„ანჟი” ნეიმარისთვის ბრძოლაში ჩაერთო
რუსეთის პრემიერლიგის კლუბი, მახაჩკალის „ანჟი”, რომელსაც ზურგს რუსი ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი უმაგრებს, ყველაზე პერსპექტიული ბრაზილიელი ვარსკვლავის, „სანტოსის” შემტევის – ნეიმარისთვის ბრძოლაში ჩაერთო. მისი უშუალო კონკურენტები კი ამ მარათონში მსოფლიოს ტოპ-კლუბებია: „რეალი”, „ბარსელონა”, „მანჩესტერ სიტი” და „ჩელსი”. ნეიმარის სატრანსფერო თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს და დაღესტნური კლუბის მესვეურები მზად არიან ეს თანხა ბრაზილიის „სანტოსის” ანგარიშზე ჩარიცხონ, თუკი ნეიმარი და მისი აგენტი რუსეთში წასვლაზე დათანხმდებიან. ქერიმოვის ფინანსური დახმარებით „ანჟის” რიგებს იცავენ მსოფლიოს ჩემპიონი – რობერტო კარლოსი, ფორვარდი ჟუსილეი, მაროკოელო მუბარაკ ბუსუფა და სულ ახლახან ჰოლანდიური „პსვ” ეინდჰოვენიდან გადასული, უნგრეთის ნაკრების ლიდერი, ბალაჟ ჯუჯაკი.