„ნიკიტა მოდელსის“ პრეზენტაციაზე მოდელები პირდაპირ ბანერებიდან გადმოვიდნენ
ქართველი მამაკაცების საოცნებო, საყვარელი ადგილი დედამიწაზე კიევი და უკრაინაა. ცოლები, შეყვარებულები თუ მეგობარი გოგოები დაღლილები ვართ ჩვენი ძვირფასი მეორე ნახევრებისა თუ თაყვანისმცემლებისგან მათ ზღაპრულ სილამაზეზე, წარმოუდგენლად მაღალ ფეხებსა და მოქნილ სხეულებზე საუბრით. „შენი ქმარი კიევში მიდის?!” – ამ კითხვას განაჩენის ფასი ჰქონდა ჩვენთვის. „გეშინოდეთ, ქართველო გოგონებო – კიევი თბილისში თვითონ, პირდაპირ ბანერებიდან ჩამოვიდა!“ მთელი ეს მონოლოგი ხუმრობანარევი სიმართლე იყო, თუმცა, ულამაზეს, ახლად გაკეთებულ რიყის პარკში უკრაინელ მზეთუნახავებს ტოლს არც ქართველი მოდელები უდებდნენ.
7 ივლისს, ცხელი ზაფხულის ამ საღამოს, მშვიდობის ხიდზე გადავედი და წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: გრძელი, ნარინჯისფერი ხალიჩა, ორი უდიდესი სტენდი ფოტოებისთვის, მაღალი მაგიდები და ძალიან ბევრი ცნობილი, გამოპრანჭული ადამიანი. ამ გრანდიოზული, გლამურული შეკრების ერთადერთი მიზეზი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო „ნიკიტა მოდელსის” ქართულ ბაზარზე შემოსვლა იყო. ამ დღისთვის საქართველოში პირველად დაიგო ოცდაათმეტრიანი პოდიუმი და აიგო უზარმაზარი განათებების კონსტრუქცია.
„ნიკიტა მოდელსი” საერთაშორისო სამოდელო სააგენტოა და ამ დროისთვის აქვს ფილიალები არა მარტო უკრაინასა და საქართველოში, არამედ, ბარსელონასა და ჰონკონგში. უახლოეს მომავალში კი ამ სიას მონრეალიც შემოუერთდება. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით ორას ორმოცდაათზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამავე სააგენტოს მოდელია ისეთი პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის სახე, როგორიცაა „იაგუარი”, მოქმედი „მის უკრაინა” და „მის კიევი”. სააგენტოს ხელმძღვანელები, რომლებთან გასაუბრებაც მოვახერხეთ, დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოდან მსოფლიოს პოდიუმებისკენ ძალიან ბევრ ქართველ მოდელს გაუკვალავენ გზას.
სააგენტოს პრეზენტაცია თბილისის მერის, „შერატონ მეტეხი პალასის”, „ალ ჰამრას”, „ბარამბოს”, „ბერტას” „პეპსის”, „თბილღვინოს”, „აფთაუნ თბილისის”, „რაკიინ დეველოპმენტის”, „რაკიას”, „აბსორბას”, „ჟან ბურჟესა” და „რეგიონ ტივის” მხარდაჭერით გაიმართა. საღამო ულამაზეს ალინა არველაძესა და მსახიობსა და შოუმენ გიორგი დევაძეს მიჰყავდათ. პრეზენტაციის გახსნის დროს ალინას პირველი წინადადება ეს იყო: ჩემი პირველი სამშობლოდან ულამაზესი გოგონები ჩამოვიდნენ. სპეციალურად პრეზენტაციისთვის თბილისს ეწვივნენ უკრაინელი ტოპ-მოდელები, დიზაინერი ოლეგ სკირდა და ირა კრასილნიკოვა, რომლებმაც საკუთარი კოლექციები წარმოადგინეს.
მცირეხნიანი დაგვიანების შემდეგ, საღამო „ნიკიტა მოდელსის” პატარა მოდელებმა გახსნეს. უსაყვარლესი გოგოები და ბიჭები ფეხშიშველები წარმოადგენდნენ „აბსორბას“, „ჟან პოლ გოტიეს“, „კენზოსა“ და „ჟან ბურჟეს“ ულამაზეს სამოსს და მაყურებელთა დიდი ოვაციებიც დაიმსახურეს. ამის შემდეგ პოდიუმზე შავ, მოკლე, ერთნაირ კაბებში გამოვიდნენ უკრაინელი ტოპ-მოდელები. მათ გაამართლეს საღამოს მთავარი სლოგანი – „მოვდივართ თქვენთან ბანერებიდან!” უზარმაზარი ბანერი გაიხა და იქიდან საოცარი სილამაზის გოგონა გადმოვიდა. მომდევნო მოდელებმა ბანერი მთლიანად დახიეს და მათ თითოეულ ჟესტს საოცარი ოვაციები მოჰყვებოდა. მამაკაცები ტაშს ვეღარ უკრავდნენ, ის კი არა, ფოტოგრაფ ბიჭებს აპარატები ხელიდან გაუცვივდათ. მოდელები ჩვენთვის ცოტა უცხოდ, ძალიან მხიარულად მოგვესალმენ, ღიმილიანი სახით კოცნებს გვიგზავნიდნენ და პოდიუმს ისე ტოვებდნენ.
ამის შემდეგ მოდელებმა წარმოადგინეს ოლეგ სკირდას კოლექცია „ჟადორ ლა კუტიუღ” – ვგიჟდები ოტ-კუტიურზე. აქვე გეტყვით, რომ სკირდა პოსტსაბჭოთა სივრციდან გახლავთ, რომლის საცურაო კოსტიუმიც 12 ათას ევროდ გაიყიდა. ირა კრასილნიკოვა კი უკრაინული ელიტის უსაყვარლესი დიზაინერია და სახელი იმით გაითქვა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოდელიერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მოდის კვირეულში. უკრაინელი დიზაინერების სამოსმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
„ჩვენი მოდელები მონაწილეობენ ისეთი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა: „დიორი“, „მაქსმარა“, „პოლ სმიტი“, „სელინი“, „ზუაირ მურად“, „ფრენკი მორელო“, „ესკადა“... სააგენტოს მოდელები სხვადასხვა დროს დაკავებულები იყვნენ ისეთი ბრენდების ფოტოსესიებისთვის, როგორებიცაა: „დოლჩე და გაბანა”, „ემ-ტი-ეს”, „ლაიფ”, „პეპსი”, „კოკა-კოლა”, „სამსუნგი”, „ელჯი”, „ჰონდა” და სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მოდელების სილამაზეს და გამორჩეულობას, „ნიკიტა მოდელსის” დახმარებით, მალე მთელი მსოფლიო აღიარებს”, – განაცხადა „ნიკიტა მოდელსის” პრეზიდენტმა იგორ ამიროვმა. სააგენტოში მოხდება მოდელების სრული აღზრდა, იმიჯის შექმნა, საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში სამსახურით უზრუნველყოფა, უცხოურ სამოდელო სააგენტოებში, პროდაქშენში, თრეიდ სახლებსა და გამოფენებზე დასაქმება.
დავუბრუნდეთ ისევ პრეზენტაციას, რომელზეც გამორჩეული ადგილი ეკავა პოდიუმის კუთხეში მდგარ, საოცარი გარეგნობის გოგონას, დიჯეი ლერას, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი, ეშხიანი ქალია მიქშერთან. ლერამ რამდენიმე სიმღერაც გვიმღერა, მაგრამ კულმინაცია მაინც მისი „ბოდი-არტ ბალეტის“ ულამაზესი გოგონები იყვნენ. მოხატულმა, ნიღბიანმა სილამაზეებმა საოცარი ეფექტი მოახდინეს და ორმოცგრადუსიან სიცხეში ტემპერატურას კიდევ უფრო მოუმატეს. მოსული სტუმრები, რომელთა შორისაც იყვნენ: ლელა წურწუმია და მამულიჩა, ია ფარულავა, ბიჭოლა, ზურა მგალობლიშვილი, ლალი ტოტიკაშვილი, ლაკო ბუკია და ძალიან ბევრი ცნობილი სახე, ერთხმად აღიარებდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე „ჰიტ” პრეზენტაცია იყო, რომელიც უნახავთ და, რომ გაოგნებულები არიან გოგონების სილამაზით.
დარწმუნებული ვარ, „ნიკიტა მოდელსი” ძალიან სერიოზულ სიტყვას იტყვის ქართული მოდის სფეროში და უამრავი ქართველი გოგონა დიდ წარმატებას მიაღწევს მსოფლიოს მოდის ბაზრებზე.