ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ძალიან მინდა, დიდი ტანის ძაღლის აყვანა. მგონია, რომ მასთან თავს ისე ვიგრძნობ, როგორც პირადი მცველის გვერდით. რას მეტყვით დიდი ტანის ძაღლებთან დაკავშირებით?
პასუხი: ეს მართლაც ასეა. მის გვერდით თავს მართლაც დაცულად იგრძნობთ. მთავარია, ფსიქოლოგიურად იყოთ მის მოსავლელად მზად და სრული პასუხისმგებლობა აიღოთ ამ არსებაზე. დიდი ტანის ძაღლი ძალზე ეფექტური, ყოვლისშემძლე და ღონიერია, შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კინოლოგის პროფესიონალური წვრთნა დასჭირდება. დიდი ძაღლის პატრონთა 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოთხფეხა მეგობრის გვერდით საიმედოდაა დაცული. ეს მართლაც ასეა. ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს კანე კორსოს, ბულმასტიფს, ბორდონულ დოგს, მასტინოს, კავკასიურ, გერმანულ და აზიურ ნაგაზებს.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, არსებობს თუ არა ძაღლებში ეპილეფსია და ძირითადად რა ასაკში ხდება მისი გამოვლენა?
პასუხი: ეპილეფსია ძაღლებში, რა თქმა უნდა, არსებობს და მისი გამოვლენა ძირითადად ხდება 6 თვიდან 5 წლის ასაკამდე, რადგან ამ ასაკში უფრო აშკარაა გენეტიკური ფაქტორის გამოვლენა. ეპილეფსიის დროს თვალის გუგები გაფართოებულია. ძაღლს აღენიშნება უნებლიე შარდვა და ხანდახან ხშირდება სუნთქვითი მოძრაობები რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეპილეფსიის შემდეგ აღინიშნება ცხოველის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, დათრგუნვა და სისუსტე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მდგომარეობა ნორმას უბრუნდება.