„პის“ მოწინააღმდეგეები „ტაუს“ დღესასწაულს აღნიშნავენ
მათემატიკური მუდმივას – „პის“ პოზიციები შეირყა: ზოგიერთი ენთუზიასტის აზრით, მის ნაცვლად „ტაუ“ უნდა გამოვიყენოთ, „პიზე“ ორჯერ მეტი. რადგან „ტაუს“ პირველი სამი ციფრი შესაბამისად, 6,28-ის ტოლია. მისი მიმდევრები თავიანთ დღესასწაულს მეექვსე თვის 28 რიცხვში ზეიმობენ.
„ტაუს“ თაყვანისმცემლების აზრით, მისი გამოყენება მათემატიკაში მრავალ პრობლემას გადაწყვეტს, გააადვილებს გამოთვლებს.
„როდესაც ვამბობ, რომ „პი“ არასწორია, არ ნიშნავს, რომ ის შეცდომაში შეგვიყვანს. არა, ის სწორი რიცხვია – წრის სიგრძისა და დიამეტრის შეფარდება. მაგრამ, საქმე ისაა, რომ წრეები ფორმირდება წერტილებით, რომლებიც განლაგებულია ცენტრიდან განსაზღვრულ მანძილზე. მას რადიუსი ეწოდება და ამიტომ, წრეებზე მათემატიკური მოქმედებები ხდება არა დიამეტრის სიგრძის მიხედვით, არამედ – რადიუსის. აბსურდული „პი“ რიცხვის მოუხერხებლობა კი განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც წრეების გაზომვა გრადუსებით კი არა, რადიანებითაა საჭირო (რადიანი არის ცენტრალური კუთხე, რომლის რკალის სიგრძე რადიუსის ტოლია). სრული წრე რომ „პი“ რიცხვით გამოვსახოთ, საჭიროა, რადიუსი ორ „პიზე“ გავამრავლოთ, ხოლო „ტაუ“ რიცხვის გამოყენებით – მხოლოდ ერთ „ტაუზე“, – განმარტა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა, დოქტორმა მაიკლ ხარტლმა.
ამ განმარტების მიუხედავად, „ტაუს“ მომხრეებს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ტრადიციული „პის“ გამოყენებას. თუ გავითვალისწინებთ, ამ რიცხვის ისტორიას, მისი პოზიციების შერყევა არცთუ ისე იოლი იქნება.