კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აღიარეს ფატუნა ბუშიჰედი ჩვენების ვარსკვლავად და ჟიურის რომელი წევრი შეჰპირდა მოდელიორს მისი კაბის წლობით ტარებას



ფატუნა ბუშიჰედის სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა და სულ რაღაც სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მან სერიოზული აღიარება მოიპოვა. ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 60 საუკეთესო დიზაინერს შორის აღიარეს. მისი ამერიკული ვოიაჟი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ფატუნას კოლექციით მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაერი – ქალბატონი მერსედესი დაინტერესდა. ეს კი წარმატებული კარიერის კიდევ უფრო დიდი გარანტიაა.
ფატუნა ბუშიჰედი: ალბათ, გამიმართლა, რომ მოვხვდი მსოფლიოს 60 საუკეთესო  დიზაინერს შორის. ეს ძალიან კარგი ფაქტია, რადგან იქ ბევრი ცნობილი მეტრი დიზაინერი იყო ჩამოსული ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ვენესუელადან, პუერტო-რიკოდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ. მათ შორის ვიყავი მეც, ერთადერთი ქართველი.
– რა კოლექცია უჩვენე დამსწრე საზოგადოებას?
– საღამოს კაბების კოლექცია მქონდა გატანილი. სასიამოვნოა, როცა ასეთ მასშტაბურ ჩვენებაში იღებ მონაწილეობას – მსოფლიოს ბანერთან, საქართველოს დროშით ხელში ვიდექი და სულ იმას ვიმეორებდი, თუ როგორი საინტერესო და არაჩვეულებრივი ქვეყნიდან ვარ. თავიდან ეგონათ, რომ ეს ჯორჯია ამერიკის შტატი იყო, მაგრამ ყველას ვუხსნიდი, რომ სულ სხვა ჯორჯიადან ვიყავი. ამ ჩვენებამ ძალიან დიდი წარმატება მომიტანა. ვფიქრობ, ამ ყველაფერში ჩემი ძმის წყალობაც იყო. წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, სამწუხაროდ, მოულოდნელად ძმა დამეღუპა, თუმცა მან უკვე იცოდა, რომ მსოფლიოს 60 საუკეთესო დიზაინერს შორის დამასახელეს და ამით, ძალიან ამაყობდა. ახალ კოლექციას რომ ვაკეთებდი, სულ გვერდით მედგა. როცა ეს ტრაგედია მოხდა, თავიდან უარი ვთქვი ამერიკაში წასვლაზე და იქ ჩვენების გაკეთებაზე, მაგრამ დედამ მითხრა, შენ რომ არ წახვიდე, ძალიან მატკენ გულს, რადგან შენი ძმა ამაყობდა ამ კოლექციითო.
– უფრო ზუსტად, რა მოხდა ჩვენების შემდეგ?
– ძალიან დიდი შეკვეთა მივიღე და ჩემი მოდელები მსოფლიოს მაღალი დონის მაღაზიებში მასიურად გაიყიდება. ეს კი, ჩემი აზრით, დიზაინერისთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ერთი სული მაქვს, ჩემი კოლექცია მასიურ წარმოებაში ვნახო. ეს ჩემს ცხოვრებაში კიდევ სხვა ეტაპი იქნება.
– ხარ პირველი ქართველი, რომელიც მსოფლიოს 60 საუკეთესო დიზაინერს შორის მოხვდა.
– პირველი და ერთადერთი. მართალია, ამერიკელ დიზაინერად ვითვლები, რადგან ამერიკის მოქალაქე ვარ, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქართველი ვარ. რითაც შემიძლია, მინდა, ჩემი ულამაზესი ქვეყანა წარმოვაჩინო ოკეანის გადაღმა თუ ევროპის ნებისმიერ კუთხეში და, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამაყეა. ჩვენების შემდეგ მთელი მსოფლიოს პრესა, ჟურნალი თუ რადიო, ყველა ინტერვიუს იღებდა ჩემგან, რაც ჩემს საიტზეცაა ასახული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს www.patunafashion.com და თავად დარწმუნდეს ამაში. სიმართლე გითხრა, არ მეგონა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაერი – ქალბატონი მერსედესი ასეთ ინტერესს თუ გამოიჩენდა ჩემი კოლექციისადმი. ის ცნობილია, როგორც ძალიან კრიტიკული ადამიანი და იშვიათად ამბობს კომპლიმენტებს. ჩვენებაზე მუქი სათვალით იყო მოსული და როცა ჩემი გამოსვლა დაიწყო, სათვალე მოიხსნა და ყველა დეტალს აკვირდებოდა. ის არის ადამიანი, რომლის მიწვევა ნებისმიერ ასეთ საღამოზე ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, იმავდროულად, შენი პრესტიჟია. მერსედესმა მითხრა, შენ ხარ ის დიზაინერი, ვისთვისაც ღირდა ჩამოსვლა „მაიამი ინტერნეიშენელ ფეშენ-ვიკზე.” შენ ხარ ის, რაც მე  მინდაო. არასდროს დაკარგო ის ინდივიდუალურობა, რაც შენს კაბას ძალიან მდიდრულს ხდისო. ეს კი ჩემთვის, წარმოიდგინე, რას ნიშნავდა. ჩვენებამდე ქალბატონმა მერსედესმა მაიამი-სპორტში პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ არ უყვარს ელვაშესაკრავი, ღილები და ზედმეტი ექსტრა რაღაცეები ტანისამოსზე. მას ჩემი კოლექცია ჯერ არც კი ჰქონდა ნანახი, მაგრამ, მეგონა, მასზე ლაპარაკობდა, რადგან საღამოს კაბაზე არც „ელვას“ ვხმარობ, არ ღილს და საერთოდ არ მიყვარს ქსოვილის დაქუცმაცება, რაც ძალიან უცხოა მათთვის. წარმოდგენილი მქონდა რთული კაბები, მაგრამ ადვილად მოსარგები. მაგალითად, ამ კოლექციიდან ორ კაბაზე საერთოდ მაკრატელიც არ დამიდვია. როცა ქსოვილი ძალიან ლამაზია, მას დაქუცმაცება არ უხდება. სხვათა შორის, ყველა კაბას, რასაც ვაკეთებ, ჩემს ტანზე მაქვს შეკერილი. მიუხედავად ამისა, ვინც არ უნდა ჩაიცვას, გამხდარმაც და სრულმაც კარგად ექნება. უბრალოდ, სიგრძეშია გრძელი.
– მოგვიანებით, როგორც ვიცი, საუკეთესო 60 დიზაინერიდან უკვე 4 შეირჩა.
– მერსედესი წელიწადში 4 დიზაინერთან დებს კონტრაქტს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვარ. ამჟამად ახალ კოლექციას ვქმნი, რომელიც 28 ივლისს უკვე მზად უნდა მქონდეს, გადავაგზავნო და ნოემბრისთვის მისი მასიურად წარმოება უნდა მოესწროს. როცა ამ ქალბატონმა ჩემი კაბები ნახა და მათი ღირებულება გაიგო, მითხრა, ისინი გაცილებით მეტი ღირსო. შევთავაზე, შეეძინა კოლექცია იმ ფასად, რამდენადაც მე მქონდა შეფასებული, მაგრამ მან მითხრა, რომ არ უნდოდა ჩემთან მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობა, და ხანგრძლივი კონტრაქტისთვის იყო მზად. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გახლდათ, რადგან ეს უკვე შიდა ჩვენებაზე იყო საუბარი და არა პოდიუმზე.
– შიდა ჩვენებაზე რა ხდება?
– შიდა ჩვენებას ესწრებიან მეტრი ბაერები, რომლებიც წყვეტენ, თუ რომელი კოლექცია რომელი ქვეყნის, რომელ მაღაზიებში უნდა გაიყიდოს. ძალიან მაინტერესებს, როგორ გაიყიდება ჩემი სამოსი.
– სად გაიყიდება შენს მიერ შექმნილი სამოსი?
– მარტიდან „მეისიში“ და რამდენიმე ძალიან ცნობილ მაღაზიათა ქსელში გავა ჩემი კოლექცია მასიურ გაყიდვაში. რაც შეეხება ჩემს ექსკლუზიურ მოდელებს, უნდათ, ცალკე შეკრიბონ და ისე გაყიდონ. ძალიან დიდი „მოლი“ იხსნება, სადაც „ვიქტორია სიკრეტის“ მაღაზიის გვერდით, ჩემი სახელობითი – „ფატუნა ბუშიჰედის” პატარა მაღაზიაც განთავსდება.
– ახალ „მოლში“ „ფატუნა ბუშიჰედის” მაღაზიის გახსნის ინიციატორი ვინ არის?
– თავი და თავი, რასაკვირველია, ქალბატონი მერსედესია. მისი მეთვალყურეობის ქვეშ გადანაწილდება ყველა კოლექცია. როცა ჩემს ბაიერს ვუთხარი, გვარი ხომ არ შემეცვალა-მეთქი, უარი მითხრა. პირიქით ეს ძალიან საინტერესო გვარია,  და პოპულარობას მოგიტანს მსოფლიო მასშტაბითო. ყურადღების ქვეშ იქნები და ყველა ჟურნალისტს დააინტერესებს, ასეთი კაბების უკან ვინ დგას, ანუ როგორია ფატუნა ბუშიჰედიო. აი, ზუსტად ამ ცნობადობას ველოდები. ჩვენებას ესწრებოდა უსიმპათიურესი მამაკაცი, რომელიც 35 წლამდე „არმანის” სახე იყო. მისი ულამაზესი მეუღლე კი ჟიურის წევრი გახლდათ. ეს ქალბატონი მოულოდნელად ჩემთან მოვიდა და მითხრა, „თქვენ ხართ გიჟი“! ვერ მივხვდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა ამაზე. უხერხული სიცილი ამიტყდა, რას გულისხმობთ-მეთქი. არ ვიცი, მაგრამ საიდან შეგიძლიათ, შექმნათ ასეთი სილამაზე, ჩემი ფავორიტი ხართო, მითხრა და ჩამეხუტა. მე სლუკუნი ამიტყდა. 10 წელია, „არმანის” ეს კაბა მაცვია, რადგან ვგიჟდები და არ ვღალატობ. მეორე კაბა კი შენი იქნება, რომელიც ასევე წლები მეცმევაო.
– მაიამის ჩვენებაზე ერთი კურიოზიც მოხდა. თავიდან ყველას მომღერალი ეგონე, არა?
– ამერიკა არის ქვეყანა, სადაც გაძლევენ იმის იმპულსს, რომ თავი ძალიან კომფორტულად იგრძნო, მით უმეტეს, თუ ჩვენების ვარსკვლავად გაღიარებენ. წითელ ხალიჩაზე რომ გამოვედი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჟურნალისტებს მომღერალი ვეგონე. ფოტოებს თავიდან ბოლომდე მიღებდნენ. ფოტოს უღებდნენ, ჩემს აქსესუარებს, ფესაცმელს, კაბას და საერთოდ, ყველაფერს. ზოგი ესპანურად მელაპარაკებოდა, ზოგი ინგლისურად, ზოგი ფრანგულად. რომ მკითხეს, ვისი სამოსი მეცვა და ასე შემდეგ და ვუთხარი, ფეხსაცმელიც, სამოსიც და აქსესუარიც ფატუნა ბუშიჰედის არის-მეთქი, ამის მერე უკვე მიხვდნენ და მიცნეს – წინა დღეს მქონდა ჩვენება. უკვე თავიდან დაიწყეს ფოტოების გადაღება და ინტერვიუები. კამერებით აბსოლუტურად ყველგან დამდევდნენ, საპირფარეშოსიც კი, ხელის დასაბანად, ან მაკიაჟის მოსაწესრიგებლად რომ შევდიოდი.
– რომელი ცნობილი ვარსკვლავები მღეროდნენ ჩვენების პარალელურად?
– ჩვენების დამთავრების შემდეგ მუსიკალური დაჯილდოებაც იყო, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ლედი გაგაც. ჩემი ჩვენება რომ დამთავრდა, დაახლოვებით 15 წუთში, აჟიოტაჟი ატყდა – ლედი გაგა შემოვიდა პარტერში. სამწუხაროდ, მე ვერ შევხვდი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მოასწრო ფოტოს გადაღება.
– მომავალ ჩვენებას სად გეგმავ?
– ჩემი კოლექციის ჩვენება ნოემბერ-დეკემბერში იამაიკაზე იგეგმება.
– ჟურნალთან დაკავშირებით იგეგმება ასევე ძალიან საინტერესო პროექტი.
– ეს არის მთელ მსოფლიოში ძალიან ცნობილი და ძვირად ღირებული ჟურნალი „შოუ დეტალსი,” სადაც ძალიან ბევრი დეტალია შესული მსოფლიოს მეტრ დიზაინერთა კოლექციიდან. ოთხი თუ ხუთი ტომისგან შედგება და სხვადასხვა ფერის ჟურნალია. შავში – კაბის დეტალებია შეტანილი, წითელში – ფეხსაცმელები და ასე შემდეგ. ამ ჟურნალში შესულია ჯონ გალიანოს, რობერტო კავალის, ივ სენ ლორანის, ვალენტინოს, დოლჩე და გაბანას და სხვა ცნობილი მეტრი დიზაინეტერების კოლექციის ფოტოები. ჟურნალის დამფუძნებლების ინტერესში პარალელურად, ახალი დიზაინერები შედიან. მათ შემომთავაზეს, 2012-2013 წლის ნომერში უკვე ჩემი კოლექციებიც განთავსდეს.
– ვინ არის ფატუნა ბუშიჰედის ეტალონი, ანუ ვის ბაძავ?
– ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვბაძავ და ჩემი ეტალონია, ეს დედაჩემია. ძალიან გემოვნებიანი დედა მყავს, რომელიც ევროპაში გაიზარდა. იმ პერიოდისთვის ძალიან უჩვეულოდ იცვამდა, მაშინ, როცა თბილისში ძალიან ნაკლებად ეცვათ მაღალი, თეთრი ლაკის ბოტფორდები მოკლე ქვედაბოლოსა და შორტზე, დედაჩემი დადიოდა ასე.

скачать dle 11.3