მამაკაცები თქვენთვის...
რაზეა წამსვლელი მამაკაცი, თუ მისი შთაგონების წყარო ქალია – სანამ მის გულს დაიპყრობს, თითქმის ყველაფერზე. თავსაც დაიმცირებს და ამას არ შეიმჩნევს. როგორი უუნარო და მორიდებულიც უნდა ჩანდეს მამაკაცი, მას აუცილებლად ექნება რისკის საკმარისი „მარაგი“, რათა საჭირო მომენტში აამოქმედოს. მაგრამ, ილუზიებს ნუ შეიქმნით. მამაკაცების უმრავლესობა დაფარულ რესურსებს მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში იყენებს. კატაც შეიძლება, ფაფარაშლილ ლომად გადაიქცეს. თუმცა, კატებად გადაქცეული ლომებიც საკმარისზე მეტი გვინახავს.
ფსიქოლოგებმა დიდი ხანია, დაადგინეს, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი მამაკაცები, რისკავენ არა იმიტომ, რომ უნდათ ან განსაკუთრებულად მამაცები არიან, მათ ამას გარემოება აიძულებთ.
მამაკაცისთვის ყველაზე სერიოზული სტიმული – მეტოქეა. სხვათა შორის, ეს კაცზე გაცილებით ეფექტურად „მუშაობს“, ვიდრე ქალზე. მართალია, სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც ააქტიურებს მეტოქის გამოჩენა ასპარეზზე, მაგრამ მათ ეს მხოლოდ თავმოყვარეობას უღიზიანებს. ქალი ხომ ბევრად უფრო ფრთხილია და ინტუიციაც გამძაფრებული აქვს. არის კიდევ ერთი რამ, მამაკაცს სჭირდება პუბლიკა – ვის თვალწინაც გმირობას მოახდენს. მაგრამ ის არასდროს დადებს სასწორზე საკუთარ უსაფრთხოებას. რადგან ეგოისტია. გამონაკლისი შეიძლება იყოს სიტუაცია, როცა მის საყვარელ, ახლობელ ადამიანს რეალური საფრთხე ექმნება. მამაკაცი ქალისთვის წავა რისკზე. გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ უნდა, მაგრამ აქედანაც დივიდენდებს ელის. თუ ამას ვერ მიიღებს შეიძლება, სიმპათია გაუქრეს და სიყვარული აგრესიით შეეცვალოს. მართალია, მამაკაცების 97 პროცენტი ხმამაღლა აცხადებს, რომ საყვარელი ქალის ან შვილის გამო თვალდახუჭული წავა ყველაფერზე, მაგრამ ზუსტად იგივე 97 პროცენტი, დაუფიქრებლად და სინდისის ქენჯნის გარეშე, ტოვებს საყვარელ ქალს და არც საყვარელი ბავშვი ახსენდება.
აი, ასეთები არიან ისინი – მამაკაცები. მაგრამ, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ბუნებას მათი შემცვლელი ჯერ არ გამოუგონია.