როგორ დავგეგმოთ სასურველი მომავალი ბინის ინტერიერის შეცვლით და არსებობს თუ არა მარტოობისგან თავის დასაღწევი პარაფსიქოლოგიური რჩევები
ბევრი ადამიანი ზის საათობით საკუთარი გემოვნებით მოწყობილ მყუდრო ბინაში და ფიქრობს, ტვინს იჭყლეტს, როგორ გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა, იპოვოს სასურველი და საყვარელი მეორე ნახევარი, მოაგვაროს კონფლიქტური ურთიერთობები ახლობლებსა თუ მეგობრებთან, როგორ მიაღწიოს სანუკვარ თანამდებობას, როგორ განახორციელოს მასშტაბური პროექტები, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს და ასე შემდეგ. არადა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, ყველაფერს ადვილად მიაღწევთ, თუ თქვენი, როგორც იტყვიან, ოცნების სამყარო, ანუ საცხოვრებელი სახლი ამაში ხელს შეგიწყობთ.
ნინო: დიასახლისების უმრავლესობა საცხოვრებელ ბინას ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც გენერალურად ალაგებს, ნივთებს და ავეჯს ადგილს უცვლის, ახალს იძენს. მოკლედ, საქმიანობენ და არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ სწორედ ამაში უნდა ეძებონ ბედის გასაღები. მე კი, როგორც პარაფსიქოლოგი, გირჩევთ, თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში, ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, მაშინ თქვენს საცხოვრებელ ბინაში ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თუ სწორად მივხვდი, ბინის აურა ადამიანის პირად თუ კარიერულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს.
– რასაკვირველია, ეს ასეა და სწორად მიმიხვდით. თუ ცხოვრებაში რაიმე სიახლეს გეგმავთ, მაშინ ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი და ისე დაელოდოთ სანუკვარი ოცნებების ახდენას. ვინც კარგად ერკვევა პარაფსიქოლოგიის საკითხებში, კარგად იცის, რომ ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს და ახლობლებს წუწუნით აბეზრებს თავს. არ ჯობია, ჯერ სცადოთ, მერე კი შედეგზე იმსჯელოთ? ვფიქრობ, ნამდვილად აჯობებს. მაგალითად, თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ ფინანსების და შემოსავლების გაორმაგება, მაშინ თქვენი საცხოვრებელი უნდა მოამზადოთ ამისთვის და არა დაჯდეთ და იფიქროთ არარეალურზე.
– ამ დროს რა მოვიმოქმედოთ?
– რა და, უპირველესად, აუცილებლად გაიტანეთ ბინიდან ის მცენარეები, რასაკვირველია თუ გაქვთ, რომლებიც ენერგეტიკულ ვამპირად მიიჩნევა. ასეთებია ლიანები და გვიმრა. ასევე, ეცადეთ ოთახის კედლები ღია ფერის ტონალობაში შეღებოთ, განათება კი უფრო გააკაშკაშოთ. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორი: გაითვალისწინეთ, რომ თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები იატაკს კი არ უნდა უყურებდეს, ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბინის შესასვლელს. ის გემოვნებით და სადად უნდა მოაწყოთ, აუცილებლად კარგად გაანათოთ და მუდამ დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა გქონდეთ. ვინც, ჯერჯერობით ვერ შეხვდა პიროვნებას, რომელთანაც იდეალურ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობდა, თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობდა, აღარ დასტანჯავდა მარტოობა, ხანგრძლივად იქნებოდა ასეთ სასიყვარულო გარემოში და ოჯახის შექმნაზეც იფიქრებდა, ასეთ შემთხვევაში, სანამ რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, მანამდე კარგად უნდა გადახედოთ საკუთარ ბინას. ასე, მოძებნით პრობლემის მოგვარების გასაღებს და ადვილადაც შეძლებთ კარი გაუღოთ ბედნიერებას.
– გამოდის, რომ მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დავიწყოთ?
– (იცინის). აბა, რა გგონიათ. ვიცი ბევრისთვის ეს შეიძლება სასაცილო თემაა, მაგრამ სცადონ და თუ თავს მომავალში ისევ მარტოსულად იგრძნობენ, მერე გაიცინონ. დამიჯერეთ, მე ამ საკითხებში კარგად ვარ გარკვეული და ბევრი ადამიანისთვის მიმიცია საშველი, მომავლის იმედის ნაპერწკალი ამინთია თვალებში და დღეს უკვე დაოჯახებულები ჩემთან მეგობრობენ. კიდევ ვამბობ, სანამ რაიმეს იტყვი, სჯობია სცადო და მერე განსაჯო. სხვათა შორის, მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლის მეთოდები და ხერხები, უძველესი დროიდანაა ცნობილი. შემიძლია რამდენიმე რჩევა აქვე მოგაწოდოთ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. მაგალითად, ხშირად დაპატიჟეთ ბინაში მეგობრები თავის შეყვარებულებთან ერთად, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს. გაათავისუფლეთ საცხოვრებელი ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისა და ავეჯისგან. ფანჯრებზე ღია ტონალობის, გამჭვირვალე ფარდები ჩამოაფარეთ. იატაკზე დააგეთ ფარდაგები და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ. წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, დაემშვიდობეთ ძველს და ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ. ანუ, ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ, მშვიდი და კომფორტული უნდა იყოს. სახლი დილა-საღამოს აუცილებლად გაანიავეთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გასათხოვარი გოგონას სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი თუ ავეჯი. კარგია ასევე, თუ საძინებელში, სარკეზე გასათხოვარი გოგონა ფერად მძივებს დაკიდებს. მესმის, რომ დღეს ბევრს იმის საშუალება არ აქვს ახალი ნივთები თუ ავეჯი შეიძინოს და ძველს გამოემშვიდობოს, მაგრამ ზოგიერთი დეტალის შეცვლა ნებისმიერს შეუძლია, მით უმეტეს, თუ ეს მის კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. თან, თუ ადამიანს ოდნავი ფანტაზია მაინც აქვს, ეს არ გაუჭირდება.
– ოჯახური კონფლიქტის თავიდან არიდება თუ არის შესაძლებელი სწორად მოწყობილი საცხოვრებლის ენერგეტიკის ხარჯზე?
– ეს კარგი კითხვაა. დამიჯერეთ, ესეც შესაძლებელია. თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან კამათს აარიდოთ თავი, მაშინ იმ ოთახში, სადაც ხშირად იკრიბებით, ეცადეთ, განათება იყოს მკაფიო, კედლებზე სასიამოვნო აურის სურათები დაკიდოთ, მაგალითად, ბუნების პეიზაჟები, ლარნაკში მუდამ გქონდეთ სურნელოვანი მინდვრის ყვავილები. ამით ჰარმონია და სიმშვიდე შემოვა თქვენს ბინაში. ამიტომ, დიასახლისმა მხოლოდ კი არ უნდა დაალაგოს, დააწკრიალოს და დაგავოს სახლი, არამედ უნდა ისწავლოს მისი სწორად მორთვა, რომ პრობლემებიც აიცილოს თავიდან, ოჯახის წევრების შექებაც დაიმსახუროს და სიყვარულიც დაიბევოს. ჩემს გარშემო, ბევრმა გაითვალისწინა ჩემი რჩევები და დღეს თავს მშვიდად და სასიამოვნოდ გრძნობენ. რაც მთავარია, სახლში სასიამოვნო აურას თქვენივე განწყობით ქმნით, ამიტომ ეცადეთ, მუდამ გაღიმებული დახვდეთ სამსახურიდან მოსულ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს. ეს განწყობაც გადამდებია და მასში მთავარი როლი დიასახლისს აკისრია. ასე რომ, როგორი „ამინდიც” არის სახლში, ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება. ამ ამინდის შექმნა კი, თუ ჩემს ელემენტარულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეგიძლიათ.