იოდის დეფიციტი კაკლის უღლის ნაყენით შეივსეთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. იოდის ნაკლებობისას ადამიანი მოდუნებულია, ადვილად იღლება, ღიზიანდება, ოფლიანობს, მაღლა იწევს არტერიული წნევა, უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, უკანკალებს ხელ-ფეხი, ორგანიზმში ირღვევა ფარისებრი ჯირკვლების მუშაობა, რაც გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, იწვევს მასტოპათიის განვითარებას, ხელს უწყობს მიომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის წარმოქმნას, ანელებს სქესობრივ მომწიფებას; ადამიანი ასეთ დროს მიდრეკილია ფსიქიკური აშლილობისკენ, ხშირად ცივდება. იოდის დეფიციტი განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ფეხმძიმე ქალებს, ქალბატონებს მშობიარობის შემდეგ, კომპიუტერთან მომუშავეებს.
იოდის შესანიშნავი წყაროა კაკლის უღლის ნაყენი: ნახევარი ჩაის ჭიქა უღელი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაუმატეთ ორი ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გააცივეთ და ათი წუთით ისევ დადგით ცეცხლზე წამოდუღებამდე. გაცივების შემდეგ გაწურეთ და დალიეთ თითო ყლუპი, ჭამამდე ხუთი წუთით ადრე, დღეში სამჯერ.
კაკლის უღლის ნახარშს, ასევე, აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული ეფექტი. გარდა ამისა, ის ამაგრებს ფარისებრ ჯირკვლებს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია – კურსი 1-დან 6 კვირამდე გრძელდება და იგივე ნაყენი გამოიყენება. ნაყენით მკურნალობის შემდეგ, ადამიანი მშვიდდება, ხდება გაწონასწორებული, ნაკლებად ღიზიანდება, არ ოფლიანდება, უმჯობესდება ძილის ხარისხი, უწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა.
ანტიბაქტერიული თვისებების გამო კაკლის უღელი გამოიყენება კონიუნქტივიტის სამკურნალოდ: ნახევარი ჩაის ჭიქა დაფქული უღლის ფხვნილს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და შემდეგ გადაწურეთ, ნაყენში დაასველეთ დოლბანდი და დაიფინეთ ქუთუთოებზე კონიუნქტივიტის დროს. მკურნალობის კურსი დაახლოებით 1 ან 2 კვირაა.
თუ კოლიტი გაწუხებთ – ქილაში ჩაყარეთ 3 სადილის კოვზი კაკლის უღელი, დაასხით 200 მილილიტრი არაყი და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში. ათი წვეთი გახსენით 1 სადილის კოვზ ცივ წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად, თავის ტკივილის მოსახსნელად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად, 1 ჩაის ჭიქა უღელს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში. მიიღეთ სამჯერ დღეში 1 სადილის კოვზ ცივ წყალში გახსნილი 5 წვეთი ნაყენი.
ასე რომ, კაკლის უღელს შესანიშნავი და უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს.