რას წერდა თბილისის პრესა 120 წლის წინათ
„ერთ ახირებულ ამბავს გვწერენ ჩვენ გორიდან:
ერთ ცხინვალელ გლეხს ერთი მამალი ჰყავსო, რომელიც დაინახავს თუ არა დედაკაცს ან გასათხოვარ ქალს, იმ წამსვე მიაფრინდება და სანამ ძალით არ მოაგლეჯენ, არ შორდებაო“.
„დროება“
„ერთი ხელოსანი და ურია ფეხით მიდიოდნენ ქალაქში. ხელოსანს ჰქონდა კარგად მძიმე პალტო, რომელიც ძალიან აწუხებდა გზაში. ხელოსანმა უთხრა ურიას: ფულები თან არ წამომიღია და გთხოვ, მასესხო. ქალაქში მოგცემ; თუ ვერ მენდობი, აი, ეს პალტო წაიღე გირაოთო. ურიამ ფული მისცა და პალტო გამოართვა. მივიდნენ ქალაქში – ხელოსანმა ურიას თავისი ხელუხლებელი ფული ჩააბარა და პალტო გამოართვა“.
„დროება“
„ერთ შვეიცარიულ გაზეთში იწერებიან, რომ ციურიხის კანტორის მმართველობამ ნება მისცა ყველა ჭირისუფალს, ვისაც სურს, რომ თავისი მიცვალებული, დამარხვის მაგივრად, დასწვან“.
„დროება“
„თბილისის მოამბეში“ დაბეჭდილია ფოთიდან მიღებული შემდეგი საძაგელი ამბავი:
„იქაური პოლკის ორმა ოფიცერმა საღამოს 3 საათზე, შეიტყუეს ქუჩაში მიმავალი ხუთი წლის ქალი, დაათვრეს და ძალად გააუპატიურეს. იმ დღესვე ეს ქალი ნახა დედამისმა იმ ოფიცრების ფანჯრებთან უგრძნობლად ეგდო; მიიყვანა პოლიციაში, შეამოწმეს და ნახეს, რომ ბავშვი გაუპატიურებული იყო. ახლა უნდა შეამოწმონ ის ორი ოფიცერი, რომელზედაც ეჭვი აქვთ აღებული“.
„დროება“
„ორპირიდან გვწერენ, რომ იქ გამოჩენილა ვიღაც ვაჭარი, რომელიც ჩემულობს თურმე, ყოველგვარი ავადმყოფობის მორჩენა შემიძლიაო. ამის ყოვლად-მკურნალი წამალი არის თურმე აგურის ნაფხვენი, რომელსაც შეულოცავს თურმე, წყალში ჩაჰყრის და ავადმყოფს მისცემს. თითო წამლისთვის მანეთს, ხშირად ორ-სამ და მეტსაც ართმევს. გასაკვირი ის არის, რომ ამ ვაჭრის ბევრს სჯერა და ფულსაც არ ზოგავენ მისი წამლისთვის“.
„დროება“
„ბათუმიდან გვატყობინებენ, რომ ამას წინათ იქ მთვრალ იმერლებს ქუჩაში ძაღლი მოუკლავთ ხანჯლით. რადგან ოსმალებს ძაღლი წმინდა არსებად მიაჩნიათ, ამის გამო ამ გარემოებას საშინლად აუღელვებია იქაური მაჰმადიანები. საქმე იქამდე მისულა თურმე, რომ პოლიცია რომ არ გარეულიყო, უეჭველია, რამე უწესობა მოხდებოდაო“.
„დროება“
„ამბობენ, რომ ერთ დიდ კაცს, რომელსაც ამ უკანასკნელ დროს შესამჩნევი ადგილი მიეცა, იქ, სადაც ის იმყოფება, ტელეგრაფის სტანციები გაუმართავს და ამასთანავე განკარგულება მოუხდენია, რომ ამ სტანციებში მომსახურეთ არც ერთი ქართველი და სომეხი არ დაინიშნოს“.
„ეს დიდი კაცი თვითონ სომეხია...“
„დროება“
მოამზადა თეონა ზაზიკაშვილმა