ვერცხლისფერი „მერსედესი“ რკინისკარიანი ავტოფარეხის წინ გაჩერდა. მანქანიდან გადმოსულმა მძღოლმა კარი ღია დატოვა და ავტოფარეხის გასაღებად გაემართა. ბოქლომს გასაღები მოარგო, მაგრამ გადატრიალება ვერ მოასწრო. მაყუჩიანი პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია მარცხენა ბეჭში
სიმბარათით გახსნილი საქმე და საზარელი მკვლელობა ბოტანიკურ ბაღში
ვერცხლისფერი „მერსედესი“ რკინისკარიანი ავტოფარეხის წინ გაჩერდა. მანქანიდან გადმოსულმა მძღოლმა კარი ღია დატოვა და ავტოფარეხის გასაღებად გაემართა. ბოქლომს გასაღები მოარგო, მაგრამ გადატრიალება ვერ მოასწრო. მაყუჩიანი პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია მარცხენა ბეჭში მოხვდა და სანამ ძირს დაეცემოდა, მეორე ტყვიამ უკვე გული გაუგმირა. დაჭრილი მძღოლი პირქვე დაეცა. თავდამსხმელი მიუახლოვდა, პისტოლეტი კეფაზე მიადო და გაისროლა. ამის შემდეგ მკვლელი მკვეთრად შეტრიალდა და ნაგავსაყრელის მიმართულებით წავიდა. როდესაც ვერცხლისფერ „მერსედესს“ ჩაუარა, მანქანიდან ჩართული რადიომიმღების ხმა გამოდიოდა.
– ღმერთო, ეს რა ვნახე? – ჩაილაპარაკა თმაგაჩეჩილმა მაწანწალამ, რომელიც დროებით ერთ-ერთი მშენებარე ავტოფარეხის კარკასში ცხოვრობდა. შემდეგ კი, სწრაფად გამოვიდა თავისი სადგომიდან და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
მთავარი მოწმე
ვერცხლისფერი „მერსედესის“ მძღოლი, რომელსაც მკვლელმა სამი ტყვია ესროლა, ვინმე ედისონ მარაზია აღმოჩნდა. ის აფხაზეთიდან ლტოლვილი გახლდათ და სასაქონლო ბიზნესს ეწეოდა. მოსკოვიდან, სულ რაღაც, ოთხი თვის ჩამოსულმა მარაზიამ ქართულ ბაზარზე მყარად მოიკიდა ფეხი. მძიმედ დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მარაზია, შემთხვევით საპატრულო პოლიციამ აღმოაჩინა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე საღამოს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით. ამ საქმეს საქალაქო პროკურატურის გამომძიებელი მალხაზ ჭედია იძიებდა.
– რუსები რომ იტყვიან: „ონ ვრუბაშკე რადილსია“, – უთხრა ჭედიას მკურნალმა ექიმმა, რომელმაც დაჭრილს ოპერაცია გაუკეთა.
– თავში, ისიც კეფაში რომ „კანტროლკას“ დაგადებენ და გადარჩები ასეთი ჭრილობის შემდეგ, ეს მართლაც სასწაულია, – დაეთანხმა მარაზიას ექიმს ჭედია.
– კეფის ჭრილობა ყველაზე უხიფათო იყო. სხვათა შორის, ტყვიამ სწორედ იმ ღარში გაიარა, რომელიც კეფიდან სასამდე მდებარეობს და პაციენტს პირიდან გამოუვარდა, მას გადარჩენის მილიონიდან ერთი შანსი ჰქონდა. ტყვიას რომ ოდნავ გაეხვია, ტვინს გაასხმევინებდა. ყველაზე მძიმე გულის ჭრილობა იყო. თუმცა, აქაც გაუმართლა და აორტა არ დაზიანებულა. რაც შეეხება ბეჭს, აქ მხოლოდ კუნთებია დაზიანებული და მალე აღუდგება.
მალხაზ ჭედია პირდაღებული უსმენდა ქირურგს. ბოლოს კი, ის ორი ტყვია გამოართვა, რომელიც ექიმმა ჭრილობებიდან ამოიღო ოპერაციის დროს.
– მესამე ტყვიამ მას კბილები ჩაულეწა და შემთხვევის ადგილზე უნდა მოძებნოთ, – ურჩია ექიმმა გამომძიებელს, – კბილები რომ არ ჩამტვრეოდა, ვივარაუდებდით, რომ გადაყლაპა, მაგრამ ეს გამორიცხულია.
გამომძიებელმა მადლობა გადაუხადა ექიმს და ტყვიები ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნა. მერე მარაზიას ტანსაცმელიც ექსპერტებს გადაუგზავნა.
ექსპერტიზის დასკვნით, მარაზიას მიმართულებით პირველი ორი გასროლა, 8-9 მეტრის მანძილიდან მოხდა, ხოლო მესამე კი – მიბჯენით. იარაღის სახეობა ვერ დაადგინეს, თუმცა სამივე ტყვია ეგრეთ წოდებული „გეკოსი“ გახლდათ. მესამე ტყვია, როგორც ექიმი ვარაუდობდა, მოკვლევის ჯგუფმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა. თუმცა, მასრებს ვერ მიაგნეს. ახლომდებარე სახლების მოსახლეობაც გამოკითხეს, თუმცა თვითმხილველი არ აღმოჩნდა. ჭედიას იმედი არ ჰქონდა, რომ საქმე გაიხსნებოდა.
– რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, ბიჭო?! – უთხრა ჭედიას ქალაქის პროკურორმა, როდესაც ის მარაზიას საქმესთან დაკავშირებით ეწვია უფროსს.
– არც ერთი მოწმე, მხოლოდ სამი ცალი „გეკოს“ ტყვია და რეანიმაციაში მყოფი დაზარალებული, – მოახსენა მალხაზმა პროკურორს, – აშკარად ეტყობა, რომ პროფესიონალი მოქმედებდა. მით უმეტეს, რომ ეს საქმე მარაზიას პროფესიულ საქმიანობას ეხება. ასეთ საქმეში კი მკვლელობის შემკვეთი კვალს არასოდეს ტოვებს.
გამოცდილ პროკურორს გაეცინა ახალგაზრდა გამომძიებლის სიტყვებზე და უთხრა:
– ჯერ ერთი, რა იცი, რომ ეს საქმე დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობას ეხება, ანუ, როგორც შენ ამბობ, ის კონკურენტებმა მოიშორეს. გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ მართლა ასე რომ იყოს, მაშინ მარაზია დღეს საფლავში იწვებოდა და არა – რეანიმაციაში. პროფესიონალი მკვლელი ერთი გასროლით კლავს, მარაზიას კი სამჯერ ესროლეს. თანაც, სად გაგიგია, რომ ასეთ სერიოზულ საქმეში „გეკოს“ ტყვიებს იყენებდნენ? დაქირავებული მკვლელი ყოველთვის ასპროცენტიანად მოქმედებს, მარაზიას თავდამსხმელი კი ბავშვურად მოიქცა.
– მაყუჩი? – თქვა ჭედიამ, – მაყუჩიანი პისტოლეტის შოვნა დილეტანტისთვის რთულია. როდესაც უბრალო ადამიანი ყიდულობს ასეთ ნივთს, ეს ფაქტი იმწუთსვე პოლიციისთვის ხდება ცნობილი. პოლიციას კი ასეთი ოპერატიული მონაცემები არ გააჩნია. ესე იგი, პროფესიონალი მოქმედებდა. თუმცა, ჩემი აზრით, მას არ გაუმართლა.
– მაყუჩი, ჩემო მალხაზ, – ღიმილით თქვა პროკურორმა, – შესაძლოა, საერთოდაც არ ჰქონია თავდამსხმელს.
– მაშინ, ხომ გაიგონებდნენ გასროლის ხმას?
– წაიკითხე, – თქვა პროკურორმა და ჭედიას ტყვიებზე ჩატარებული დამატებითი ექსპერტიზის პასუხი დაუდო წინ. მასში ეწერა, რომ სამივე ტყვიაზე პლასტმასის მიკრონაწილაკები იყო აღმოჩენილი.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა ჭედიამ.
– მაყუჩი მხოლოდ ერთჯერადი, ჩემო მალხაზ, ჩვეულებრივი „კოკა-კოლას“ პოლიეთილენის ბოთლისგანაც კეთდება. საკმარისია მხოლოდ, რომ ეს ბოთლი ლულას მოარგო და გაისროლო. ასეთი გასროლა კი მერწმუნე, უხმო იქნება. ახლა უკვე გვიანია, მაგრამ ეს რომ მოკვლევის ჯგუფს სცოდნოდა, მაშინ შემთხვევის ადგილიდან მინიმუმ, ორ ბოთლს ამოიღებდნენ. მესამე ბოთლი, სავარაუდოდ, თავდამსხმელმა წაიღო და შორს გადააგდო.
– სამწუხაროდ, ეს არ ვიცოდი, – თავი ჩაღუნა ჭედიამ.
– გვრჩება ერთი შანსი და თუ გაგვიმართლებს, შეიძლება, თავდამსხმელს მივაგნოთ. ასეთ ადგილებში „ბომჟები“ სახლობენ და გამორიცხული არ არის, იმ საღამოს იქ თვითმხილველიც კი იყო, – უთხრა ჭედიას პროკურორმა.
ქალაქის პროკურორი მართალი აღმოჩნდა და მეორე დღეს პოლიციის ოპერებმა პროკურატურაში ვინმე ანზორ ბრინჯიაშვილი მიიყვანეს, რომელმაც განაცხადა: „გვერდით გარაჟში ხშირად ვათევდი ხოლმე ღამეს. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვიარე და ადრე მოვეწყვე დასაძინებლად, მაგრამ, არ დამეძინა და სიგარეტის მოწევა მომინდა. ბნელოდა და ციოდა. ამ დროს ის „მერსედესი“ გაჩერდა და მინდოდა, მისი პატრონისთვის სიგარეტი მეთხოვა, მაგრამ ის უცებ წაიქცა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ ბუჩქებიდან ვიღაც კაცი გამოვიდა, წაქცეულს გრძელი იარაღი დაადო და უხმოდ ესროლა. შემდეგ იმ კაცმა სწრაფი ნაბიჯით ჩამიარა გვერდით და მგონი, მისი მობილური ტელეფონი რეკავდა ამ დროს“.
მაწანწალამ თავდამსხმელის სახე ვერ დააფიქსირა, რადგან ნაქსოვი ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული. ტანზე კი თბილი, ნაქსოვი სპორტული სამოსი ეცვა.
– მანქანაში ხომ არ შემძვრალა თავდამსხმელი? – ჰკითხა „ბომჟს“ პროკურორმა.
– არა, ის პირდაპირ ნაგავსაყრელისკენ გაემართა. თავიდან ისიც კი ვიფიქრე, მუსიკის ხმამ ხომ არ შეაშინა-მეთქი. მანქანაში რადიო იყო ჩართული და სწორედ ამ დროს ჩაირთო ცხრასაათიანი „მაიაკის“ სიგნალი, – თქვა მაწანწალამ.
საზარელი მკვლელობა
მთავარი მოწმის ზუსტი ჩვენების საფუძველზე, პროკურორმა იმ მობილური ზარების შესწავლა დაიწყო, რომლებიც ედისონ მარაზიაზე თავდასხმის დროს, საღამოს 9 საათზე იმ არეალში არსებულ ანძაზე დაფიქსირდა. მსგავსი ზარი 900 აღმოჩნდა და ოპერმუშაკებმა თითოეული აბონენტის შესწავლა დაიწყეს. გამორიცხვის მეთოდით, ისინი საბოლოოდ, ათ აბონენტზე შეჩერდნენ და მათზე სატელეფონო მოსმენა და თვალთვალი დააწესეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ვინმე იონა ზარქუა აღმოჩნდა. მან ზუსტად 9 საათზე ვინმე ანა გ-იანის ტელეფონზე დარეკა. ანა გ-იანი პოლიციამ თბილისში ვერ აღმოაჩინა. დაადგინეს, რომ ის სვანეთში იყო წასული. აშკარა იყო, რომ ანა გ-იანის სიმბარათით ვიღაც უცხო სარგებლობდა. თუმცა, მისი დაკითხვა ვერ ხერხდებოდა, რადგან, სვანეთში, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზაც ჩაკეტილი იყო.
– ინტუიცია მკარნახობს, რომ სწორედ ანა გ-იანის ტელეფონის ნომრის მფლობელია თავდამსხმელი, – უთხრა პროკურორმა ჭედიას, – იონა ზარქუა უნდა დავაკავოთ და დავკითხოთ.
იონა ზარქუას დასაკავებლად გასულმა ოპერჯგუფმა ის სახლში ვერ აღმოაჩინა. მარაზიაზე თავდასხმიდან ერთი თვის თავზე, ის გაქრა.
– ეტყობა, რაღაც იყნოსა და დაიმალა, – ვარაუდობდა ჭედია.
– არ მგონია, – თქვა პროკურორმა, – დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი იცის და უბრალოდ, გააქრეს.
პროკურორი არ შემცდარა. იონა ზარქუას გვამი შემთხვევით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში აღმოაჩინეს. ის იმავე „გეკოს“ ტყვიით იყო მოკლული და შემდეგ ნაჯახით – საშინლად დაჩეხილი. ზარქუას ამოცნობა მხოლოდ ორი ოქროს უკანა კბილით მოხერხდა. ზარქუა აფხაზეთიდან იყო ლტოლვილი და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.
– მალხაზ, – თქვა ქალაქის პროკურორმა, – ეს საქმე ჩახლართული ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გავხსნით. მკვლელი ჯერ ლტოლვილებში უნდა ვეძებოთ და გამორიცხული არ არის, ის მოკლულის ახლო მეგობარიც კი იყოს.
მკვლელის აღსარება
იონა ზარქუას მკვლელობიდან მეათე დღეს, ქალაქის პოლიციის სამმართველოს სამძებრო განყოფილებამ 21 წლის, ოჩამჩირელი, აფხაზეთიდან დევნილი, ვინმე, კახა ბალაძე დააკავა. ბალაძეს „მარგოლინის“ სისტემის რევოლვერი უპოვეს, რომელიც „გეკოს“ ტყვიებს ისროდა და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სწორედ ამ რევოლვერიდან დაჭრეს ედისონ მარაზია და დაიღუპა იონა ზარქუა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მაწანწალა ანზორ ბრინჯიაშვილმა დაადასტურა, რომ სწორედ კახა ბალაძე დაესხა თავს მარაზიას.
– რატომ მოკალით ზარქუა და რას ერჩოდით მარაზიას? – ჰკითხა ბალაძეს პროკურორმა.
– ზარქუა არასასურველი მოწმე იყო და მოვიშორე, – მიუგო ბალაძემ, – მე თვითონ იურიდიულზე ვსწავლობდი და მშვენივრად ვიცი, რომ ტელეფონის ზარებს „დაასხდებოდით“. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ საქმის დროს ტელეფონი არ გამოვრთე და იმ კრეტინმა ზარქუამ სწორედ ამ დროს დამირეკა.
– გვამი რატომ დაასახიჩრეთ? – დაინტერესდა პროკურორი.
– როდესაც იონა ძირს დაეცა, მას თვალები გახელილი დარჩა. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ, ასე მეგონა, თუ არ ავჩეხავდი, მის თვალებში ჩემი გამოსახულება დარჩებოდა, – მიუგო პროკურორს ბალაძემ.
– ნაჯახი რატომ წაიღეთ თან?
– იონას მე შეშაზე წამოყოლა ვთხოვე და ნაჯახიც იმიტომ წამოვიღე, რომ არაფერი ეყნოსა.
– მარაზიას რატომ ესროლეთ?
მარაზიას ხსენებაზე კახა ბალაძეს თვალები სისხლით აევსო და გაფითრდა. შემდეგ სიგარეტის რამდენიმე ნაფაზი დაარტყა და თხრობა დაიწყო:
– ედისონ მარაზიას მოკვლა მას შემდეგ მინდოდა, რაც დედაჩემისგან შევიტყვე, რომ ის მამაჩემია. დედა ექვსი თვის წინ ჭლექით გარდამეცვალა პირდაპირ ქუჩაში და ამ ქვეყნად სულ მარტოდმარტო დავრჩი. დედამ მე ისეთი სიმწრით გამზარდა, რომ სხვა მის ადგილზე ათასგზის ჩაიქნევდა ხელს. ამის გამო კი ის ჭლექის მძიმე ფორმით დაავადდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ჩემთვის შრომობდა და უპატრონო ძაღლივით სადგურის ხიდზე დალია სული. თურმე, დედა რომ ძირს დაეცა და სისხლი ამოანთხია, გამვლელებს ის ლოთი ჰგონებიათ და ხელიც კი არავინ გაუწოდა მას. დედის დასაფლავებიდან ორი თვის შემდეგ, თბილისში ედისონ მარაზია გამოჩნდა და როდესაც დავადგინე, თუ ვინც იყო, მისი მოკვლა გადავწყვიტე. ჩვენი ინსტიტუტის სპორტულ სექციაში ეს რევოლვერი მოვიპარე და მარაზიას მარშრუტის შესწავლა დავიწყე. ორკვირიანი თვალთვალის შემდეგ, მომენტი შევურჩიე და „კოკა-კოლას“ ბოთლების გამოყენებით, სამჯერ ვესროლე. ვნანობ, მარაზია რომ ცოცხალი გადარჩა, იონა კი ასე სასტიკად მოვკალი.
კახა ბალაძეს უზენაესმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, ბალაძე საკუთარ საკანში ჩამოხრჩობილი იპოვეს და ექსპერტიზამ თვითმკვლელობა დააფიქსირა, რაც არავის გაუპროტესტებია...
ედისონ მარაზია რომ გამოჯანმრთელდა, საქართველოში თავისი ბიზნესმოღვაწეობა შეწყვიტა და რუსეთში დაბრუნდა. ის 2005 წლის 29 ოქტომბერს მოსკოვში, კაზინო „იმპერიალთან“ ჩაცხრილეს უცნობმა პირებმა და მიიმალნენ.