სიბრძნე მინიატურებში
არჩევანი
– უკვე მოვკვდი? – იკითხა კაცმა, – კი, რა თქმა უნდა, მოკვდი, – თავი დაუქნია დემიურგმა შამბამბუკლიმ, ისე რომ, თვალი არ მოუშორებია სქელი შთამბეჭდავი წიგნისთვის. კაცმა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი, – და ახლა რა მელოდება? დემიურგმა წამით შეხედა და ისევ განაგრძო კითხვა, – ახლა შენი ადგილი ან აქ არის, ან იქ, – მან თითით მიანიშნა ჯერ ერთ უჩინარ კარზე, ხოლო შემდეგ მეორეზე, – და რა არის იქ – ჯოჯოხეთი ან სამოთხე, გარემოებათა მიხედვით, – უპასუხა შამბამბუკლიმ. კაცი გაურკვევლობამ მოიცვა. ხან ერთ კარს უყურებდა, ხან მეორეს, – მე... მე... რომელი კარი უნდა შევაღო? – გაუბედავად იკითხა გარდაცვლილმა. თვითონ ვერ ხვდები? – მსუბუქად აწია წარბი შამბამბუკლიმ, – რა ვიცი, სად აღმოვჩნდები, გაეღიმა კაცს, – განა ვიცი, როგორ მომეზღვება გაკეთებული საქმეებისთვის? არა? – ჰო, აბა, სხვაგვარად როგორ? – კარგი, კარგი, – შამბამბუკლიმ წიგნის პირველი გვერდები გადაფურცლა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა, – აქ წერია, რომ თორმეტი წლის ასაკში შენ ქუჩის გადაკვეთაში დაეხმარე მოხუცს. მართალია? – კი, – თავი დაუქნია კაცმა. – როგორ ფიქრობ, კარგი საქციელია თუ ცუდი? – კარგი, რა თქმა უნდა. – აბა, ვნახოთ... – შამბამბუკლიმ ერთი გვერდი კიდევ გადაშალა – ხუთი წუთის შემდეგ, მოხუცს მეორე ქუჩაზე ტრამვაი დაეჯახა. შენ რომ არ დახმარებოდი მას, ის კიდევ ათი წელი იცოცხლებდა. ხედავ? კაცი გაოგნებული შესცქეროდა დემიურგს, – ან კიდევ, ნახე – სხვა გვერდზე გადაშალა წიგნი შამბამბუკლიმ, – ოცდასამი წლის ასაკში, შენ და შენმა მეგობრებმა სასტიკად სცემეთ ახალგაზრდების სხვა ჯგუფი. – მათ პირველებმა დაიწყეს, – თავი ჩაქინდრა კაცმა. – აქ კი სხვა რამე მიწერია, – შეეპასუხა დემიურგი, – და კიდევ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სულაც არ ითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად. შენ არაფრის გულისთვის ცხვირი გაუტეხე და ორი თითი მოსტეხე ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდას. როგორ ფიქრობ, ეს კარგია თუ ცუდი? კაცი დადუმდა. – იმ დღის შემდეგ, ბიჭმა ვეღარ შეძლო ვიოლინოზე დაკვრა. არადა, როგორ იმედებს ამყარებდნენ მასზე. შენ მას მომავალი დაუნგრიე... – ვწუხვარ, – წაიბუტბუტა კაცმა. – რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია შამბამბუკლიმ, – მართალი გითხრა, ბიჭს ბავშვობიდან სძულდა ვიოლინო. თქვენი ჩხუბის შემდეგ, გადაწყვიტა კრივში ევარჯიშა, რადგან საკუთარ ფეხებზე მყარად დამდგარიყო და დროთა განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გავაგრძელოთ? – შამბამბუკლიმ კიდევ რამდენიმე გვერდი გადაფურცლა, – გაუპატიურება... ამაზე რას იტყვი – კი მაგრამ, მე... – ეს ბავშვი შესანიშნავი ექიმი გახდა და ასობით სიცოცხლე გადაარჩინა. კარგია თუ ცუდი? – ალბათ... – ამ სიცოცხლეთაგან ერთ-ერთი მკვლელს ეკუთვნოდა, მან ფეხმძიმე ქალი მოკლა, რომელიც დიდი სწავლულის დედა უნდა გამხდარიყო! კარგია თუ ცუდი? – კი, მაგრამ... – ეს ბავშვი კი, რომ დაბადებულიყო, გაიზრდებოდა და საშინელ იარაღს გამოიგონებდა, რომელსაც ნახევარი კონტინენტის გადაწვა შეეძლებოდა. კარგია თუ ცუდი? – მაგრამ მე არ შემეძლო ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა, – წამოიყვირა საოცრად დაბნეულმა კაცმა. – რა თქმა უნდა, – დაეთანხმა დემიურგი. – აი, კიდევ ნახე, ორას ორმოცდამეექვსე გვერდზე, შენ ფეხი დაადგი პეპელას, – ეს რაღას ნიშნავს? დემიურგმა უხმოდ მიატრიალა მისკენ წიგნი და თითით აჩვენა. კაცმა წაიკითხა და თმები ყალყზე დაუდგა, – რა საშინელებაა, – ჩაილუღლუღა მან, – პეპელა რომ არ გაგესრისა, აი, რა მოხდებოდა, – შამბამბუკლიმ თითი სხვა აბზაცს დაადო. კაცმა დახედა და კრუნჩხვამ დაუმანჭა სახე, – ესე იგი, რა გამოდის, კაცობრიობა მე გადავარჩინე? – კი, ოთხჯერ, – დაადასტურა შამბამბუკლიმ, – როდესაც პეპელა გასრისე, მოხუცს უბიძგე, მეგობარი გაყიდე და ბებიას საფულე მოპარე. მსოფლიო კატასტროფის ზღვარზე იმყოფებოდა და შენი მეოხებით გადარჩა! – და კატასტროფის ზღვარზეც მე... – შენ, შენ, ეჭვიც არ შეგეპაროს. ორჯერ, როდესაც უპატრონო კატა დააპურე და გადაარჩინე კაცი, რომელიც იხრჩობოდა. კაცს მუხლები მოეკვეთა და პირდაპირ იატაკზე დაჯდა. – არაფერი მესმის, – ამოისლუკუნა მან, – ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მიკეთებია, რისიც მრცხვენოდა და რითიც ვამაყობდი პირიქითაა. ისე არ არის, როგორც გვეჩვენება! – სწორედ ამიტომ, მართებული არ იქნებოდა, შენი საქმეების მიხედვით განმესაჯე, – მტკიცედ წარმოთქვა შამბამბუკლიმ, – ახლა თავად უნდა გამოუტანო საკუთარ თავს განაჩენი, – მან წიგნი დახურა და კარადაში, უამრავი მსგავსი წიგნის გვერდით დადო, – მოკლედ, როცა გადაწყვეტ, სად არის შენი ადგილი, არჩეულ კარში შედი, მე კი შენთვის აღარ მცალია. უამრავი საქმე მაქვს. კაცს ცრემლები მოადგა, – მე ხომ არ ვიცი, რომელია მათგან ჯოჯოხეთი და რომელი სამოთხე?
– ეს კი უკვე შენზეა დამოკიდებული, – მშვიდად უპასუხა შამბამბუკლიმ.