როგორ ვარდება მამაკაცი ქალის ჩაცმულობის გამო ცოდვაში და რით განსხვავდებოდნენ ძველად პატიოსანი ქალები მეძავებისგან
ძველი აღთქმის სიბრძნე, კერძოდ კი „სიბრძნე ზირაქისა“ ბრძანებს: ადამიანს ამხელს სამი რამ – სამოსელი, სიარული და სიცილი. აქედან გამომდინარე, სანამ ადამიანი მეტყველებას დაიწყებს, მასთან ურთიერთობაში შევალთ, მისი გარეგნობით, სამოსელით, სიცილით შეგვიძლია, მასზე გარკვეული შეხედულება, წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდეს. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის სამოსი, არის თუ არა ფიქრებში წარმოშობილი ვნება ცოდვა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ძველ აღთქმაში ადამიანი სანამ ცოდვას არ ჩაიდენდა, ის ცოდვილად არ მიიჩნეოდა. შეიძლება, ადამიანს საპირისპირო სქესის მიმართ გულისთქმა ჰქონოდა, მაგრამ თუ ვნებას ცოდვაში არ გადაიყვანდა, ცოდვად არ მიიჩნეოდა. მაგრამ მაცხოვარი ბრძანებს: ვინც გულისთქმით შეხედა მოპირისპირე სქესს, ეს ქალი იქნება თუ კაცი, მან უკვე იმრუშა საკუთარ გულში. ძველ აღთქმაში ყველა ადამიანს თავისი შესაფერისი სამოსი ეცვა – გათხოვილს თუ მეძავს. როდესაც გოგონებს მოძღვარი ან სხვა, დარბაისელი ადამიანი, არიგებს ჭკუას – შვილო, შედარებით მოკრძალებულად ჩაიცვი, შენი წინაპარი ასე არ დადიოდაო. ისინი მხრებს იჩეჩავენ და ირონიულად პასუხობენ, მერე რა მოხდა, ეს მოდაშია და მე მოდას მივყვებიო. ადამიანი თავისუფალი არსებაა, მან ისე უნდა ჩაიცვას, როგორც უნდა, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოების წევრია და თუ ჩვენ ამ საზოგადოებას არ ვცემთ პატივს, მაშინ ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. შენ როგორც გინდა, ისე ჩაიცვი საკუთარ სახლში, მაგრამ როდესაც სახლიდან გამოდიხარ, უნდა დაფიქრდე იმაზე, შენი გარეგნობით ვინმე ხომ არ დააბრკოლე. ეს არა მხოლოდ ქალებს, მამაკაცებსაც ეხება. ისინიც შესაბამისად არ უნდა დადიოდნენ შორტებით, ან ისეთი მაისურით, რომ სხეულის ის ნაწილები გამოუჩნდეთ, რომელიც არ უნდა უჩანდეთ.
– რას ამბობენ წმიდა მამები იქ ქალების შესახებ, რომლებსაც თამამად, თავისუფლად ჩაცმა უყვართ?
– წმიდა მამები ბრძანებენ: ქალბატონს, რომელსაც ვულგარულად აცვია, ესე იგი, არ აცვია შესაფერისად, ის მამაკაცთან ცოდვაში შედის. ანუ, მამაკაცი მასთან მრუშობს. რაც არ უნდა მოწესრიგებული იყოს მამაკაცი, მას მაინც გაექცევა თვალი მანდილოსნისკენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ქალმა საკუთარი ჩაცმულობით დააბრკოლა ის. თუ ადამიანი სხვას აბრკოლებს, ეს მას ცოდვად ეთვლება. ეს კი იმას ნიშნავს, არ ვიქცევით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა. შეიძლება, ჩემი სიტყვები ვინმეს მოეჩვენოს – ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაგრამ თუ არ ვიტყვით, მერე ვიღაცამ შეიძლება თქვას – არ ვიცოდი და რატომ არ გვითხრესო. ეს არ არის თანამედროვე ადამიანის პრობლემა, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში აღნიშნავდნენ, რომ ადამიანები ჩაცმულობით ბრკოლდებოდნენ. პირდაპირ წერია: მეძავები მეძავის სამოსელით იმოსებოდნენ. დღეს კი ძალიან ძნელია, ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანი მეძავისგან ჩაცმულობით გაარჩიო. ნურავის ეწყინება, მაგრამ ხშირად ვხედავთ, ადამიანი ოჯახის ქალბატონია, ჰყავს მეუღლე, ბავშვები და ისე შეუფერებლად აცვია, რომ ხანდახან მე შემრცხვენია მისი დანახვისას. მთავარი ის არის, რომ ეს ადამიანები ისე უდიერად იქცევიან, რომ ასე თამამად შემოსილები შემოდიან ტაძარში. როდესაც მოძღვარი ეუბნება – დაიფარე მკერდი, ჩაიცვი კაბა, ნუ გიჩანს მუცელიო, ვერ ხვდება, რატომ ეუბნება და საერთოდ, რაზე მიუთითებს მოძღვარი. როდესაც მოდის ახალგაზრდა გოგონა და სურს რომ ჩვენი მრევლი გახდეს, მე მას ჯერ ჩაცმაზე ვესაუბრები. მე არავის ვკიცხავ, არ ვეჩხუბები, შარვალი რატომ გაცვია, ან მოკლე კაბა, ამის გამო არავის გავაძევებ თავიდან ეკლესიიდან. მაგრამ, თუ ის ადამიანი აპირებს ეკლესიაში სიარულს და ცხოვრების წესის შეცვლას, კეთილი ინებოს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილოს. ჩვენ ეკლესიაში ადამიანებს ზეადამიანობა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ადამიანური ქცევებისა და ჩაცმულობის სწავლა გვიწევს. მივმართავ ყველა მამას, ძმას, ასაკოვან ადამიანს: მათი მეუღლეები, დედები, შვილები სახლიდან რომ გადიან, სასურველი იქნება, ყურადღება მიაქციონ. როგორ, მამაკაცი ხარ და ვერ ხვდები, რომ შენი შვილი, მეუღლე შეუფერებლად იმოსება? ნუთუ მამაკაცმა მამაკაცობა დაკარგა და ვერ ხვდება, რომ ოჯახში მანდილოსანს მანამ უნდა მიაქციოს ყურადღება, სანამ სახლიდან გამოვა, ვინმე შენიშვნას მისცემს, ანდა ავტომობილიდან რეპლიკას ესვრის. მოძღვარი რატომ უნდა ვარიგებდე ჩემთან სულიერ საკითხებზე სასაუბროდ მოსულს, როცა მას ჰყავს დედა, მამა და ისინი უნდა არიგებდნენ ჭკუას. ალბათ, დაკვირვებული ხართ, მოდაში შემოვიდა მუსლიმანური შარვლები, რომელსაც თავმოყვარე ადამიანი არ ჩაიცვამდა. არ მესმის, ქართველი მანდილოსნების, ასე როგორ იმახინჯებენ თავს. ერთ-ერთი თანამედროვე მოაზროვნე ამბობს: ბუნებას ისე რომ დაემახინჯებინა ქალი, როგორც მოდა ამახინჯებს, თავს მოიკლავდა ნამდვილადო. დღეს ადამიანები არა მხოლოდ ცოდვაში ვარდებიან, კაცებიც ქალების მიმართ გულგრილები ხდებიან. მათ აღარ აინტერესებთ ქალის სიშიშვლე. ისე მიაჩვიეს თვალი ქალის სხეულის გარკვეულ ადგილებს, რომ მათ ქალბატონების მიმართ არანაირი ლტოლვა არ გააჩნიათ. ეს კი ნიშნავს, ჩვენ მივიღებთ ძალიან ბევრ ფსიქიკურად დაავადებულ მამაკაცს, არანაირი სიმპათია და მოთხოვნილება რომ არ ექნებათ ქალების მიმართ. სახარებაში ყველაფერზე არის ყურადღება გამახვილებული – ქალს უნდა ჰქონდეს გრძელი თმა, მამაკაცს – მოკლე. კდემამოსილება ნიშნავს იმას, რომ ქალს არ უნდა უჩანდეს გარკვეული ადგილები, რომლითაც ცოდვასა და ვნებაში ჩააგდებს ადამიანს. აქედან გამომდინარე, თუ, მართლმადიდებელი, ქრისტიანი ერი ვართ, თან პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ქართველი ქალი ოდითგანვე იყო ღირსეული თავისი ცხოვრების წესით, მეტყველებით, გარეგნობით, უნდა გაგვახსენდეს, როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმიდანები. არ შეიძლება, გერქვას ასეთი დიდი წმიდანის სახელი და გეცვას ძალიან ვულგარულად. არცხვენდე შენს სახელს, გვარს, ახლობლებს. იმედია, ჩემი საუბარი ვინმეს არ მოეჩვენება ფანატიკურად. მე სამი ქალიშვილის მამა ვარ. მაინტერესებს, ისინი როგორ გარემოში იცხოვრებენ, როგორ შეიმოსებიან მათი მეგობრები. გოგონებო, ვაჟებო, ყველას მოგმართავთ, გთხოვთ, როგორც სასულიერო პირი, შეიმოსეთ ისე, როგორც ქართველობას და მართლმადიდებლობას ეკადრება, რადგან ჩვენი მომავალი სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. არ ვაყენებ მეზობელ ერს შეურაცხყოფას, მაგრამ, როდესაც საქართველოში რუსი ტურისტები ჩამოდიოდნენ, ყველა ვხვდებოდით, რომ ისინი უცხოელები იყვნენ, რადგან ძალიან ვულგარულად ეცვათ. დღეს სამწუხაროა, მაგრამ როდესაც უცხოელები ჩამოდიან, მათ ქართველებისგან ვერ განასხვავებთ, რადგან ჩვენებსაც არანაკლებ ვულგარულად აცვიათ. ვხედავთ, რომ საქართველო ტურისტულ ქვეყნად გადაიქცა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ შენ თუ ტურისტს ისეთივე დახვდი, როგორც თავად არის, არაფერი დააინტერესებს. შენ მას ის უნდა დაახვედრო და დაანახო, რომ ამ ლამაზ მთებში, ბუნებაში ლამაზი ხალხი ცხოვრობს და მათ ლამაზი სამოსელი სჭირდებათ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ ავითქვიფებით გლობალიზაციაში, ევროპულ კულტურაში და აღარაფერი დაგვრჩება შალახოს, კინტაურის, ხინკლის კეთების გარდა და არც არავის დავაინტერესებთ.
– გოგონების უმეტესობა ვერ ხვდება, რატომ არ უნდა ჩაიცვან შარვალი.
– დიახ. ხშირად მეკითხებიან. მეც ვპასუხობ, როდესაც ხარ გოგონა, სუსტი სქესის წარმომადგენელი და ხშირად დადიხარ შარვლით, ემსგავსები ვაჟს და შენი სინაზე, კდემამოსილება უხეშდება. ბიჭებს კი არ მოსწონთ ისეთი გოგონები, რომლებიც კაცებივით დადიან და სინაზე აქვთ დაკარგული. ასევე, როდესაც აცვიათ ძალიან მოკლე კაბა, უჩანთ ყველაფერი, ვაჟებს მათ მიმართ არანაირი სიმპათია აღარ უჩნდებათ, მხოლოდ გარკვეული ბილწსიტყვაობა და ვნებაში ჩავარდნა მოჰყვება ამას. დროა, მოვიწესრიგოთ შესამოსელი, სიარული, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. თუ ისეთები ვიქნებით, როგორც წარმართი ერები არიან – მათში ვგულისხმობ ვნებაში მცხოვრებ ერებს, მაგალითად, ბრაზილიას, სადაც ეროტიკული ფესტივალები იმართება სამბას კარნავალის სახით, როდესაც მთელი ქვეყანა გარკვეულ მრუშობაშია, მაშინ უარესად დავისჯებით, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება.
– როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, რომელსაც ქალის მიმართ ვნებიანი ფიქრები აღეძვრება.
– ძილის წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: „მშვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისადმი დავსლბი“. „მშვენიერების მქონებელი“ არ ნიშნავს შიშველ ქალს. შეიძლება, იყოს კარგად შემოსილი, ლამაზი და მას კაცმა კაცურად გააყოლოს თვალი, ყოველგვარი ვნების გარეშე და ადიდოს მისი შემოქმედი. ამაში არ არის ცოდვა, თუ, რა თქმა უნდა, არ გყავს მეუღლე და ეძებ საბედოს. მაგრამ, თუ დაქორწინებული ხარ და არ გინდა, სხვა ქალისკენ გააპარო თვალი, როდესაც ვულგარულად ჩაცმულ ქალს დაინახავ, უნდა მოარიდო მზერა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, ერთი საათი მისჩერებიან ქალს, შეიძლება, ავტომობილიც გააჩერონ და ისე უყურონ. ჩვენ დაცემულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, სამოთხეში არ ვცხოვრობთ და შეძლებისდაგვარად, უნდა ვეცადოთ, ამ ვნებისგან თავი დავიცვათ. თუ ხარ მართლმადიდებელი, გყავს მეუღლე, შვილები და პატიოსნებაზე გაქვს პრეტენზია, შეიმოსე შესაფერად. მე არ ვამბობ, რომ უსუფთაოდ უნდა გეცვას. ეკლესიაში რომ მოდიხარ, უნდა ჩაიცვა სუფთად, ლამაზად, კოხტად, გემოვნებიანად. მაგრამ, თუ ეკლესიაში მოღიავებული მკერდითა და მოკლე კაბით მოდიხარ, ეს ნიშნავს, რომ ცდილობ, ვიღაც დააბრკოლო. შემდეგ მამაკაცებიც მოძღვართან გამოხატავენ პრეტენზიას – მე ეკლესიაში მოვედი, რომ განვიწმინდო და აქ უფრო მეტ ცოდვაში ვვარდები, რადგან ბევრი ქალბატონი, გოგონა მოდის შეუფერებლად ჩაცმულიო. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ – მამაკაცებს გავუფრთხილდეთ და მათი ვნებები დავიცვათ კდემამოსილი ჩაცმით. ეს არის ეკლესიის შეგონება და ჩვენი თხოვნა მამებისგან შვილებისადმი, რათა ჩვენი ცხოვრება კდემამოსილებასა და სიყვარულში გავატაროთ.