რა ფობია დააძლევინა ნანუკა ჟორჟოლიანმა მეუღლეს და როგორ ატარებს ის თბილისის ზღვაზე საღამოებს
„ნანუკას შოუ” საზაფხულო მარათონს შეუდგა და სეზონის ბოლო გადაცემაზე მაყურებელს ანაკლიაში შეხვდება. გასვლითმა ტურმა, ნანუკა ჟორჟოლიანი წარსულში დააბრუნა, როცა ის აქტიურ ჟურნალისტიკაში იყო და ცხოვრების ყველაზე აქტიური რეჟიმი ჰქონდა. ახლა გადაღებებს შორის, თბილისის ზღვაზე „დაბანაკდა”, სადაც ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყველაზე უკეთ გრძნობს და იმ სურვილის ასრულების მოლოდინშია, რაზეც უკვე დიდი ხანია, ოცნებობს.
– ნანუკა „ნანუკას შოუ” რეგიონებს „შეესია,” შესაბამისად, ცხელ ზაფხულს საინტერესოდ და გრილად ატარებ?
– „ნანუკას შოუმ” გასვლითი ტური დაიწყო, შესაბამისად, მეც ხან სად ვარ და ხან – სად. თუმცა, საფუძვლიანად მაინც თბილისის ზღვაზე ვარ დაბანაკებული, სადაც ძალიან კარგად ვირუჯები და კარგადაც ვისვენებ. თუმცა, ამას, ალბათ, დასვენება არც ჰქვია. ერთ დღეს ქუთაისში რომ წავედი, უკან ღამით გვიან ჩამოვედი. მეორე დღეს წავედი ლოპოტაზე, სადაც ორი დღე დავრჩი. იქიდანაც გვიან ღამით დავბრუნდი და მეორე დილითვე წავედი ბათუმში. იქიდან რომ ჩამოვედი და ისევ ქუთაისში მომიწია წასვლა, მივხვდი, რომ „ნანუკას შოუ” ცოტა ხანს შვებულებაში რომ არ გავიდეს, ცუდად იქნება ჩემი საქმე (იცინის). ამის მიუხედავად, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია. ყველა გასვლას ძალიან კარგი შთაბეჭდილებები ახლავს თან. გადაღებებს მოსდევს ძალიან ლამაზი საღამოები, იმ კუთხის დამახასიათებელი იუმორითა და ქეიფით. ეს, არაფორმალური მხარე ძალიან ეგზოტიკური და კარგია. იქ მეც ძალიან გახსნილი ვარ, გადაცემაში მაინც თავს ვიკავებ, რომ ვინმემ არ თქვას, ეს ვერ არისო (იცინის). რეგიონში, ქუჩაში ვხვდები ადამიანებს, რომელთაგანაც პირდაპირ, დაფარვისა და შელამაზების გარეშე ვიგებ, რა მოსწონთ და რა – არა. ისინი ყოველგვარი „პეროს”, შელამაზების გარეშე გულწრფელად მეუბნებიან სათქმელს. ამისი პოვნა თბილისში ძალიან ძნელია. მომავალ წელს ნანუკა უფრო ხშირად გავა სტუდიიდან, ამიტომაც მივმართავ ტურისტულ სააგენტოებს, რიგში ჩამწკრივდნენ, რისი გაფიარება სურთ (იცინის).
– ერთი ტურისტული კომპანიის გაკეთება არ გაწყენდა, მშვენიერი ბიზნესია.
– კი, ნამდვილად ასეა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, რომელიმე ტურისტულმა კომპანიამ ფიარში ამიყვანოს, მათთვის იდეებს „მოვჟოშკავ”. თან, რა გეგმები მაქვს? მომავალ წელს, ზამთარში აუცილებლად წავალ სვანეთში. არ მინახავს ხევსურეთი, ფშავი, არ ვყოფილვარ ახალციხე-ადიგენის მხარეს და ძალიან მაინტერესებს. არ მესმის, რატომ უნდა წახვიდე, სადღაც შორს, როცა აქ ამდენი ლამაზი ადგილი გვაქვს. ისე მომწონს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სიარული, მეშინია, საერთოდ არ გადავიფიქრო სტუდიაში შესვლა (იცინის). ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, სამსახურში ხუმრობდნენ: არა უშავს, როგორც კი გავა სტუდიიდან, მაშინვე მოვა ხასიათზეო. მართლაც ასე მოხდა. ასეთი რეჟიმით წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, საველე პირობებში გამოწრთობილი ჟურნალისტი ვარ და თითქოს ჩემს ამპლუაში დავბრუნდი.
– საფინალო შოუ ისეთი პომპეზური იქნება, როგორიც შარშან ბათუმში იყო?
– თემა იქნება პომპეზური, რადგან სეზონის ბოლო გადაცემა ეძღვნება აფხაზეთს. გადაცემას ეყოლება ორი წამყვანი – ნანუკა და ლია მიქაძე, ჟურნალისტი, რომელსაც კარგად ახსოვს აფხაზეთი. მე, სამწუხაროდ, აფხაზეთს ვერ მოვესწარი, ძალიან პატარა ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს იქაურობა. მე არ მაქვს უფლება აფხაზებს ვუთხრა, რა კარგი იყო მანდ-მეთქი, ეს ჩემგან ფარსი იქნება. ამას კი ჩემს გადაცემაში არ გავაპარებ, „ნანუკას შოუს” გულახდილობის „სამარკო ნიშანს“ არ დავუკარგავ. ამიტომაც, დამეხმარება ლია მიქაძე. მას აქვს უფლება აფხაზებს მიმართოს და პირველ პირში ელაპარაკოს. გადაცემის ჩაწერა მოხდება ანაკლიაში, რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთიდან. გადაცემაში არ იქნება მილიტარისტული ტონი, არც ერთი ომის კადრი, არც ერთი ცრემლი. ყველა დევნილს გავახსენებ ქალაქს, რომელიც დატოვეს, ისევე როგორც აფხაზებს გავახსენებ, რომ არსებობს ათასობით ადამიანი, ვისაც უკან დაბრუნება ეკუთვნის. აფხაზებთან მიმართვის ფორმა იქნება თბილი და აუცილებლად ვიტყვით მთავარ სათქმელს: „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ.” გადაცემაში იქნება ბევრი სიურპრიზი, იმღერებენ მეგრულად, აფხაზურად. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვა დიანა ღურწკაია. ყველა სტუმარი აუცილებლად უკავშირდება აფხაზეთს სხვადასხვა ფორმით. ამ გადაცემისთვის მე სპეციალურად ჩავწერე სიმღერა ბექა ჩხაიძესთან ერთად.
– შენ უკვე ძალიან ფართო აუდიტორიის წინაშე ამღერდი.
– მე უკვე ვიმღერე ორჯერ ჩემს გადაცემაში, და რადგან ეს მაყურებელმა მაპატია, მეც გავთავხედდი (იცინის). ამას წინათ მარინა ბერიძემ მითხრა: ისე კარგად აკეთებ შენს საქმეს, არ დაგინახო სცენაზე ამოსულიო. მე გავეხუმრე: თუ ფილარმონიის დიდ დარბაზში სცენაზე არ გიმღერო, ნახავ ამას-მეთქი (იცინის) სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამას არ ვაპირებ, სხვისი არ მიყვარს, სცენაზე რომ ერთხელ ავლენ და მერე იქიდან ვეღარ ჩამოჰყავთ. მაყურებელს ჩემი სიმღერა არ გაუკვირდება, სადაც ილიკო სუხიშვილს ვუთხარი: „ხორუმი“ მასწავლე-მეთქი, როგორმე ვიმღერებ კიდეც.
– ამ გასვლით ტურებში მეუღლეც აიყოლიე?
– არა, ჩემმა ქმარმა ფეხი არ ამიწყო. მეუბნება, რომ არ სცალია. უცხოეთშიც ვერ წამომყვა – მექსიკაში საერთოდ ვერ წამოვიდა, ეგვიპტეში კი ბოლო სამი დღე ჩამოგვაკითხა მხოლოდ. მარტო, ქმრის გარეშე ყოფნა, როცა საქმეს ვაკეთებ, გაცილებით კარგია. ეს უფრო მეტად მაგონებს ძველ ჟურნალისტიკას, როცა ვიყავი მარტო და ბოლომდე თავისუფალი. სულ რომ ვეხვეწო, ჩემთან ერთად იარე-მეთქი, მაინც ვერ დავიყოლიებ, ის თავის საქმეს აკეთებს, მე – ჩემსას და მგონი, ეს არც ერთს არ გამოგვდის ცუდად. აგვისტოში მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებას ავისრულებ, ვიზა უკვე ავიღე და მე და ჩემი მეუღლე 10 დღით ნიუ-იორკში მივდივართ. თან, მივდივართ მარტოები, ყველას გარეშე. ეს იშვიათად ხდება, როცა პირველად მე და ირაკლი თურქეთში ვიყავით, 32 ადამიანი ვისვენებდით მაშინ ერთად. ზაფხულში ზღვაზე მეგობრებთან ერთად კარგია, მაგრამ ამერიკაში მარტო მინდა, ვიყო ჩემს ქმართან ერთად. იქ იმისთვის მივდივარ, რომ ქუჩაში ფეხით გავიარო. ამერიკაში დამხვდება ჩემი ახლო მეგობარი, რომელსაც ვთხოვ, ცოტა ხნით გიდობა გამიწიოს. როცა სასწავლებლად მივდიოდი უცხოეთში, მაშინაც მინდოდა ამერიკაში წასვლა. მამაჩემი ამბობდა: ნანუკა ამერიკაში რომ გავუშვათ, სულ გადაირევა, ლონდონი მაინც კონსერვატორული ქალაქია, ეგებ, ცოტა ჩამოყალიბდესო. ეტყობა, ეგონა, რომ სამეფო ჰაერი ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედებდა (იცინის). როცა ლონდონიდან ჩამოვედი, მეცვა ბოლომდე დახეული ჯინსი და მაისური ძალიან უწმაწური წარწერით. მამამ შემომხედა და თქვა: ეს ლონდონიდან ასე ჩამოვიდა და მიხვდით, ამერიკაში რომ გაგვეშვა, იქიდან როგორი ჩამოვიდოდაო? ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, როგორ ვოცნებობდი ნიუ-იორკში წასვლაზე. ყველას უკვირდა, რომ ეს ოცნება აქამდე ვერ ავისრულე. თქვენ წარმოიდგინეთ, არც მაშინ გამიმართლა, როცა აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი. თუმცა ჩინეთშიც კი მოვხვდი. რაღაცნაირად ეს ვერც მერე მოვახერხე. ჯერ ერთი, ირაკლის ფრენის დისკომფორტი აქვს, ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, ნიუ-იორკში, ასე შორს გაფრენაზე დამეყოლიებინა. ირაკლის ფრენის ფობია აქვს, რაღაცის მასაც ხომ უნდა ეშინოდეს (იცინის)?
– თბილისის ზღვაზე დავბანაკდიო, მითხარი, რატომ?
– ეს მამაჩემის წამოწყება იყო. მან გადაწყვიტა, იქ იცხოვროს, სადაც ცოტა ხალხია. მეც მომწონს იქ ყოფნა, ერთდროულად ლოპოტაც მაქვს და ზღვაც (იცინის). ზაფხული ჩემი სეზონია, ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ და ზღვას არაფერი მირჩევნია, ოღონდ ჩემი და ზღვის მეგობრობა მხოლოდ რუჯით გამოიხატება. ძალიან არასპორტული ვარ – საერთოდ არ ვცურავ. რამდენიმე მცდელობა მქონდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თბილისის ზღვა რუჯისთვისაც მყოფნის, თან, პარალელურად, სახლში ვარ და ესეც ძალიან მსიამოვნებს. საერთოდ, აქტიური ადამიანები ძალიან სახლის ტიპები ვართ. თუ წვიმაა, ძალიან „სახლური” ვხდები. წელს ისე დაემთხვა, რომ იმ სახლში ყველა ერთად ვართ – მე, ჩემი ძმა, ჩვენი შვილები, ირაკლის შვილები. როცა სახლში 22 ბავშვია, მშვიდად როგორ ვიქნები, მაგრამ ოჯახური გარემო ჩემზე კარგად მოქმედებს. საღამოობით მეგობრები ამოდიან „ჯოკერსაც“ ვთამაშობთ, „დურაკასაც“ და მუნჯობასაც. მუნჯურად ვხსნით ცნობილ ადამიანებს, რითიც კარგად ვხალისობთ და ვერთობით.
– სტუმრებს შენ უმასპინძლდები?
– ო, ეს ჩემი სუსტი წერტილია. იმ ადამიანთა რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები, ვინც ამბობს: კვერცხსაც ვერ ვწვავო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, სახლში წინსაფარაფარებული ვტრიალებ-მეთქი. სტუმრებისთვის ცოტა ცუდი მასპინძელი ვარ. ხშირად ვეუბნები ახლობელ სტუმრებს: ყავა შენ თვითონ დაისხი, მეგობრებშიც დემოკრატი ვარ და სახლშიც (იცინის). სახლში სულ მინდა, რომ საბას მე თვითონ ვაჭამო. შინაგანი მოთხოვნილება მაქვს ასეთი. ვერ ვიტყვი, რომ საბაზე მზრუნველობა განსაკუთრებით გამომდის. ყოველთვის მახსენდება, რომ იქვეა მარიამი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაკლდი. ალბათ, ამიტომაც მარიამზე სხვა ემოციები მაქვს. საბა კი, ძალიან თბილია, პატარა და მაზალო. ახლა მარიამი უფრო მეტად მითხოვს, ვიდრე – საბა. მინდოდა, მარიამის სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნა, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, რაღაცეებს უნდა გადავხედო. ოჯახში, სადაც ბავშვებია, არსებობს ვალდებულებები და შესაბამისად, უამრავი ყოფითი საკითხია მოსაგვარებელი. არც ისეა ცხოვრება, როგორც ეს ერთი შეხედვით ლამაზად და მარტივად მოჩანს გარედან. (იცინის).