კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის ჩამოვიდა ვან კლიბერნი საქართველოში და როგორ მოხვდა თბილისის კონსერვატორიაში რახმანინოვის როიალი



სერგეი რახმანინოვი, პეტრე ჩაიკოვსკი, არტურ რუბინშტეინი, თეოდორ შალიაპინი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური სასწავლებლის – ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები, იოსებ და როზალია ლევინები, ცნობილი პიანისტი ვან კლიბერნი – ეს იმ მსოფლიო გიგანტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდათ...
ამ  თემაზე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად თბილისის ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიას ვეწვიეთ და მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ მარინე ჩიხლაძესა და მეცნიერ-თანამშრომელ ნინო ხატიაშვილს ვესაუბრეთ.
მარინე ჩიხლაძე: კონსერვატორიის მუზეუმში არის  უნიკალური ექსპონატი – სერგეი რახმანინოვის როიალი – „ბეხშტეინი“, რომელიც საქართველოში 1911 წლიდანაა... საქართველოში პოპულარული იყო თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ყოფილი  პედაგოგების – ლევ პიშნოვისა და ადოლფ შვეიგერის მიერ დაარსებული სპეციალური ბიურო, რომელსაც ცნობილი მუსიკოსები ჩამოჰყავდა. სწორედ მათი მოწვევით, 1911 წელს რახმანინოვი თბილისს საკონცერტოდ ეწვია. თბილისში არა მხოლოდ რუსეთიდან ჩამოდიოდნენ ცნობილი მუსიკოსები, არამედ, ევროპიდან: გალსტონი, ჰოპმანი, შალიაპინი... შალიაპინმა საქართველოში აიდგა ფეხი, როგორც მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბანმა.
– რახმანინოვის როალს დავუბრუნდეთ...
– რახმანინოვი თბილისში საკონცერტოდ იყო ჩამოსული 1911, 1913 და 1915 წლებში. 1911 წელს რახმანინოვმა თავისი ინსტრუმენტი – „ბეხშტეინი“ ჩამოიტანა და სტეფანე მირზოევმა (მეცენატი, იმხანად რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების – რსმს-ის თბილისის განყოფილების დირექტორი) სთხოვა, ნება დაერთო, ინსტრუმენტი რელიკვიის სახით შეეძინა მისგან. შეთავაზებულ წინადადებას რახმანინოვი დათანხმდა... სამწუხაროდ, სერგეი რახმანინოვი ემიგრაციაში წავიდა ფინეთში, შემდეგ გერმანიაში და საბოლოოდ დასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სერგეი რახმანინოვი ამერიკის მოქალაქე გახდა და 17 წლის შემდეგ, როდესაც რევოლუცია მოხდა, ძალიან ცნობილი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი, სერგეი რახმანინოვი, მოიხსენიებოდა როგორც ამერიკის მოქალაქე. რუსეთმა იგი „ხალხის მტრად“ შერაცხა და ყველა მისი რელიკვია მოსპო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. საბედნიეროდ, ვერც მოიაზრეს, საქართველოში ასეთი რამ თუ იქნებოდა, თორემ, „ხალხის მტრის“ ინსტრუმენტს, რასაკვირველია, გაანადგურებდნენ.   
– როგორ მოხვდა რახმანინოვის როიალი თბილისის კონსერვატორიაში?
– 1925 წელს თბილისში მოღვაწეობდნენ ძალიან ცნობილი მუსიკოსები – რიადნოვები (ცოლ-ქმარი). ისინი თავის მოგონებებში წერდნენ, რომ საკმაოდ ცნობილი მაესტრო, ინსტრუმენტების კარგი  მცოდნე – რიჰარდ კერერი,  დაახლოებული იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელთან – ანა თულაშვილთან. სწორედ  რიჰარდ კერერისა და ანა თულაშვილის რეკომენდაციით, საქართველოს კონსერვატორიამ 1925 წელს, სახელმწიფოს სურვილით, შეიძინა სტეფანე მირზოევისგან (სტეფანე მირზოევმა გაჭირვების გამო როიალი 25 ათას მანეთად გაყიდა) რახმანინოვის პირადი როიალი.
მერი დავითაშვილის მოგონებიდან ვიგებთ, რომ 1941 წელს, როდესაც სამამულო ომი დაიწყო, საბჭოთა კავშირში სერგეი რახმანინოვის ყველა სახის მუსიკის აჟღერება აკრძალული იყო. თავად მდიდარმა და ცნობილმა მუსიკოსმა, სერგეი რახმანინოვმა, ამერიკაში შეიძინა თვითმფრინავი და საბჭოთა კავშირს  საჩუქრად გამოუგზავნა.  ამან განაპირობა ის, რომ რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი რუსეთში შესრულდა. მან  რუსულ საზოგადოებაში საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინა და იმ დღიდან მას მოიხსენიებდნენ, როგორც მსოფლიოში სახელოვან რუს კომპოზიტორსა და პიანისტს. როცა რუსეთის ფედერაციაში გაიგეს, რომ საქართველოში რახმანინოვის პირადი როიალი იყო, სურვილი გამოთქვეს შეეძინათ (იმ პერიოდში საქართველოში ძალიან დუხჭირი ცხოვრება იყო და უნდოდათ ამით ესარგებლათ), ჩვენგან კი მიიღეს პასუხი, რომ ექსპონატი არ იყიდება.
– ისევ მსოფლიო გიგანტების საქართველოსთან კავშირს დავუბრუნდეთ. არტურ რუბინშტეინს ქართველი მეუღლე ჰყავდა?
– დიახ, ეს იყო საკმაოდ მდიდარი ქალბატონი – ვერა ჩიქოვანი. მათ კოჯორში განსაკუთრებულად ლამაზი აგარაკი ჰქონდათ. ვერა ჩიქოვანი მომღერალი გახლდათ და ძალიან ლამაზი ხმა ჰქონდა. იგი მსოფლიოში ცნობილი მომღერლისა და პედაგოგის – პოლინა ვიარდეს მოწაფე იყო. პოლინა ვიარდემ პირველმა შეასრულა შოპენის პრელუდიები ხმით.  ის შოპენის დაკრძალვაზე მღეროდა ამ პრელუდიას... ჩიქოვანები პეტერბურგში ცხოვრობდნენ. იქ გაიცნეს ერთმანეთი ვერამ და არტურმა და სამი ვაჟი შეეძინათ.
– თეოდორ შალიაპინს რა აკავშირებდა საქართველოსთან?
– თეოდორ შალიაპინის პროფესიული ზრდისა და ჩამოყალიბების პერიოდი საქართველოსთან არის დაკავშირებული. მისი, როგორც მომღერლის,  დებიუტი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში შედგა, სადაც შეასრულა ნაწყვეტები „ბორის გოდუნოვიდან“. იმ პერიოდში სამხატვრო აკადემიის სცენა იჯარით ჰქონდა აღებული „მუსიკალურ წრეს“, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობდა შალიაპინის პედაგოგი – დავით უსატოვი.  ცნობილია შალიაპინის  ფრაზა, რომელიც 1915 წელს წარმოთქვა ვერის ბაღში, მის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე: „მე დავიბადე ყაზანში და მუსიკისთვის თბილისში“.
– როგორც ვიცი, კონსერვატორიის მუზეუმში უნიკალური ავტოგრაფებია შენახული...
ნინო ხატიაშვილი: დიახ, უნიკალური ავტოგრაფები ელისაბედ ორბელიანის სალონიდან გვაქვს. 1911 წელს სერგეი რახმანინოვი თბილისში რომ ჩამოვიდა, ელისაბედ ორბელიანის სალონს ეწვია... ელისაბედ ორბელიანი  ირაკლი გრუზინსკის ქალიშვილი იყო, მეფის გვარის შთამომავალი და განათლება  პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული. იგი ფენომენალურად განათლებული პიროვნება გახლდათ, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა რამდენიმე ენას. ამ ქალბატონმა თარგმნა შოთა რუსთაველი ფრანგულად, მარჯორი უორდროპთან ერთად კი – ინგლისურად (მარჯორი უორდროპის ძმა საქართველოში კონსული იყო). 1913 წელს სერგეი რახმანინოვი ისევ ჩამოვიდა თბილისში და ელისაბედ ორბელიანის სალონს კვლავ ეწვია, რადგან მისით აღფრთოვანებული იყო. ელისაბედ ორბელიანმა  რახმანინოვს ლერმონტოვის „დემონის“ მისეული თარგმანი უსახსოვრა, თავისი ავტოგრაფით. ეს წიგნი 1907 წელს გამოიცა პარიზში ფრანსუა კოპეს წინასიტყვაობით და  ამჟამად მოსკოვში, მიხეილ გლინკას სახელობის მუზეუმში ინახება. ქალბატონმა ელისაბედმა თავად გაყო ავტოგრაფები ორ ნაწილად – მუსიკალურ და ლიტერატურულ ავტოგრაფებად. მუსიკალური ავტოგრაფები მან კონსერვატორიის ბიბლიოთეკას აჩუქა, ხოლო ლიტერატურული – ლიტერატურის ისტორიის მუზეუმს.  როდესაც კონსერვატორიაში მუზეუმი გაიხსნა, მუსიკალურმა ავტოგრაფებმა ბიბლიოთეკიდან მუზეუმის ფონდებში გადმოინაცვლა. მუზეუმში გვაქვს სერგეი რახმანინოვის ავტოგრაფი, შალიაპინის მუშტუკი, ავტოგრაფი – ციტატა პუშკინიდან... გვაქვს, ასევე, იოსებ ჰოპმანის ავტოგრაფი. ელისაბედ ორბელიანის სალონში ინახებოდა პარიზის კონსერვატორიის დირექტორის – თეოდორე დიუბუას ავტოგრაფი. ეს ყველაზე ხანდაზმული ავტოგრაფია, 1895 წლით დათარიღებული.
– თუ არ ვცდები, პეტრე ჩაიკოვსკიც იმყოფებოდა საქართველოში...
– პეტრე ჩაიკოვსკის ძმა, ანატოლი ჩაიკოვსკი, არაჩვეულებრივი მევიოლინე იყო. როგორც აღმოჩნდა, იგი თბილისის ოპერაში საკვარტეტო საღამოების აქტიური წევრიც ყოფილა. ჩვენ გვაქვს ფოტო პეტრე ჩაიკოვსკის ავტოგრაფით. წარწერის მიხედვით იგი თბილისის მუსიკალურ საზოგადოებასა და სამუსიკო სასწავლებელს  მადლობას უხდის. ფოტო 1886 წლით არის დათარიღებული. 1986 წელს იოსებ ანდრონიკაშვილმა პეტრე ჩაიკოვსკის ოპერის თეატრში დიდი საღამო გაუმართა.
– როგორც გავიგეთ, თბილისის კონსერვატორიასთან ჰქონდათ კავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური სასწავლებლის – ჯულიარდის სკოლის დამაარსებლებს...
 – თბილისში მუსიკალურ სასწავლებელში მოღვაწეობა ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა და გაცილებით მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ თანამშრომლებს. აქ საუკეთესო მუსიკოსები ჩამოდიოდნენ, მათ შორის იყვნენ: ფრანც კესნერი, ბროჯი-მუტინი, მატკოვსკი, ვილშაუ, პოლივკა, ბეტინგი, ნიკოლაევი, ტრუსკოვსკი და სხვები... აქ იყო ბრწყინვალე პიანისტი იოსებ ლევინი და მისი მეუღლე – როზალია ლევინა. ისინი თბილისში ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ, შემდეგ ისინი მოსკოვის კონსერვატორიაში მიიწვიეს, მოსკოვიდან გერმანიაში წავიდნენ, გერმანიიდან კი – ცოლ-ქმარი – ჯულიარდის სამუსიკო სკოლის დამფუძნებლები გახდნენ. ამ სასწავლებელში  ვან კლიბერნი  როზალია ლევინას  მოწაფე იყო... როდესაც ვან კლიბერნმა მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე პირველი პრემია აიღო,  გადაწყვიტა, მოენახულებინა ის ქვეყანა, რომლის შესახებ ბევრს უამბობდა როზალია ლევინა... ვან კლიბერნს საქართველოში არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაუწიეს. მუზეუმში გვაქვს მისი წერილი ქართველი ხალხისადმი, რომელიც მან გამოუგზავნა ბატონ ვაჟა ჩაჩავას (ბატონმა ვაჟამ მოგვცა საშუალება, ამ წერილის ასლი გადაგვეღო, რომელიც გამოფენილი გვაქვს ექსპოზიციაში). იქვეა ჩოხაში გამოწყობილი ვან კლიბერნის ფოტო. ფრაგმენტი წერილიდან:  „ეს ისეთი მშვენიერი ადგილია, მაგრამ, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, ადგილი საცხოვრისად აქციონ და, დამძიმებული გულით, მაგრამ მადლიერებით აღვსილი მოგონებებით ვამბობ – ნახვამდის“... 
ვან კლიბერნი იმდენად დიდ მადლიერებას გამოხატავს, რომ ერთ დონეზე შეგვიძლია, დავაყენოთ პეტრე ჩაიკოვსკისა და ვან კლიბერნის წერილები...  თეოდორ შალიაპინი ერთადერთი არ იყო, რომელიც თავის ბედს საქართველოს უკავშირებდა. როგორც ჩანს, საქართველო მადლიანი მიწაა, რადგან ლევინები სულ ორი წელიწადი ცხოვრობდნენ საქართველოში და მთელი ცხოვრება უსაზღვრო მადლიერები იყვნენ.

скачать dle 11.3