სტალინის დავალება ეჟოვის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბერიამ ზედმეტი ცერემონიების გარეშე შეასრულა
დახვრეტის წინ ტუხაჩევსკიმ შესძახა, სტალინს გაუმარჯოსო. ამან ბელადი ჩააფიქრა, რადგან მოღალატეები ასე არ იქცევიან. მის ყურამდე ისედაც მიდიოდა ინფორმაცია უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯის შესახებ. სტალინის რეაქცია გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ერთ დროს ტუხაჩევსკი მისი ფავორიტი გახლდათ, ის უზარმაზარი ინტელექტით გამოირჩეოდა და თავის დროზე საიმპერატორო არმიის მაღალჩინოსანი იყო. გადამწყვეტ მომენტში კი, ბოლშევიკების მხარეს გადავიდა და არაერთხელ გაუსწორა სიკვდილს თვალი. ახლა კი ეს კაცი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი, ფაქტობრივად, სტალინმა გამოუტანა, კედელთან იდგა და იდიოტი სალდაფონების ტყვიას ელოდებოდა. ამის მიუხედავად, საიქიოს უკანასკნელი რიტუალი, ამაყად შეასრულა – წელში გამართული დაელოდა ბრძანებას. თუმცა, მისმა შეძახილმა ტყვიებს დაასწრო. სიცოცხლის უკანასკნელ წამს, მოღალატე ცხადია, ვერ იტყოდა, სტალინს გაუმარჯოსო. ამის შემდეგ ბელადმა სერიოზული ეჭვი შეიტანა ეჟოვის საქმიანობაში, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა. ათასობით უდანაშაულო ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა. ვეშინსკოეს რაიონში, შინაგან საქმეთა კომისრის, ეჟოვის განკარგულებით, რაიონის მთელი ხელმძღვანელობა დააპატიმრეს. მათ ბრალი ხალხის მტრობაში ედებოდათ. ამ ადამიანებს მხსნელად, დიდი რუსი მწერალი, მიხეილ ალექსანდრეს ძე შოლოხოვი მოევლინათ. ის ბელადს ეახლა და იმის თქმაც გაუბედა, რომ დაპატიმრებულები სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები იყვნენ; და, თუ მისი მეგობრები მტრები არიან, თვითონაც მტერია. იოსებ ბესარიონის ძემ მომენტალურად გამოიძახა ეჟოვი, თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, მწერალი შოლოხოვი მტერი ყოფილიყო. შეშინებულ ჯალათს მეტი არაფერი დარჩენოდა და უპასუხა, არაო. ამას ბელადის ბრძანება მოჰყვა: სასწრაფოდ გამოიძიეთ „ვეშინსკოელთა საქმე“, ისე სწრაფად, რომ „წყნარი დონის“ ავტორი, არ მოვაცდინოთო. „ნიკოლოზ ივანეს ძე ჯალათის“ (როგორც მას ხალხმა დაარქვა) თავმოყვარეობა საშინლად შეილახა. ის იძულებული გახდა, ორჯერ მოეწერა ხელი იმ დაწესებულების შეცდომაზე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა და ბოდიშის მოხდაც ორჯერ მოუწია. ერთხელ, იმისთვის, რომ მთავარმა ჩეკისტმა უდანაშაულო ხალხი დააპატიმრა, რომელთა მიმართ ბრალდებები აშკარად შეთითხნილი იყო და მეორედ იმისთვის, რომ როგორც პარტიული კონტროლის კომისიის თავმჯდომარემ, კომუნისტური პარტიის რიგებიდან „ამხანაგები“ გარიცხა. შემდეგ, იძულებული გახდა, ისინი პარტიაშიც ხელახლა აღედგინა და თანამდებობებზეც. აი, რა შეეშალა ეჟოვს, კაცს, რომელსაც სტალინის ნდობა და განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. მისი ერთი სიტყვით, ასეულობით ადამიანს ხვრეტდნენ. ჯალათმა კარგად იცოდა, რომ ბელადი არ აპატიებდა ტუხაჩევსკის სიკვდილს. აუცილებელი იყო სასწრაფო ზომების მიღება, მაგრამ გონებადაბნელებულმა და გაბოროტებულმა უარესი სისულელე ჩაიდინა, რითაც საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
გაბოროტებული ჩეკისტის შეცდომა
„ნიკოლოზ ივანეს ძე ჯალათმა“, რომელიც შოლოხოვს „ქაღალდის ჭიას“ ეძახდა, გადაწყვიტა, გაენადგურებინა მწერალი, რომელმაც გაბედა და მის ყოვლისშემძლეობას წინ აღუდგა. ეს კი დაბრკოლებად ექცა მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე. სულ ცოტა ხანში, როსტოვის ოლქის „ნკვდ-ს“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) უფროსმა დირექტივა მიიღო, მაკომპრომეტირებელი მასალები შეეგროვებინა რაიკომის მდივან ლუგოვზე და მწერალ შოლოხოვზე, რადგან თურმე, მწერლის სახლში საბჭოთა ხელისუფლების მტრები იკრიბებოდნენ და რეჟიმის დამხობის გეგმებზე საუბრობდნენ. „ბუნტოვშიკები“ კი ისევ „ვეშინსკოელთა საქმის“ წევრები იყვნენ, რომელთაც „სხვებიც“ ეხმარებოდნენ. ასეთი იყო გონებაჩლუნგი ეჟოვის შურისძიების გეგმა. დაპატიმრებულ კაზაკებს სცემდნენ და აშინებდნენ, რათა ჩვენება შოლოხოვის საწინააღმდეგოდ მიეცათ. ჯალათის დავალებას საოლქო პარტიული აპარატის მუშაკები – კოგანი და შეველევი ასრულებდნენ. კოგანმა ვეშინსკოეში ჯაშუშად ყოფილი კომკავშირელი მუშაკი – ინჟინერი ივანე პოგორელოვი გაამწესა. მას მანამდე სამსახურიდან და პარტიიდან გარიცხვით და ციხითაც დაემუქრნენ. შემდეგ კი პირობა ჩამოართვეს, თუ შოლოხოვის საწინააღმდეგო მასალებს შეაგროვებ, შენზე ყოველგვარი ეჭვი მოგვეხსნებაო. ეჟოვმა სწორედ აქ დაუშვა შეცდომა, რადგან „აგენტმა“ იმედები ვერ გაამართლა. პოგორელოვი ლუგოვსა და შოლოხოვს მართლაც დაუახლოვდა. ხშირად იმყოფებოდა ის მწერლის სახლში, მაგრამ პატიოსანი კაცი გამოდგა, სინდისმა შეაწუხა, რაიკომის მდივანთან მივიდა და სიმართლე გაუმხილა. რთული მისახვედრი არ იყო, რა ელოდა მწერალს. ლუგოვი და პოგორელოვი დაღამებას დაელოდნენ, შემდეგ კი შოლოხოვი, ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამთ, სახლიდან გააპარეს. სტალინთან შოლოხოვს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ერთადერთი, რაც მწერალმა ბელადს სთხოვა, ის იყო, რომ დაეცვა პატიოსანი ადამიანები ცილისწამებისა და დევნისაგან.
საქმის გარჩევა
მოწვეულთა შორის იყვნენ: როსტოვის ოლქის „ნკვდ-სა“ და ვეშინსკოეს რაიონული განყოფილების მუშაკები. იქვე იყვნენ პოგორელოვი და ლუგოვი. სტალინმა ისეთი გენიალური სპექტაკლი დადგა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი თეატრის რეჟისორებს შეშურდებოდათ. ყოვლისშემძლემ ნება დართო ორივე მხარეს თავისუფლად ესაუბრათ. როსტოვის მთავარმა ჩეკისტმა ლაპარაკი წამოიწყო იმის თაობაზე, თუ როგორ ცუდად მუშაობს პარტიის რაიკომი. ლუგოვი ადგილიდან წამოხტა და თქვა, რომ ეს ცილისწამებაა და რაიონი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. თავიდან ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობდა, მაგრამ სტლინმა მოლოტოვს თვალი ჩაუკრა და ეჟოვის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. მოლოტოვმა რეპლიკა ისროლა: „რატომ არის 5 000 კომუნისტი დაპატიმრებული? რა, ოლქის ყველა კომუნისტი ხალხის მტერია?“
სტალინის თანხმობის გარეშე ამ შეკითხვას ვერავინ დასვამდა. ვითარება დაიძაბა. ბელადი კოგანს მიუახლოვდა. კოგანი ფეხზე წამოხტა, სახეზე მკვდრის ფერი ედო. მიიღეთ თუ არა მითითება, ცილი დაგეწამათ და პოგორელოვი ჯაშუშად მიგეჩინათ მწერლისთვის? აღწევდით თუ არა იარაღის მუქარით შოლოხოვის წინააღმდეგ ჩვენებების მიღებას? – ჰკითხა იოსებ ბესარიონის ძემ. დიახ! – უპასუხა მან. ასე მარტივად ჭამა პური სამართალმა. საქმის გარჩევას სასამართლო არ დასჭირვებია. ამის შემდეგ ბელადმა ერთადერთი შეკითხვა დასვა: ვინ მოგცათ ასეთი განკარგულება? – ამხანაგმა გრიგორიევმა. განკარგულება შეთანხმებული იყო ამხანაგ ეჟოვთან, აკანკალებული ხმით ამოღერღა მოპასუხემ. ელდანაცემი ეჟოვის მიერ წამოძახებული „არა“, განწირული ადამიანის უაზროდ გამოცემულ ბგერებს უფრო ჰგავდა.
– ეჟოვ, თქვენ, პრაქტიკულად, უთავოდ დატოვეთ მთელი პარტიული ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციებიც. უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ ტუხაჩევსკის ჯგუფიდან 40 000 სამხედრო პირი სიკვდილით დასაჯეს. ეს ჩვენი რიგების წმენდა კი არა, კადრების განადგურებაა. ალბათ, მათზეც ისეთივე ხერხებით მოქმედებდით, როგორც როსტოვში, ამას გამოკვლევა სჭირდება, – თქვა ბელადმა. ნათლად ჩანდა, რომ ეჟოვის საქმე წასული იყო. სტალინმა კი ამ სპექტაკლით ერთბაშად რამდენიმე სამიზნეს მოარტყა: საბჭოთა მწერალს დაანახვა, თუ როგორ ობიექტურად იხილავს პოლიტბიურო რთულ, საჭირბოროტო საკითხებს; თუ როგორ ზრუნავს ბელადი ადამიანებისა და სამართლიანობისთვის და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი – რა ელის მას, ვინც შეცდომას დაუშვებს. შეცდომა კი ბევრი იყო. შეცდომა იყო ის, რომ მწერალი შოლოხოვი, რომელიც სტალინმა ერთხელ უკვე დაიცვა, „ერთგულმა“ ჩეკისტმა გაბედა და კვლავ საფრთხის წინაშე დააყენა, თანაც ბელადის გვერდის ავლით, თვითნებურად იმოქმედა. მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ არ დაემორჩილა სტალინის ნებას. ეს ისე, თორემ, საერთოდ, ეჟოვის მოშორების დრო იყო. მან ბევრი იცოდა და მეტისმეტად ოდიოზური ფიგურაც გახდა.
P.S. საიდუმლო დავალება ლავრენტი ბერიამ, იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანუ ისევ ეჟოვის, მოადგილემ, ჩინებულად და ბევრი ცერემონიის გარეშე შეასრულა – ნიკოლოზ ივანეს ძე ეჟოვი თავის თანაშემწეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, იმავე ეზოში დახვრიტეს, სადაც მარშალმა ტუხაჩევსკიმ სიკვდილის წინ შესძახა: „გაუმარჯოს სტალინს“! ჯალათისგან კი ასეთი სიტყვები არავის გაუგონია.