როგორ მოხვდა გიზო ჟორდანია ქურდებსა და კრიმინალებში და რატომ „გაისროლა“ მან სცენაზე
გიზო ჟორდანიას საქართველოში კარგად იცნობენ. თბილისში და საქართველოს წამყვანი თეატრების სცენაზე მას ასზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. ბატონი გიზოს სარეჟისორო კარიერა პატარ-პატარა უსიამოვნებებითა და ჩავარდნებით, მაგრამ ძალზე საინტერესოდ დაიწყო. ვფიქრობ, მისი პირადი ცხოვრებაც უამრავი საინტერესო ეპიზოდითაა სავსე, ამიტომ ძალიან შევეცადე, ბატონი გიზო, სწორედ ისეთი დამენახვებინა მკითხველისთვის, როგორიც არის ის სინამდვილეში თეატრში და თეატრს გარეთ.
ფიცარზე აღბეჭდილი ბავშვობა
მახსოვს, როგორ გაჩერდა ჩვენი სახლის წინ შავი ფერის მანქანა და როგორ წაიყვანეს დედა ციხეში. მანამდე მამა დაიჭირეს. აი, აქედან იწყება ჩემი მახსოვრობა. ეს მოხდა 1936 წელს, ლანჩხუთში. მაშინ სამი წლის ვიყავი. ძალიან დიდი სახლი გვქონდა. ბოლოს ეს სახლი დალეწეს. იმდენად მყარი მასალა იყო, იმით პოლიკლინიკა ააშენეს. მე ეს ამბავი არ ვიცოდი, ერთმა ქალბატონმა მითხრა. ერთ-ერთ ფიცარზე, თურმე, დღესაც წითელი ფანქრით წერია: „გიზო 1 წლის. გიზო 1 წლის და 9 თვის. გიზო 2 წლის“... გავიდა წლები. ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოვედით და ავლაბარში დავსახლდით. მაშინ ავლაბარში ოფიციალური საკონტაქტო ენა სომხური იყო. ჩვენი ოჯახი ექიმების ოჯახი გახლდათ და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა იმ უბანში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულებზე ცოტა აგრესია ჰქონდათ – „კოწიებს“ ეძახდნენ, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსულებს კი, რატომღაც, არ ერჩოდნენ. ინტელიგენტი კაცი მასხრად ასაგდები ფენომენი იყო. ვინმეს შლაპასა და ჰალსტუხში, პორტფელით ხელში რომ დაინახავდნენ, გასაბრაზებლად მიაძახებდნენ – „პრაფესორ! პრაფესორ!.“ მაგრამ, მამას პატივს სცემდნენ, რადგან ექიმი იყო. იმ უბანში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, დაუსრულებელი სროლა იყო, ქურდებისა და კრიმინალების „გრიალი“. ხან დაჭრილს შემოიყვანდნენ, ხან, უბრალოდ, ნაჩხუბარს და მამაჩემი ყველას უანგაროდ შველოდა.
გაშვილებული და
დედაჩემი რომ დაიჭირეს, იმ დროს ახალი ნამშობიარები იყო – ჩემი და, ნანა, ოცი დღის დაბადებული იყო. ბავშვი შიმშილისგან ჩხაოდა. მართალია, დედა მალევე გამოუშვეს, მაგრამ, ნერვიულობისგან რძე გაუშრა და ვეღარ აჭმევდა. ერთი მეზობელი გვყავდა, კანდელაკის ქალი, რომელიც ჩემს დას ძუძუს აწოვებდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს ჩვენთან სახლში ბიძები, მამიდა, ბებია-ბაბუა მოვიდნენ და დედაჩემს ეუბნებიან: აზრი არ აქვს, ბავშვი შენთან დარჩეს, შიმშილისგან მოგიკვდება და, ჯობს, გავაშვილოთ, შენმა მაზლმა წაიყვანოსო (მათ შვილი არ ჰყავდათ). დედაც დათანხმდა, სხვა რა გზა ჰქონდა. ბავშვი ნამდვილ დედას ბიცოლას ეძახდა. ის, რომ ნანა ჩემი და იყო, ნათესაობაში იმალებოდა. ვამბობდი, ჩემი ბიძაშვილია-მეთქი, მაგრამ ბავშვი მაინც რაღაცნაირად სულ ჩვენკენ ილტვოდა. მამაჩემი რომ ციხიდან გამოვიდა, ამის დამალვა უკვე შეუძლებელი გახდა. ნანა 10 წლის იყო სიმართლე რომ გაიგო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, პირადად მე ძალიან დავიძაბე. ჩემი და ორ ოჯახში ცხოვრობდა – ჩვენთან და ბიძაჩემთან. დედა 78 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ნანას შვილი მან გაზარდა.
არშემდგარი მსახიობი
ძალიან მომწონდა და მიტაცებდა ადამიანებზე დაკვირვება, მათი ცხოვრებით ცხოვრება – ეს იყო ჩემი ყურადღების არე. რა გამოდის? ესე იგი, უნდა ვყოფილიყავი მსახიობი, მაგრამ, შემდეგ მოხდა ის, რომ ჩვენთან, ინსტიტუტში, იყო მოსამზადებელი კურსები, სადაც დავდიოდი. ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა მითხრა: მსახიობად არ გამოდგები, ძალიან დაბალი ხარ, ხმა არ გივარგა, ცუდი თვალები გაქვს, მაგრამ, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ და სარეჟისოროზე შემოდიო. თუმცა, ის მსახიობი თვითონ წელამდე მწვდებოდა, ხმაც ჩემზე ათჯერ ნაკლები ჰქონდა, თვალები კი – ნემსებივით წვრილი. მეც დავუჯერე და შევედი სარეჟისოროზე. მერე რომ მხვდებოდა, მეუბნებოდა, ხომ სწორი გირჩიეო. ძალიან გამიტაცა რეჟისურამ. მე ვიქნებოდი სცენაზე თუ სხვას გავაკეთებინებდი როლს, ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ატმოსფერო შემექმნა ისეთი, რომ, არანორმალურად მინდოდა, რაღაც მაგარი გამეკეთებინა და ამით ვიღაცისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა. სულ მეკითხებიან, ფილმებს რატომ არ იღებო, რაზეც ჩემი პასუხი ასეთია, რომ რეჟისორისთვის მსახიობი ცოცხლად სამუშაოდ უფრო კარგია, ცოცხალი ორგანიზმია, შეგიძლია, ახლოდან უყურო, ხელი შეახო, სხვა შეგრძნებებია, გონებრივი სარქველები იხსნება. კინო გენიალური ხელოვნებაა, მაგრამ ფირზე აღბეჭდილი ცხოვრება, რასაც ეკრანზე ვხედავ, არ მინდა. მე ჩემი ხედვა მაქვს. აპარატი უნდა დადო, მსახიობები მიუშვა და თქვა, ფილმი გადავიღეო? თეატრი – ეს არის მომენტალური ხელოვნება – ის იწყება 8 საათზე და მთავრდება 11-ზე. აი, იმ სამ საათში განიცდი უდიდეს სიამოვნებას და მორჩა, მეორე ისეთი არ არსებობს – ყველა მომდევნო სპექტაკლი სხვანაირია, გაზრდილია.
პირველი ჩავარდნა
ჩემი კარიერა დაიწყო ბათუმის თეატრიდან, თუმცა მანამდე სადიპლომო სპექტაკლი დავდგი თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ მუსკომედიის თეატრში, კალმანის „ცისკრის პრინცესა“. პირველი ჩემი მარცხიც სწორედ აქ მოხდა. ამ სპექტაკლის მხატვარი ცნობილი თეატრალური და შემდგომში კინომხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი იყო. მე დამწყები რეჟისორი ვიყავი და ჩემთან მოისურვა მუშაობა. ჩემი ჩანაფიქრი ასეთი იყო: ორკესტრი საორკესტრო ორმოში კი არ უნდა მჯდარიყო, სცენაზე უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც ცირკში. თავიდან ძალიან მოეწონათ ეს იდეა, მაგრამ, მერე, როდესაც უკვე მუშაობა დავიწყე, წინააღმდეგობა შემხვდა და სპექტაკლი ჩამივარდა. ესე იგი, ის ძირითადი პრინციპი, რაზეც აწყობილი მქონდა წარმოდგენა, რომ ორკესტრი სცენაზე მჯდარიყო, არ გამოვიდა. ეს იყო პირველი სერიოზული ჩავარდნა. მაგრამ, მსახიობებს, დირექციას, მთავარ დირიჟორს, მთავარ რეჟისორს – ყველას მოვწონდი და მითხრეს, აუცილებლად უნდა მოხვიდე და დადგა სპექტაკლიო. მე ვუთხარი, რომ ამ თეატრში სპექტაკლს აღარ დავდგამ-მეთქი და წამოვედი. ბევრჯერ დამიძახეს, მაგრამ, არ წავედი. ამის შემდეგ იყო რუსთაველის თეატრი, ოპერის თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, ისევ რუსთაველის თეატრი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორობა, სადაც ათი წელი ვიყავი და, ბოლოს – მარჯანიშვილის თეატრი.
რეჟისორმა თავი მოიკლა
ბათუმის თეატრიდან რუსთაველის თეატრის დირექტორმა დორიან კიტიამ და სერგო ზაქარიაძემ გადმომიყვანეს. ამ დროს ვდგამდი „ვივა კუბას“. ორი დღით ადრე, სანამ პრემიერა შედგებოდა, თბილისიდან დარეკეს. მახსოვს, თეატრის დირექტორმა შოთა დავითაძემ დამიძახა. რეპეტიცია რომ შევწყვიტო, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ, შევწყვიტე და დირექტორთან კაბინეტში ავედი. ტელეფონზე კიტია იყო. მეკითხება: გინდა ჩვენს თეატრში მუშაობაო? კინაღამ გავგიჟდი – როგორ არ მინდა-მეთქი. ჰოდა, ჩამოდი, დავილაპარაკოთო. წარმოიდგინეთ, როგორი შევიდოდი დარბაზში და როგორ ვიმუშავებდი – მიწვევა მაქვს რუსთაველის თეატრიდან. დადგა პრემიერის დღეც, მაგრამ მაყურებელს არ მოეწონა. ეტყობა, ღმერთმა დამსაჯა, რადგან, ისე ვერ წარმოვადგინე, როგორც პიესის ავტორს ეკადრებოდა. წარმოდგენა რომ მთავრდებოდა, ფარდა იხურებოდა და ჯაზური მუსიკა მიდიოდა. მაშინ „პაკლონის“ გაკეთება მოდაში არ იყო, მაგრამ, გამოვედი და გავაკეთე. ამ სპექტაკლში ბევრი სროლა იყო. ფარდა რომ დაიკეტა და კულისებში გავედი, უცბად ერთი გასროლა კიდევ მოხდა. ხალხმა ტაშის დაკვრაც ვერ მოასწრო. დარბაზი გაისუსა, იფიქრეს – ეტყობა, კიდევ რამე ხდებაო. ლოჟაში იჯდა ჟურნალისტი ვახტანგ გეგელია და ხმამაღლა თქვა – რეჟისორმა თავი მოიკლაო. იქ ამბავი ატყდა?!.
უთანხმოება რობიკოსთან
არასდროს მქონია დასთან კონფლიქტი. ამიტომ ჩემი წასვლები თეატრებიდან არ იყო ხოლმე გამოწვეული ამ მიზეზით. მაგალითად, ოთარ თაქთაქიშვილი ჩემი ახლო მეგობარი გახლდათ. ძალიან არ უნდოდა ოპერის თეატრიდან წავსულიყავი, მაგრამ, ვუთხარი, მე უკვე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები აქ და უნდა წავიდე-მეთქი. მისი ყველა ოპერა ჩემი დადგმულია. ის მანდობდა თავისი ოპერების დადგმას თბილისშიც, საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც და უცხოეთშიც. ბათუმიდან რუსთაველის თეატრში რომ გადმოვედი, რობიკო დამხვდა, იმ დღიდან ერთად ვმუშაობდით წლების განმავლობაში და დავმეგობრდით. მისი ხელოვნება ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან. შემდეგ ის გახდა ამ თეატრის მთავარი რეჟისორი, მე ოპერაში გადავედი. ჩვენი გზები გაიყო. ამის მერე გრიბოედოვის თეატრში ვიმუშავე შვიდი წელი. რობიკო მოვიდა და ნახა სპექტაკლები. თეატრალურში ერთ-ერთი კურსი ჩემი იყო, იქაც ერთი-ორი სპექტაკლი დავდგი, მოეწონა და თეატრში დაბრუნება შემომთავაზა. ჩემთან ერთად მთელი კურსი მიიწვია მცირე სცენაზე თავისი რეპერტუარით. შემდეგ მოხდა უსიამოვნება და წამოვედი. თუმცა, ეს არ ყოფილა შემოქმედებითი კონფლიქტი. მოხდა რაღაც ისეთი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. შესაძლებელი იყო დავრჩენილიყავი, მაგრამ მე გავცივდი.
უთანხმოება ასლან აბაშიძესთან
მე ვარ ბათუმის ოპერის თეატრის, ბავშვთა ოპერის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელოვნების ინსტიტუტის რექტორიც გახლდით. ვიღაცისთვის, ალბათ, არასასიამოვნო ფიგურა ვიყავი და წამოსვლა დავაპირე. ჩემი ახალგაზრდა კოლეგები სათითაოდ მოვიდნენ და გულით შემომთავაზეს: ბატონო გიზო, აი თეატრი, აი ფინანსები, აი დასი! რაც გინდათ, დადგით, როცა გინდათ, დადგით და რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს იმუშავეთო. ესენი იყვნენ: გოგი მარგველაშვილი, ავთო ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, დათო დოიაშვილი, დათო ანდღულაძე, დიმა ჯაიანი, გოჩა კაპანაძე. იმ მომენტში უბედნიერესი კაცი ვიყავი, რომ გვერდში დამიდგნენ ეს ბიჭები. ყველა ხვდებოდა ჩემი ცხოვრების სტილს ბათუმში. ვფიქრობდი, თბილისში რომ ჩავიდე, რა უნდა გავაკეთო, ვინ მომისმენს, არაფრად ჩამთვლიან-მეთქი, მაგრამ, პირიქით მოხდა. სამწუხაროდ, შემდგომში ჩემი ეს ნაბიჯი პოლიტიკურს მიაწებეს. მე არასდროს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და არც პარლამენტარი, თუმცა, შანსი სამჯერ მქონდა, გავმხდარიყავი პარლამენტარი, მაგრამ არ მოვინდომე. ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა. ასლან აბაშიძემ შემომთავაზა, „აღორძინებაში“ ვყოფილიყავი და მტკიცე უარი ვუთხარი. რა უთანხმოებები მქონდა მასთან, ამაზე აღარ ვისაუბრებ.
ოჯახი
დაოჯახებამდე, როგორც ყველა ახალგაზრდას, მეც ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა თავისი შეცდომებით, გატაცებებით. ჩემი მომავალი მეუღლე, ნათელა ვაჩნაძე, ქუჩაში გავიცანი – ჩემ წინ მიდიოდა ნარნარით. ეტყობა, იცოდა, რომ უკნიდან მე ვუყურებდი (ბატონი გიზოს პირველი მეუღლე მსახიობი მზია მაღლაკელიძე გახლავთ, ფილმიდან „დიდი მწვანე ველი“, ბოშა ქალის როლში, – ავტორი). ცხოვრებაში ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, ამიტომ, პირად ცხოვრებაზე საუბარს გავურბივარ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ოჯახი არ არის კონფლიქტებით სავსე, პირიქით ჰარმონიული ოჯახია. ერთმანეთი მოგვწონდა, გვიყვარდა და ერთმანეთს გავუძელით. გვყავს 46 წლის ვაჟი, 36 წლის ქალიშვილი და შვილიშვილები.
ხანდახან ვნანობ, რატომ დავიბადე-მეთქი, მაგრამ, მერე ბარათაშვილი მომაგონდება და ვჩერდები. ისე არეულია ქვეყანა, ისე არ ინდობენ ადამიანები ერთმანეთს, ისე შეურიგებლები არიან, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდება. არ მიყვარს ომი, ჩხუბი. ზოგი მაშინ მუშაობს კარგად, როცა გაბრაზებულია. მე როცა ვინმეზე გაბრაზებული, ნაწყენი ვარ, რისი მუშაობა, რისი ქეიფი. დარდისგან დალიაო – იტყვიან ხოლმე. დარდისგან რა დამალევინებს. მაშინ ვარ პროდუქტიული, მაშინ გამომდის სპექტაკლი, როცა კარგ ხასიათზე ვარ. როგორიც დავიბადე, ესე იგი, ასეთი უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბავშვობამ კარგად არ ჩაიარა, მაინც ამ მონაკვეთიდან დავიწყებდი ცხოვრებას და არა იმ ბედნიერი წუთებიდან, რაც ცხოვრებაში მქონია.