კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-27(549)
ქალი სხვანაირი იყო... ყოველ შემთხვევაში, პაპავას ასე მოეჩვენა. სხვადასხვანაირი გამოხედვა ჰქონდა და ცოტათი გამომწვევი მზერაც...
– კარგია, რომ მოხვედით, ყოველთვის არ ვარ გულახდილობის გუნებაზე. მომისწარით, თორემ ხვალ, შეიძლება, უარიც ვთქვა ამაზე.
– მეც მინდოდა, თქვენთან შეხვედრა. სასამართლოს შესახებ უნდა დაგელაპარაკოთ.
– რა, აღარ მიჭერენ? – ირონიულად ჩაეცინა ქალს, – შემთხვევით სიგარეტი ხომ არ გაქვთ? უცებ ძალიან მომინდა.
თემომ სიგარეტი და სანთებელა წინ დაუდო და დაელოდა. ქალმა ხარბად გააბოლა. რამდენიმეჯერ მოქაჩა და ნეტარებით ამოიხვნეშა...
– ზოგჯერ რა უმნიშვნელო რაღაც გვანიჭებს სიამოვნებას...
– სასამართლო პროცესზე გართულებების თავიდან ასაცილებლად, თქვენგან გარანტიები მჭირდება, – დაიწყო თემომ, თუმცა, მგონი, აჯობებს, ჯერ თქვენ მოგისმინოთ.
ქალმა გაოცებით შეხედა.
– ვერაფერი გავიგე, მე რა გარანტიები უნდა მოგცეთ. ვერ მივხვდი? რომ მოსამართლეს არ დავეჯღანები და ენას არ გამოვუყოფ?
– მომისმინეთ, რისი თქმა გინდოდათ, ჩემთვის? – თემომ ქალს გამომცდელი მზერა მიაპყრო. იმის ხომ არა, რაც მე ვიფიქრე?
– მე არ ვიცი, თქვენ რა იფიქრეთ, თუმცა... ვაღიარებ, ძალიან მიხვედრილი ბრძანდები. ასეა. მე კარგად ვიცნობდი სერგოს. სერგი მერე გახდა, როცა მოქმედების არეალი შეიცვალა. რამდენჯერ გამჩენია მისი მოკვლის სურვილი... იმასაც ვაღიარებ, ნამდვილი ურჩხული იყო, გახრწნილი და ზნედაცემული. ყველაფერი შეიძლება, ითქვას მასზე კარგის გარდა – მარტო იმიტომ არა, რომ ჩემი ცხოვრება დაანგრია. კიდევ ბევრი გააუბედურა და სიცოცხლე მოუსპო.
– სიცოცხლე მოუსპო? ეს როგორ გავიგო? – შეაწყვეტინა თემომ, – ძალიან გთხოვთ, ფაქტებით მელაპარაკეთ.
– ფაქტებით ლაპარაკი თქვენი საქმეა და თქვენ უკეთ იცით. ხომ გინდოდათ, ინფორმაცია ბერაძეზე, ჰოდა, გიყვებით...
– მირჩევნია, შეკითხვები დაგისვათ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
– ესე იგი, ჩემი მონაყოლი არ მოგწონთ, – ჩაილაპარაკა ქალმა და მხრები აიჩეჩა, – როგორც გენებოთ. დამისვით, დღეს თქვენი დღეა.
– სად და რა ვითარებაში გაიცანით სერგი ბერაძე?
– აი, ახლა უკვე თქვენს ამპლუაში ხართ. სერიოზული და შეუვალი... თქვენი კოლოფიდან კიდევ ერთ სიგარეტს მოვწევ...
– რა თქმა უნდა, მთელი კოლოფი დაიტოვეთ.
– ძალიან მანებივრებთ... რამე სიმპათიას გრძნობთ ჩემ მიმართ? ხომ არ შეგიყვარდით?
– ხუმრობთ? ეს კარგია, უფრო კარგად აგვეწყობა საუბარი. თუმცა, სიმპათიას მართლა ვგრძნობ. შეიძლება, იმიტომ რომ მკვლელს არ ჰგავხარ, – რატომღაც, „შენობით“ მიმართა პაპავამ.
– თქვენ მკვლელებს სახეზე იცნობთ?
– პრინციპში, ზოგჯერ გამომდის. კითხვაზე არ მიპასუხებთ?
– გიპასუხებთ, თუმცა, ვერ ვხვდები, ამას რატომ აქვს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.
– ჩემთვის არა, საქმისთვის აქვს მნიშვნელობა, – მორიდებით შეახსენა პაპავამ. ეს ქალი ზოგჯერ ძალიან გამაღიზიანებლად იქცეოდა. ზოგჯერ კი ძალიან საცოდავი და უსუსური ჩანდა.
– ჩემმა შეყვარებულმა გამაცნო. მაშინ უფრო ახალგაზრდაც ვიყავი და გაცილებით ეფექტური გარეგნობისაც. ამბიციაც მეტი მქონდა და გეგმებიც დიდი. ჩემმა შეყვარებულმა კი სერგოს ანდო ჩემი თავი. დაპირებები ისეთი იყო, სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი, მაგრამ ერთბაშად ჩამოვვარდი და მწარედ დავენარცხე დედამიწაზე. ისე მწარედ, რომ შოკი დიდხანს გამიგრძელდა. იმ ექიმმა ძლივს ამაწყო... მერე, მისივე რჩევით, ვუჩივლე, მაგრამ... არ დაიჭირეს. საშინელი აგრესია გამიჩნდა, მინდოდა, საკუთარი ხელით მომეკლა. ჩემი შეყვარებული მას შემდეგ საერთოდ აღარ მინახავს... გაქრა...
– რატომ არ დაიჭირეს?
– იმიტომ, რომ... იმიტომ... თქვენ ჩემზე კარგად იცით, რატომ არ იჭერენ მათ, ვისგანაც მომჩივანზე გაცილებით მეტ სარგებელს მოელიან. სერგი ბერაძე ნორჩი გოგონებით ამარაგებდა ვიღაც-ვიღაცეებს. ზოგს თავადაც უსინჯავდა გემოს, ასე ვთქვათ, აგემოვნებდა. ამ ზოგიერთებს შორის აღმოვჩნდი მეც.
– შეგიძლიათ, მითხრათ იმ „ვიღაც-ვიღაცეების“ ვინაობა? – თემო დაიძაბა.
– ძალიან გამიჭირდება, გავიხსენო. თანაც, დღეს ისინი არაფერს წარმოადგენენ.
– ექიმის გვარი?
– თქვენ ესეც უნდა იცოდეთ. იყო მისი დასკვნა საქმეში.
– ლომიძე ია, მართალია?
– დიახ. ლომიძე ია. მან მირჩია, სასამართლოში მეჩივლა, რომ ბოროტება დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო. მაგრამ, ხომ ხედავთ, ვინ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. ახლა თქვენ მითხარით, უნდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაზე სამართალი არსებობს? მე რომ მომისჯიან, ამაში ეჭვი თქვენც კი არ გეპარებათ.
– ვნახოთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი.
– დამცინით? რა შანსზე ლაპარაკობთ. მე ვინ გამიშვებს აქედან. პირიქით, კანონის მთელი სიმკაცრით დამსჯიან.
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.
– მაგის მჯერა, თუმცა...
– კიდევ გკითხავთ, შეიძლება?
– რა თქმა უნდა, დღეს თქვენი დღეა-მეთქი, ხომ გითხარით?
– მინდა, მეც გითხრათ იგივე, როცა ნამდვილ მკვლელს დავიჭერთ.
ქალს იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა.
– თუ თქვენ მართლა გჯერათ ამის, მაშინ მეც მექნება კარგის მოლოდინი...
– სერგი ბერაძეზე კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ, რამე ხელჩასაჭიდი მჭირდება.
– მაგალითად?
– მაგალითად, ხომ არ იცით, იყო ნარკობიზნესში ჩართული? კრიმინალებთან მის ურთიერთობაზე ხომ არაფერს მეტყვით...
ქალი ჩაფიქრდა.
– თქვენ, ალბათ, ფაქტები გჭირდებათ. ეგ ისეთი ნაძირალა იყო, არ გამიკვირდება, ამაში რომ ჰქონოდა ხელი გასვრილი. გიჟდებოდა ფულზე... ურჩხული... თქვენ იმ ექიმს ელაპარაკეთ?
– ვცადეთ და ვერ გაგიხსენათ.
– მართლა? მაშინ ძალიან განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბავი. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მართლა... ეტყობა, ჩემნაირი პაციენტი ბევრი არ ჰყოლია.
– კარგი. ეს გავიგე... კიდევ  მინდა, რამე... რამე უფრო ხელჩასაჭიდი.
– ამწუთში, ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვიხსენებ. თუ კიდევ „გამინათდება“ გონება, აუცილებლად გაგაგებინებთ. თქვენც რაღაცის თქმა გინდოდათ...
– ჰო. მინდოდა... სასამართლო, ალბათ, მაინც გაიმართება და... მე მითხრეს, რომ ელჩის ქალიშვილი გეგმავს დასწრებას... ის ქალი, სერგის საცოლე.
– მე ის შტერი ქალი სულაც არ მაინტერესებს. ეს ჩემი პრობლემა არ არის.
– მე ვიცი, მაგრამ... მოკლედ, გარანტია სჭირდებათ, რომ სკანდალი არ ატყდება.
– მე რა სკანდალი უნდა ავტეხო? რა სისულელეა. არაფერი მოხდება, დამიჯერეთ.
თემო შეყოყმანდა.
– მე მაინც იქ ვიქნები... როგორც ჩანს, ელჩის ქალიშვილი არაადეკვატურია...
– რა? აჰა, გავიგე... მითხარით, რა უნდა გავაკეთო. ჩემგან რას ელოდებით. პირობას გაძლევთ, შევასრულებ.
– გმადლობ... ამის იმედი მქონდა.
***
მარიკამ მობილურს დახედა. ნაბიჯს შეუნელა. წინ მიმავალ დევის ჩამორჩა და მობილური ყურთან მიიტანა.
– გისმენთ?! გიცანი... უნდა მივსულიყავი? მართლა? არა, არ დამვიწყებია. უბრალოდ, დრო არ მქონდა. ერთ საათში? რა ვიცი. ძალიან უცნაურია. ასე ორიგინალურად რომ მინიშნავ პაემანს... მე არც ორიგინალური ვარ და იმიტომ? – კარგი, ვნახოთ... შეიძლება, მივიდე კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები...
მარიკამ მობილური ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად გაეშურა თემოს კაბინეტისკენ.
– ხომ არ დამაგვიანდა? ტელეფონზე ვლაპარაკობდი.
– თუ საქმეზე ლაპარაკობდი, გაპატიებთ... –  თვალი ჩაუკრა დევიმ.
– მოკლედ, საქმე ასეა. ნათია დეისაძეს ველაპარაკე... მკვლელობის ვერსია ბერაძის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ. უფრო სწორად, მის ხასიათში... თითქმის აღარ მეპარება ეჭვი, რომ შურისძიების მიზნით არის მოკლული.
– არა, ასეც ნუ იტყვი. იქნებ პოლიტიკური მკვლელობა იყო?
– რას ნიშნავს, ნუ იტყვი? რატომ იქნებოდა პოლიტიკური მკვლელობა? – თემოს არ მოეწონა დევის პოზიცია.
– რატომ არ უნდა ყოფილიყო? წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია. ეს ჩვენი ელჩი აქ რაღაც „ბნელ“ საქმეებს აკვარახჭინებდა. სასიძომ კი, ხელის მოთბობა გადაწყვიტა... ისიც ადგა და თავიდან მოიშორა... ასე რომ, შენს მოსაზრებაში ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. და, საერთოდ, მარტო ამ ბერაძის საქმეზე ნუ „ჩაიხვიე“. კიდევ გვაქვს მკვლელობა გამოსაძიებელი. იმ ნოდიას ცოლმა, რაო?
– რაო და, მერე რა, ყველა კაცი ღალატობს ცოლს ცოტათიო?
დევიმ ხელები გაშალა.
– ოჰო, აი, პასუხი! ღირსეული ქართველი ცოლის ჭეშმარიტად ღირსეული პასუხი. ამაზე უკეთეს ალიბს ვერ მოიფიქრებ.
– შენ ღადაობ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ქალი ჩანს. ჭკვიანი ქალი კი, საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგეა. ერთი, შვილებს ვერ დაველაპარაკე. გოგო ყოველთვის დედის მხარეს არის ხოლმე. მგონი, ბიჭთან საუბარი უფრო მომცემს საჭირო ინფორმაციას.
მარიკას გაეღიმა.
– მგონი, პირიქით... ბიჭი დედას ბოლომდე დაიცავს. თუ რამე იცის, მაქსიმალურად შეეცდება, ბოლომდე დამალოს. გოგო კი უფრო აპატიებს, ხელგაშლილ მამიკოს ცოდვებს.
დევიმ და პაპავამ ერთმანეთს გადახედეს.
– ხომ გეუბნებოდი, ჭკვიანი გოგოა-მეთქი. საერთოდ, ქალებს ინტუიციაც აქვთ, რაც მათ ლოგიკურ აზროვნებაში ეხმარებათ.
– ესე იგი, მირჩევთ, ჯერ ნოდიას ქალიშვილს შევხვდე? – შუბლი მოისრისა პაპავამ და გაუღიმა, – პრინციპში, არის ამაში ლოგიკა.
– მაშინ, მე დროს არ დავკარგავ და ჩემს თაყვანისმცემელს შევხვდები.
– ჰო? აბა, შენ იცი, ჩვენ ეგ შეხვედრა ძალიან გვჭირდება, – თვალი ჩაუკრა დევიმ. თემო ვერ მიხვდა.
– რა პაემანზე ან საქმეზე ლაპარაკობთ? ვერაფერი გავიგე...
– ჰო, მგონი, შენთვის არც გვითქვამს. მარიკუნამ იმდენი მოახერხა, იმ ექიმის ახლობელი მოხიბლა და ახლა შებმის პროცესშია. მგონი, ძალიან გამოგვადგება.
– რას ნიშნავს, შებმის პროცესშია?! – აღშფოთება ვერ დამალა თემომ, – მე რატომ არ შემითანხმეთ. ვინ მისცა ამის უფლება? ამ თვითნებობას ვერ ავიტან. ახლავე ამიხსენით ყველაფერი. მარიკა, ვინ არის ის კაცი?
მარიკამ დამნაშავესავით აიწურა მხრები.
– კაცი არ არის, ბიჭია. თანაც პირველმა თავად დამირეკა. მეხვეწებოდა, შენი გაცნობა მინდაო. დევიმ კი, უბრალოდ, გაიგო, ვის ეკუთვნოდა ნომერი, საიდანაც მირეკავდნენ. აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ნომერი ია ლომიძეს აუღია.
– და... ეს ყველაფერი უჩემოდ დაგეგმეთ? – გადაირია პაპავა, – დევი, შენ რაღა დაგემართა?
– არაფერი დაგვიგეგმავს. სულ შემთხვევით მოხდა.
– მიკვირს, შენ რომ ამბობ ამას? ჩვენს საქმეში შემთხვევითობა თითქმის გამორიცხულია. გინდა, დავიჯერო, რომ ეს უბრალო დამთხვევაა? გუშინ კი არ დავიწყე „სისტემაში“ მუშაობა. ვინ არის, რას წარმოადგენს?
– მარტო ის ვიცი, რომ ნიკა ჰქვია და წყალბურთს თამაშობს. ჯერჯერობით მეტი ვერაფერი დავადგინე.
– ესეც სრულიად საკმარისია. მეტად აღარ შეხვდები! – მკაცრად თქვა პაპავამ.
მარიკა შესამჩნევად გაფითრდა და ნირწამხდარმა დევის ისე გადახედა, თითქოს მშველელად უხმობდა.
– თემო, ჩვენთვის ეს კიდევ ერთი შანსია. გეუბნები, მართლა შემთხვევით მოხდა. ეს თამაში მარიკას რომ წამოეწყო, მაშინ ზუსტად ეცოდინებოდა, ვინ არის. დაფიქრდი. იქნებ, ეს იმ ქალთან მიახლოებაში დაგვეხმაროს. არ გინდა, შენი უკანონო პატიმარი თავისუფალი იხილო?
– „უკანონოს“ ისეთი ტონით ამბობ, თითქოს დამცინი. რა ვქნა, თუ ის ქალი მკვლელი არ მგონია?
– არ დაგცინი, საიდან მოიტანე? პირიქით, ვცდილობ, სიმართლის გარკვევაში დაგეხმარო. რა გითხრა დეისაძემ?
– შენ რა იცი, რომ ველაპარაკე, გულთმისანი ხარ? – განცვიფრდა თემო.
– კარგი რა, ვახომ მითხრა. დასამალი რაღა იყო?
– ფაქტებს ვერ იხსენებს. ისე კი, ბერაძე რომ ნაძირალა იქნებოდა, ამაში ეჭვი ისედაც არ გვეპარებოდა. თუმცა, მასთან ლაპარაკის შემდეგ, უფრო მეტი მიზეზი მაქვს, იმ ექიმს რაღაც ვათქმევინო. დეისაძე ამბობს, შეუძლებელია, არ ვახსოვდე. სასამართლოში წასვლა მან მირჩია. ძალიან შეწუხებული იყო ჩემი ტრაგედიითო. ბერაძე აქტიური სუტინიორი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში, პოლიტ-ბიზნეს ელიტის მთავარი მომმარაგებელი იყოო.
– ჰოდა, თაფლში ჰქონია ხელი და გიკვირს, ზოგჯერ თითებს თუ ილოკავდა? – გაიცინა დევიმ.
– ფუჰ, მაგის... წესით, ასეთი ტიპების მკვლელებს არც უნდა ვიჭერდეთ... – თემომ სიგარეტი ამოიღო, – რა სისულელეს ვლაპარაკობ.  მარიკა, აპირებ იმ ტიპთან შეხვედრას?
– რა ვიცი. ვაპირებდი...
– კარგი. შეხვდი, ოღონდ ფრთხილად იყავი და მეც საქმის კურსში ჩამაყენე. ყველაფერი უნდა ვიცოდე, გასაგებია? რაც მალე დაადგენ, უკეთესი. უფრო მშვიდად ვიქნები, – თემომ მარიკას შეხედა და გოგო მიხვდა, რომ გამომძიებელი ამას გულწრფელი მზრუნველობით ამბობდა.
***
დათომ უჩვეულოდ აფორიაქებულ მეგობარს მხარზე მსუბუქად უბიძგა და მოახედა.
– სულ გასასვლელისკენ რატომ იხედები? ელოდები ვინმეს?
– მარიკა დამპირდა, მოვალო.
– მეტისმეტი სერიოზულობით ხომ არ ეკიდები დაკისრებულ მოვალეობას? – ორაზროვნად ჰკითხა დათომ, – საეჭვოდ ხარ აწითლებული. ბიჭო, შეიყვარე-მეთქი, ეგ ხომ არ დამივალებია?!
– ეგ რა შუაშია. მინდა და ვხვდები ადამიანს, რომელიც მომწონს. რა, არ მაქვს უფლება?! რა მნიშვნელობა აქვს, როგორ და რატომ გავიცანი?
– ხომ გითხარი, შენ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ-მეთქი.
– შეგიძლია, მშვიდად იყო. ამ შემთხვევაში შენ უკვე არაფერ შუაში ხარ.
– ჩავიდეთ აუზში. დროა. მოსვლა რომ ნდომოდა, მოვიდოდა, როდემდე უნდა იდგე სარგადაყლაპულივით?!
ნიკა უსიტყვოდ ჩახტა აუზში და იქვე მდგარი დათო გაწუწა.
– განსაკუთრებული რა აქვს? ერთი გაწრიპული გოგოა... – თქვა დათომ და სახიდან წვეთები ხელისგულით მოიწმინდა.
– არ გინდა, რა...
– კარგი. არ მინდა და ტრიბუნებისკენ გაიხედე... მოვიდა...
ნიკამ სწრაფად გაიხედა იქით, საითაც დათო უთითებდა და ტრიბუნაზე, პირველ რიგში მარიკა დაინახა. გახარებულმა ხელი დაუქნია და ენერგიულად მოუსვა მკლავი.
– ოჰ, ოჰ, ოჰ... ახლა გადაირევა... – თქვა დათომ, – მერე კიდევ იტყვის, შეყვარებული არ ვარო... დავღუპე ეს ბიჭი, მგონი...
***
პაპავამ სახლში მიაკითხა ნოდიას ქალიშვილს. მარიკა რომ არ შემცდარა, ამას ნანა ნოდიას დანახვისთანავე მიხვდა – „მამიკოს ნებიერას“ გამოხედვა და მანერები ჰქონდა...
– მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. კეთილი, თბილი... არასოდეს არაფერზე უთქვამს უარი. ვის დასჭირდა მისი მოკვლა... წარმოუდგენელია, ვინმესთვის ასე ეწყენინებინოს... ვინ გაიმეტა მოსაკლავად, რისთვის... რაც ეს ამბავი მოხდა, სულ ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხი არ არის...
– ჩვენც სწორედ ეგ გვაინტერესებს, – პაპავამ ბინა მოათვალიერა, – აქ მეუღლესთან ერთად ცხოვრობთ?
– დიახ. ეს ბინა მამამ მიყიდა, რომ გავთხოვდი. მანქანაც იმან გვიყიდა და საერთოდ, ყველაფერი... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვროთ მამას გარეშე.
– თქვენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე? მამას ეხმარებოდა ხოლმე... ახლა ფირმას ჩემი ძმა ან დედაჩემი გადაიბარებს და მერე რა იქნება, არ ვიცი.
– რატომ? დედათქვენს ან თქვენს ძმას თქვენს მეუღლესთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ?
– ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ... – გოგომ სახეზე აიფარა ხელები და ატირდა, – რატომ? რატომ არ გაუფრთხილდა თავს. ხომ ვთხოვდი... თითქოს რაღაცის მეშინოდა...
თემომ აცადა ქალს დამშვიდება. სლუკუნს რომ მორჩა, ჰკითხა:
– რისი გეშინოდათ?
– რა ვიცი. მამა ყველას ენდობოდა. ძალიან მიამიტი იყო, ბავშვივით...
– იცოდით, ბინა რომ იქირავა? ამას გულისხმობთ?
გოგო შეყოყმანდა.
– ჰო, ვიცოდი... თავისი მეგობრის შვილისთვის იქირავა.
– რომელმაც იქ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრა... მომისმინეთ, თუ გინდათ, მამათქვენის მკვლელი ვიპოვოთ, ჩემთან გულახდილი უნდა იყოთ.
– რა გაინტერესებთ?
– მამათქვენს საყვარელი ჰყავდა?
გოგომ უცნაურად შეხედა გამომძიებელს და შუბლი მოისრისა.
– ამას მამაჩემის მკვლელობასთან რა კავშირი აქვს?
– აქვს კავშირი. მითხარით, ჰყავდა?
– დიახ, – უხალისოდ აღიარა ნანა ნოდიამ.
– ერთი ჰყავდა თუ რამდენიმე?
გოგო წამოწითლდა.
– მე არ ვუთვლიდი საყვარლებს. ეს არ იყო ჩემი საქმე. დიდი ამბავი, ცოტას ერთობოდა. ოჯახზე გადაყოლილი, ყურადღებიანი ქმარი, არაჩვეულებრივი მამა და გიჟი ბაბუა იყო. პატარა სისუსტე კი ყველას აქვს.
– მისი რომელიმე საყვარლის ვინაობას მეტყვით? რომელიმეს პირადად ხომ არ იცნობდით?
 – არა. ხომ გითხარით, ის, რაც მე არ მეხებოდა, არც მაინტერესებდა. თქვენ რა, ფიქრობთ, რომ მამაჩემი თავისმა რომელიმე საყვარელმა მოკლა? რა სისულელეა. მეცინება. ვის კლავენ ასეთი უწყინარი გართობისთვის. კარგით რა... თქვენ იცნობთ მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ცოლის ერთგულია?! ეს ხომ სასაცილოა.
– დედათქვენმა თუ იცოდა თვისი ქმრის „უწყინარი“ გართობების შესახებ?
– ეს დედაჩემს ჰკითხეთ.
– მე თქვენ გეკითხებით.
გოგომ მტრულად შეხედა გამომძიებელს.
– ხომ მაქვს უფლება, არ გიპასუხოთ?
– რა თქმა უნდა. მეც მაქვს უფლება, ჩვენი საუბრიდან სათანადო დასკვნები გავაკეთო. ძმასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ნორმალური, – უხალისოდ უპასუხა გოგომ.
– გასაგებია. თქვენს მეუღლეს სად ვნახავ?
– ახლა ქალაქში არ არის. რაიონშია საქმეზე. საღამოს, გვიან დაბრუნდება.
– ტელეფონის ნომერს დაგიტოვებთ და დამირეკოს... ესე იგი, თქვენ არაფრის თქმა არ გინდათ ჩემთვის.
გოგომ ჯერ თავი გააქნია... მერე ენერგიულად აიქნია ხელები...
– კარგი... თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია... დედაჩემი ძალიან ეჭვიანობდა. სულ სკანდალები ჰქონდათ. მამაჩემი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მისი ცხოვრების ეს ნაწილი, მხოლოდ მისი იყო და არაფრის შეცვლას არ აპირებდა. დედაჩემი ცოფდებოდა. თითქმის სულ ჩხუბობდნენ.
– რატომ არ დაშორდნენ ერთმანეთს?
– რა ვიცი. ერთხელ დედაჩემს ვუთხარი, თუ არ შეგიძლია, მამას ასეთ საქციელს შეეგუო, გასცილდი-მეთქი.
– რა გიპასუხათ?
– მგონი, მითხრა, ჭკუა საერთოდ არ გაქვსო. გავშორდე და საშუალება მივცე, მთელი ქონება კახპებს შეაჭამოსო? სულ ეს იყო. ეტყობა, მამაჩემსაც არ ჰქონდა ოჯახის დანგრევის დიდი სურვილი.
– კარგი. დღეისთვის საკმარისია. არ დაგავიწყდეთ, თქვენმა მეუღლემ უნდა დამირეკოს. შეიძლება, კიდევ შემოგიაროთ...
***
მარიკა გასასვლელში შეხვდა ბიჭებს. ნიკას ისე უბრწყინავდა სახე, აშკარად ვერ მალავდა მისი დანახვით გამოწვეულ სიხარულს.
– მართლა არ მეგონა, თუ მოხვიდოდი.
– ესე იგი, სიურპრიზი გამიკეთებია შენთვის. არაჩვეულებრივია. რადგან ასეა, ამ უპირატესობას საჩემოდ გამოვიყენებ.
– საშენოდ? ეგ რას ნიშნავს?
– მერე გეტყვი. ისე, მომეწონა, კარგად ცურავ...
დათოს სიცილი აუტყდა.
– ცურავს? რას ამბობ? ეტყობა, კარგად არ დააკვირდი. ბურთზეა მობღაუჭებული, თორემ ჩაიძირება.
– ხუმრობა რომ არ გამოგდის, ჯობია, ჩუმად იყო, – გაბრაზდა ნიკა, – და, საერთოდ... იქნებ მიხვდე და წახვიდე. საქმე ხომ გაქვს?
– საქმე? რაღაც არ მახსენდება, ვარჯიშის მერე საქმიანი შეხვედრა დამეგეგმოს. პირიქით, ვფიქრობდი, ერთად გადავწყვეტთ, როგორ გავერთოთ-მეთქი.
– დათო, – ამოიოხრა ნიკამ, – შენ მაკას ნახვას არ აპირებდი?
დათომ შუბლზე შემოირტყა ხელი.
– უჰ, ეგ სულ დამავიწყდა... კიდევ კარგი, შემახსენე... მშვენიერი აზრი დამებადა, მოდი, მაკასაც გავუაროთ და სადმე წავიდეთ. ცოდოა, მთელი დღე მარტო  ზის სახლში.
ნიკა ჭარხალივით გაწითლდა. დათოს „მშვენიერი აზრი“ აშკარად არ მოეწონა. „არ მოეწონა“, რბილად იყო ნათქვამი. ძლივს შეიკავა თავი, მეგობარი კარგად არ გაელანძღა. მარიკას გადახედა და ნაძალადევად გაუღიმა.
– მაკა ვინ არის? – გულუბრყვილოდ იკითხა მარიკამ. ეს მოჩვენებითობა კარგად გამოუვიდა, საკუთარი თავით თვითონვე დარჩა კმაყოფილი.
– არის ერთი, – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა დათომ და ნიკას მხარი წაჰკრა, – რას იბღვირები, ბიჭო! ნახე, თუ არ მოეწონებათ ერთმანეთი. ყველაფერს საკუთარ თავზე ავიღებ.
– მარიკა, შენ რას იტყვი? – უკანასკნელ იმედს მოებღაუჭა ნიკა.
– რა ვიცი. ჩემთვის სულერთია. ჯერ შენც არ გიცნობ წესიერად. ასე რომ, თქვენ გადაწყვიტეთ.
– მე მინდოდა, ცოტა გაგვესეირნა...
– გავისეირნებთ კიდეც... მე ახლა გავიქცევი და მაკას დავურეკავ, ვეტყვი, რომ გავუვლით და მოემზადოს, – დათომ თითები გაატკაცუნა და ნიკას თვალი ჩაუკრა. ნიკამ მხოლოდ ამოიოხრა. დათოს შეჩერება შეუძლებელი იყო...
***
ახვლედიანმა სულ ერთი წუთით გაიხედა დერეფანში და ჩქარი ნაბიჯით მიმავალი პაპავა დაინახა.
– ერთი, შემოდი ჩემთან! სწორედ შენი ნახვა მინდოდა...
თემო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
– გისმენთ, ბატონო გიორგი!
– შენ კი არა, მე გისმენ. შემოდი... შემოდი...
 პაპავა უხალისოდ შეჰყვა.
– რა ქენი, ჩემი დავალება შეასრულე?
– დიახ.
– ნახე, ის ქალი? ყველაფერი მაინტერესებს, – აცქმუტდა ახვლედიანი.
– კი. ვნახე და ველაპარაკე კიდეც. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მისი მხრიდან პროვოკაციების საშიშროება არ არსებობს. ამაში დარწმუნებული ვარ.
– მაშინაც კი, თუ მეორე მხარე ეცდება, პროვოკაციას?
– დიახ, მაშინაც კი... – დაეთანხმა თემო.
– ასპროცენტიან გარანტიას იძლევი?
– თითქმის.
– ანუ, შემიძლია, ზუსტად ასე ვუთხრა „იმათ“?
– ეს უკვე თქვენი საქმეა. მე ჩემი – გავაკეთე.
ახვლედიანმა შვებით ამოისუნთქა.
– ძალიან კარგი. ეს მომწონს... ყოჩაღ, პაპავა! გავითვალისწინებ. შენთან მოლაპარაკება შესაძლებელი ყოფილა.
– იმედია, თქვენც შეასრულებთ დანაპირებს, – შეახსენა თემომ.
ახვლედიანს მაშინვე გაუქრა სახიდან ღიმილი.
– შანტაჟზე ნუ წავალთ. არ გინდა. მე ჯერ კიდევ შენი უფროსი ვარ.
– შანტაჟი არაფერ შუაშია. მე ჩემი საქმე მინდა, გავაკეთო.
– პაპავა, ეგ საქმე გახსნილიც არის და დამთავრებულიც. გირჩევნია, იმ ნოდიას მკვლელის ძებნაზე გადაიტანო მთელი ყურადღება. არ არის ეგ საქმე ასეთი მისაყურისძირებელი. ბიზნესმენი მოკლეს, შენ კი ერთ ადგილს ტკეპნი. ერთი ნაბიჯით ვერ წაიწიე წინ.
– ვმუშაობთ, ბატონო გიორგი... ვმუშაობთ...
– რაღაც არ გეტყობა. დევიძემაც, მგონი, დაიძინა. კიდევ კარგი, რომ გერმანელებს, ის ვიღაც ფუგანი საერთოდ არ აინტერესებთ, თორემ აქამდე ატყდებოდა ამბავი. არ მგონია, ასეთი სუსტები იყოთ. ეტყობა, არ ინდომებთ.
პაპავა გაცეცხლებული გამოვიდა ახვლედიანის კაბინეტიდან და მაშინვე ნოდარ დევიძის მოსაძებნად გავარდა. გზად ვახოს შეეყარა და საყვედურებით აიკლო.
– სად ხარ? მთელი დღეა...
– აქ ვარ, ბატონო თემო, და გელოდებით, – დაიბნა ვახო.
– მე რას მელოდები. იყავი და გააკეთე, რაც დაგავალე? გქონდა ფოტოები ამოცნობაზე?
– მქონდა.
– მერე, პასუხი ჩემამდე ვერ უნდა მოიტანო?
– ახლა ვაპირებდი...
– ახლა აპირებდა...
– დროზე, მითხარი, რა ქენი...
– კაცი მაშინვე იცნეს მეზობლებმა... გოგო – ვერა. მითხრეს, იმ გოგოებიდან რომლებთანაც ეგ ტიპი აქ მოდიოდა, ეს არც ერთს არ ჰგავსო.
– მერე?
– რა მერე, ბატონო თემო, მე როგორც მივხვდი, მაგარი გარყვნილი ტიპი იყო და ხატა ჰქონდა, რა!
– მერე, შენ რა გიხარია? უფრო ადვილი იქნებოდა, ერთი საყვარელი ჰყოლოდა და ის მოგვეძებნა. ნაშების მოძებნა დროსაც ბევრს წაგვართმევს და ნერვებს ხომ, ნუღარ იკითხავ. სხვა გზა არ მაქვს. ეს საქმე შენ უნდა დაგავალო. ნოდიას მობილურ ტელეფონს შეისწავლი. ყველა ნომერს ამოიღებ და ყველას გადაამოწმებ. არ გესწავლება, ეს როგორ უნდა გააკეთო. ვინც მეტ-ნაკლებად საეჭვოდ მოგეჩვენება, მე შემახვედრებ.
ვახო უკმაყოფილოდ დაიღრიჯა.
– აბა, აბა, ნუ იჯღანები? შენ ხომ არ გგონია, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მსიამოვნებს. ზოგჯერ ისეთ განავალში ვიქექები, გული მერევა... მომიცადე, ცოტა ხანი არ წახვიდე, მობილურს ვუპასუხებ და კიდევ გეტყვი, როგორ უნდა გაიმარტივო ეგ საქმე...
პაპავამ ტელეფონი ყურთან მიიდო.
– დიახ, თემურ პაპავა გისმენთ... დიახ, მე ველაპარაკე თქვენს მეუღლეს... უკვე შეგიძლიათ? ძალიან კარგი... თუ პრობლემა არ გაქვთ, ჩვენთან მობრძანდით. დიახ, საშვს დავუშვებ... მითხარით თქვენი გვარი... – პაპავამ ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა... – გელოდებით!
თემომ მაგიდის ჩაკეტილი უჯრიდან ცელოფანში გახვეული მობილური ამოიღო და ვახოს გაუწოდა.
– ჯერ ყველა ტელეფონის ნომერს ამოწერ. მერე მობილურ ოპერატორებს დაუკავშირდები. ნებართვას ქვემოთ აიღებ... აბა, ჩქარა... სწრაფად უნდა იმოქმედო, იცოდე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3