ბოლო ნაწილში, ავტორმა მოგვითხრო ამბავი კაცისა, რომელიც მხოლოდ ზედმეტი სახელით გაგვაცნო – „ქაცვია”.
– რადგან მწერლობაზე მიდგა საქმე, თქვენი საყვარელი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილიც არ დავივიწყოთ, რომელმაც თავის პირველივე მოთხრობას „ჩანჩურა” უწოდა და შემდეგშიც ძალზე ბევრ პერსონაჟს შეარქვა ზედმეტი სახელი.
– ზოგს თვითონ შეარქვა, როგორც ავტორმა, ზოგსაც თავისივე პერსონაჟს შეარქმევინა. მაგალითად – ჯაყო თეიმურაზს „ბრინკას” ეძახის... „ხიზნებში” გვაქვს საყურადღებო დეტალიც – ზედმეტი სახელის დარქმევის ორიგინალური ხერხი – ნაშინდრელმა ხუმარებმა ჯაყოს ბოსტნის საფრთხობელას თეიმურაზ ხევისთავი შეარქვეს!...
მაგრამ, დღეს მინდა გვიანფეოდალურ ხანაზე გავაკეთო აქცენტი. გაიხსენეთ, თუნდაც ქართლის მეფე სიმონ პირველი – „სვიმონ ხელი”.
– რომელიც მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილმა გასცა?
– სწორედ ის. „ხელი” არ გაინტერესებთ რას ნიშნავს?
– ეგ ვიღამ არ იცის! მაგ სიტყვას, ხომ შოთაც ხმარობს. ხელი „გიჟის” სინონიმი არ არის?
– „სიტყვის კონაში” ვკითხულობთ: „ხელი არს, რომელი უცნობოდ გარბოდეს და არცა თვით იგვემდეს და არცა სხვათა ავნებდეს”. თუ გავიხსენებთ, რატომ დაერქვა სიმონს „ხელი” (მწვანილის ნდომის გულისათვის ადამიანები იმსხვერპლა) – ვითომ მართლა „არცა სხვათა ავნებდეს”? ალბათ, უპრიანი იყო, მისთვის „შმაგი”, ან „შლეგი” ეწოდებინათ... რაც შეეხება „ხელს” – სწორედ ეს სიტყვა შეესაბამებოდა მიხეილ ჯავახიშვილს, როცა მან 1900 წლის იანვარში დედისა და დის გარდაცვალების ამბავი გაიგო. სიმწრისგან უთავბოლო სირბილს მოჰყვა, რის შედეგადაც ტანსაცმელი შემოეხია...
– რას იტყვით მეტსახელის შერქმევის ისეთ წესზე, როდესაც ადამიანს შეარქმევენ რომელიმე უარყოფითი ისტორიული პიროვნების სახელს? მაგალითად, ჩვენში ხშირია შემთხვევა, როცა ვინმეს შადიმანს უწოდებენ, ყველასთვის გასაგები იქნება. რომელ შადიმანსაც ვგულისხმობ.
– დიახ, ასეთი პრაქტიკა ჩვენთანაც და სხვაგანაც ძალზე გავრცელებულია. მაგრამ, ასეთ დროს მთავარია პიროვნების როლი ზუსტად იყოს განსაზღვრული ისტორიაში. არის თუ არა „შადიმანი” მოღალატე კაცის ზოგადი სახელი რეალურად – უფრო სწორად, გამოდგება თუ არა „შადიმანი” ასეთად, – ამ საკითხს თქვენის ნებართვით ამჯერად გვერდს ავუვლი...
მაგრამ, თემას არ გავექცევი და საუბარს ნაკლებ მტკივნეულ კალაპოტში გადავიყვან: როდესაც გურამიშვილი წერს, „ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერადო“ – რისი თქმა უნდოდა ამ ფრაზით?
– საყოველთაოდ მიღებული აზრით – ალბათ, ვინც გმირი არ არის, მე გმირად ვერ ვიტყვიო!
– და ვისი გმირობის ამბავს მიიჩნევს გურამიშვილი საეჭვოდ?
– კორნელი კეკელიძის მიხედვით, კახაბერი ქვეყნისთვის თავდადებული გმირის ზოგადი სახეა. იგი გიორგი ლეონიძეს იმოწმებს, რომელიც მიიჩნევდა, რომ კახაბერის შთამომავალნი გურიიდან ქართლში გადმოსულან და აქაურ მეფეთა კარზე მსახურობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ვითომ პოეტის მამიდაც კი შეურთავს....
– ბატონმა გიორგიმ ეს ვერსია ვერაფრით დაასაბუთა... უფრო შორს წავიდა ლექსიკოგრაფი ივანე გიგინეიშვილი და მიიჩნია (ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ), რომ კახაბერი – „ლეგენდარული ქართველი გმირია, განსახიერება გმირობისა, ძლიერებისა, მამულიშვილობისა და პატიოსნებისა”.
– რატომ გეეჭვებათ ეს ვერსია, რა არის აქ დაუჯერებელი?
– ქართლ-კახეთის სულიერ ცხოვრებაში ასეთი გმირი არსად, არავისთან დასტურდება – არც სიგელ-გუჯრებში, არც მხატვრულ ნაწერებში, არც ფოლკლორში... არსად.
ამ დროს, საყოველთაოდ ცნობილია და არავინ არ დავობს იმ ფაქტზე, რომ კახაბერ ყორღანაშვილი იყო მოღალატე!
იქნებ კახაბერი მოღალატე კაცის ზოგადი სახეა? რატომ არ არის ეს ვერსია გასათვალიწინებელი? მით უმეტეს, ყორღანაშვილამდეც და მის შემდეგაც ბევრ მოღალატეს სწორედ კახაბერი ერქვა.
– ზედმეტი სახელი ყოველთვის ობიექტურად ასახავს პიროვნების ბიოგრაფიის ამა თუ იმ დეტალს?
– რასაკვირველია, არა. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მეტსახელი ცალკეული პიროვნების უმნიშვნელო, ცხოვრებისეული, ყოფითი ნიუანსის ამსახველია.
– მაშინ, რაღა აუცილებელია ამ თემის ირგვლივ გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა?
– მეტსახელი მარტო იმას კი არ ახასიათებს, ვისაც შეარქვეს, არამედ იმასაც, ვინც შეარქვა!
– ის მწერლები უკვე ვახსენეთ, ვინც მეტსახელებით იყო გატაცებული (გურამიშვილი, ჯავახიშვილი), მეცნიერებიდან, მაგალითად, ისტორიკოსებიდან, არავინ იყო ისეთი, ვინც ამ საკითხს სათანადო პატივს მიაგებდა?
– ასეთად მივიჩნევ ცნობილ ისტორიკოსს მაქსიმე ბერძნიშვილს. მის შრომებში ეს თემა, ზოგიერთი მკვლევრისგან განსხვავებით, არათუ მიჩქმალული, არამედ წინ არის წამოწეული.
– მაინც რომელ პიროვნებათა მეტსახელებზე აკეთებს მეცნიერი აქცენტს?
– ბერძნიშვილი ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეებს იკვლევდა და ამ ხანის პერსონებიდან თითქმის არავის დაუკარგა მეტსახელი, ზოგს კი ასეთი რამდენიმე ჰქონდა.
– მაინც, კონკრეტულად ვის? ვისაც ბევრი მეტსახელი ჰქონდა მათით დაიწყეთ ჩამოთვლა. თანაც, კარგი იქნება, მეტსახელი და ფსევდონიმი ერთმანეთში არ ავურიოთ. ვფიქრობ, დამეთანხმებით, ფსევდონიმი მეტსახელისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობისაა.
– დამოუკიდებელია, რასაკვირველია. ფსევდონიმს პიროვნება თავად ირჩევს, მეტსახელს კი მას სხვები არქმევენ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ადამიანმა შეიძლება მეტსახელიც თვითონ დაირქვას!
ვიწყებ ჩამოთვლას და ერთ საყოველთაოდ ცნობილ და გაზიარებულ შტრიხსაც გაგახსენებთ: ხშირად ადამიანებს მეტსახელს არქმევენ, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მეორე, მსგავსი გვარ-სახელის მქონე ადამიანისგან ადვილად გაარჩიონ...
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში რამდენიმე გიორგი ერისთავი ცხოვრობდა. ხუთი მათგანი ძალიან ცნობილი იყო. ჩვენ კი მხოლოდ სამ ქსნის ერისთავზე შევჩერდებით. ამდენად, ერთმანეთისგან გასარჩევად მეტსახელის შერქმევა აუცილებელიც გახდა!
გიორგი იესეს ძეს – ინფანტერიის გენერალს, ერეკლე მეორის შვილიშვილის, გაიანეს ქმარს, ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერს ეძახდნენ „დიდ კნიაზს”, „ტავრიჩესკის”, „ჰერი-ჰას”, „ბატუშკას”, „სენატორს”.
– ამ ხუთიდან „ტავრიჩესკის” გარდა, ყველა ადვილად უნდა იშიფრებოდეს.
– გენერალ ერისთავს თავრიზის აღებაში ლომის წილი ედო...
კავალერიის გენერალი გახლდათ გიორგი რევაზის ძე, კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი, მეტსახელადაც „ატამანს” ეძახდნენ.
გიორგი დავითის ძე ცნობილი საზოგადო მოღვაწეა – ავტორი კომედიისა „გაყრა”, ჟურნალ „ცისკრის” დამაარსებელი, აქტიური მონაწილე 1832 წლის შეთქმულებისა, ეკატერინე ჭავჭავაძის ნათესავი და მისი ტრფიალი...
– როგორი ნათესავები იყვნენ?
– გიორგი ერისთავის, ანუ „გლუხარიჩის” ბებია – მამის დედა და ეკატერინეს პაპა – დედის მამა, ალალი და-ძმა გახლდათ – მარიამ და იოანე ორბელიანები.
– კიდევ რომელ მეტსახელებს იცნობდა ისტორიკოსი მაქსიმე ბერძნიშვილი?
– ამ დროს ძალზე ბევრ პიროვნებას ერქვა მეტსახელი: ალექსანდრე ორბელიანს – „პუპლია”, გრიგოლ ორბელიანს – „კურკა”, დიმიტრი ორბელიანს (თეკლეს ვაჟს) – „პაჭონე“, მამუკა ორბელიანს – „ბუიოლა”, მიხეილ ჯავახიშვილს – „პრუწუნე”, ეფრემ ალექსი-მესხიშვილს – „კარაპეტა მღვდელი”, ზაალ ანდრონიკაშვილს – „კუზიანი”, ელიზბარ ერისთავს – „მელექსე”...
დადგენილია, რომ მეტსახელი არასოდეს ტოვებს პიროვნებას გულგრილს. თუ კაცს თავისი მეტსახელი ესიმპათიურება, ყოველნაირად ეცდება, მის გამართლებას. საწინააღმდეგო შემთხვევაში – პიროვნებას უჩნდება მძაფრი მოტივაცია, მის მიმართ გამოჩენილი ტენდენციურობა, უსამართლობა, თვალსაჩინო გახადოს.