სად მოხდა სომეხი არქიეპისკოპოსის, მინასის მართლმადიდებლობაზე მოქცევა და რომელი ქართველი მონაწილეობდა ამ ცერემონიალში
მღვდელმთავარი, მოგზაური, მწერალი, ფილოსოფოსი, ლიტერატორი, დოპლომატი – ტიმოთე გაბაშვილი მეთვრამეტე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს:
– ტიმოთე გაბაშვილი სავარაუდოდ, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულსაა დაბადებული ქართლში. 1729 წლამდე, ის დავით გარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ლავრაში მოღვაწეობდა, სადაც ბესარიონ ორბელიშვილს დაუახლოვდა, რომელიც მწვავე ანტიმწვალებლური ტრაქტატის, „გრდემლის” ავტორია. ბესარიონი, 1730 წელს ქართლის კათალიკოსად აკურთხეს; ამავე დროს, ტიმოთეც ტოვებს წმიდა დავითის ლავრას და იმერეთში გადადის.
– როგორ გრძელდება მისი ცხოვრება იმერეთში?
– რამდენიმე მწირი ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ იმერეთში ჩასვლიდან ძალიან მალევე, ტიმოთე ქუთათელ მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. ტიმოთეს ადრევე მიუქცევია იმერეთის მეფის, ალექსანდრე მეხუთის ყურადღება.
ალექსანდრე მეხუთე ვახტანგ მეექვსის კარზე იზრდებოდა და შესაძლოა, ტიმოთე მას უკვე ქართლშიც ჰყავდა გაცნობილი. ალექსანდრე მეხუთე ორმაგ დიპლომატიურ თამაშს ეწეოდა: ოსმალების მიმართ მაქსიმალურად მაამებლური პოლიტიკის გატარებასთან ერთად, ვახტანგ მეექვსის უშუალო მხარდაჭერით, მას რუსეთთანაც დაუმყარებია დიპლომატიური კავშირი.
ჩვენი ვარაუდით, ტიმოთემ სწორედ იმიტომ მიაშურა იმერეთს, რომ მეფე ალექსანდრესთან, მას ადრევე ჰქონდა კავშირი და ახლა მისი მოწვევის საფუძველზე, აღმოჩნდა თურქთაგან განადგურებული საქუთათლოს კათედრაზე. ამას მოწმობს როგორც მისი სწარაფი დაწინაურება ქუთათელ მიტროპოლიტად, ასევე ისიც, რომ რუსეთში მნიშვნელოვანი მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე მეხუთემ სწორედ ტიმოთე ამოარჩია. ტიმოთე, რუსეთის ოფიციალურ პირებთან მიმოწერაში არაერთხელ ახსენებს იმ ფაქტს, რომ მას, გარდა წერილობითი გზავნილებისა, იმერეთის მეფისგან საიდუმლო ზეპირი დავალებაც ჰქონდა. ასეთ დავალებებს კი, მეფე ახლად გაცნობილ პირებს არ ანდობდა.
1737 წელს, შანშე ქსნის ერისთავთან ერთად, ტიმოთე რუსეთს მიემგზავრება. ტიმოთემ, რუსეთის იმპერატორ ანა იოვანეს ასულს, ალექსანდრე მეხუთის სათხოვარი წერილი წაუღო და სათხოვარს დასავლეთ საქართველოს საინტერესო რუკაც დაურთო. ამ რუკაზე, დაწვრილებითაა აღნიშნული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძვირფასი ლითონებისა და სხვა წიაღისეულის საბადოები, ოსმალთა ჯარის განლაგების პუნქტები და რაოდენობა. ამასთანავე, ზედ დატანილია ეკლესია-მონასტრები. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რუკა თვით ტიმოთე გაბაშვილის შექმნილია. რუკის ასლი, თავის დროზე, რუსეთში საფრანგეთის კონსულს, გამბას პარიზშიც უნახავს.
– როგორ განვითარდა ტიმოთე გაბაშვილის ვიზიტი რუსეთში?
– 1738 წელს ჩავიდა ტიმოთე პეტერბურგში. მან სხვა დიპლომატიურ საქმეებთან ერთად, წირვის აღსრულების უფლებაც მოითხოვა. მართლაც, თხოვნის პასუხად, ტიმოთეს ნება დაერთო ვასილის კუნძულზე, ანდრია პირველწოდებულის ტაძარში აღესრულებინა მღვდელმსახურება. ამავე ეკლესიაში, მას რუსი დიაკვანი, დოროფეევი მღვდლად ხელდაუსხამს. მომდევნო წლებში ტიმოთე გაბაშვილი პეტერბურგშია და სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს. პირიქით, რუსეთის მთავრობას ნებართვას სთხოვს, იმერეთში რთული ვითარების გამო, კარგა ხანს დარჩეს რუსეთში.
– მიიღო ნებართვა რუსეთში დარჩენაზე?
– გაიცა უმაღლესი განკარგულება ტიმოთესთვის საცხოვრებელ ადგილად, მოსკოვის დონის მონასტერი გამოეყოთ. თუმცა, ამ შემოთავაზებაზე, ტიმოთე სასტიკ უარს აცხადებს და მზად არის, დაუყოვნებლივ იმერეთში დაბრუნდეს.
– რატომ?
– საქმე ის არის, რომ მოსკოვის დონის მონასტერში, იმ დროისთვის, ვახტანგ მეექვსის შთამომავლები ცხოვრობდნენ; ტიმოთემ კი, მათ წინააღმდეგ ალექსანდრე მეხუთის წაქეზებით, საქმე აღძრა. ამის გამო, ცხადია, მათთან ცხოვრება ტიმოთეს არანაირად არ აწყობდა. თავის მხრივ, როდესაც რუსეთის სინოდი და საგარეო საქმეთა კოლეგია, ასეთ განკარგულებას გასცემდა, თითქოს დასცინოდა იმერეთის მეფის ელჩს. ტიმოთე მართლაც უკან, იმერეთისკენ გამოემგზავრა. ალექსანდრეს – იმერთა მეფეს რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ „ოქროს ფარჩა” და „სიასამურის ბეწვეული” გამოუგზავნა, სხვა სერიოზულ სათხოვარზე კი (ჯარით დახმარება, ყოველწლიური სარგოს დაწესება და ასე შემდეგ), დიპლომატიური უარი შეუთვალა. სამშობლოში გამომგზავრებამდე, ტიმოთე მოსკოვს ეწვია. ფრაგმენტული ცნობის საფუძველზე, ცხადი ხდება, რომ კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, მას სხვებთან ერთად, მონაწილეობა მიუღია სომეხი არქიეპისკოპოსის – მინასის მართლმადიდებლობაზე მოქცევის საეკლესიო ცერემონიალში.
ამის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში ტიმოთეს ბიოგრაფიაში ერთგვარი სიცარიელეა. მის პირად წერილებში რუსეთის ოფიციალური პირებისადმი (მიმართვა ყიზლარის ციხის კომენდანტს, წერილი საგარეო საქმეთა კოლეგიას, თხოვნა წმიდა სინოდს), ტიმოთე თავის ბიოგრაფიას 1740-1762 წლებში საკმაოდ განსხვავებულად და არაზუსტად აღწერს. ამ მიმართვებიდან ისე ჩანს, რომ ის სამშობლოში არ დაბრუნებულა და ყიზლარის მახლობლად, ჩერქეზებთან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, პირდაპირ იერუსალიმს და ათონზე გაემგზავრა. სხვა საბუთებიდან ირკვევა, რომ 1742-1749 წლებში ტიმოთე იმერეთშია და ქუთათელის ტახტზე ზის. სავარაუდოდ, 1749 წელს, ოსმალთა მომძლავრების გამო, ის ტოვებს იმერეთს და ქართლში გადადის. იქ ის ერთხანს, ეპარქიის გარეშეა დარჩენილი. 1749 წელს ანტონ პირველი კათალიკოსი, ტიმოთეს ბოლნისის გაჩანაგებული და გაუქმებული ეპარქიის ღალასა და კულუხს უბოძებს. ამ დრომდე, იგი კვლავ ქუთათელი მიტროპოლიტის წოდებას ატარებს. 1753 წლიდან კი, ტიმოთე უკვე თავის თავს „გორისა და სამთავროს მიტროპოლიტს“ უწოდებს. 1753 წლის 30 მაისის ერთ საბუთშიც ტიმოთეს „ქუთათელ მიტროპოლიტყოფილი, ქართლის მთავარეპისკოპოსი” ეწოდება.
1755 წელს, ტიმოთე გაბაშვილი ერეკლე მეორისა და თეიმურაზ მეორის პირადი დავალებით, წმიდა მიწისა და ათონის მოსალოცად მიემგზავრება. გარდა იმისა, რომ ტიმოთე სარწმუნოებრივი მიზნებისთვის იღწვის, ანუ მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია იერუსალიმისა და ათონის მთის ყველა ქრისტიანისათვის სათაყვანო წმიდა ადგილების მონახულება და მოლოცვა, მას გარკვეული დიპლომატიური დავალებებიც ჰქონია. ამ საქმეში ტიმოთეს დიდ დახმარებას უწევდა ენების ცოდნა. მაგალითად, მან ძალიან კარგად იცოდა თურქული, მეტ-ნაკლებად: რუსული, სომხური და ბერძნული ენები. ტიმოთემ ოსმალეთი სხვადასხვა მიმართულებით გადასერა, კონსტანტინოპოლში კი, შვიდი თვე დარჩა. გზაში, წმიდა ადგილების გარდა, ის დაწვრილებით აღწერს და ინიშნავს გზებს, ქალაქებს, ციხე-სიმაგრეებს, ნავსადგურებს, წიაღისეულის საბადოებს... მას აინტერესებს ქართული კვალიც და თუ სადმე, ამ მხრივ საინტერესოს წააწყდება, საგანგებოდ აღნიშნავს. სწორედ დიპლომატიური ცნობები გადასცა ტიმოთემ სტამბულში ქართველებს (სოფ. ალიდან). ამ გზით, ჯერ კიდევ მოგზაურობის დამთავრებამდე, ზეპირი გზავნილი მიაწვდინა ერეკლესა და თეიმურაზს. 1755 წელსვე, ის ათონის წმიდა მთაზეც მისულა. ტიმოთემ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში ბევრი ისეთი ფრესკა აღწერა და შეძლებისდაგვარად გადმოიხატა, რომლებიც შემდგომში, არც ერთ მოგზაურს აღარ უნახავს. მათ შორის, შეიძლება დასახელდეს: მირიან მეფის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მეფის პორტრეტები. ტიმოთემ ამ მოგზაურობის ვრცელი და ძალიან საინტერესო აღწერილობა დაგვიტოვა, რომელსაც „მიმოსლვა” ეწოდება.
– ამის შემდეგ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება?
– 1759 წელს ტიმოთე ქართლში ბრუნდება. სამწუხაროდ, ცნობები მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ არ მოგვეპოვება. ქართლში მას არეული სიტუაცია დახვდა. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის გარშემო გაურკვეველი სიტუაცია სუფევდა. ანტონი იძულებული შეიქნა, საქართველოდან გადახვეწილიყო. ტიმოთე, თავის მოგზაურობის ბოლო ნაწილში, საერთოდ არაფერს ამბობს ქართლში შექმნილი სიტუაციის შესახებ, რაც აშკარად გამიზნულადაა გაკეთებული, რათა თავი აარიდოს გაუგებრობებს. როგორც ჩანს, ქართლში არეული სიტუაციის გამო, რის შესახებაც მან ათონზევე შეიტყო, ტიმოთეს ათონის ივერიის მონასტერში ბერად აღკვეცაც და სქემ-მონაზვნობაც გადაუწყვეტია, მაგრამ შემდეგ, იერუსალიმში ჩასულს გადაუფიქრებია.
ქართლში ტიმოთეს ეპარქია აღარ დაუბრუნეს და ის იძულებულია, კვლავ, როგორც მოღვაწეობის დასაწყისში, დავით გარეჯის ლავრას შეაფაროს თავი. ორიოდე წლის შემდეგ ტიმოთე გაბაშვილი, ამჯერად უკვე საბოლოოდ, ტოვებს საქართველოს და რუსეთს მიემგზავრება. იგი ყიზლარში ჩადის და მოხსენებით ბარათებს გზავნის რუსეთის სახელმწიფო მოხელეებთან და ოფიციალურ დაწესებულებებში. მომდევნო წელს რუსეთის მმართველებმა მას ნება დართეს ასტრახანში ეცხოვრა და ემოღვაწა. მალე ტიმოთეს და მის თანმხლებ პირებს, რუსეთის სინოდი გარკვეულ ჯამაგირსაც უნიშნავს. სინოდისთვის მირთმეულ ახალ განცხადებაში, ტიმოთე ჩივის ასტრახანის ჰავის მავნებლობაზე და თავის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაზე. საქართველოდან განდევნილი მიტროპოლიტი ითხოვს, ნება მისცენ, სადმე სხვაგან იცხოვროს.
– გაითვალისწინეს მისი ჩივილი ამჯერად?
– 1764 წლის ივლისში, რუსეთის სინოდი მართლაც რთავს ნებას ტიმოთე გაბაშვილს მოსკოვში გადასახლდეს; მაგრამ იმავე წლის ივლისის ბოლოს, ტიმოთე გარდაიცვალა და 29 ივლისს (ძველი სტილით) ასტრახანის მიძინების ტაძარში დაკრძალეს მრავალი ქართველი საეკლესიო თუ საერო პირის გვერდით. ასე დასრულდა ამ მრავალტანჯული და მრავლისმნახველი მიტროპოლიტის ხორციელი ცხოვრება...