ოთხი მამაკაცი ქუსლებზე – ბიჭოლას დაბადების დღის “ვიაიპი„ სტუმრებმა საოცარი სანახაობა მოაწყვეს
ალბათ ძნელია, გაიხსენო თბილისში ადამიანი, ვისი დაბადების დღის მიმართაც ამხელა მოლოდინია, ვის დაბადების დღის წვეულებასაც ამდენი სპონსორი ჰყავს და ვინც საჩუქრად „ჰერმეს-ბირკინის” ჩანთებს, იბიცაზე საგზურებს და მსგავს სასწაულებს იღებს... ის, რაზეც სხვები ოცნებობენ, ბიჭოლამ 23 წლის ასაკში აისრულა. ნიჭით, პროვოკაციულობით, ქარიზმით, ერთგულებით მან შეძლო, დაუპყრობელი მწვერვალებისთვის მიეღწია და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
საღამოს 9 საათზე „ქალაქურში” მისულ სტუმრებს იუბილარი თავად შეეგება; იგი სპეციალურად შექმნილ სტენდთან ფოტოებს იღებდა და დარბაზამდე აცილებდა. ფოიეში მიღებული და შემდეგ უკვე ოფიციალურად გამოცხადებული საჩუქრების ნუსხა ნამდვილად შთამბეჭდავია – საქმიანი პარტნიორისა და მეგობრის, ანუკი არეშიძისა და კახა კალაძისგან ჰიტური და სუპერმოდური, მკვეთრი ნარინჯისფერი „ჰერმესის” ცნობილი ჩანთა მიიღო. ჩანთის დიზაინის ავტორისთვის, ჯეინ ბირკინისთვის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიცემულ პირობას, რომ ჩანთა ყველაზე პოპულარული, მაგრამ ექსკლუზიური და ძნელად მოსაპოვებელი იქნებოდა, „ჰერმესი“ დღემდე ასრულებს – კახასა და ანუკის ჩანთის ექვსი თვით ადრე შეკვეთა მოუწიათ. მსგავსი ჩანთის ფასი დღესდღეობით ათი ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს; დაუვიწყარი საგზური ყველაზე გიჟურ ევროპულ კუნძულ იბიცაზე ბიჭოლას ტურისტულმა სააგენტომ „აიმ გლობალმა” აჩუქა; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნისგან“ იუბილარმა შაბათ-კვირის საუკეთესო ნომერში გატარება მიიღო, „ნატალის” წარმომადგენელმა სონია ნიკოლაძემ კი ბიჭოლას ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის სპა პროცედურების ჩატარების სასაჩუქრე ბარათი გადასცა. გარდა ამისა, უამრავი აქსესუარი, სუნამოები და სამოსი პირდაპირ ჰაერში დაფრინავდა.
მაგრამ, საჩუქრების ეს ჩამონათვალი მაინც ნაკლებად შთამბეჭდავია იმ სანახაობასთან შედარებით, რომელიც თავად დიზაინერმა მოუწყო თავის მეგობრებსა და სტუმრებს. უკრაინიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ჯგუფმა „კაზაკმა” ნახევარი საათის განმავლობაში დამავიწყეს რომ საქართველოში ვიყავი. შოკისა და, ჟრუანტელის მომგვრელი, უპრეცედენტო, ცეცხლოვანი, სექსუალური, მხურვალე... – არ ვიცი, ზუსტად რა ეპითეტი მოვუძებნო იმას, რაც სცენაზე ხდებოდა. მაღალი ქუსლებით, საოცარი პლასტიკით, ულამაზესი სხეულის მქონე ოთხმა ბიჭმა გულგრილი არავინ დატოვა, ხმაური მათი გამოსვლის შემდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდა. საინტერესოა, რომ „კაზაკის” ორი წევრი თბილისში ცოლებთან ერთად იყო ჩამოსული. ჩვენ კი ქართულად მაინც იმას განვიხილავდით, თუ რას ნიშნავს ქალისთვის, როდესაც ქმარს მასზე კარგი ფეხები აქვს და თორმეტსანტიმეტრიანი ქუსლებით, ნახევრად შიშველი, სცენაზე საჰაერო შპაგატს აკეთებს. მაგრამ ეს ამბავი ყველაზე ნაკლებად მათ არაქართველ ცოლებს აწუხებდა. აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ კიევში, ანუკის და ბიჭოლას ჩვენებაზე „კაზაკის“ გამოსვლა „იუთუბიზე” „დისქვარდს” უნახავს და სულ რამდენიმე კვირის წინ ბიჭებმა მათი შოუც გაალამაზეს იტალიაში.
უკრაინული ცეცხლის შემდეგ სცენაზე საღამოს წამყვანები – სალომე გოგიაშვილი და ნიკა კაცია ავიდნენ. ისინი რიგრიგობით იწვევდნენ სამღერად ბიჭოლას მეგობარ ცნობილ მომღერლებს. პირველივე სიმღერიდან საცეკვაო მოედანი სავსე იყო. გრანდიოზული ტორტი ბიჭოლამ ანუკისთან და „კაზაკებთან” ერთად გაჭრა. საღამოს ბოლოს კი იუბილარმა სტუმრებთან ერთად ჰაერში თეთრი ქაღალდის ბუშტები გაუშვა.