ექიმის რჩევები
კითხვა: არის თუ არა ქოლეცისტექტომია დონორობისთვის უკუჩვენება?
პასუხი: წარსულში გადატანილი (1 წელი და მეტი) ქოლეცისტექტომიის ოპერაცია, რომელსაც არ მოჰყოლია რაიმე გართულება, დონორობისთვის უკუჩვენება არ არის.
კითხვა: შეიძლება თუ არა ზღვაზე დასვენება 4-7 კვირის ორსულობის დროს?
პასუხი: თუ არ არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროება (ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს) – შეიძლება.
კითხვა: მქონდა 2 გარე ორსულობა (არც ერთი მილი არ მაქვს). არის თუ არა დაორსულების საშიშროება თუ თავს არ დავიცავ?
პასუხი: თავის დაცვა არ არის საჭირო. ბუნებრივი გზით დაორსულება შეუძლებელია.
კითხვა: მოქმედებს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სარძევე ჯირკვლის ზომებზე?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება მასთოპათიის მიზეზი იყოს. ხოლო სარძევე ჯირკვლის ზომებზე გავლენას არ ახდენს.
კითხვა: რა შანსი აქვს 22 წლის მამაკაცს გადაურჩეს ვარიკოცელეს ოპერაციას?
პასუხი: ვარიკოცელე – სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერებაა და თუ სქესობრივ ურთიერთობას ხელს არ უშლის, საოპერაციო არ არის.
კითხვა: ვარ 40 წლის მამაკაცი. ექოსკოპიური კვლევისას, დიფუზურად შეცვლილი ღვიძლის ფონზე, აღმომიჩინეს კალცინატები. როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: კალცინატები არ არის დაავადება (შეიძლება გადატანილი ინფექციის მაჩვენებელი იყოს) და მკურნალობას არ საჭიროებს.
კითხვა: რა შეიძლება იყოს გამუდმებითი (კვებისგან დამოუკიდებლად) ბოყინის მიზეზი?
პასუხი: ასეთი ბოყინი დამახასიათებელია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრისთვის. დიაგნოზის დასაზუსტებლად სასურველია, ჩაიტაროთ კუჭის რენტგენი ან გასტროსკოპია.
კითხვა: ვარ 60 წლის. მიპოვეს კუჭის პოლიპი. აუცილებელია თუ არა პოლიპექტომია?
პასუხი: სასურველია, არ გადადოთ ოპერაცია. თუ გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ-პილორი აღმოჩნდება, ჩაიტარებთ შესაბამის მკურნალობას მისი გაუვნებელყოფისათვის.